მთავარი,სიახლეები

მთავრობა კურორტ გოდერძიზე სასტუმროს, კოტეჯებსა და მიწის ნაკვეთს ყიდის

15.12.2018 • 2859
მთავრობა კურორტ გოდერძიზე სასტუმროს, კოტეჯებსა  და მიწის ნაკვეთს ყიდის

მთავრობა კურორტ გოდერძიზე მოქმედ სასტუმრო „მეტეოს“ პირობიანი აუქციონთ ყიდის. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა. სასტუმროსთან ერთად იყიდება ასევე ექვსი კოტეჯი, ერთი ე.წ. ხიჟინა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი [ჯამში 14 762 კვადრატული მეტრი].

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე საკუთრებაში  გადაცემულ შენობებში სარემონტო სამუშაოები უნდა დაასრულოს, რისთვისაც 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს – ესეც აუქციონით განსაზღვრული პირობაა.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს  ასევე დაევალება:

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს არანაკლებ ოცი მოქალაქის დასაქმება.

კურორტ გოდერძიზე მდებარე 948 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში [ე.წ. „ხიჟინა“] საზოგადოებრივი კვების ობიექტის პროფილის 2019 წლის 31 მაისამდე შენარჩუნება.

ფოტო: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შპს „Goderdzi Resorts“-ის მიერ მიწოდებული სახელობითი სიის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან  ოთხ სამუშაო დღეში საქართველოს თოთხმეტი მოქალაქის დასაქმება და 2019 წლის 31 მაისამდე ვადით მათი შენარჩუნება. [შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამონაკლისი, როცა მთავრობა ინვესტორს კონკრეტული პირების დასაქმებას სთხოვს. სავარაუდოდ, ეს პირები უკვე მუშაობენ ამ ობიექტებში – პირობების დანართში მათი თანამდებობები და თითოეულის ხელფასების ოდენობაცაა მითითებული].

კოტეჯებსა და სასტუმროში სამინისტრო პროფილის შენარჩუნებას ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში ითხოვს.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გარდა ამისა, მყიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ 2023 წლის 30 ნოემბრამდე გოდერძის უღელტეხილზე გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 50-ნომრიან  სასტუმრო კომპლექსს ააშენებს და აამოქმედებს კიდეც. ამოქმედებიდან არანაკლებ ოცდაათი წლის განმავლობაში კი, შენობას სასტუმროს პროფილს შეუნარჩუნებს.

მყიდველს ასევე დაევალება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის მომზადება და სამინისტროსთან შეთანხმება. „2020 წლის 30 ნოემბრამდე ე.წ. ადმინისტრაციული ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 ლარის სამუშაოების განხორციელება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადაცემა“.

ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 633 000 ლარია, ბიჯი 75 000 ლარი, აუქციონი 27 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

„Goderdzi Resorts“-ი აჭარის მთავრობის შპს-ა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: