მთავარი,სიახლეები

უშედეგო შეხვედრა ელისო ბოლქვაძესთან – ბათუმის თეატრში ნუკრი ქანთარიას წასვლას ითხოვენ

09.09.2025 •
უშედეგო შეხვედრა ელისო ბოლქვაძესთან – ბათუმის თეატრში ნუკრი ქანთარიას წასვლას ითხოვენ

ბათუმის დრამატული თეატრის დასის უმრავლესობა ისევ ითხოვს თეატრის დირექტორის პოსტი დატოვოს ალექსანდრე ქანთარიამ.

გუშინ, 8 სექტემბერს, თეატრის დასი აჭარის არალეგიტიმურ კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მსახიობების თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

მსახიობების მოთხოვნა ერთადერთი და უცვლელია – ალექსანდრე ქანთარიამ დატოვოს ბათუმის დრამატული თეატრი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მსახიობი მაია ცეცხლაძე. მისი თქმით, ელისო ბოლქვაძემ მსახიობებს მოუსმინა, შემდეგ კი უთხრა, რომ დაეწერათ წერილი, რომელშიც თავიანთ მოთხოვნებს აღწერდნენ და ოფიციალურად მიემართათ სამინისტროსათვის.

მაია ცეცხლაძის თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრამდე, სამინისტროსთვის წერილით მიმართვის იდეა თავად ალექსანდრე ქანთარიას ჰქონდა.

„4 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, საღამოს, ნუკრი ქანთარიამ დაურეკა ჩვენი დასის გამგეს და უთხრა, რომ დასმა დაწეროს წერილი და შეიტანოს კულტურის სამინისტროშიო. გუშინ მოდის მინისტრი და იმავეს გვეუბნება. ქანთარია ძალიან კარგად იცნობს კანონებს, შემოქმედებითი პროცესისგან განსხვავებით. ეს მე პირადად ეჭვებს მიჩენს – რამეს ხომ არ გეგმავს?

მე, უბრალოდ შეკითხვებს ვსვამ. დასის ნაწილი მომხრეა წერილის დაწერის, ნაწილი – არა. ის, რაშიც დასი ერთსულოვანია, არის შემდეგი – ნუკრი ქანთარიამ თეატრი უნდა დატოვოს.

ქალბატონი მინისტრი ძალიან ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ჩვენი მოთხოვნა, თეატრიდან გაშვების თაობაზე, გადაეტანა მეორე პლანზე და შემოეთავაზებინა ვერსიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა დარჩენილიყო ბატონი ნუკრი თეატრში. მაგალითად, ჰქონდა ვერსია დარჩენილიყო დირექტორად და მოეწვიათ სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც ექნებოდა უშუალოდ შემოქმედებით პროცესთან კავშირი.

ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც მოვა თეატრში, ხვალ და ზეგ არ მოექცევა ნუკრი ქანთარიას გავლენის ქვეშ შიშის და მუქარის გამო. ამიტომ, ეს კაცი, მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს თეატრიდან,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე.

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას თეატრიდან წასვლა 4 სექტემბერს მოითხოვეს. მსახიობების თქმით, მიზეზი ის გულგრილობაა, რაც თეატრის სამხატვრო დირექტორმა მათი კოლეგის, ოთო ქათამაძის გარდაცვალებისას გამოიჩინა.

ნუკრი ქანთარია მსახიობისა და დრამატურგის არც პანაშვიდზე მივიდა და არც გასვენებისას გამოჩენილა თეატრში.

4 სექტემბერს თეატრალური დასი ნუკრი ქანთარიას შეხვდა. ქანთარიამ შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვა და ჟურნალისტებთან მიზეზი „პროვოკაციის მოწყობით“ ახსნა.

ის, რასაც ნუკრი ქანთარია პროვოკაციას უწოდებს, ლეგიტიმური კითხვებია მსახიობთათვის.

„მეგონა წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. ავდექი, სიტყვა ვითხოვე და მივმართე დასს. „რაც ჩაიდინა, ოთო ქათამაძის პანაშვიდზე არ ჩამოსვლით, რომელიმე გაამართლებთ ამის საქციელს მეთქი?“ დასი გაჩუმდა. მე მოვუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი. დასიდან არავინ მას მხარი არ დაუჭირა. და მე ვუთხარი – წადი თეატრიდან,“ – ჩაშლილი შეხვედრის დეტალები გაიხსენა მსახიობმა ავთო ქარჩავამ.

4 სექტემბერს ნუკრი ქანთარიასთან და 8 სექტემბერს ელისო ბოლქვაძესთან უშედეგოდ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, ბათუმის დრამატული თეატრის დასი პროტესტს აგრძელებს.

„ასეთი რამ ქართულ თეატრს არ ახსოვს. იმდენად ფაქიზი ურთიერთობაა სამხატვრო ხელმძღვანელსა და, საერთოდ, რეჟისორსა და მსახიობს შორის, რომ ასეთი დიდი კონფლიქტის, ასეთი მორალური პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, ვეღარ ახერხებს  მსახიობი და რეჟისორი თანაცხოვრებას, ერთად მუშაობას. მე პირადად, მეგონა, რომ ეგრევე წავიდოდა. მაგრამ აი, გვთავაზობს წერილი დავწეროთ კულტურის სამინისტროში და ომს აგრძელებს ჩვენთან. მე ვერ ვხვდები რას გეგმავს,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს. ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორს სწორედ აჭარის კულტურის სამინისტრო ნიშნავს.

ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: