დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიას ტერიტორიაზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. ბომბი დაეცა იმ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პენსიას იღებდა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 19 ადამიანი.
სოფელი იაროვაია საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს. მთელი დღის განმავლობაში სოფელში მაშველები, ექიმები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.
„სიტყვები არ მყოფნის… სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ყველა ნათესავსა და მეგობარს. რუსეთის ასეთი დარტყმები ნამდვილად არ უნდა დარჩეს მსოფლიოს უპასუხოდ. რუსები აგრძელებენ სიცოცხლის განადგურებას. მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად. მსოფლიო არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.






