მთავარი,სიახლეები

ოპოზიციამ ბათუმის ავტოტრანსპორტი მერიის ყველაზე დახურულ სტრუქტურად შეაფასა

15.12.2018 • 2486
ოპოზიციამ ბათუმის ავტოტრანსპორტი მერიის ყველაზე დახურულ სტრუქტურად შეაფასა

2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად ბათუმის ავტოტრანსპორტის სუბსიდირების თანხა მერიამ მილიონ 100 000 ლარით გაზარდა, რამაც საკრებულოს ოპოზიციას კითხვები გაუჩინა.

„წლის დასაწყისში რვა მილიონი ჩავუდეთ სუბსიდიის სახით და ახლა კიდევ მილიონს ვამატებთ, რა ხდება ბატონო სულიკო, თავის მოგებაზე არ უნდა გავიდეს?“ – მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს.

გარდა ამისა, ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მერიის ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურაა, საიდანაც ინფორმაციის გამოტანა რთულია. მისივე თქმით, „ამაზე უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ კითხვები და შავ ხვრელადაც კი შეაფასეს“.

საკრებულოს თავმჯდომარემ პასუხად განაცხადა, რომ უმრავლესობას ორგანიზაცია „შავ ხვრელად“  არასდროს შეუფასებია.

„არ ვიტყვი რომელმა დეპუტატმა თქვა ეს, არ ჩავაგდებ უხერხულში, ამიტომ ვსვამ კითხვას, მილიონს რატომ ვამატებთ, როცა შპს-სთან გვაქვს საქმე, რომელიც მოგებაზე უნდა გავიდეს?“ – მიმართა სულიკო თებიძეს მირდატ ქამადაძემ. მან მოითხოვა დეტალური განმარტებები ციფრების დასახელებით: „სად მიდის ეს ფული“.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ნამატი თანხის ნაწილი ახალ ხაზებზე დასაქმებული მძღოლებისთვის – 500 000, ნაწილი კი საწვავისთვის – 600 000 ლარი გაითვალისწინეს, რაც ორგანიზაციის შემოსავლების სიმცირემ და საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა.

ბადრი ფარტენაძე – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი სხდომაზე

სხდომას „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ბადრი ფარტენაძეც ესწრებოდა. ის ოპოზიციის კითხვებმა გააღიზიანა:

„ არავითარი შავი  ხვრელი არ არსებობს, ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზომიერად და ჩვენი ორგანიზაცია ეკონომიაზეა დამყარებული. ასე რომ ის ლაპარაკი, რომ შავი ხვრელი და ნეპოტიზმია, კორუფციაა … მობრძანდით, ნებისმიერი ორგანიზაცია მოვიდეს ჩვენთან და დაინტერესდეს აღნიშნულით, მე ამას ვითხოვ კატეგორიულად. თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ბატონო მირდატ, თუ საითკენ მიგყავთ საუბარი და რატომ მიგყავთ. თუ ფაქტები გაინტერესებთ, მოგმართეთ წერილობით და გიპასუხებთ… ეს სიტყვები უნდა დამთავრდეს.“

ავტოტრანსპორტის დირექტორის ამ გამოსვლის შემდეგ მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მისაღებია მზაობა წერილებზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, რადგან ამ დრომდე ამ სტრუქტურაში გაგზავნილ წერილებზე ოპოზიციას პასუხები არ მიუღია: „შემიძლია ბევრი ასეთი უპასუხო წერილი წარმოვუდგინო საკრებულოს“.

ამ საკითხის განხილვისას უმრავლესობის არცერთ წევრს არც კითხვა დაუსვამს და არც სხვა რაიმე მოსაზრება გამოუთქვამს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: