მთავარი,სიახლეები

პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

09.09.2025
პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“.

შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით?

შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი ციხეშია.

შსს-მ 8 სექტემბერს კახი კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად] დაიწყო. დღეს კი, მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს, გამოძიება დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლითაც დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

რასთან გვაქვს საქმე, როცა პოლიციელებზე რეალურ თავდასხმას პოლიცია არც კი იმჩნევს, შეთითხნილი ბრალდებით კი ადამიანები ციხეში გამოკეტეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ ადვოკატს და საიას იურისტ, ჯუბა ქათამაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ჯუბა, წუხელ ერთ პოლიციელს „ოცნების“ აქტივისგან ნასროლი წყლით სავსე ბოთლი მოხვდა სახეში, სხვა პოლიციელს მუშტს ურტყამენ… რას ნიშნავს სამართლებრივად, როცა გამოძიება ამაზე არც კი იწყება მზია ამაღლობელის საქმისგან განსხვავებით – რომელიც სილის გაწვნის გამო ციხეში ჩასვეს?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე გამოძიების დაწყება სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა] სამართლებრივად არასწორია. აქ უნდა იყოს ზუსტად ის 225-ე მუხლი [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება], რაც ჰქონდათ წარდგენილი სინდისის პატიმრებს.

8 სექტემბერს ჩანდა მკაფიოდ სწორედ ჯგუფური ძალადობა და ორგანიზებულობაც: მოძალადეების ნაწილი შტაბიდან გადმოვიდა, ნაწილი – ხელკეტებით მივიდა, ან ავტომანქანებით მიადგა უკნიდან მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილ ხალხს

ჯუბა ქათამაძე, ადვოკატი

რაც შეეხება პოლიციელებზე თავდასხმას: ჩვენ ვნახეთ ბოთლის სროლაც და უშუალოდ ფიზიკური ძალადობის კონტექსტიც, როდესაც პოლიციელს ხელს ურტყამენ. ამ დროს მზია ამაღლობელს წარუდგინეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი, როცა არანაირი დაზიანება არ ჰქონია დაზარალებულს. ასევე, ქმედების ინტენსივობა თავდასხმას არანაირად არ უკავშირდებოდა.

8 სექტემბრის შემთხვევებიც შესაფასებელია, თუმცა აქ ნამდვილად ჩანდა პოლიციელებზე თავდასხმის ნიშნები, როცა მუჭს ურტყამენ პოლიციელს, ასევე ბოთლის სროლა ხდება პოლიციელის მიმართ. მინიმუმ უნდა მიმდინარეობდეს უკვე გამოძიება, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ტარდებოდეს, მით უმეტეს, თუ იმ სტანდარტს გავითვალისწინებთ, რა სტანდარტითაც პოლიტიკურ საქმეებში სხვა ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ ამ მუხლებს, ხომ?!

არამხოლოდ მზია ამაღლობელი, არამედ სხვა ბრალდებულებიც და მსჯავრდებულებიც გვყავს პოლიციაზე თავდასხმის მუხლით. თუ რამე არის სამართლებრივად პოლიციაზე თავდასხმა, აი, ეს ჩვენ გუშინ ვიხილეთ და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს.

როგორც ვიგებთ, გამოძიება არც კი არის დაწყებული ამ მუხლით.

  • პოლიციელებზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოების გავრცელება საკმარისი საფუძველია, რომ გამოძიება დაწყებულიყო?

რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის ზუსტად გაწერილი, რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დასაწყებად არ არის საჭირო არავისი მიმართვა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს, უკვე არის საკმარისი იმისთვის, რომ პროკურორმა ან გამომძიებელმა დაიწყოს გამოძიება.

შესაბამისად, ეს ვიდეომასალა ისე არის საჯაროდ გავრცელებული, რომ შეუძლებელია, თეორიულადაც ვერავინ დაუშვებს იმას, რომ პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და პროკურატურას არ ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია.

როდესაც საგამოძიებო უწყება სავარაუდო დანაშაულის შესახებ იღებს ინფორმაციას, ეს უკვე კანონით გათვალისწინებული საფუძველია იმის, რომ გამოძიება დაიწყოს. შესაბამისად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს ამ ფაქტებზე აუცილებლად, მათ შორის პოლიციაზე თავდასხმის მუხლით.

  • გავრცელდა ჟურნალისტებზე ძალადობის, ასევე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ამსახველი ვიდეოებიც. უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება შესაბამისი მუხლით?

ჩვენ ვნახეთ არაერთ შემთხვევაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. იქ იყო არამხოლოდ გინება, არამედ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა, ფიზიკური ძალადობა, ტექნიკის წართმევა…

  • „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მაგალითად, პოლიციელმა შეაგინა და შეუზღუდა გადაღება საჯარო სივრცეში…

ამ მუხლითაც უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება: პოლიციელების მხრიდან ჩადენილი კონკრეტული ქმედება, ან უმოქმედობა, მათი სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულება, გულგრილობა ცალკე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიძლება ქმნიდეს, თუკი წინასწარ იყო ასეთი დავალება გაცემული და წინასწარი შეთანხმებით ხდებოდა პოლიციელების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჟურნალისტების და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ხდებოდა.

შესაბამისად, არაერთი დანაშაულის ნიშნები არსებობს, თუმცა გამოძიების ეფექტურობის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს, ეს კიდევ მეორე საკითხია იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, რასაც პოლიცია აკეთებდა გუშინ – პოლიცია ფაქტობრივად ხელს აფარებდა მოძალადეებს.

ვნახეთ ხელჯოხიანი მოძალადე, რომელიც ხელგადახვეული გაიყვანეს პოლიციელებმა და ფაქტობრივად ხელს უწყობდნენ ამ ძალადობას.

  • „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“ – მოძალადე ასე მიმართავს პოლიციელს. საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“, ასევე, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია. ეს რა მოცემულობაა სამართლებრივად, როცა პოლიცია კანონის დაცვის ნაცვლად კრიმინალს იცავს?

ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ძირს დაგდებულ ადამიანს, ის პირი, პოლიციელს რომ უთხრა „თქვენიანი ვარო” – ურტყამს იმ ხელკეტს გამეტებით. არაერთი პოლიციელი დგას მის გვერდით, ურტყამს ეს ადამიანი ხელკეტს რამდენჯერმე და შემდგომ გადის, პოლიციელები მას ატარებენ თავის კორდონში.

პოლიცია არანაირ რეაგირებას არ ახდენს. აქ, შესაძლოა, იკვეთებოდეს პოლიციის მხრიდან სამოხელეო დანაშაული.

ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი პრინციპი სამართალწარმოების პროცესში არის თანასწორობა. თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ კანონი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის მიმართ თანაბარი, ანუ თანაბრად უნდა მიუდგეს მას. თანასწორობა ასევე გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ კანონი აღასრულოს ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ იმის განცდა, რომ თუკი სახელმწიფოს და მმართველი პარტიის მხარეს დგახარ, შენ კანონი არ შეგეხება, ხოლო თუკი მოწინააღმდეგე მხარეს დგახარ, ამ შემთხვევაში შეიძლება უსამართლოდაც კი შეგეხოს.

შესაბამისად, მთავარი რაც არის, ის არის, რომ თანასწორობას ვერ ვხედავთ – კანონი არ არის თანასწორი და სამართალწარმოება არათანაბრად ხორციელდება მოქალაქეებზე, ადამიანებს არჩევენ იმის მიხედვით, თუ რა აზრის მატარებლები არიან ისინი.

მზია ამაღლობელი დღეს საპატიმროშია და სასჯელს იხდის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი, რომ არათანაბრად, არათანასწორად მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში კანონი და მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება პოლიტიკური მოტივებით არის განხორციელებული, რაზეც სტრასბურგშიც არის უკვე შეტანილი საჩივარი. საჩივრის ერთი ნაწილი და მე-18 მუხლი გულისხმობს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებით არ არის მზია ამაღლობელის მიმართ მექანიზმები გამოყენებული, არამედ სხვა მიზნები იკვეთება, რაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პოლიტიკური მიზნები. ამ მუხლითაც დაკომუნიცირებულია „მზია ამაღლობელის საქმე“ და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას სტრასბურგთან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: