მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტი აბუ დაბიში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში

17.12.2018 • 2490
ბათუმელი სტუდენტი აბუ დაბიში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში

დავით ჯინჭარაძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტია. დავითს სრული სასწავლო გრანტი აქვს, რაც მოიცავს როგორც სწავლის დაფინანსებას, ასევე ცხოვრების, სასწავლო ლიტერატურისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. დავითს ახლა არდადეგები აქვს და თავის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში ჩამოვიდა.

„ვსწავლობ ტვინსა და კოგნიტურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან. ერთ-ერთი ახალდაარსებული ფაკულტეტია ნიუ იორკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით,“ – ამბობს დავითი.

რა მოლოდინები ჰქონდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სასწავლებლად წასვლამდე და როგორი გარემო დახვდა რეალობაში, ამის შესახებ დავითი გვესაუბრება:

„23 აგვისტოს წავედი საქართველოდან და სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა აბუ დაბიზე, რეალობა აღმოჩნდა სულ სხვანაირი. ემირატები, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთშია, ყველაფერი არის მორგებული დასავლურ პირობებზე, მაგალითად, შშმ პირებისთვის ყველაფერი ადაპტირებულია. ისეთი ქვეყანაა, რომელსაც უნდა იყოს დასავლეთის ქვეყანა და იყოს განვითარებული. ნუ რაღაც კუთხით ახერხებს კიდეც ამას.

რაც შეეხება უნივერსიტეტს, საერთაშორისო გარემოა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან სტუდენტები და არც ერთი ჯგუფი ადამიანების უმრავლესობას არ წარმოადგენს.

ცოტა რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ყველას სხვადასხვანაირი მენტალობა და იდეოლოგია აქვს, ყველა სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მართალია, სამუშაო ენა ინგლისურია, მაგრამ უამრავი ენა ისმის უნივერსიტეტში. პატარა სახელმწიფოა სახელმწიფოში.

კულტურული შოკი მქონდა თუ არა? მქონდა.

ბევრი სტერეოტიპი მქონდა. მაგალითად, ველოდი, რომ მოგვთხოვდნენ მუხლამდე მაინც დაგვეფარა ტანსაცმლით სხეული, რაც ასე არ მოხდა.

ჩვენ ალბათ გვგონია, რომ მთელი არაბული სამყარო და მუსლიმური სამყარო არის ერთი და იგივე. მაგრამ  ახლო აღმოსავლეთის რეგიონი არის არაბული სამყაროს პატარა ნაწილი. ეს ნაწილი რომ ავიღოთ – არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი, საუდის არაბეთი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

სტერეოტიპები არაბეთის შესახებ, ძირითადად, მაინც საუდის არაბეთსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ეხება. აბუ დაბისა და დუბაიში კი პირიქითაა. კი, მართალია, ბევრი დადის ჰიჯაბით, კაცები კანდურით – თეთრი სამოსელით, მაგრამ, ჩემი აზრით, ესეც არის უფრო კულტურული მომენტი, ვიდრე რელიგიური. იქ არავინ არ აძალებს არავის ჰიჯაბი ეკეთოს. ერთი ჩემი მეგობარი იყო, ემირატელი არაბია ისიც, თავიდან ჰიჯაბი ეკეთა, მერე გადაწყვიტა, რომ ჰიჯაბის გარეშე ევლო, აიღო და მოიხსნა. ყველას გაუკვირდა. გაშლილი თმით რომ დაიწყო სიარული. მაშინ მივხვდი, რომ ამ უნივერსიტეტში ყველაფერი შესაძლებელია.

ძალიან ბევრი არაბი ქალია, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს და შემდეგ მუშაობას იწყებს. ერთ-ერთი მინისტრი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალია და ბევრი ტელეწამყვანიც. უნივერსიტეტში საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ხარ.

უნივერსიტეტში კულტურული შოკი იმიტომ მქონდა, რომ ძალიან ბევრი კულტურაა ერთად თავმოყრილი. არაა ეს სუფთა ამერიკული, მით უმეტეს არ არის იქ არაფერი არაბული. მაგალითად, ბევრი სტუდენტია, რომელიც დაიბადა ერთ ქვეყანაში, გაიზარდა – მეორეში, მოქალაქეობა მესამე ქვეყნის აქვს და მშობლები საერთოდ სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს. ეს ბავშვები საქართველოსგან ძალიან განსხვავებული სკოლებიდან მოდიან. ეს კულტურული განსხვავება თავიდან რთულად შესაგუებელი იყო.

აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტში სწავლის ამერიკული სისტემაა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ორი წელი შეგიძლია ფაკულტეტი თავისუფლად შეცვალო. გაქვს ასევე ვალდებულება, რომ ექვსი სხვადასხვა საგანი აიღო.

ჩემი მოლოდინები, რაც მქონდა სწავლასთან დაკავშირებით, გამართლდა. აბსოლუტურად ყველაფერი არის ისე, როგორც ამერიკულ უნივერსიტეტებში. ეს არის ლიბერალური განათლება, ასევე, სამეცნიერო ძიებაცაა. უნივერსიტეტში სულ ორი ქართველი ვართ. მეორე ქართველი მეოთხე კურსზეა, ამთავრებს უკვე. ყველაზე დასაფასებელი მეგობრობა სწორედ მასთან მაქვს. სხვა ეროვნებებს ყველას ჰყავს ძალიან ბევრი თანამოქალაქე.

გარდა იმისა, რომ სწავლას სრულად მიფინანსებენ, მაქვს სტიპენდია – 2000 დირჰამია სემესტრში. ეს არის ჯიბის ფული. ამაში არ შედის კვების ფული. ჩვენ ბარათზე გვირიცხავენ სპეციალურ უნივერსიტეტის ვალუტას, რომელიც გათვლილია იმისათვის, რომ საკვები და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი ვიყიდოთ. ვირტუალური ფულით ვყიდულობთ ყველაფერს, რაც გვჭირდება, რეალური ფული კი მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი გაძლევს შანსს იმუშაო. დავიწყე სტუდენტური ადმინისტრაციის თანაშემწედ მუშაობა კამპუსში. თითოეულ სტუდენტს კვირაში 6 საათი შეუძლია იმუშაოს. საათში ანაზღაურება ათი დოლარია. რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ იცხოვრო და არ იყო არავისზე დამოკიდებული.

ორი მთავარი რამ მომცა უნივერსიტეტმა – ერთი სოციალური და მეორე – აკადემიური.

სოციალური ისაა, რომ  მაქვს იმის შესაძლებლობა, ვილაპარაკო იმ უცხო ენებზე, რომლებსაც ვფლობ და გავაუმჯობესო. აკადემიურს რაც შეეხება, აქ მივხვდი, რომ ძალიან მიზიდავს ტვინის და ნეიროფსიქოლოგიის შესწავლა. ამ უნივერსიტეტმა დამანახა, რომ ზუსტად ეს მინდა ცხოვრებაში ვაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება, ზუსტად ეს მინდა ვისწავლო. დაწყებით ეტაპზევე მიხვდე, რა გინდა ცხოვრებაში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: