მთავარი,სიახლეები

ორი კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად

17.12.2018 • 1515
ორი კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შენობის ინტერიერის დიზაინის განახლებას მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. ამისათვის ცენტრმა ორი კონკურსი გამოაცხადა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფოტოკონკურსი მოსწავლეებისთვისაა. კონკურსში მონაწილე მოსწავლემა  უნდა წარმოადგინოს კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც ასახავენ ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მაღალი გარჩევადობის ფოტონამუშევრები (არაუმეტეს 5 ფოტო). მონაწილეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი მოცემულ თემატიკას; რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია.

ფოტო არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული მონაწილე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოაპარატებით -Fujifilm Instax Mini 8 და გადაეცემათ სერტიფიკატები.

კონკურსში მონაწილე პირებმა ფოტოები უნდა გადაგზავნონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე –  jobs@eqe.ge

ფოტოებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, ფოტოს სათაური და სურვილის შემთხვევაში, მისი აღწერილობა.

უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

რაც შეეხება კონკურსს სტუდენტებისათვის, სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დერეფნის ინტერიერის დიზაინი უნდა წარმოადგინონ.

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეიმუშავოს ცენტრის ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და წარმოადგინოს პროექტი. წარმოდგენილი იდეა უნდა შეესაბამებოდეს ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი. გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ტაბლეტით (Lenovo Yoga Tab 3 10 LTE (YT3-X50M) და ასევე, გადაეცემა სერტიფიკატი.

პროექტის ავტორმა, ცენტრის მატერიალური მხარდაჭერით, თავად უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი იდეის განხორციელებაც.

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი მოცემულ თემატიკას; რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია; რამდენად განხორციელებადია მცირე ფინანსური დანახარჯებით.  პროექტი არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა. მონაწილეობის მსურველმა ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე jobs@eqe.ge  უნდა გადაგზავნოს ნამუშევრები, რომლებსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კურსი, საგანმანათლებლო პროგრამა, საგანმანათლებლო დაწესებულება და პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: