მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

09.09.2025
მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:

  • მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
  • ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
  • საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
  • ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
  • მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
  • ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)

„პრემია გადაეცემა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, როგორც მათი მამაცი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარება უკიდურესად რთულ პირობებში. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ გავლენას, ხოლო წლევანდელი პრემიის ორ ლაურეატს ბოლო პერიოდში რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პროფესიული საქმიანობის გამო. წლევანდელი პრემიის ლაურეატების მიერ შექმნილმა არაერთმა გამორჩეულმა დოკუმენტურმა ფილმმა — როგორც მოკლე, ასევე სრულმეტრაჟიანმა — ფართო აუდიტორიას მიაღწია“, — ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი დაჯილდოებულია ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სხვა ლაურეატებს, ხარკოვში დაფუძნებული Gwara Media დაჯილდოებულია ომის ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტაჟებისთვის უკრაინის ფრონტის ხაზებიდან; ბუდაპეშტში დაფუძნებული საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 დაჯილდოებულია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის გამოვლენისთვის; რუსი ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა დაჯილდოებულია პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესების დოკუმენტაციისთვის.

ამჟამად ვარშავაში დევნილობაში მოქმედი BIC დაჯილდოებულია ღრმა ანალიზებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის; აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა დაჯილდოებულია Abzas Media-ში კლიმატის, კორუფციისა და სოციალური უფლებების გაშუქებისთვის.

თავისუფალი მედიის კონფერენცია ჰამბურგში, 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო დაჯილდოების ცერემონია — 6 ნოემბერს. ორივე ღონისძიება ჩატარდება „პრესის თავისუფლების კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 2-8 ნოემბერს იმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: