რუსეთმა დონეცკში, სადაც პენსიის რიგში იდგნენ, ბომბი ჩამოაგდო – დაიღუპა 24 ადამიანი

დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიას ტერიტორიაზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. ბომბი დაეცა იმ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პენსიას იღებდა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 19 ადამიანი.

სოფელი იაროვაია საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს. მთელი დღის განმავლობაში სოფელში მაშველები, ექიმები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.

„სიტყვები არ მყოფნის… სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ყველა ნათესავსა და მეგობარს. რუსეთის ასეთი დარტყმები ნამდვილად არ უნდა დარჩეს მსოფლიოს უპასუხოდ. რუსები აგრძელებენ სიცოცხლის განადგურებას. მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად. მსოფლიო არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება.

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, 9 სექტემბერსაც დააანონსეს საპროტესტო აქცია.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შალვა პაპუაშვილი 9 სექტემბერს, ნაცვლად იმისა, რომ წინა საღამოს მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მოძალადე მხარდამჭერთა ქმედებები დაეგმო და საგამოძიებო ორგანოებისგან ამ პირების გამოვლენა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოეთხოვა, სრულიად უსამართლოდ, „ნეტგაზეთს“ დაესხა თავს.

პაპუაშვილმა „ნეტგაზეთს“ უწოდა „გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმა“, „ბრიუსელის მიერ დაფინანსებული“ და „მოძალადე მედია“ და ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე ძალადობრივი თავდასხმის დაორგანიზებაში დაადანაშაულა.

სამართლიან სასამართლოში იმის დამტკიცება, რომ ეს ცილისწამებაა, სულ მარტივი საქმე იქნებოდა. „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სქრინი პაპუაშვილმა თავის პოსტს თავადვე დაურთო.

და რას ვიგებთ ამ სქრინიდან?

„ნეტგაზეთი“ წერს, რომ აქტივისტების გაერთიანებამ, „ერთობამ“, 9 სექტემბერს აქცია დააანონსა და ორგანიზატორების განცხადებას ციტირებს.

შეუძლებელია ამ სქრინიდან ადამიანმა სხვა აზრი გამოიტანოს, თუკი მიზნად აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას არ ისახავს და „ნეტგაზეთის“ მიმართ აგრესიის გაღვივება არ სურს.

ჟურნალისტური ქარტია შეახსენებს შალვა პაპუაშვილს, რომ მედიის მოვალეობაა, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პროცესი გააშუქოს, რასაც „ნეტგაზეთი“ ჩვეული პასუხისმგებლობითა და ყურადღებით დღემდე აკეთებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძლიერი და განგრძობითი ზეწოლის მიუხედავად.

დღემდე უკანონო პატიმრობაშია „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები ჯერ ისევ დაყადაღებულია. გუშინ, 8 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მოძალადე მხარდამჭერებმა და მათ მიმართ ლოიალურმა პოლიციელებმა „ნეტგაზეთის“ ახალგაზრდა, ქალ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუშალეს ხელი – სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს ტერიტორიიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის პირი, ვინც 8 სექტემბერს უდიერად მოექცა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს და სხვა ჟურნალისტებს ადვილად იდენტიფიცირებადია, ყველა მათგანი ჩანს ვიდეოჩანაწერებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტებზე რეაგირებას არ ჩქარობს.

შალვა პაპუაშვილი კი ამ დროს ცილისმწამებლური განცხადებებით სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს და დანაშაულს ახალისებს” – წერს ქარტია.

უშედეგო შეხვედრა ელისო ბოლქვაძესთან – ბათუმის თეატრში ნუკრი ქანთარიას წასვლას ითხოვენ

ბათუმის დრამატული თეატრის დასის უმრავლესობა ისევ ითხოვს თეატრის დირექტორის პოსტი დატოვოს ალექსანდრე ქანთარიამ.

გუშინ, 8 სექტემბერს, თეატრის დასი აჭარის არალეგიტიმურ კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მსახიობების თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

მსახიობების მოთხოვნა ერთადერთი და უცვლელია – ალექსანდრე ქანთარიამ დატოვოს ბათუმის დრამატული თეატრი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მსახიობი მაია ცეცხლაძე. მისი თქმით, ელისო ბოლქვაძემ მსახიობებს მოუსმინა, შემდეგ კი უთხრა, რომ დაეწერათ წერილი, რომელშიც თავიანთ მოთხოვნებს აღწერდნენ და ოფიციალურად მიემართათ სამინისტროსათვის.

მაია ცეცხლაძის თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრამდე, სამინისტროსთვის წერილით მიმართვის იდეა თავად ალექსანდრე ქანთარიას ჰქონდა.

„4 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, საღამოს, ნუკრი ქანთარიამ დაურეკა ჩვენი დასის გამგეს და უთხრა, რომ დასმა დაწეროს წერილი და შეიტანოს კულტურის სამინისტროშიო. გუშინ მოდის მინისტრი და იმავეს გვეუბნება. ქანთარია ძალიან კარგად იცნობს კანონებს, შემოქმედებითი პროცესისგან განსხვავებით. ეს მე პირადად ეჭვებს მიჩენს – რამეს ხომ არ გეგმავს?

მე, უბრალოდ შეკითხვებს ვსვამ. დასის ნაწილი მომხრეა წერილის დაწერის, ნაწილი – არა. ის, რაშიც დასი ერთსულოვანია, არის შემდეგი – ნუკრი ქანთარიამ თეატრი უნდა დატოვოს.

ქალბატონი მინისტრი ძალიან ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ჩვენი მოთხოვნა, თეატრიდან გაშვების თაობაზე, გადაეტანა მეორე პლანზე და შემოეთავაზებინა ვერსიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა დარჩენილიყო ბატონი ნუკრი თეატრში. მაგალითად, ჰქონდა ვერსია დარჩენილიყო დირექტორად და მოეწვიათ სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც ექნებოდა უშუალოდ შემოქმედებით პროცესთან კავშირი.

ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც მოვა თეატრში, ხვალ და ზეგ არ მოექცევა ნუკრი ქანთარიას გავლენის ქვეშ შიშის და მუქარის გამო. ამიტომ, ეს კაცი, მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს თეატრიდან,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე.

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას თეატრიდან წასვლა 4 სექტემბერს მოითხოვეს. მსახიობების თქმით, მიზეზი ის გულგრილობაა, რაც თეატრის სამხატვრო დირექტორმა მათი კოლეგის, ოთო ქათამაძის გარდაცვალებისას გამოიჩინა.

ნუკრი ქანთარია მსახიობისა და დრამატურგის არც პანაშვიდზე მივიდა და არც გასვენებისას გამოჩენილა თეატრში.

4 სექტემბერს თეატრალური დასი ნუკრი ქანთარიას შეხვდა. ქანთარიამ შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვა და ჟურნალისტებთან მიზეზი „პროვოკაციის მოწყობით“ ახსნა.

ნუკრი ქანთარიამ შეხვედრა 5 წუთში დატოვა - "წადი" მიაძახეს მას მსახიობებმა

ის, რასაც ნუკრი ქანთარია პროვოკაციას უწოდებს, ლეგიტიმური კითხვებია მსახიობთათვის.

„მეგონა წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. ავდექი, სიტყვა ვითხოვე და მივმართე დასს. „რაც ჩაიდინა, ოთო ქათამაძის პანაშვიდზე არ ჩამოსვლით, რომელიმე გაამართლებთ ამის საქციელს მეთქი?“ დასი გაჩუმდა. მე მოვუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი. დასიდან არავინ მას მხარი არ დაუჭირა. და მე ვუთხარი – წადი თეატრიდან,“ – ჩაშლილი შეხვედრის დეტალები გაიხსენა მსახიობმა ავთო ქარჩავამ.

4 სექტემბერს ნუკრი ქანთარიასთან და 8 სექტემბერს ელისო ბოლქვაძესთან უშედეგოდ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, ბათუმის დრამატული თეატრის დასი პროტესტს აგრძელებს.

„ასეთი რამ ქართულ თეატრს არ ახსოვს. იმდენად ფაქიზი ურთიერთობაა სამხატვრო ხელმძღვანელსა და, საერთოდ, რეჟისორსა და მსახიობს შორის, რომ ასეთი დიდი კონფლიქტის, ასეთი მორალური პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, ვეღარ ახერხებს  მსახიობი და რეჟისორი თანაცხოვრებას, ერთად მუშაობას. მე პირადად, მეგონა, რომ ეგრევე წავიდოდა. მაგრამ აი, გვთავაზობს წერილი დავწეროთ კულტურის სამინისტროში და ომს აგრძელებს ჩვენთან. მე ვერ ვხვდები რას გეგმავს,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს. ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორს სწორედ აჭარის კულტურის სამინისტრო ნიშნავს.

ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ესკოში 1,5 მილიონი ლარის პრემია დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი

სახელმწიფო კომპანია „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო [პრემია] ისეა გაცემული, რომ არ არის გათვალისწინებული მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები. ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს 81%, ანუ 1 595 837 ლარი, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

აუდიტმა ესკოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა 2022-2023 წლებში. ესკო სააქციო საზოგადოებაა, რომლის 100% წილს სახელმწიფო ფლობს. მისი ძირითადი ფუნქციაა „საბალანსო ელექტროენერგიის [სიმძლავრის] ყიდვა-გაყიდვა, მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით“. 

„2022 და 2023 წლებში ესკოს არ შეუდგენია აღრიცხვის კვანძების შემოწმების გეგმა-გრაფიკები, ასევე არ განხორციელებულა ანგარიშსწორებაში გამოყენებული აღრიცხვის კვანძების პერიოდული შემოწმება, რაც არ შეესაბამება „ქსელის წესებით“, „ბაზრის წესებით“ და ესკოს დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხვის კვანძების მოწყობილობების შემოწმების/ინსპექტირების პროცესში კონტროლის მექანიზმების არასრულყოფილად ფუნქციონირებაზე მიუთითებს.

2022 წლის მარტსა და 2023 წლის ივლისში, ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად იქნა გაანგარიშებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი და ტარიფი. აღნიშნულ შემთხვევებში შეუსაბამობა არ არის რაოდენობრივად არსებითი, მაგრამ წარმოშობს რისკებს, რომ მნიშვნელოვან მოცულობაზე არასწორად გაანგარიშებული ფასი ფინანსურ გავლენას იქონიებს კომპანიასა ან/და საბოლოო მომხმარებლებზე“ – წერს აუდიტი.

ამასთან, როგორც აუდიტი აცხადებს, „ესკოს შვილობილი კომპანია „სენბი“, დაარსების დღიდან აუდიტის პერიოდის ჩათვლით, ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა იმ ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, რისთვისაც იყო შექმნილი. აუდიტის პერიოდში კი „სენბის“ ხარჯებმა შეადგინა 2 996 518 ლარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ესკოში სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, რითაც არაა დაცული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები.

„ასევე ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა სამორიგეო ავტომობილები შესაბამისი და არა განპიროვნებული დანიშნულების შესასრულებლად. სულ სამორიგეო ავტომობილებზე გახარჯულია 67 455 ლარი.

ესკოში ავტომობილით მოსარგებლე თანამშრომლების მივლინებისა და შვებულების დროს ხდებოდა მათზე განპიროვნებული ავტომობილების ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების და არამართლზომიერი ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობს“ – წერს აუდიტი.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, აუდიტის მიხედვით, „ესკოს მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ ნორმასთან შედარებით, ანაზღაურებულია 18 279 ლარით მეტი. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი გენერალური დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილებები ან/და სხვა ხასიათის დასაბუთება.“

ინფორმაცია 2022-2023 წლებში ესკოში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ / წყარო: აუდიტი

2021 წლიდან 2023 წლის ივლისამდე ესკოს გენერალური დირექტორი იყო დავით თვალაბეიშვილი, რომელიც შემდეგ სემეკის წევრად აირჩიეს.

2023 წლის ივლისში ესკოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა კახაბერ ქებურია, რომელიც 2022 წლიდან ესკოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

2025 წლის 14 ივლისიდან კი ესკოს გენერალური დირექტორია თორნიკე ყაზარაშვილი.

ესკოს გენერალური დირექტორის თანამდებობა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია საქართველოში. მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით:

  • დავით თვალაბეიშვილმა 2022 წელს ხელფასი ხელზე აიღო ჯამში 143 661 ლარი [ანუ, თვეში 11 971 ლარი]
  • კახაბერ ქებურიამ კი, 2024 წელს ხელზე აიღო ჯამში 210 131 ლარი [ანუ, თვეში 17 510 ლარი]

აუდიტის რეკომენდაციები ესკოს:

„მნიშვნელოვანია ესკომ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც ასახული იქნება კომპანიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობები, რაც ასევე ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას.

ესკომ თანამშრომელთა წახალისების სისტემის გამჭვირვალობის მიზნით, დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. შრომის ანაზღაურების შინაგანაწესში გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გაიცემა წახალისება დასაქმებულ პირებზე.

სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნით გამოყენების რისკების შესამცირებლად, აუცილებელია სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების საჭიროება დასაბუთდეს დოკუმენტურად.

ტრანსპორტის ხარჯების არამართლზომიერად გაწევის რისკების შემცირებისთვის, მიზანშეწონილია თანამშრომელთა შვებულებაში ან საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში განპიროვნებული ავტომანქანის სხვა თანამშრომლის მიერ დროებით სარგებლობის საჭიროება დასაბუთდეს დოკუმენტურად“.

პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“.

შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით?

შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი ციხეშია.

შსს-მ 8 სექტემბერს კახი კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად] დაიწყო. დღეს კი, მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს, გამოძიება დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლითაც დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

რასთან გვაქვს საქმე, როცა პოლიციელებზე რეალურ თავდასხმას პოლიცია არც კი იმჩნევს, შეთითხნილი ბრალდებით კი ადამიანები ციხეში გამოკეტეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ ადვოკატს და საიას იურისტ, ჯუბა ქათამაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ჯუბა, წუხელ ერთ პოლიციელს „ოცნების“ აქტივისგან ნასროლი წყლით სავსე ბოთლი მოხვდა სახეში, სხვა პოლიციელს მუშტს ურტყამენ… რას ნიშნავს სამართლებრივად, როცა გამოძიება ამაზე არც კი იწყება მზია ამაღლობელის საქმისგან განსხვავებით – რომელიც სილის გაწვნის გამო ციხეში ჩასვეს?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე გამოძიების დაწყება სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა] სამართლებრივად არასწორია. აქ უნდა იყოს ზუსტად ის 225-ე მუხლი [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება], რაც ჰქონდათ წარდგენილი სინდისის პატიმრებს.

8 სექტემბერს ჩანდა მკაფიოდ სწორედ ჯგუფური ძალადობა და ორგანიზებულობაც: მოძალადეების ნაწილი შტაბიდან გადმოვიდა, ნაწილი – ხელკეტებით მივიდა, ან ავტომანქანებით მიადგა უკნიდან მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილ ხალხს

ჯუბა ქათამაძე, ადვოკატი

რაც შეეხება პოლიციელებზე თავდასხმას: ჩვენ ვნახეთ ბოთლის სროლაც და უშუალოდ ფიზიკური ძალადობის კონტექსტიც, როდესაც პოლიციელს ხელს ურტყამენ. ამ დროს მზია ამაღლობელს წარუდგინეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი, როცა არანაირი დაზიანება არ ჰქონია დაზარალებულს. ასევე, ქმედების ინტენსივობა თავდასხმას არანაირად არ უკავშირდებოდა.

8 სექტემბრის შემთხვევებიც შესაფასებელია, თუმცა აქ ნამდვილად ჩანდა პოლიციელებზე თავდასხმის ნიშნები, როცა მუჭს ურტყამენ პოლიციელს, ასევე ბოთლის სროლა ხდება პოლიციელის მიმართ. მინიმუმ უნდა მიმდინარეობდეს უკვე გამოძიება, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ტარდებოდეს, მით უმეტეს, თუ იმ სტანდარტს გავითვალისწინებთ, რა სტანდარტითაც პოლიტიკურ საქმეებში სხვა ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ ამ მუხლებს, ხომ?!

არამხოლოდ მზია ამაღლობელი, არამედ სხვა ბრალდებულებიც და მსჯავრდებულებიც გვყავს პოლიციაზე თავდასხმის მუხლით. თუ რამე არის სამართლებრივად პოლიციაზე თავდასხმა, აი, ეს ჩვენ გუშინ ვიხილეთ და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს.

როგორც ვიგებთ, გამოძიება არც კი არის დაწყებული ამ მუხლით.

  • პოლიციელებზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოების გავრცელება საკმარისი საფუძველია, რომ გამოძიება დაწყებულიყო?

რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის ზუსტად გაწერილი, რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დასაწყებად არ არის საჭირო არავისი მიმართვა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს, უკვე არის საკმარისი იმისთვის, რომ პროკურორმა ან გამომძიებელმა დაიწყოს გამოძიება.

შესაბამისად, ეს ვიდეომასალა ისე არის საჯაროდ გავრცელებული, რომ შეუძლებელია, თეორიულადაც ვერავინ დაუშვებს იმას, რომ პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და პროკურატურას არ ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია.

როდესაც საგამოძიებო უწყება სავარაუდო დანაშაულის შესახებ იღებს ინფორმაციას, ეს უკვე კანონით გათვალისწინებული საფუძველია იმის, რომ გამოძიება დაიწყოს. შესაბამისად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს ამ ფაქტებზე აუცილებლად, მათ შორის პოლიციაზე თავდასხმის მუხლით.

  • გავრცელდა ჟურნალისტებზე ძალადობის, ასევე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ამსახველი ვიდეოებიც. უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება შესაბამისი მუხლით?

ჩვენ ვნახეთ არაერთ შემთხვევაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. იქ იყო არამხოლოდ გინება, არამედ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა, ფიზიკური ძალადობა, ტექნიკის წართმევა…

  • „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მაგალითად, პოლიციელმა შეაგინა და შეუზღუდა გადაღება საჯარო სივრცეში…

ამ მუხლითაც უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება: პოლიციელების მხრიდან ჩადენილი კონკრეტული ქმედება, ან უმოქმედობა, მათი სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულება, გულგრილობა ცალკე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიძლება ქმნიდეს, თუკი წინასწარ იყო ასეთი დავალება გაცემული და წინასწარი შეთანხმებით ხდებოდა პოლიციელების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჟურნალისტების და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ხდებოდა.

შესაბამისად, არაერთი დანაშაულის ნიშნები არსებობს, თუმცა გამოძიების ეფექტურობის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს, ეს კიდევ მეორე საკითხია იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, რასაც პოლიცია აკეთებდა გუშინ – პოლიცია ფაქტობრივად ხელს აფარებდა მოძალადეებს.

ვნახეთ ხელჯოხიანი მოძალადე, რომელიც ხელგადახვეული გაიყვანეს პოლიციელებმა და ფაქტობრივად ხელს უწყობდნენ ამ ძალადობას.

  • „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“ – მოძალადე ასე მიმართავს პოლიციელს. საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“, ასევე, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია. ეს რა მოცემულობაა სამართლებრივად, როცა პოლიცია კანონის დაცვის ნაცვლად კრიმინალს იცავს?

ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ძირს დაგდებულ ადამიანს, ის პირი, პოლიციელს რომ უთხრა „თქვენიანი ვარო” – ურტყამს იმ ხელკეტს გამეტებით. არაერთი პოლიციელი დგას მის გვერდით, ურტყამს ეს ადამიანი ხელკეტს რამდენჯერმე და შემდგომ გადის, პოლიციელები მას ატარებენ თავის კორდონში.

პოლიცია არანაირ რეაგირებას არ ახდენს. აქ, შესაძლოა, იკვეთებოდეს პოლიციის მხრიდან სამოხელეო დანაშაული.

ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი პრინციპი სამართალწარმოების პროცესში არის თანასწორობა. თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ კანონი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის მიმართ თანაბარი, ანუ თანაბრად უნდა მიუდგეს მას. თანასწორობა ასევე გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ კანონი აღასრულოს ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ იმის განცდა, რომ თუკი სახელმწიფოს და მმართველი პარტიის მხარეს დგახარ, შენ კანონი არ შეგეხება, ხოლო თუკი მოწინააღმდეგე მხარეს დგახარ, ამ შემთხვევაში შეიძლება უსამართლოდაც კი შეგეხოს.

შესაბამისად, მთავარი რაც არის, ის არის, რომ თანასწორობას ვერ ვხედავთ – კანონი არ არის თანასწორი და სამართალწარმოება არათანაბრად ხორციელდება მოქალაქეებზე, ადამიანებს არჩევენ იმის მიხედვით, თუ რა აზრის მატარებლები არიან ისინი.

მზია ამაღლობელი დღეს საპატიმროშია და სასჯელს იხდის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი, რომ არათანაბრად, არათანასწორად მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში კანონი და მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება პოლიტიკური მოტივებით არის განხორციელებული, რაზეც სტრასბურგშიც არის უკვე შეტანილი საჩივარი. საჩივრის ერთი ნაწილი და მე-18 მუხლი გულისხმობს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებით არ არის მზია ამაღლობელის მიმართ მექანიზმები გამოყენებული, არამედ სხვა მიზნები იკვეთება, რაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პოლიტიკური მიზნები. ამ მუხლითაც დაკომუნიცირებულია „მზია ამაღლობელის საქმე“ და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას სტრასბურგთან.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სოფელ ზემო ხვითთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

„ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ – წერია უწყების განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას“ – წერს უწყება.

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებებით გამოირჩევა. მორიგი მასშტაბური შეთავაზება მომხმარებლებს დღეს, 9 სექტემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 400 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

ტრადიციულად, მრავალფეროვანია შერჩეული ობიექტების ჩამონათვალიც:

Bene Shoes, Trussardi, Elena Miro, Furla, Va bene, DKNY, Pinko, Patrizia Pepe, Superdry, Women secret, XS Toys, Carter’s, Calzedonia, Espacho, Jysk, Loccitane, Miniso, Yves Rocher, Monnalisa, ქალთა ბედნიერება, Roberto Bravo, Roman, Top Sport, M.A.C Cosmetics, Mova Jewelry , No One, Lutecia (40%-ის ნაცვლად, 30% დაგიბრუნდებათ), Lion Of Porches, Original Marines, Mayoral, Pepe Jeans London, Marco Polo, Hackett

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზება მოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე.

გამონაკლისია მხოლოდ Lutecia, სადაც გალერია თბილისის ფილიალში, 9 სექტემბერს, 40%-ის ნაცვლად, 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.

გამონაკლისებს და შეთავაზების დეტალურ პირობებს, გთხოვთ, გაეცანით ბმულზე.

The Mzia List: Emigrants Unite to Expose and Resist Georgia’s Repressive Regime

Georgian emigrants have launched a movement called Mzia, inspired by imprisoned journalist Mzia Amaglobeli to unite all of today’s political prisoners under one symbol, strengthen resistance against the ruling regime, mobilize supporters at home and abroad, and create a unified agenda for freedom. The Mzia List is a key component of this effort.

Koki Ionatamishvili has lived in Latvia for 13 years. He is a co-founder of the civic movement Platform 2025 and has collaborated with like-minded individuals to establish a new initiative called Movement Mzia.

Emigrants view journalist Mzia Amaglobeli, who is imprisoned by the Georgian Dream regime, as a symbol of contemporary resistance. They believe that if the resistance has a clear agenda, such as that of Movement Mzia, and if people start to connect, victory will come sooner.

Batumelebi spoke with Koki Ionatamishvili:

  • Mr. Ionatamishvili, can you tell us about the Movement Mzia? How do you intend to support the regime’s prisoners?

Movement Mzia began symbolically with a video collage showcasing emigrants sharing their messages. This was merely the symbolic start of the movement. It was Mzia Amaglobeli’s sacrifice and perseverance that ignited this struggle.

Platform 2025 is one of several organizations that provided foundational support for the formal launch of Movement – Mzia. It is not a political party and does not belong to any specific organization. No one owns the idea and initiative. These organizations have coordinated and agreed on the framework, structure, and all other aspects in a coalition format.

We must work to enhance coordination among emigrant groups as well as between groups in Georgia, alongside media organizations and civic activists who are fighting against this repressive and inhumane regime.

When we mention Mzia, we are referring to all the regime’s prisoners. Our video collage also features the parents of student Zviad Tsetskhladze, as well as the mother of Andro Kvaratskhelia, and we are grateful to them for their contributions. We are advocating for the release of every prisoner, and Mzia’s name symbolizes our resistance movement and our struggle for freedom.

Within the framework of this movement, we want to strengthen the mobilization of supporters. For example, one possible direction is to improve the sanctions policy. We aim to establish the term Mzia List, which will include all those who fabricate these cases, who commit violence, perjury, and declare black to be white. Many of them are representatives of law enforcement agencies. 

  • Who has already been included in the Mzia List?

We are just beginning our coordinated efforts, so no one has been included yet. At this stage, we are gathering information from individual lawyers and civic organizations.

Mzia Amaglobeli has demonstrated to all of us what true principles look like. She has shown that the unique strength of Georgian women is not a myth, but a reality. Emigrant groups are committing to Mzia that we will do everything we can to support her cause.

Our goal is to make the Movement – Mzia accessible to everyone who cares about Georgia. Anyone can record and share a video using the hashtag #MziaMovement. We do not have a dedicated social media page; instead, we want to connect with people.

We will organize activities both in Georgia and abroad, including collaborations with Western media and active engagement with politicians. Many emigrant groups have strong connections and valuable experience. We will also translate any necessary documents into several languages immediately. Emigrants are handling this themselves. We must collaborate to ensure that these individuals are sanctioned. We will hold meetings with politicians and active groups to advocate for increased sanctions and support. For us, this framework is clear and actionable. This approach will help grow our support and strengthen the sanctions policy against the “Dream” government.

We want those who appear on the Mzia List to feel the pressure—photos of these individuals should also be circulated on social media, so as many people as possible can know who is on the Mzia List.

  • In your opinion, what does the resistance need most at this stage to strengthen itself? What factors influence the survival of democracy in Georgia?

Despite facing significant challenges and artificial, imposed agendas, the resistance movement remains resilient and poised to take an essential step toward victory. We must develop our own agenda. The entire resistance movement should not solely focus on reacting to the decisions made by the “Dream” party.

A large part of us emigrants believe that Movement – Mzia is such an agenda. It does not oppose or hinder any of the existing plans for fighting this regime; on the contrary, it strengthens them. We want to work actively with every group and succeed in involving those people who currently support “Dream,” or those who do not, but who practically do nothing — not even on social media — so that the resistance movement becomes stronger. These people are our sisters and brothers; we must show them somehow that their voice matters.

„თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“- საია „ოცნების“ აქტივისტების ძალადობაზე

„8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

„გავრცელებული ინფორმაციით „ქართული ოცნების “ხელისუფლების მხარდამჭერები სასტუმრო „საქართველოსთან” რამდენიმე მანქანით და რკინის ჯოხებით შეიარაღებულები მივიდნენ და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდებიან თავდამსხმელები შეკრებილ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხრიდან ქვეითად და გზის მხრიდან – ავტომობილებით. არაერთ ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, როგორ ესხმიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ისე, რომ სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა.

ძალადობის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც, მათ შორისაა ლასლო მესეში, რომელსაც ტელეფონი წაართვეს და სცემეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად არ მივიდა. დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ტექნიკის გატაცების/დაზიანების ფაქტები, მათ შორის, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის, ტელეფონის წართმევა, ასევე პუბლიკას ჟურნალისტის, ქეთო მიქაძისთვის, ტელეფონის წართმევა და მასზე შემდგომი ფიზიკური ძალადობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მარტივად იდენტიფიცირებადია, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მათ ინციდენტის შემდეგ რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა არც ადგილზე მყოფ პოლიციას ჰქონია რეაგირება და არც პუბლიკას მიერ გამოძახებული პოლიცია არ გამოცხადებულა დანაშაულის ადგილზე.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე და ჟურნალისტებზე, ძალადობრივი, ფიზიკური და სიტყვიერი, თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, პოლიციას ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია.

სამართალდამცავებმა არ მიიღეს საჭირო ზომების ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არც ერთი მოძალადე იმის მიუხედავად, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული კადრების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციას შეეძლო აღეკვეთა ძალადობა; ცხელ კვალზე დაეკავებინა მოძალადე პირები.

პოლიციას არ დაუკავებია მოძალადეები, იმის მიუხედავად, როგორც კადრებში ნათლად ჩანს, მათ მიერ ნასროლი ნივთები, მათ შორის პოლიციელებს ხვდებათ.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს როგორ ართმევს პოლიციელი კეტით შეიარაღებულ მოძალადეს ხელკეტს, რომლითაც იგი მანამდე დემონსტრანტს სცემდა. მოძალადე მას ეუბნება რომ „მისიანია„ და პოლიციელი პასუხობს, რომ ხელკეტს „მანქანაში ჩადებს“.

საგანგაშოა, რომ, კადრებში ჩანს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში და აგინებს მას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტზე თავდასხმას პოლიციის წარმომადგენლები ტოვებენ ეფექტიანი რეაგირების გარეშე. მსგავსი ინციდენტები მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტებისა და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს, 20:59 წუთზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ჯგუფური ძალადობას „მოქალაქეებს შორის დაპირისპირება“ უწოდა და მოუწოდა „შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22:15-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც „მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“.

მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები და საკუთარი განცხადებებით ფაქტობრივად დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა მოძალადეთა მიმართ. დიმიტრი სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ პოსტში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძალადობა დემონსტრანტების პროტესტზე საპასუხო შურისძიებას წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლებს დააკისრა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა კახი კალაძემაც და, მათ შორის, გამოიყენა სექსისტური ენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ქალებზე საუბრისას.

დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმის შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ. საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათ შორის, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ.

8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას.

8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან”, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა

თელავის სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:

  • მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
  • ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
  • საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
  • ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
  • მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
  • ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)

„პრემია გადაეცემა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, როგორც მათი მამაცი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარება უკიდურესად რთულ პირობებში. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ გავლენას, ხოლო წლევანდელი პრემიის ორ ლაურეატს ბოლო პერიოდში რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პროფესიული საქმიანობის გამო. წლევანდელი პრემიის ლაურეატების მიერ შექმნილმა არაერთმა გამორჩეულმა დოკუმენტურმა ფილმმა — როგორც მოკლე, ასევე სრულმეტრაჟიანმა — ფართო აუდიტორიას მიაღწია“, — ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი დაჯილდოებულია ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სხვა ლაურეატებს, ხარკოვში დაფუძნებული Gwara Media დაჯილდოებულია ომის ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტაჟებისთვის უკრაინის ფრონტის ხაზებიდან; ბუდაპეშტში დაფუძნებული საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 დაჯილდოებულია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის გამოვლენისთვის; რუსი ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა დაჯილდოებულია პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესების დოკუმენტაციისთვის.

ამჟამად ვარშავაში დევნილობაში მოქმედი BIC დაჯილდოებულია ღრმა ანალიზებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის; აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა დაჯილდოებულია Abzas Media-ში კლიმატის, კორუფციისა და სოციალური უფლებების გაშუქებისთვის.

თავისუფალი მედიის კონფერენცია ჰამბურგში, 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო დაჯილდოების ცერემონია — 6 ნოემბერს. ორივე ღონისძიება ჩატარდება „პრესის თავისუფლების კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 2-8 ნოემბერს იმართება.

„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული“ – არქიმანდრიტი შიო

სამების ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია ეხმიანება 8 სექტემბერს, კალაძის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევას.

„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით?

მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო“. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული.

ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს.

ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი. ნუ დარჩებით ცოდვაში და ნუ დაუჭერთ მხარს მოძალადე ხელისუფალს.

ეს ოჯახის სიწმინდის დაცვაა თუ ქრისტიანობის?

პოლიციელებო აღიდგინეთ ღირსება და დაამყარეთ სამართალი, ნუ გახდებით ხალხისთვის საძულველი რუსული მილიცია” – წერს არქიმანდრიტი შიო ფეისბუქზე.

  • რა ხდება?

8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ.

დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახა კალაძის შტაბთან მომდიხარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი

„ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევაზე ამბობს, რომ „რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“.

„აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, ქალები, გოგოები, ბიჭები და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. დაგეგმილად მოდის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.

ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება და როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული.

დღეს რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოთოკვით და რაღაცნაირად გავაჩერეთ შტაბში, მაგრამ ძალიან რთულია ეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ გამიზნულია და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ამით უნდათ, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ“, – ციტირებს ლევან მაჭავარიანს „ინტერპრესნიუსი“.

  • რა ხდება?

8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ.

დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახა კალაძის შტაბთან მომდიხარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

_____________

ფოტოზე: ლევან მაჭავარიანი. „ოცნების“ პარლამენტარი; ფოტოზე მარჯვნივ – „ოცნების“ მხარდამჭერი კალაძის შტაბის წინ შეურაცხმყოფელი ჟესტით, საკუთარ გენიტალიებზე უთითებს აქციის მონაწილეებს – კადრი ვიდეომასალიდან.

რამდენიმე ერთს ურტყავდა, სასიკვდილოდ გამმეტებელი ცემის კადრები – ჩასაფრება კალაძის შტაბთან

ონისე ოქრიაშვილი, რომელიც 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს მოჰყვებოდა, ჰყვება როგორ დაიწყო დაპირისპირება მელიქიშვილზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს.

„დღეს ქართული ოცნების დაჯგუფებამ ორგანიზებული ჩასაფრება მოგვიწყო.

30-40 მომიტინგე ამოვედით ვარაზის ხევზე მარშით. კალაძის შტაბთანაც ოციოდე მომიტინგე დაგვხვდა. უჩვეულო სიტუაცია იყო – ვერცერთი პოლიციელი ვერ დავინახე.

ლასლო მეზეში, უნგრელი ჟურნალისტი, რომელსაც აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ


საგულისხმოა, რომ მარშსაც სულ მოგვყვება პოლიციის მინიმუმ 3 ეკიპაჟი + ფეხით 10 პოლიციელი მაინც. დღეს არავინ გამოგვყოლია.

როგორც კი გავუსწორდით შტაბის მთავარ შესასვლელს, დავინახეთ აგრესიული მძღოლები კაცებით სავსე მანქანებში. ძალიან ახლოს ჩაგვიარეს და გამომწვევად იქნევდნენ ხელებს, “თქვენ რა ტვინი მოტ****თო” და მსგავსი ფრაზებით.

ამ დროს ასევე მოაყენა შავმა ჯიპმა და მძღოლმა დაიწყო გინება. მივარდა აქციის ხალხი. აქ აღმოვჩნდი მეც რომ მეგობარი გამომერიდებინა. დაგვიწყეს ზურგიდან რტყმა და გაგვშალეს.

დაზარალებული აქტივისტები, რომლებსაც კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივი ორგანიზებულად დაესხა თავს


ამის მერე იმ მანქანებიდანაც გადმოვიდნენ, იქამდე ვინც იწელებოდა. კიდე 2-3 მანქანა მოემატა ქუჩას არსაიდან. დაიწყეს ხალხის სასტიკი ცემა. არა მხოლოდ შიშველი მუშტით. დავინახე დრინებიც. ერთ თანამემარშეს მოარტყეს კიდეც დრინი თავში. შედგნენ ზედ ჟურნალისტებს – რამდენიმე ერთს ურტყავდა. სასიკვდილოდ გამმეტებელი ცემის კადრები.

დაგეშილები იყვნენ ტელეფონებზე – როგორც კი ცემას მოილევდნენ, ტელეფონებში სწვდებოდნენ ხალხს.

მინდა ამ სცენების პარალელურად გახსოვდეთ, რომ პოლიცია კვლავ არ ჩანს. ვართ ჩვენ და ეს დაჯგუფება. დაჯგუფებას ვეძახი, რადგან ისინი იყვნენ ორგანიზებული.

ონისე ოქრიაშვილი, აქტივისტი


ორგანიზებულობა დაეტყო მანქანების ერთად მოსვლასაც და იმასაც, რომ ალყაში მოგვაქციეს. ფილარმონიის მხრიდანაც მოვიდნენ და შტაბიდანაც გამოვიდნენ. სცემენ ქალებს, კაცებს, მოხუცებს ეჯაჯგურებიან. რაღაც მომენტში მოდიან პოლიციელები. უფრო სწორად, დაბნეულად მოძუნძულებენ, თან შარვალს იწევენ წელზე. ვითომ მათთან შეთანხმებით არ ხდება ეს ძალადობრივი ოპერაცია. ვითომ გაგვაშველეს.

ბანდის ერთ-ერთმა წევრმა პოლიციელს სახეში იდაყვი დაარტყა დამიზნებით, მაგრამ 4-7 წლამდე ციხე მეეჭვება ემუქრებოდეს. დანარჩენი კადრები ნახეთ თქვენც. როგორი არიან საჯიშე ბიჭები ქოცურ საქართველოში.

აქტივსტი, რომლებსაც კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ

ჩვენი მეგობრები ნაცემი არიან. ერთი საავადმყოფოშია. სახეში დაარტყეს, თავი დაარტყა ასფალტს და გაითიშა, არაფერი ახსოვს თურმე. მე კარგად ვარ. ეს იმიტომ დავწერე, რომ იქნებ „ქართული ოცნების“ პროპაგანდით გაბრუებულ ერთ ადამიანს მაინც მისწვდეს სიმართლე.

რუსთაველიდან რომ გამოვდიოდი, ქაშუეთთან პოლიციელების საუბარი მომესმა და უკმაყოფილო რეპლიკა: „ამათი დედის მუ**ლი მოვ***ნ, კარგად ვერ სცემეს კიდე“.

საქართველო, თბილისი, 2025 წლის 8 სექტემბერი“, – წერს ონისე ოქრიაშვილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 090 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 11 169 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 261 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 32 577 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 482 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 57 504 ერთეული [+226]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 691 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 207 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 3 963 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 675 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 022 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 590 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 410 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 374 სპეციალური სამხედრო მანქან

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა

მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს.

„აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან „ოცნების“ წარმომადგენლები, ისინი ისროდნენ ნივთებს და გადაიდოდნენ პირად შეურაცხყოფაზეც.

„პუბლიკას“ რეპორტიორს წაართვეს ტელეფონი, ამ დროს მივედი ოფისთან და ვიღებდი როგორ აგინებდნენ  შტაბიდან გამოსულები მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს, ამ დროს რამდენიმე დამემუქრა – შენც დაკარგავ მაგ ტელეფონსო. გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა.“

„პუბლიკის“ ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს „პუბლიკის“ ჟურნალისტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს. ამ პროცესსაც ლაივში აშუქებდა ქეთი ხუციშვილი.

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან გამოვიდნენ პირები, რომლებიც  საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი ხმა თაკო ხელაძე.

როგორც თაკო ხელაძე ამბობს, მარშის მონაწილეებს კახა კალაძის შტაბთან „ტიტუშკები“ დახვდნენ.

ამ დროისთვის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან პოლიცია დგას, თუმცა მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ, რომელიც ადამიანებს მოხვდა და როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან ამბობს, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

 

Reckless – ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა

31 აგვისტოს თანამედროვე ქართული ბრენდი Reckless 5 წლის გახდა. მისი შექმნა წარმატებული ბიზნესკომპანიების მსგავსად 100 დოლარით არ დაწყებულა, არც პრეზენტაციას მოუხიბლავს ინვესტორები.

შვილის დაკარგვის შემდეგ ტანსაცმლის ბრენდის დაარსება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდა, სადაც ყველა მძაფრი, მტკივნეული ემოცია ერთად გატყდება თავს. „ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ეს პროცესიო“, – ამბობს თავადაც სალომე გველესიანი. თუმცა, ჟანრის კანონია ისიც, რომ ამ ყუთის ძირში მთავარი – იმედი გასაზრდოებს.

პირველი კოლექციის ინსპირაცია სწორედ შვილის მიერ დატოვებული უამრავი მასალა აღმოჩნდა: მუსიკის, ნახატებისა და ანიმაციების სახით.  სალომეს სურვილი, ბრენდი ნიკუშას ხსოვნისთვის მიეძღვნა და თინეიჯერების აქამდე ჩუმი ხმა ფართო საზოგადოებას გაეგო, ასრულდა. 5 წელია, Reckless მოზარდების იდენტობის, სიხარულის, ზოგჯერ ტკივილის გამომხატველი გახდა. უფრო მეტიც-კულტურული მოძრაობის ნაწილადაც იქცა.

„დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილ ბავშვებზე მუდმივად იყო აღქმა თუ როგორი ლაღები და ფერადები იყვნენ, წვდომა ჰქონდათ ინტერნეტზე, სწავლობდნენ კერძო ან უცხოურ სკოლებში. მრავალი გიჟური ეპითეტით ვამკობდით მათ. თუმცა, დაუცველობის შიში და შფოთი – ამ თაობისთვის თანმდევი აღმოჩნდა. ზოგადად საქართველოში  კომპლექსური პროდუქტის შექმნა დაუჯერებლად რთულია, მით უფრო, როდესაც საქმე  ტანსაცმლის ბრენდს ეხება. თუმცა ეს სირთულეები არაფერი იყო იმის ფონზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. ბევრად მსუბუქად გადავლახე რაღაცები ბიზნესის კუთხით“, – ამბობს სალომე.

ქართველების პირადი სივრცის უგულებელყოფის თვისება და ის რომ არასდროს არავინ გტოვებს მარტო (თუნდაც შენ ეს ძალიან გინდოდეს) ამ შემთხვევაში სალომესთვის მხარდაჭერად გარდაიქმნა. მის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა, მეგობრები გულშემატკივრობდნენ,  აგულიანებდნენ. დღესაც, ქუჩაში ბევრს დაინახავთ 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც პირველი კოლექციის მაისურები აცვიათ.

„წარმოგიდგენიათ ანუ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან, დღესაც რომ ატარებენ?“- მგონი, თავადაც უკვირს სალომეს. თუმცა, რაში ეჭვიც არ ეპარება Reckless-ის ხარისხია.

ბრენდის გულწრფელობა და ხარისხის შენარჩუნება გუნდისთვის უმთავრესია. პროფესიით მარკეტოლოგს, ბიზნესში ინტუიციის სჯერა. როცა მიხვდა, რომ რესურსი არ ჰყოფნიდა და ბრენდი ახალ სტრატეგიას საჭიროებდა, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესები ახალ აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე აფრიდონიძეს გადააბარა. თორნიკეს ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და რექლესის ბრენდსაც კარგად იცნობდა. ორი წლის განმავლობაში თორნიკემ  სტრუქტურა ფუნდამენტურად შეცვალა. თიბისი ბიზნეს დაჯილდოების აპლიკაციის შევსება მისი ინიციატივა იყო. საქმისადმი დამოკიდებულებამ ჟიურიც მოხიბლა და “საუკეთესო პროდუქტის” ნომინაციაში მეორე ადგილი მიანიჭეს.

„ჩვენთვის ეს ჯილდო ბრენდის ლოკალური აღიარებაა. ნებისმიერი პლატფორმა, სადაც სათქმელს გააჟღერებ მნიშვნელოვანია“, -ამბობს თორნიკე.

მართალია, Reckless- ის აღმასრულებელ დირექტორს ზუსტად ესმის ვინ არის Reckless სეგმენტი და ხედავს პოტენციურ ბაზარსაც, ხშირად თინეიჯერების ბუნება მაინც არაპროგნოზირებადია.

„მოზარდი არ არის კოსმოპოლიტური გაგება. ყველა ქვეყანაში სათქმელს სხვაგვარად გამოხატავენ, ამიტომ ძალიან რთულია ექსპანსია და იდენტობის გატანა. დავტესტეთ და ევროპულ ქვეყნებში street wear -მა არ გაამართლა, რადგან იქ უფრო პრეტაპორტე ტანსაცმელია აქტუალური. ჩვენთვის აზიური ქვეყნები, იაპონია, კორეა მიმზიდველია. ეს ბიზნესი ფაქტობრივად ვა ბანკია. თუ ბრენდს მყარი საფუძველი არ აქვს ერთი სეზონის კოლექციამ შესაძლოა მისი მომავალი განსაზღვროს. მოდის ბრენდის სტრუქტურა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს“- გვიხსნის ამ ბიზნესის თავისებურებებს თორნიკე.

Reckless-ზე საუბრისას სალომეც და თორნიკეც ბრენდისადმი ემოციურ ბმაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ფაქტებიც არც თუ ისე  მშრალია.

2025 წელს  კომპანიამ მასშტაბური კოლაბორაცია დაგეგმა წამყვან ქართულ ბრენდებთან: თიბისი (Cannes Lions-ისთვის). Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest. Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში.

5 წლის თავზე ეს შედეგები მართლაც წარმატებულია. რთულია პროგნოზირება როდესაც საქმე თინეიჯერებს ეხებათ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, რაც ამ სეგმენტში მომუშავე ბრენდებს ეხებათ, უკვე გადალახეს. მათ მოზარდები ენდობიან.

ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები 

„ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ „მოძრაობა – მზია“ არის ჩვენი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ,“ – ამბობს ემიგრაციაში მცხოვრები კოკი იონათამიშვილი.

კოკი იონათამიშვილი 13 წელია ლატვიაში ცხოვრობს. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია და თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობის შექმნას შეუწყო ხელი – „მოძრაობა – მზია“.

ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც „ოცნების“ რეჟიმმა ციხეში გამოკეტა, სიმბოლოა დღევანდელი წინააღმდეგობის. ემიგრანტებს სჯერათ, რომ თუ წინააღმდეგობას თავისი დღის წესრიგი ექნება, როგორიცაა „მოძრაობა მზია“ და ერთმანეთს მალე დავინახავთ, გამარჯვებაც მალე მოვა.

ემიგრანტები აპირებენ შეადგინონ „მზიას სია“. ვინ მოხვდება ამ სიაში? – „ბათუმელები“ კოკი იონათამიშვილს ესაუბრა:

  • ბატონო კოკი, მოგვიყევით „მოძრაობა მზიას“ შესახებ, რა ფორმით აპირებთ რეჟიმის ტყვეების მხარდაჭერას?

„მოძრაობა – მზია“ სიმბოლურად დაიწყო იმ ვიდეოკოლაჟის ჩვენებით, სადაც ემიგრანტები აჟღერებენ სათქმელს და ეს გამოცემა „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ ამ მოძრაობის სიმბოლური დასაწყისია. თავად მზია ამაღლობელის თავგანწირვამ და შეუპოვრობამ დაიწყო ეს ბრძოლა.

„პლატფორმა 2025“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას შორის, რომელიც, ასე ვთქვათ, „მოძრაობა მზიას“ ფორმალურ დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი. ეს არა თუ აპარტიულია, არამედ არცერთ ორგანიზაციასაც არ ეკუთვნის, არც იდეა, არც ინიციატივა და ჩვენ ფორმაზე, ჩარჩოზე და ყველაფერზე ეს ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, კოორდინირებულად და კოალიციურ რეჟიმში შევთანხმდით, რა როგორ ყოფილიყო.

ჩვენ უნდა ვცადოთ გავზარდოთ კოორდინაცია, როგორც ემიგრანტულ ჯგუფებში, ასევე, საქართველოში არსებულ ჯგუფებს შორის, მედიაორგანიზაციებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებიც ებრძვიან ამ რეპრესიულ და ანტიჰუმანურ რეჟიმს.

როცა ვახსენებთ მზიას, ჩვენ ვგულისხმობთ რეჟიმის ყველა ტყვეს. ჩვენს ვიდეოკოლაჟშიც არიან სტუდენტს ზვიად ცეცხლაძის მშობლები, ასევე ანდრო კვარაცხელიას დედა. მადლობა მათ ამისთვის. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ტყვეს გასათავისუფლებლად. მზიას სახელი არის ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი სახელი, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის.

ამ ხალხს – ვინც ვიდეოში ნახეთ – მე თვითონ ძალიან აღელვებული ვუყურებ ხოლმე, როცა ხალხი ასე საუბრობს თავიანთ პირად განწყობაზე, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ: დარწმუნებული ვარ, რეჟიმის ტყვეებიც გათავისუფლდებიან და ჩვენი ქვეყანაც გაიმარჯვებს.

გვინდა, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში გავააქტიუროთ მხარდამჭერების მობილიზება, მაგალითად, ცალკე მიმართულება შეიძლება გამოვყოთ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერება. ვეცდებით, დავამკვიდროთ ტერმინი „მზიას სია“, სადაც შევიყვანთ ყველა იმ არამზადას, რომელიც კერავს ამ საქმეებს, რომლებიც ძალადობენ, ცრუმოწმეობენ, თეთრზე შავს იძახიან, მათი დიდი ნაწილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია. ყველა ამ ადამიანის სახელი და გვარი უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ.

ეხლა არ იმჩნევენ შეიძლება, თორემ ნებისმიერი სანქცია არის ეფექტური. ნახავენ კიდევ რამხელა ზიანს მიიღებენ ამ სისაძაგლესა და სისასტიკეში მონაწილეობით. ვინც ფიგურირებს თუნდაც მზიას საქმეში, ან სხვა რეჟიმის ტყვეების საქმეში, მათ შესახებ ცალ-ცალკე მზადდება საქმეები.

  • ვინ მოხვდა უკვე „მზიას სიაში“?

ახლა ვიწყებთ მოქმედებას კოორდინირებულად, ჯერ არავინ გვყავს შეყვანილი. ვიღებთ ინფორმაციას ამ ეტაპზე ცალკეული ადვოკატებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისგან.

ემიგრანტულ ჯგუფებს გვაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ამ კუთხით მუშაობს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში, ლატვიაში, სადაც მე ვცხოვრობ.

მზია ამაღლობელმა თავისი პოზიციონირებით გვაჩვენა ყველას, რა უნდა იყოს პრინციპულობა. მზია ამაღლობელმა აჩვენა ყველას, რომ ქართველი ქალის გამორჩეულობა, მითი კი არა, სინამდვილეა. ემიგრანტული ჯგუფები გარკვეულ ფიცს ვდებთ მზიას წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

ჩვენი სურვილია „მოძრაობა მზია“ იყოს აბსოლუტურად ყველასი, ვინც ზრუნავს საქართველოზე. ნებისმიერს შეუძლია ჩაწეროს და გაავრცელოს მისთვის სასურველი ვიდეო, მიუთითოს ჰეშთეგი „მოძრაობა – მზია“. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მისამართი სოციალურ ქსელში – გვინდა ერთმანეთი ვიპოვოთ და დავინახოთ.

გვექნება აქტივობები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მაგალითად, დასავლურ მედიაში აქტივობა, ასევე პოლიტიკოსებთან აქტიური მუშაობა. ძალიან ბევრ ემიგრანტულ ჯგუფს აქვს საკმაოდ კარგი კავშირები და გამოცდილება.

კოკი იონათამიშვილი

ჩვენ მყისიერად ვთარგმნით რამდენიმე ენაზე ნებისმიერ საჭირო დოკუმენტს. ამას ემიგრანტები ვაკეთებთ თვითონ, ვთქვათ, იტალიაში იტალიურად, საფრანგეთში – ფრანგულად, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი იმ ყველაფრის შესახებ, რაც ახლა საქართველოში ხდება. ამ გზით უნდა გაიზარდოს ჩვენი მხარდაჭერა, უნდა გაძლიერდეს სასანქციო პოლიტიკა „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

  • ემიგრანტები, რომლებიც მუშაობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რა ფორმით შეიძლება ჩაერთონ ამ მოძრაობაში?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰეშთეგი „მოძრაობა – მზია“ იყოს აქტიურად გამოყენებული. როცა ვაზიარებთ რამე ინფორმაციას რეჟიმის ტყვეების შესახებ, უნდა დავამკვიდროთ ეს ჰეშთეგი. ჩვენი მიზანია ამ და სხვა საშუალებებით გაიზარდოს კოორდინაცია.

ჩვენი მიზანია, რომ ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან „მზიას სიაში“ იგრძნონ სუსხი – მათი ფოტოებიც გავრცელდება სოციალურ მედიაში. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის „მზიას სიაში“.

ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ადამიანების დასანქცირებაზე. პოლიტიკოსებთან და აქტიურ ჯგუფებთან გვექნება შეხვედრები, რომ სასანქციო პოლიტიკა და მხარდაჭერა გაიზარდოს. ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ეს ჩარჩო გასაგებია, არ არის აბსტრაქტული და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.

  • თქვენი აზრით, რა სჭირდება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად წინააღმდეგობას გასაძლიერებლად? რაზეა დამოკიდებულია დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში?

წინააღმდეგობის მოძრაობა, უდიდესი გამოწვევების, ხელოვნური და თავსმოხვეული დღის წესრიგების მიუხედავად, მაინც  დგას ფეხზე და ვიცი, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს გამარჯვებისკენ.

მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგი ჩვენ თვითონ შევქმნათ. მხოლოდ „ოცნების“ გადაწყვეტილებებზე რეაგირებით არ უნდა იყოს დაკავებული მთელი წინააღმდეგობის მოძრაობა.

ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ  „მოძრაობა – მზია“ არის ასეთი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ.

ბრძოლა რთულია, მაგრამ გავიმარჯვებთ. კოორდინაციის ხარისხის გაზრდით კი, ეს გამარჯვება ცოტა უფრო მალე მოვა.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ იმ ადამიანების ჩართვა ამ პროცესში, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები არიან, ან არ არიან, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ, არც სოციალურ ქსელში აქტიურობენ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გავაძლიეროთ. ეს ადამიანები ჩვენი დები და ძმები არიან, მათ როგორმე უნდა ვაჩვენოთ, რომ მნიშვნელოვანია მათი ხმა. რეჟიმს საბოლოოდ სწორედ აქტიური ხალხის სიმრავლე ჩამოშლის.

ის ადამიანები, ვინც „ოცნებას“ წარმოადგენენ, ადამიანები არიან და მათ უნდა შეუნარჩუნდეთ სასტიკი გარემო გარშემო მყოფებში – ისინი უნდა გადმოვიდნენ საქართველოს მხარეს. მათი დიდი ნაწილი უამრავ დანაშაულშია ჩართული, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ – საქართველოს მხარეს უნდა დადგნენ!

„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“

ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა და მას ეპილეფსიის ერთ-ერთი მძიმე ფორმა განუვითარდა.

ეკატერინე ამბობს, რომ სწორედ ევროპასთან გამარტივებული მიმოსვლის წყალობით მოახერხა მისმა ოჯახმა დროული რეაგირება და ბავშვის გადარჩენა. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში იგი საუბრობს, რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახები და როგორ განსხვავდება სამედიცინო სისტემა საქართველოსა და გერმანიაში.

  • ეკატერინე, თავის დროზე რა გახდა თქვენი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი და როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

ჩემი ისტორია ასეთია: ჩემს პატარა ვაჟს, გაბრიელს, 4 წლის ასაკში აღმოაჩნდა ეპილეფსია. ოთხ წლამდე ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი, ყოველ შემთხვევაში ასე ვიცოდით, მაგრამ ერთხელაც, მოულოდნელად სახლში შეუძლოდ გახდა.

თბილისში ჩავატარეთ გამოკვლევები. ექიმებმა გვითხრეს, რომ საჭირო იყო სხვადასხვა კვლევა, მათ შორის გენეტიკური ანალიზების გაკეთება და გაგზავნა გერმანიაში. ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, თანხებთან იყო დაკავშირებული. შეიძლება ეს არ იყო ძალიან დიდი თანხა, მაგრამ სადღაც 5 000 დოლარს მოიცავდა, თანაც მითხრეს, რომ გერმანიიდან კიდევ 2 თვე უნდა ველოდოთ პასუხსო. 

ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეუღლე ხუთი თვით ადრე იყო წამოსული გერმანიაში სამუშაოდ. ამიტომ ბევრი დრო არ დავკარგე და წამოვედით. მით უმეტეს, იყო საშუალება, რომ ამეღო ბილეთი და ეგრევე ჩემს შვილთან ერთად წამოვსულიყავი, დაუბრკოლებლად, რადგან სამი თვე გვქონდა [უვიზოდ] და შეგვეძლო ვიზიტით დავრჩენილიყავით ევროპის ქვეყანაში. დრო არ დავკარგე, ავდექი და წამოვიყვანე ბავშვი გერმანიაში.

ეს იყო 2022 წელი, პანდემიის პერიოდი, სამსახურებიც დაიკეტა, ჩვენც მოგვიწია გაჩერება – ის პერიოდია ზუსტად. ჯერ თურქეთში ჩავედით, იქიდან გადავფრინდით პრაღაში. პრაღაში დაგვხვდა ჩემი მეუღლე და უკვე ერთად ჩამოვედით გერმანიაში. 

  • რა დიაგნოზი დაუსვეს თქვენს შვილს გერმანიაში ჩატარებული კვლევების შემდეგ?

 თავიდან მეგონა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ეპილეფსია, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მას აქვს ეპილეფსიის ძალიან რთული ფორმა – ლენოქს-გასტაუტის სინდრომი.

საამისოდ გერმანიაში ჩატარდა უამრავი კვლევა – გენეტიკური ანალიზები, ხერხემლიდან ნიმუშები, MRI კვლევები თავზე, გაკეთდა, მაგალითად, ასეთი კვლევა, სადაც ბავშვი იყო კამერების ქვეშ მთელი რვა დღის განმავლობაში, დღე და ღამე იყო შეერთებული და აკვირდებოდნენ მის შეტევებს.

გერმანიაში ასევე დაადგინეს, რომ ჩემს შვილს დაბადებისას ჰქონდა თავში სისხლჩაქცევა, რაც ჩვენს ექიმებს საქართველოში გამოეპარათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ჩავატარე კვლევები და არაფერი არ გამოჩნდა – ოთხ წლამდე გვეგონა ბავშვი ჯანმრთელი და გერმანიამ დაადგინა, რომ ბავშვს ჰქონდა ორი სისხლჩაქცევა (ექიმების თქმით, ინსულტის მსგავსი მდგომარეობა) გადატანილი. თავიდანვე, ახალდაბადებულზე რომ აღმოჩენილიყო, მედიკამენტური მკურნალობით შეიძლებოდა ამ სისხლჩაქცევის გაწოვა მომხდარიყო და ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა.

ამ სისხლჩაქცევების ფონზე ბავშვი მაინც განვითარდა ოთხ წლამდე და ეს იყო რაღაც სასწაული, მაგრამ უკვე ოთხი წლის მერე დაიწყო განვითარების უკუსვლა. საქმე ის არის, რომ ლენოქს-გასტაუტის სინდრომი, რომელიც ჩემს შვილს აქვს, ნელ-ნელა აქვეითებს გონებას, ცვლის მის ქცევით ფორმებს, ნელ-ნელა შეიძლება დაუქვეითდეს სიარული, მეტყველება,

ამ სამ წელიწადში 14 სხვადასხვა წამალი გამოიცვალა, რომელთაგან არც ერთი არ მოუხდა. წამლების ფონზე მოიმატა 20 კილო გაბრიელმა. ყოველ თვე 4000 ევროს ღირებულების მედიკამენტს იღებდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

ბავშვს ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია თავზე და საკმაოდ ძვირადღირებული. კალოზოტომია ეწოდება ამ ოპერაციას. და ახლა ჩაუტარდა კიდევ მეორე ოპერაცია – ზუსტად ორი კვირაა, რაც გამოვედით საავადმყოფოდან, შეიძლება ამას დავარქვა, ბავშვი მეორედ დაიბადა.

ვიცოდით, რომ ოპერაციის დროს შეიძლებოდა ბავშვს ორივე თვალის მარჯვენა მხარეს ნახევრად დაეკარგა მხედველობა, რადგან ჩაქცევები ორივე მარცხენა მხარეს ჰქონდა, თავის მარცხენა ნახევარსფეროში. ასევე შეიძლებოდა დაკარგული იყო ხელის ფუნქცია და მარჯვენა ფეხის მოძრაობა. ყველა შესაძლო სირთულის შესახებ წინასწარ ვიცოდით. დავეკითხე პროფესორს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ოპერაციის გარეშე, მაგრამ მედიკამენტები შედეგს არ აძლევდნენ. ბავშვს ჰქონდა შეტევები ყოველდღიურად — თავიდან დაიწყო 80 შეტევით, რომლებიც ნელ-ნელა წამლების ფონზე შემცირდა 40-მდე, შემდეგ 30-მდე და 20-მდე, მაგრამ შეიცვალა, უფრო დამძიმდა შეტევის ფორმა

ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, და ღვთის წყალობით, უკვე ორი კვირაა საავადმყოფო დავტოვეთ, შეტევები კი არ დაფიქსირებულა. შეტევების შეჩერება ნიშნავს, რომ ბავშვის მდგომარეობა 50%-ით გაუმჯობესდა — მეტყველება და სიარული უკეთესდება. რაც მთავარია, ხელი და ფეხი შევინარჩუნეთ; მხოლოდ მარჯვენა თვალში დაკარგა ნახევრად მხედველობა. 

ეს ორი ოპერაცია დაჯდა 500 000 ევრო, როგორ ფიქრობთ, ამას მე საქართველოში გავწვდებოდი?

  • რატომ ვერ ახერხებს გაბრიელის დაავადების მკურნალობას ქართული ჯანდაცვის სისტემა?

საქართველო წამლები დიდი პრობლემაა – ბევრი საჭირო წამალი არ არის ხელმისაწვდომი. მხოლოდ „დეპაკინი“ ფინანსდება, დანარჩენი წამლები, რასაც გაბრიელი საჭიროებს, საქართველოში საერთოდ ვერ შემოდის. 

გარდა ამისა გერმანიაში დაფინანსდა ყველაფერი – გამოკვლევები, ოპერაციები, წამლები, რეაბილიტაცია, ბაღი, ტრანსპორტირება… საქართველოში ეს არ ხდება. 

საქართველოში გაბრიელს ხშირად ჰქონდა შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან მრავალჯერადი შეტევები — დღეში 80–100, რაც თვალების გაშეშებით და წამიერ შეჩერებით ვლინდებოდა. ბავშვი თამაშის, ჭამის ან სხვა აქტივობის დროს უცებ გაჩერდებოდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა. ექიმებმა დამინიშნეს „დეპაკინი“, ერთი-ორი თვე მოგვიწია ამ წამლით მკურნალობა, მაგრამ როცა საქმე ეპილეფსიის ესეთ რთულ ფორმებს ეხება, არანაირ შედეგს არ იძლევა.

ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების მშობლების ჩატში ვარ და მეტირება იმის გამო, რასაც იქ ვკითხულობ და ვერ ვეხმარები, ჩვენ თვითონ რეცეპტით გვაქვს თითოეული დოზა გამოწერილი. გაოცდებით უბრალოდ, ჩატში რომ ჩაიხედოთ. ასეთი რამ თუ გაგიგონიათ, ბავშვები ასეთი რთული დაავადებით არიან და დედა კითხულობდეს, 10 ტაბლეტი ხომ არა გაქვთ ვინმეს, რომ მასესხოთ ხვალ დილამდე… შოკში ვარ! რა ვთქვა, არ ვიცი… აი, კი, მე გამოვასწარი, ასე ჰქვია და ყველას ხომ არა აქვს ამის საშუალება?! 

სხვადასხვა წამალი, მაგალითად, როგორიცაა „ფრიზიუმი“, ბევრ ბავშვს და მოზრდილს სჭირდება, მაგრამ საქართველოში არ არის, ზოგი თურქეთში ყიდულობს, ზოგი საბერძნეთიდან აგზავნინებს, ზოგიც – გერმანიიდან. ელემენტარული, როცა ხედავს სახელმწიფო ამ წამალს, აი კაპიკებია ევროპაში,რატომ არავინ არ ზრუნავს ამაზე?

წამლის ჩაგდება არ შეიძლება, ერთი მიღების გამოტოვებაც კი უკვე ცუდია და წარმოიდგინეთ, დედამ, რომელსაც არ აქვს ოთხი-ხუთი დღის წამალი, რა უნდა ქნას, მითხარით?!

საქართველოს ჯანდაცვა როგორ ბედავს და ამბობს, ჩვენ ამათ ვაფინანსებთო… აქედან ბევრი დაარეპორტეს ამის გამო. გეუბნებიან [გერმანიაში] რომ, აი ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე შევდივართ და მიწერს, რომ ფინანსდება ეპილეფსია და რა ვქნა შენ დაგიჯეროო? სხვათა შორის, ბევრი ვიდეო ვაჩვენე ქართველი მშობლების, რომ აი, ასეთი რაღაცები ხდება და რომ ეს ტყუილია. 

განსხვავდება მიდგომაც პაციენტთან. აქ, გერმანიაში ექიმები იმდენად გახსნილები და უშუალოები არიან, რომ მათთან საუბრისა აბსოლუტურად დაცლილი ვარ სტრესისგან. მე საქართველოში ასეთი გამოცდილება არასდროს მქონია. რამდენჯერაც შევხვედრილვარ ექიმებს, იმდენად უხერხულად ვგრძნობდი თავს, კითხვაც ვერ დამისვამს. აქ პირიქითაა – გაძლევენ საშუალებას, ყველა კითხვა თავისუფლად დასვა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ვაჭარბებ, მაგრამ გერმანიაში ექიმების გვერდში დგომის მეტი არაფერი მინახავს.

  • როგორ დაგეხმარათ ვიზალიბერალიზაცია იმაში, რომ დროულად მიგეღოთ მკურნალობა გერმანიაში?

ჩემს უმცროსი ვაჟის მკურნალობა გერმანიაში 100%-ით დაფინანსდა. ფაქტობრივად, ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეს. მშობლისთვის ამაზე დიდი სიკეთე არ ვიცი რა შეიძლება ჰქონდეს ვიზალიბერალიზაციას. 

სწორედ ასე მოხერხდა ყველაზე მნიშვნელოვანი – ნახეთ, დროის დაზოგვით მოვახდინე მე დროული რეაგირება და მე რომ არ მქონოდა ეს საშუალება, ხომ წარმოგიდგენიათ, შეიძლება აქამდეც ვერ მივსულიყავი. ამ დროს რომ დამეწყო დოკუმენტების მოძიება, ამაში დავკარგავდი დროსაც და ალბათ ჩემი შვილის ჯანმრთელობასაც. სწორედ ეს იყო მთავარი, რომ მოვასწარი დროულად წამოსვლა გერმანიაში და ჩემი შვილის გადარჩენა.

  • ჯანდაცვაზე წვდომის გარდა, კიდევ რა სარგებელი მოიტანა თქვენთვის და ზოგადად ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციამ?

 ჩემს უმცროს ვაჟს აქვს ეპილეფსია და მისი მკურნალობა გერმანიაში 100%-ით დაფინანსდა. ფაქტობრივად, შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ვიზალიბერალიზაციის გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი, რადგან დროის დაკარგვა შესაძლოა მისი ჯანმრთელობის ფასად დამჯდომოდა. 

გარდა ამისა, ჩემი უფროსი ვაჟიც აქ სწავლობდა ორი წელი Ausbildung-ზე და პარალელურად მუშაობდა. ეს შესაძლებლობა სწორედ ამ პროცესმა განაპირობა. უამრავი ქართველი ახალგაზრდაა აქ სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. სტუდენტებს გაცვლითმა პროგრამებმა განვითარების და მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა. ზოგი ჩამოდის, რომ იმუშაოს, ეს ბავშვები მიდიან მერე საქართველოში, ზოგი სწავლის ფულს იხდის, ზოგი კიდევ რაღაც პრობლემებს აგვარებს ამ თანხით.

ამჟამად ჩემი ვაჟი დროებით საქართველოშია. მე, ჩემი მეუღლე და პატარა ბიჭი ვართ ძირითადად აქ. გოგო მყავს საქართველოში. 18 წლის არის, სკოლა ახლა დაამთავრა. მე არ შემიძლია საქართველოში წასვლა, იმიტომ, რომ გაბრიელისთვის ფრენა არ შეიძლება, ვერც მარტო დავტოვებ და ძალიან დიდი კომფორტი გვაქვს იმით, რომ ჩემს გოგოს აქ ჩამოსვლა შეუძლია. სამჯერ იყო ჩამოსული და მოგვინახულა. აი, დედაჩემი, მაგალითად, ზაფხულში იყო ჩამოსული. ეს მიმოსვლა რომ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, დიდი დახმარება და კომფორტია ჩვენთვის. ყოველ წელიწადში ერთხელ მაინც ასე ვნახულობთ ოჯახის წევრები ერთმანეთს.

ეს ასე არ იყო ადრე. 

მე, მაგალითად, დედა ემიგრანტი მყავდა და 10 წელი ნანახი არ მყავდა. ეს სწორედ ვიზალიბერალიზაციამდე იყო (17 წლის წინ წავიდა პირველად). როცა ეს გზები გაიხსნა, მე თვითონ ჩავედი საბერძნეთში, ვნახე და ისევ დავბრუნდი. ახლა დედაჩემმაც შეძლო ჩამოსვლა ჩემთან გერმანიაში. ეს რამხელას ნიშნავს…

სხვათა შორის დედა ემიგრაციიდან დაბრუნდა და ისვე წავიდა, როგორ გითხრათ, უფრო – გაიქცა. ფიზიკურად ვეღარ გაუძლო საქართველოს მდგომარეობას. აქ ყველა გვიღიმის და გვესალმება, ნაცნობი თუ უცნობი, საქართველოში კი… მე ამას სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვაბრალებ.

ძალიან ცუდი სიტუაციაა საქართველოში, ჩემი შვილის თაობისთვის თუ ასე იქნებოდა, მართლა არ მეგონა. მართლა ასე წარმომედგინა, რომ ჩემი შვილის თაობას ბევრად უკეთეს ქვეყანაში მოუწევდა ცხოვრება და გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი ასე არ არის. 

და ამ უსამართლობას, რასაც ვუყურებ… ძალიან რთული ასატანია ჩემთვის ეს ყველაფერი აქედან. ძალიან რთული.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ კარგია ასე წასული რომ ხარ, წლები… ევროპა კარგია, კი ბატონო, მაგრამ კარგია ჩემს ქვეყანაშიც მქონდეს ასეთი პირობები. აი, ახლა ჩემს შვილს ბანკეტი ჰქონდა, სკოლა დაამთავრა. მე რამდენი გულის ტკივილი გადავიტანე, რომ ჩემი შვილის ბანკეტზე ვერ დავესწარი… ბევრჯერ ვჭირდები და მის გვერდით არა ვარ. კი არ მიხარია, მაგრამ რა გავაკეთო, მითხარით?! აქ რომ არ ვიყო, მაშინ გაბრიელი უნდა დავღუპო. სულაც არ მიხარია მე სხვაგან ყოფნა. მომეცით მე საშუალება, რომ იცოცხლონ ბავშვებმა ასეთი დაავადებით. 

ვინ არიან 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – ხუთეული

დღეს, 8 სექტემბერს, ცნობილი გახდა 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტის ვინაობა. მათგან ერთ-ერთი 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდო ფინალისტები არიან:

  • ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
  • ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ,ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი იყო ჩართული, მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა, ფინალისტებს კი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი, „საქართველოს ბანკი“ დააჯილდოებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

ბათუმის მერიამ 6 თვეში ჯარიმების სახით 7 მილიონზე მეტი ლარი ამოიღო

ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობების ნაწილში „სხვა შემოსავლები“ ძირითადად ქალაქში დადგენილ მოსაკრებლებს აერთიანებს, მათ შორის არის შემოსავლები საკუთრებიდან, პროცენტებიდან, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან.

2025 წლის ორ კვარტალში „სხვა შემოსავლების“ სახით ბიუჯეტში 50 მილიონ 150 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ 9 მილიონით მეტი, 59 მილიონ 297 ათასი ლარი, ანუ გეგმის 118,2 პროცენტი შეადგინა.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 25,8%-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების მდგომარეობა ცალკეული სახეების მიხედვით ასე ნაწილდება:

მერიის ინფორმაციით, საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით 2 კვარტალში ბიუჯეტში მობილიზებულია 7 მილიონ  782 100 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 171,8 პროცენტია. მათ შორის: პროცენტებიდან მობილიზებულია 6 მილიონ 695 400 ლარი, რაც ორი კვარტლის გეგმის – 3 200 ათასი ლარის 209,2 პროცენტს შეადგენს.

რენტის სახით მიღებულია 1 მილიონ  086 700 ლარი, რაც ორი კვარტლის გეგმის  81,7 პროცენტია. აქედან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელზე მოდის 96 500 ლარი, მიწის იჯარიდან და მართვაში [უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა] გადაცემიდან შემოსავალზე – 990,2 ათასი ლარი.

საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან ბიუჯეტში  მობილიზებულია 40 მილიონ 719 300 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 101,7 პროცენტია. აქედან, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით  40 მილიონ 366 500 ლარი. მათ შორის მოსაკრებელმა მშენებლობის ნებართვაზე 723 500 ლარი შეადგინა.

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია.

ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშის მიხედვით ბათუმის მერიამ 6 თვეში სანქციების, ჯარიმებისა და საურავების  სახით 7 მილიონ 127 500 ლარი ამოიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 145,5 პროცენტია. ეს თანხაც ბიუჯეტის შემოსულობებში „სხვა შემოსავლებშია“ ასახული.

საერთო ჯამში 2025 წლის 2 კვარტალში ბიუჯეტში ასახული „სხვა შემოსავლები“ ასე გადანაწილდა:

 

სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმელმა სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ სასჯელი  სრულად მოიხადა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 8 სექტემბერს დატოვა.

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად.

გამოძიება მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა.

საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვე გრძელდებოდა.

25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოლო მასთან ერთად დაკავებული მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 18 და 15- ათასლარიანი გირაოთი გამოუშვა.

ამავე თემაზე:

დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 089 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 11 168 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 258 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 32 545 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 481 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 57 278 ერთეული [+461]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 691 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 135 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 961 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 445 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 004 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 590 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 376 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 319 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოპოზიციამ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა

დღეს, 7 სექტემბერს, კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და   „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმსა და ხულოში მერობისთვის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები იბრძოლებენ, ქობულეთში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში კი – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატები.

ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს გოჩა გუგუნავა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ქობულეთის მერობისთვის იბრძოლებს პაატა ცივაძე  – კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“.

ხელვაჩაურის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი მამულაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.

ქედის მერობისთვის იბრძოლებს რამაზ დავითაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.

შუახევის მერობისთვის იბრძოლებს ნათია მგელაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.

ხულოს მერობისთვის იბრძოლებს ირაკლი ბოლქვაძე – პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 სექტემბერს რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით – 800-ზე მეტი დრონით შეუტია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში დრონებითა და სახმელეთო რაკეტებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის საჰაერო თავდასხმის 823 იარაღიდან 751 სამიზნე გაანეიტრალა.

რუსეთმა თავდასხმისთვის 810 დრონი გამოიყენა – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღე-ღამეში გამოყენებული დრონების რეკორდული რაოდენობაა. გამოცემა აქვე აზუსტებს, რომ დრონების წინა „რეკორდი“ იყო 2025 წლის 9 ივლისის ღამეს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 741 დრონით.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა „ისკანდერის“ რაკეტები.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე უკრაინის სხვა რეგიონებთან ერთად, ქვეყნის დედაქალაქი, კიევიც იყო. მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევში სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ, თუმცა კიევის სვიატოშინსკის რაიონში დაზიანებულ სახლში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.

ინფორმაცია რეგიონებში დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა. 

„საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ ბრძოლებზე. სამაგიეროდ, აკრძალული იყო 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატსა და 1801 წლის ანექსიაზე კითხვების დასმა. სრულიად აკრძალული იყო მე-19-20 საუკუნეების პოლიტიკურ ნაციონალიზმზე წერა. კულტურა, ღვინო და დამწერლობა – კი ბატონო; ფოლკლორული ერი – კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური ერი – არას დიდებით. 1921 და 1924 წლებზე საუბრისას საერთოდ დასაჭერად გაიხდიდი საქმეს.

ჰოდა, ახლანდელ საქართველოში რა ხდება: 2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, მაშინდელმა პრემიერმა რუსული სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი ნარატივი დადო. ამით შემოიფარგლა ოკუპაციის 100 წლისთავის აღნიშვნა; 2024 წლის აგვისტოში, აჯანყების 100 წლისთავზე, საერთოდ არაფერი არ მოხდა. ვითომ არც ყოფილა; თეა წულუკიანის კომისიამ 2008 წლის ომზე რუსული სააგენტო „ტასის“ სტატიათა ნაკრები შემოგვთავაზა.

ვგმობთ ძირმომპალ დასავლურ იმპერიალიზმს, დაუღლელად. გაზეთ „კომუნისტს“ ახლა ჰუმანური სახელი – „იმედი“ – ქვია, „ზარია ვასტოკას“ – „პოსტივი“, თბილისს – „რუსთავი2“.

სამაგიეროდ, „ფუტბოლი“? კი ბატონო!

კალათბურთი? კი ბატონო!

„ბოი ბეზ პრავილ“? კი ბატონო!

ხინკალი, მწვადი და ჩაკრულო? კი ბატონო!

იოანე ზოსიმე, ერეკლე მეორე და დიდგორი? კი ბატონო!

მეგობრებო, ეს ქვეყანა ოკუპირებულია, რეოკუპირებული, 1801 და 1921 წლების შემდეგ, უკვე მესამედ.

1943 წელს, მაშინ უკვე გარდაცვლილი ივანე ჯავახიშვილის და მისი მოწაფეების – სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ავტორობით, გამოიცა წიგნი „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე”. თუ რატომ ჩერდებოდა ეს თხრობა მეცხრამეტე საუკუნეზე, ეს ზემოთ აღვწერე. ეს წიგნი პირადად დაარედაქტირა იოსებ სტალინმა, ყველა წერტილი და მძიმე გადასინჯა. ამან შექმნა საქართველოს ისტორიის გრანდ ნარატივი, რომელიც შემდეგ ლევან სანიკიძემ გაამხატვრულა და დღეს ეს ვერსია აქვს თავში ყველა ქართველს, რომელიც სადღეგრძელოებში იღვრება.

დიდი უბედურება დამართეს სახელოვან მეცნიერებს: 1924 წლის აჯანყება საჯაროდ აგმობინეს და დასავლეთის ავანტიურა აძახებინეს; მერე ივანე ჯავახიშვილს გადასარჩენად სტალინის გენეალოგიის კვლევა მოუწია, მაგრამ ვერ გადარჩა – მისსავე სახელოვან მოწაფეებს გააგდებინეს ის უნივერსიტეტიდან და ბოლოს – 1943 წელს გამოცემული ეს წიგნი.

ისტორიის ამ ფოლკლორული აღქმით ორი მისია სრულდებოდა: 1. მასა კმაყოფილია; 2. რუსეთი ხელშეუხებელი და ერთადერთი დამცველია.

ამის პარალელურად, საერთაშორისო ისტორიოგრაფია თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა, იქმნებოდა ისტორიული სკოლები, იხვეწებოდა კვლევის მეთოდები, მაგრამ ამ ამბავს ჩვენამდე დღესაც არ მოუღწევია. ამასობაში კი აღდგა რუსეთთან პატრონყმური დამოკიდებულება, ხელახლა დამყარდა ავტორიტარიზმი და როგორც ჰომოსოვიეტიკუსი მასის საამებლად, ასევე რუსეთის დასაკმაყოფილებლადაც, სკივრიდან ამოიღეს ისტორიისადმი ის ძველი მიდგომა, უფრო გააპოპულისტურეს და ამას აჭმევენ ხალხს. ისტორიაზე, ეროვნულობაზე, საქართველოს ისტორიის ანტიდასავლურ, საბჭოთა გაგებაზე დაწესდა მონოპოლია.

ამასობაში, ჯერ ნიკა ხოფერიას „მწარე პოდკასტი“, მერე ჩემი „აქტუალური ისტორია“ გამოჩნდა, რომელთაც ათიათასობით ადამიანი უსმენს. რიცხვები მხოლოდ მზარდია და ეს პოდკასტები პატრიოტული, თუ გნებავთ კონსერვატიული ნიშიდან ხალხს თავისუფლად ელაპარაკება საკუთარი სამშობლოს ისტორიაზე. ჩვენ არც 1943 წელს გამოცემული წიგნით ვხელმძღვანელობთ, არც ლევან სანიკიძის გმირული ეპოსებით, არც მე-19-20 საუკუნის ისტორიაზე საუბრისას ვიჩლიქავთ ენას.

ეს ქოცებმა აღიქვეს, როგორც მათ მონოპოლიაში შევარდნა და საფრთხე. თავად ხომ ოდნავ სერიოზული კარის ისტორიკოსიც არ ჰყავთ (დღეს მრავალჯერ გადაყიდული სვიმონ მასხარაშვილი ასაუბრეს ჩვენზე). ჰოდა, მათი ამოცანა არის შემდეგი: იმდენჯერ უნდა ილაპარაკონ ჩვენზე, სანამ მათი მსმენელი „უსამშობლოებად“ არ დაგვაიდენტიფიცირებს და სანამ ჩვენს მოსმენაზე არ იტყვის უარს. ამიტომ, ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ უამრავი შეტევა გველის.

თუმცა აქ პრობლემა აქვთ: მათმა შავმა პიარმა შეიძლება ჩვენდამი ინტერესი მათ მსმენელებში გააღვივოს, გვიყურონ და ძალიანაც მოეწონოთ სამშობლოს სიყვარულის პოზიციიდან საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი, ღვინო, სადღეგრძელო და საინტერესო ამბები. ამიტომ, მე მათ ქმედებას ძალიან მშვიდად ვუყურებ და ვემხრობი. ჩვენ შეიძლება გავიდეთ ისეთ მაყურებელზე, რომელზეც მათი დახმარების გარეშე ვერ გავიდოდით.

ამასთანავე, პროპაგანდის ხარისხი არის ძალიან მდარე, მაგ ხალხს საბაზისო წერა-კითხვის პრობლემა აქვს, რაც ასევე ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს.

ამ ყველაფერს რომ ვხსნი, ამით ვცდილობთ გაჩვენოთ, რომ ეს არ არის ჩემი და ნიკა ხოფერიას პირადი საქმე. ჩვენ ჩვენი ფრონტის ბრძოლაში ვართ, რაც ვიცით იმას ვაკეთებთ რუსეთის ჭანჭიკების წინააღმდეგ.

როგორ შეგიძლიათ ამ ბრძოლაში დაგვეხმაროთ: ვისაც ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ „მისმინე Mismine-ს“ და „მწარე პოდკასტი Bitter Podcast-ის“ პლატფორმები, გვიყურეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები; ვისაც ეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ ფინანსურადაც. საერთო ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა აუცილებლად მოსაგებია. ჩვენს ფრონტზე, მგონი სწორ გზაზე ვართ და მოვიგებთ.
ცალკე საკითხია თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. აქაც დაგვჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ცალკე დავწერ“ – წერს ბექა კობახიძე ფეისბუქზე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში – წვიმა, ღამით – შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9-10 სექტემბერს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 088 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 11 163 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 254 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 32 516 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 481 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56 817 ერთეული [+294]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 686 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 054 ერთეული [+104]
  • სპეცტექნიკა – 3 961 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 250 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 590 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 337 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 243 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კაცმა მეუღლის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ოჯახთან და მეგობრებთან გაავრცელა

მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურა წერს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომერი მზია ამაღლობელის ფოტოთი გამოვიდა

გამომცემლობა „ინტელექტი“ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომრის ანონსს ავრცელებს. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მზია ამაღლობელის ფოტოა.

რედაქტორების წერილში განმარტებულია, თუ რატომ არის მზია ამაღლობელის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე.

„საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდებინა ეს ქვეყანა, რადგან რაც ხდებოდა, ხდებოდა მხოლოდ რესპუბლიკის მოედნის მოჭრილი მუხიდან ყოფილი ლენინის მოედნამდე, თავისუფლების მოედანი რომ ერქვა ახლა. დანარჩენ საქართველოს თავისუფლად შეეძლო, განსაკუთრებული ყურადღება არც მიექცია იმისთვის, რაც ამ მცირე გეოგრაფიული ზონის შუაგულში ხდებოდა, თუმცა საქმეც ისაა, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, სწორედ ეს მცირე გეოგრაფიული ზონა ყოფილიყო საქართველო და არა რაიმე სხვა, რაც ამ ზონის მიღმა არსებობდა“.

დღესაც ხომ ასეა, მკითხველო, განა დღესაც ეს ტრადიცია არ გრძელდება?! ეგაა, რომ უამრავი ადამიანი განდევნეს ამ ზონიდან და უსამართლოდ სჯიან ამ საქართველოს ერთგულებისთვის, უპირველესად ხომ თქვენც მზია ამაღლობელი გაგახსენდებათ, რომელიც ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ყდიდან შემოგცქერით და აქეთ გამხნევებთ და ბრძოლის მაგალითს გაძლევთ.

ჩვენც გვინდოდა, რომ მკითხველს ჟურნალის ეს ნომერი სწორედ მისი სახით გადაშლოდა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა და სამართლიანობა საქართველოში იდევნება.

მზია ამაღლობელი ბევრისთვის ცნობილია როგორც ჟურნალისტი, რომელმაც შექმნა სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკაც და საზოგადოების პრობლემებზე გულწრფელი საუბარიც. ჯერ იყო გაზეთი „ბათუმელები“, შემდეგ – ონლაინგამოცემა „Netgazeti“. ორივე მათგანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მაგალითად იქცა ქვეყანაში, სადაც მედიისთვის მუშაობა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.

ჩვენთვის ბევრი რამის გამოა მზია ამაღლობელი ძვირფასი მოქალაქე და ადამიანი, მაგრამ უპირველესად კი იმიტომ, რომ ის იყო ჩაგრული ადამიანების ხმა, განსაკუთრებით ქალების, რომელთა ამბები ხშირად უხილავი რჩებოდა. ის ეხმარებოდა და ესარჩლებოდა მათ, ვისაც ხმა არ ჰქონდა და ვისი ტკივილიც ვერასოდეს მიაღწევდა ფართო საზოგადოებამდე და მით უმეტეს, უგრძნობი, ბრმა და გაზულუქებული ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, რომ არა მისი შრომა და პროფესიონალიზმი.

ჟურნალისტი, რედაქტორი, წლების განმავლობაში უსამართლობას რომ აშუქებდა, ახლა თავად აღმოჩნდა სისტემის სამიზნეში. მისი უკანონო და უსამართლო დასჯა კი მხოლოდ მის პირად ბედზე არ აისახება, ეს არის დარტყმა ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია მზიას ხმა, რომელსაც სხვაგვარად ვერავინ გაიგებდა.

მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია. ეს შეფასება ემყარება არა ემოციას, არამედ ფაქტებს, მის პროფესიულ გზას, მის საქმის გარემოებებსა და იმ რეაქციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოჰყვა მის დაპატიმრებას.

გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ: მზიაც, ჩვენი ზვიად რატიანიც და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი, ჩვენი სინდისის პატიმრები, საქართველოს სახელით იბრძვიან,

ჩვენც საქართველოს სახელით!..“, – ნათქვამია წერილში.

ჟურნალის რედაქტორები არიან ირაკლი კაკაბაძე და ზვიად კვარაცხელია.

„ჩვენი მწერლობა“ 19 სექტემბრიდან გაიყიდება.

სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს

სინდისის პატიმარი, მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და მათ სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს.

ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე.

გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“, (თვითმმართველობის) არჩევნებს. როგორც ბატონმა მამუკამ თვითონ ბრძანა, ეს იყო მუხანათობა. დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში და გაუერთიანდით ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას.

რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და რომ თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.

დანარჩენ საზოგადოებას: ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება! მეტი რაღა უნდა გააკეთონ?! გამოდით ქუჩაში! გამოდით!

თორნიკე თოშხუას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ძაან ვნერვიულობ. მე თვითონ ვარ ცუდად, მაქვს კიდევ (ნერვის) მორიგი ანთება ამ გაუსაძლის პირობებში. ჩემი ხათრით, ვთხოვ, რომ ჩემი ხათრით მაინც შეწყვიტოს (შიმშილობა)“ – წერს ნინო დათაშვილი წერილში, რომელიც 6 სექტემბრით თარიღდება.

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს.

„მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თუ ზელენსკი მზადაა, დაე, მოსკოვში ჩავიდეს“.

5 სექტემბერს, უკვე რუსეთში, ვლადივოსტოკში მყოფმა პუტინმა ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა:

„მე ვთქვი: მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაოსა და უსაფრთხოების პირობებს, 100%-იან გარანტიას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია“.

„ვფიქრობ, თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო.  რუსეთმა შეხვედრაზე საუბარი დაიწყო – ეს ცუდი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, – განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON

დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს

საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს.

დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს ნაცრისფერი; შიგნით იქნება ასევე ჩანაწერი: „სამგზავრო პასპორტის მფლობელი არის საქართველოში დამატებითი დაცვის მქონე პირი. სამგზავრო პასპორტი 38-გვერდიანია“.

წყარო: საკანონმდებლო მაცნე

„ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციური პარლამენტმა დაახლოებით 2 თვის უკან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია დაამტკიცა, სადაც პირისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებიცაა განსაზღვრული.

აღნიშნული კანონით: „დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს [საფუძვლებს]), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს [ზემოთ განსაზღვრული] გარემოებები“. 

საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 26 ივნისს მიიღო და ის 7 ივლისს გამოქვეყნდა. კანონი სრულად 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი კანონის მიღებით კი, ძალადაკარგულად გამოაცხადეს ანალოგიური სახელწოდების 2016 წლის 1-ლი დეკემბრის კანონი.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით [რომლითაც დოკუმენტების ახალი ფორმები დამტკიცდა და რომელიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს]:

  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს – მუქი შინდისფერი
  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი
  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი
  • დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ნაცრისფერი
  • ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი

ამ თემაზე ვრცლად:

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

 

 

კაცს, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, 18 წელი მიუსაჯეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია.

სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი.

კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა.

ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ამოღების ნაწილში 2025 წლის გეგმას გადააჭარბოს კიდეც, რაც 68 მილიონი ლარია.

ასეთი მაღალი ციფრი საპროგნოზო მაჩვენებლებში 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მერიას შემთხვევით არ ჩაუწერია, პირიქით, შეიძლება ითქვას, თავი დაიზღვია კიდეც, რადგან გასულ, 2024 წელს 2 მილიონით მეტი, 70 მილიონი ლარი ამოიღეს.

ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 087 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 11 161 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 32 474 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 480 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56 523 ერთეული [+256]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 686 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 950 ერთეული [+119]
  • სპეცტექნიკა – 3 957 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 82 040 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 973 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 589 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 289 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 170 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version