მთავარი,სიახლეები

ესკოში 1,5 მილიონი ლარის პრემია დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი

09.09.2025 •
ესკოში 1,5 მილიონი ლარის პრემია დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი

სახელმწიფო კომპანია „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო [პრემია] ისეა გაცემული, რომ არ არის გათვალისწინებული მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები. ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს 81%, ანუ 1 595 837 ლარი, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

აუდიტმა ესკოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა 2022-2023 წლებში. ესკო სააქციო საზოგადოებაა, რომლის 100% წილს სახელმწიფო ფლობს. მისი ძირითადი ფუნქციაა „საბალანსო ელექტროენერგიის [სიმძლავრის] ყიდვა-გაყიდვა, მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით“. 

„2022 და 2023 წლებში ესკოს არ შეუდგენია აღრიცხვის კვანძების შემოწმების გეგმა-გრაფიკები, ასევე არ განხორციელებულა ანგარიშსწორებაში გამოყენებული აღრიცხვის კვანძების პერიოდული შემოწმება, რაც არ შეესაბამება „ქსელის წესებით“, „ბაზრის წესებით“ და ესკოს დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხვის კვანძების მოწყობილობების შემოწმების/ინსპექტირების პროცესში კონტროლის მექანიზმების არასრულყოფილად ფუნქციონირებაზე მიუთითებს.

2022 წლის მარტსა და 2023 წლის ივლისში, ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად იქნა გაანგარიშებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი და ტარიფი. აღნიშნულ შემთხვევებში შეუსაბამობა არ არის რაოდენობრივად არსებითი, მაგრამ წარმოშობს რისკებს, რომ მნიშვნელოვან მოცულობაზე არასწორად გაანგარიშებული ფასი ფინანსურ გავლენას იქონიებს კომპანიასა ან/და საბოლოო მომხმარებლებზე“ – წერს აუდიტი.

ამასთან, როგორც აუდიტი აცხადებს, „ესკოს შვილობილი კომპანია „სენბი“, დაარსების დღიდან აუდიტის პერიოდის ჩათვლით, ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა იმ ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, რისთვისაც იყო შექმნილი. აუდიტის პერიოდში კი „სენბის“ ხარჯებმა შეადგინა 2 996 518 ლარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ესკოში სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, რითაც არაა დაცული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები.

„ასევე ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა სამორიგეო ავტომობილები შესაბამისი და არა განპიროვნებული დანიშნულების შესასრულებლად. სულ სამორიგეო ავტომობილებზე გახარჯულია 67 455 ლარი.

ესკოში ავტომობილით მოსარგებლე თანამშრომლების მივლინებისა და შვებულების დროს ხდებოდა მათზე განპიროვნებული ავტომობილების ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების და არამართლზომიერი ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობს“ – წერს აუდიტი.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, აუდიტის მიხედვით, „ესკოს მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ ნორმასთან შედარებით, ანაზღაურებულია 18 279 ლარით მეტი. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი გენერალური დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილებები ან/და სხვა ხასიათის დასაბუთება.“

ინფორმაცია 2022-2023 წლებში ესკოში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ / წყარო: აუდიტი

2021 წლიდან 2023 წლის ივლისამდე ესკოს გენერალური დირექტორი იყო დავით თვალაბეიშვილი, რომელიც შემდეგ სემეკის წევრად აირჩიეს.

2023 წლის ივლისში ესკოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა კახაბერ ქებურია, რომელიც 2022 წლიდან ესკოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

2025 წლის 14 ივლისიდან კი ესკოს გენერალური დირექტორია თორნიკე ყაზარაშვილი.

ესკოს გენერალური დირექტორის თანამდებობა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია საქართველოში. მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით:

  • დავით თვალაბეიშვილმა 2022 წელს ხელფასი ხელზე აიღო ჯამში 143 661 ლარი [ანუ, თვეში 11 971 ლარი]
  • კახაბერ ქებურიამ კი, 2024 წელს ხელზე აიღო ჯამში 210 131 ლარი [ანუ, თვეში 17 510 ლარი]

აუდიტის რეკომენდაციები ესკოს:

„მნიშვნელოვანია ესკომ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც ასახული იქნება კომპანიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობები, რაც ასევე ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას.

ესკომ თანამშრომელთა წახალისების სისტემის გამჭვირვალობის მიზნით, დანერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. შრომის ანაზღაურების შინაგანაწესში გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გაიცემა წახალისება დასაქმებულ პირებზე.

სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნით გამოყენების რისკების შესამცირებლად, აუცილებელია სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების საჭიროება დასაბუთდეს დოკუმენტურად.

ტრანსპორტის ხარჯების არამართლზომიერად გაწევის რისკების შემცირებისთვის, მიზანშეწონილია თანამშრომელთა შვებულებაში ან საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში განპიროვნებული ავტომანქანის სხვა თანამშრომლის მიერ დროებით სარგებლობის საჭიროება დასაბუთდეს დოკუმენტურად“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: