მთავარი,სიახლეები

ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა

09.09.2025
ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება.

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, 9 სექტემბერსაც დააანონსეს საპროტესტო აქცია.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შალვა პაპუაშვილი 9 სექტემბერს, ნაცვლად იმისა, რომ წინა საღამოს მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მოძალადე მხარდამჭერთა ქმედებები დაეგმო და საგამოძიებო ორგანოებისგან ამ პირების გამოვლენა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოეთხოვა, სრულიად უსამართლოდ, „ნეტგაზეთს“ დაესხა თავს.

პაპუაშვილმა „ნეტგაზეთს“ უწოდა „გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმა“, „ბრიუსელის მიერ დაფინანსებული“ და „მოძალადე მედია“ და ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე ძალადობრივი თავდასხმის დაორგანიზებაში დაადანაშაულა.

სამართლიან სასამართლოში იმის დამტკიცება, რომ ეს ცილისწამებაა, სულ მარტივი საქმე იქნებოდა. „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სქრინი პაპუაშვილმა თავის პოსტს თავადვე დაურთო.

და რას ვიგებთ ამ სქრინიდან?

„ნეტგაზეთი“ წერს, რომ აქტივისტების გაერთიანებამ, „ერთობამ“, 9 სექტემბერს აქცია დააანონსა და ორგანიზატორების განცხადებას ციტირებს.

შეუძლებელია ამ სქრინიდან ადამიანმა სხვა აზრი გამოიტანოს, თუკი მიზნად აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას არ ისახავს და „ნეტგაზეთის“ მიმართ აგრესიის გაღვივება არ სურს.

ჟურნალისტური ქარტია შეახსენებს შალვა პაპუაშვილს, რომ მედიის მოვალეობაა, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პროცესი გააშუქოს, რასაც „ნეტგაზეთი“ ჩვეული პასუხისმგებლობითა და ყურადღებით დღემდე აკეთებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძლიერი და განგრძობითი ზეწოლის მიუხედავად.

დღემდე უკანონო პატიმრობაშია „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები ჯერ ისევ დაყადაღებულია. გუშინ, 8 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მოძალადე მხარდამჭერებმა და მათ მიმართ ლოიალურმა პოლიციელებმა „ნეტგაზეთის“ ახალგაზრდა, ქალ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუშალეს ხელი – სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს ტერიტორიიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის პირი, ვინც 8 სექტემბერს უდიერად მოექცა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს და სხვა ჟურნალისტებს ადვილად იდენტიფიცირებადია, ყველა მათგანი ჩანს ვიდეოჩანაწერებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტებზე რეაგირებას არ ჩქარობს.

შალვა პაპუაშვილი კი ამ დროს ცილისმწამებლური განცხადებებით სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს და დანაშაულს ახალისებს” – წერს ქარტია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: