„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ , დღეს, 12 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „როგორც მათთვის ცნობილია“, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებით დაკავებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ.
„ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“ – თქვა დარახველიძემ.
ამავე დროს, მეგი დიასამიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება. მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – მსგავსი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
მეგი დიასამიძე ერთადერთია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დარახველიძის ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს, თბილისში მელიქიშვილის გამზირზე „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.
არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ირაკლი ბუაჩიძის და ზაზა მამალაძის მხრიდან ძალადობა ჩანს და მათი პასუხისმგებლობის დასადგენად შსს-ს დაზარალებულმა აქტივისტების „გამოძიებასთან თანამშრომლობა“ არ სჭირდებოდა. კერძოდ, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ზაზა მამალაძემ ქალს სახელში ხელი გაარტყა. ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს, ირაკლი ბუაჩიძე კი ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს. სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.
23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.
მეგი დიასამიძეს პროკურატურა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ედავება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსგავსი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით 10 სექტემბერს დააკავეს.
ადვოკატშოთა თუთბერიძის განმარტებით, მეგი დიასამიძე დააკავეს ლანჩხუთში, გზაზე, როდესაც ის თბილისიდან აჭარაში მიდიოდა, საკუთარ სოფელში. მეგი დიასამიძეს დაკავებისთანავე წაართვეს ტელეფონი და განმავლობაში მიეცა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ამასთან მთელი 9 საათის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა ბორკილებით შეკრული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 092 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
ტანკი – 11 177 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 266 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 32 668 ერთეული [+40]
MLRS – 1 485 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 58 467 ერთეული [+273]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 61 403 ერთეული [+64]
სპეცტექნიკა – 3 964 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
666 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
83 066 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 591 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 471 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
41 520 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულებულია, „აღნიშნული საავტომობილო გზის
პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
დეპარტამენტი ასევე გვწერს, რომ ახალი გზის „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“. პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ „მოკლებული არიან შესაძლებლობას“ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია.
„რაც შეეხება, თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით, სამშენებლო სამუშაოებზე სატენდერო პროცედურების დასრულებამდე დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.
ამასთან, გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 185 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის თანხა, ანუ სესხი იქნება – 435 მილიონი ლარი. დონორი ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, აზიის განვითარების ბანკი [ADB] იქნება.
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვაზე „ოცნების“ მთავრობამ განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს მიიღო.
კონკრეტულად სესხის ოდენობა და პირობები ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს [ADB] შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული გზის პროექტის განხორციელების თაობაზე, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის სესხის წილი დადგინდება სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ“. – გვწერს დეპარტამენტი 2025 წლის 11 სეტემბრის წერილში.
„ოცნების“ მთავრობის მიერ კი 2025 წლის 27 აგვისტოს გამოცემულია განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ ხელი მოეწეროს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს.
რენდერი: ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა სარფში, ზღვის სანაპიროსთან / ფოტო პროექტიდან2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი გზისთვის 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ.
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებაა.
იურისტი გურამ იმნაძე ძირითადად ორი მთავარი გარემოების გამო მიიჩნევს დაუსაბუთებლად ლევან ხაბეიშვილის დაკავებას: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ კი არა, პირიქით კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა და მეორე – კონკრეტული ადრესატები ლევან ხაბეიშვილის განცხადებას არ ჰყავს.
„სიგიჟეა ქრთამად მიიჩნიო ისეთი საჯარო მოწოდება, რომელიც საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისებას ისახავს მიზნად. კარგი საქციელია, მაგალითად, უკანონო ბრძანების შეუსრულებლობა, სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის მხილება.
აქ არ არის არც მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოწოდება და არც მოწოდება პირადი გამორჩენის მიღების მიზნით. იმ ინფორმაციით, რაც გაჟღერდა და რა ფორმითაც იყო ეს მოწოდება, ანუ საჯაროდ, ნამდვილად ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას ქმნის ეს ქმედება,“ – გვითხრა იურისტმა გურამ იმნაძემ.
რამდენად შეიძლება ქრთამის შეთავაზება საჯაროდ?
„როცა საჯაროა ეს შეთავაზება კიდევ უფრო მეტად არის სამტკიცებელი დანაშაულებრივი განზრახვა.
ხოლო თუკი რაიმე ინფორმაციის გაჟღერებაზე არის საუბარი, საუბარია სისტემის მხილებაზე. ესეც პირდაპირ შეიძლება სამართალდამცავის სამსახურებრივი ვალდებულებაც კი იყოს გარკვეულწილად, ეთიკური, პროფესიული, რომ ეს გააკეთოს. ამისკენ მოწოდება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამის შეთავაზებად.
ზოგადად კორუფციული დანაშაული – ქრთამის მიცემაც და მოთხოვნა, ან აღება – არის ფორმალური დანაშაული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთავაზების გაკეთებისთანავე, ანუ მოთხოვნის გაჟღერებისთანავე ჩაითვლება ქმედება დანაშაულად, მიუხედავად იმისა, მოჰყვება თუ არა მას შედეგი, ანუ მოხელე აიღებს თუ არა ამ თანხას, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ თვითონ ქრთამის შეთავაზება უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ სუბიექტზე, ადრესატზე და მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული უკანონო ქმედების წახალისებას პირადი გამორჩენის მიზნით,“ – განმარტა გურამ იმნაძემ „ბათუმელებთან“.
ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით [ქრთამის მიცემა] დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ მურთაზ ზოდელავა. მას გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინაამდეგობის გაწევა.
სუს-ის ვერსიით, მურთაზ ზოდელავა მაშინ დააკავეს, როცა მან ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა.
„ევროპული თავისუფლება – საყრდენი ჩვენი ქვეყნის მომავალისა“ – ილია ჭავჭავაძის ამ გზავნილით, ხვალ, 12 სექტემბერს, თბილისში მარში გაიმართება.
„ილიას მარში“ საღამოს 6 საათზე, დაიწყება სიონის ტაძრიდან (სანაპიროს მხარე) და გაგრძელდება საქართველოს პარლამენტამდე.
20:30-ზე კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გაიმართება მინი ლექცია-საუბრები თემაზე „ილია ევროპეისტი“.
ილიას მარშის ორგანიზატორი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდია“.
„12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, წელს ჩვენ მეთორმეტედ აღვნიშნავთ.
2014 წელს დავიწყეთ ამ დღის აღნიშვნა და ერთგვარ ურბანულ ტრადიციასავით ვნერგავთ. წელს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ფორმატში უნდა გაკეთებულიყო, რადგან იქ, სადაც ილიას ვახსენებთ, ვსაუბრობთ სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპულობის იდეებზე, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა თანამედროვე კონტექსტის ამოგდება.
ტრადიციულად, ყოველ წელს სიონის ტაძრიდან ვიწყებდით, შემდეგ ავდიოდით მთაწმინდის პანთეონში – გავდიოდით იმ უკანასკნელ გზას, რა გზითაც ილია გააცილა საზოგადოებამ 1907 წელს, როცა ის დაკრძალეს.
წელს მსვლელობით ისევ დავიწყეთ სიმბოლურად სიონის ტაძრიდან, მოვალთ რუსთაველამდე და პარლამენტთან დავასრულებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელმა რეჟისორმა გიორგი სავანელმა.
რეჟისორის თქმით, ილია ჭავჭავაძე მთელი ცხოვრება იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის, ევროპეიზაციისათვის, რუსული ანექსიისა და რუსული ინტერესების წინააღმდეგ, ხოლო ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ილიას იდეებს ეწინააღმდეგება.
„80-იანი წლების „ივერიაში“ ვიპოვეთ ერთი ფრაზა, რომელიც წლევანდელი მთავარი გზავნილი გახდა – „ევროპული თავისუფლება არის ის საყრდენი, რომელზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა აიგოს“.
ამაზე მეტი, რასაც ეს ციტატაც ამბობს, რა შეიძლება ვთქვათ? სამწუხაროდ, ილიას ეს ევროპული ფონი და კონტექსტი მთლიანად დაკარგულია და ვიღაც მარგინალებს აქვთ მითვისებული.
ჩვენი მიზანიც ეს არის – ილია თავისი ნამდვილი არსით, რაღაცნაირად აი, ამ მარგინალებს და შავრაზმელებს წავართვათ. ილია არის ჩვენი საკუთრება და არა „ოცნების“ ან სხვა ვიღაცების, რომლებიც ფოტოს დონეზე იყენებენ პროპაგანდისთვის მის სახელს,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი სავანელი.
მარშის და მინი-ლექციის შემდეგ, პარლამენტთან გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ თავისი ყოველწლიური ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებულს დაასახელებს.
„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ 2017 წელს დაარსდა. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ფონდის სარეკომენდაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: ბეჟან ჯავახია, დიმიტრი შველიძე, იულონ გაგოშიძე, ნინო ზაუტაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, გიორგი სავანელი, ნინო კასრაძე, ბექა ქურხული, დეკანოზი გიორგი წეროძე.
ამ დრომდე პრემია მინიჭებული აქვთ:
2024 – ზემო ნიქოძის ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. ხელოვნების სკოლა;
2023 – ეთერ (ვალია) ვანიშვილი (ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილის ერთადერთი მცხოვრები);
2022 – ზურაბ კიკნაძე;
2021 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში.
მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ ვკითხეთ.
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს.
„ქართველები ასეთ შემთხვევის დროს ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო და ვხედავთ ივანიშვილის და მამუკა მდინარაძის შიშისგან გაფართოებულ თვალებს. რაც უფრო მეტად ფართოვდება თვალები შიშისგან, მით უფრო ნაკლებად მუშაობს ტვინი. ეს ქრესტომათიაა.
ლელა ჯეჯელავა
ბრალდებამ, რომლითაც ახლა ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, მოლოდინსაც კი გადააჭარბა, რომ ასეთი უსუსურები აღმოჩნდებოდნენ ქოცები. ადამიანს ბრალად დებენ საჯაროდ ქრთამის შეთავაზებას. ამ დროს საჯაროდ სთავაზობენ ადამიანებს ჯილდოს, ქრთამს აძლევენ – ფარულად. იურისპრუდენციის ანა-ბანა და ქართული ენის ცოდნის ელემენტარული უნარებია საჭირო, რომ ის სისულელე, რაც ახლა სუს-ის ბრიფინგზე მოვისმინეთ, არ მოგვესმინა.
ამერიკის ყველა პრეზიდენტს აქვს შეთავაზებული სახალხოდ ჯილდო, მაგალითად, ბინ ლადენის, ან მადუროსთვის. ჰუსეინის თავზე დაწესებული იყო ჯილდო და, სხვათა შორის, ეს თავები ჩაჰბარდათ. მარტო მადუროსია დარჩენილი. მე, მაგალითად, მგონია, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მსოფლიოსთვის წარმოადგენდა ბინ ლადენი.
რა ჰგონია მამუკა მდინარაძეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა, ახლა ჩემი წილი საქართველო და თქვენი წილი საქართველო, იქ, მამუკა მდინარაძესთან მიიტანა მოდულში? ჩვენი წილი პასუხისმგებლობები ამ ქვეყანაზე ლევან ხაბეიშვილისთვის არ გადაგვიბარებია ჩვენ და ამიტომ, ვერაფერს შეცვლიან – პირიქით, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემენ ადამიანებს, 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოვიდნენ.
ივანიშვილი ხარბი კაცია და სიხარბით გამოირჩევა. ეს ეტყობა მის განვლილ ცხოვრებას და „ქველმოქმედებას“, სინამდვილეში ქველმოქმედება კი არა, ეს ამ ქვეყნის რუსეთისთვის დალომბარდებას ნიშნავდა: 3 მილიარდად ჩაალომბარდა ქვეყანა რუსეთში. ბუნებრივია, მას არ შერჩება და ამის უფლებას არავინ არ მისცემს.
ივანიშვილი როგორი ხარბიცაა სიმდიდრის დაგროვების დროს, ასეთივე ხარბია რეპრესიების თვალსაზრისით. ჰგონია, რაც უფრო მეტს დაიჭერს, მით უფრო მეტ შიშს დათესავს, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ჩვენ ამ შიშის მართვა ვისწავლეთ და ვისწავლეთ იმიტომ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის ცნობიერი – გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ ქვეყნისთვის მზად ვართ ყველაფერი დავთმოთ, რაც გვაქვს და ამას თითოეული ჩვენგანის განვლილი ცხოვრება აჩვენებს:
უამრავი ადამიანი ციხეშია, უამრავი ადამიანი დარჩენილია ულუკმაპუროდ, უამრავი ადამიანი ჯანმრთელობაშერყეულია მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერზე თავი არ დაუკრა ბიძინა ივანიშვილს.
ბირთულ ამომრჩეველს ეშინია ძალის. აი, ეს არის. ხომ არ გგონიათ, რომ ივანიშვილის იდეოლოგია მოსწონთ და ამისთვის უჭერენ მხარს? არა, ბირთული ამომრჩეველი, სამწუხაროდ – აი, ეს ფენომენი, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა და ახლა ჩამოყალიბდა – თაყვანს სცემს მარტო შიშველ ძალას. თუ ისინი ხალხის მხარეს დაინახავენ ძალას, მერე ბიძინა ივანიშვილს ეს მხარდამჭერებიც აღარ ეყოლება,“ – აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ „ბათუმელებთან“.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ იძებნება საქართველოში საარჩევნო გარემოს შეფასება – ანგარიში, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება- განადგურებას გარკვეული ადგილი არ ეთმობა.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო-სააგიტაციო ბანერების მოხატვას, ჩამოხევას, წარწერებით დაფარვას, სხვა ბანერების გადაკვრას და ასე შემდეგ. იყო შემთხვევებიც, როცა ბანერების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმეები, ამის შესახებ საზოგადოებას არ გაუგია.
სხვადასხვა არჩევნების დროს დაზიანებული საარჩევნო ბანერები
ვერც ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები იხსენებენ შემთხვევებს, როცა საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დამნაშავე გამოავლინეს და კანონის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედეს. ბანერების დაზიანების საქმეზე პოლიციას არასდროს მოუხდენია ისეთი ოპერატიული და მკაცრი რეაგირება, როგორც ეს ბათუმელი აქტივისტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ გააკეთა.
23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მას გამოძიება „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. გამოძიება 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეგი სამოქალაქო აქტივისტია და 2023 წლიდან აპროტესტებს როგორც რუსულ კანონს, ისე „ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, და ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერებას.
„როგორც მოქალაქე, ყველანაირად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვიდგე იქ, სადაც საჭიროა და გავაკეთო ის, რაც საჭიროა. „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს გარუსება“ – უთხრა მეგიმ „ბათუმელებს“ 2024 წლის გაზაფხულზე, ინტერვიუში.
ორგანიზაციები: საქართველოს იურისტთა ასოციაცია [ საია] და „სამართლიანი არჩევნები“, წლებია აკვირდებიან საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღრიცხავენ კანონდარღვევების შემთხვევებს და ამზადებენ შეფასების ანგარიშებს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნისთვის კი მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოსაც კონკრეტული დარღვევების განსახილველად და სამართლიანობის დასადგენად.
უკლებლივ ყველა ანგარიშში ადგილი ეთმობა საარჩევნო ბანერების დაზიანების საკითხს, თუმცა ვერცერთ ანგარიშში ვერ იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დამნაშავე გამოავლინეს და მათ პასუხი მოსთხოვეს.
ამ წლების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე „ოცნებაც“ აპელირებდა.
ნონა ქურდოვანიძე – საიას თავმჯდომარე
„წინასაარჩევნო პერიოდის დროს, წინა წლებშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაუფიქსირებიათ შემთხვევები სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით და ყოფილა ხოლმე სადამკვირვებლო მისიებისგან მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ ფაქტები ყოფილიყო გამოძიებული, შესწავლილი და შესაბამისი რეაგირება მომხდარიყო.
თუმცა მე ვერ გავიხსენებ შემთხვევას ბოლო წლებში, პლაკატის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებულიყოს გამოძიება სისხლის სამართლის წესით და კონკრეტული პირის მიმართ მომხდარიყო ბრალის წარდგენა ან დაკავება, არათუ განაჩენი გამოსულიყო.
შემთხვევა არ მახსენდება, რომ სისხლის სამართლის წესით განაჩენი ყოფილიყო გამოტანილი სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით“ – ამბობს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელებთან“
ნონა ქურდოვანიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ წარწერა საარჩევნო ბანერზე, რის გამოც 23 წლის სტუდენტს ედავებიან არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
„საგულისხმოა რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, ის, თუ რა ითვლება ზოგადად დაზიანებად.
დაზიანება, ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გულისხმობს იმას, რომ მისი ფორმა ისეა შეცვლილი, რომ ვერ აღდგება, ან მის აღდგენას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. აქ იგულისხმება ის, რომ შეიძლება დახეულია და ვეღარ აღდგება.
ზოგადად, ისეთი ტიპის წარწერის გაკეთება, რომელიც ადვილად შორდება კონკრეტულ ბანერსდა რა შემთხვევაც ვიხილეთ, სწორედ ასეთია. ის წარწერა დღეს აღარ არის, იმიტომ, რომ მარტივად მოაშორეს. ამიტომაც კონკრეტულ ბანერზე ეს წარწერა, არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და არც სამართალდარღვევად, რადგან გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა, რომელიც კვალს არ ტოვებს ამ ნივთზე, არ იწვევს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია.
სისხლის სამართლის იმ მუხლის შინაარსი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს და რის საფუძველზეც მოხდა 23 წლის სტუდენტის დაკავება, საუბრობს სწორედ დაზიანებაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ ზიანთან დაკავშირებით უნდა იყოს შესაბამისი კავშირი და ან განადგურება.
ეს ნივთი განადგურებული არ არის და არც იმ ტიპის ზიანი გამოუწვევია, რომ ეს დაზიანებად შეფასებულიყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, სრულიად აბსურდულია ნაბიჯები, რაც გადადგა საგამოძიებო ორგანომ და ასევე, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ამ დაკავების ღონისძიება, განსაკუთრებული მონდომებით და ძალისხმევით განხორციელდა.
საიას ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში იხსენებს საარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლის გაცილებით მძიმე შემთხვევებს სხვადასხვა არჩევნების დროს, რომლებსაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
„არაერთი შემთხვევა გვაქვს, გვახსოვს, თუნდაც წლინახევრის წინ მომხდარი მოვლენები, როდესაც არაერთი ოფისი დაზიანდა ვანდალურად, დააზიანეს „ოცნებასთან“ კავშირში მყოფმა პირებმა.
„ოცნების“ დეპუტატს დავად ჰქონდა ატვირთული საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო, სადაც ჩანს დაზიანების ფაქტები, თუ როგორ აზიანებენ ოფისებს, მათ შორის ჩვენი ოფისიც დაზიანდა, რომელსაც ნამდვილად აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ ამ დრომდე ამაზე რეაგირება არ მოუხდენია პროკურატურას“.
„სინამდვილეში ეს არის რეპრესიების გაგრძელება.“
ნონა ქურდოვანიძე მეგი დიასამიძის დაკავებას აფასებს, როგორც რეპრესიების გაგრძელებას „ოცნების“ მიერ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ:
„რაც მოხდა, ეს არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო წლების განმავლობაში.
ახლა სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ხდება სადამსჯელოდ, არა კონკრეტული დანაშაულისთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებს შეეშინდეთ თუნდაც პროტესტის, დაითრგუნონ, აღარ გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ანუ ეს არის რეპრესიების გაგრძელება და თუ ეს საქმე ასე გაგრძელდა, ეს იქნება კიდევ ერთი საქმე, სადაც აშკარა იქნება არა მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესი, არამედ – პოლიტიკური მოტივაცია, ადამიანების დაშინების, დასჯის და პასუხისგებაში მიცემის“.
„ბათუმელები“ წლებია წერს არჩევნების წინა პერიოდში პლაკატებისა და ბანერების დაზიანების და მოპარვისშემთხვევების შესახებაც კი. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბათუმში გახარიას პარტიის ბანერი ჩამოხიეს. პარტიამ მაშინ შსს-ს მიმართა, თუმცა საქმე პოლიციას არ გამოუძიებია.
„პოლიტიკური დავალებაა, რომ სასიქადულო ახალგაზრდებს, კარგ ადამიანებს, მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სისტემა მოექცეს, როგორც მტერს,“ – ეს შთაბეჭდილება რჩება ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში 23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს შეხვდა.
10 სექტემბერს, 23 წლის დაკავებულ სტუდენტს, მედი დიასამიძეს ლანჩხუთიდან ზაჰესამდე არ მისცეს საშუალება დაკავშირდებოდა ადვოკატს. მას ზურგს უკან ბორკილების შეუკრეს ხელი და ისე ამგზავრეს. არაადამიანური მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ გამთენიისას იზოლატორში შეხვედრის დროს სტუდენტს ხელზე ბორკილების მძიმედ მოჭერის კვალი ეტყობოდა.
10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.
მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ჯერ მისთვის ბრალი პროკურატურას არ წარუდგენია.
რატომ ეპყრობა სასტიკად „ოცნების“ რეჟიმი სინდისის პატიმრებს და პროტესტის გამოხატვის გამო დაკავებულ ადამიანებს? – „ბათუმელებმა“ მეგი დიასამიძის ადვოკატთან, შოთა თუთბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო შოთ, დაკავებულ მეგი დიასამიძეს ზურგს უკან ჰქონდა ბორკილებით შეკრული ხელები 9 საათი და არ დაალაპარაკეს ადვოკატს – რას აჩვენებს ეს დამოკიდებულება?
ეს დამოკიდებულება შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებით.
ეს აჩვენებს რამდენიმე რამეს: პოლიციელები კი არა, სინამდვილეში კრიმინალები, ემსახურებიან არა კანონს, არამედ რეჟიმს. ისინი ამ პროცესში თავს გრძნობენ არა მართლმსაჯულების განმახორციელებლებად, არამედ შურისმაძიებლებად. ისინი ცდილობენ ფიზიკური ტკივილი მიაყენონ ადამიანებს, ვისაც აკავებენ, ვისაც ხედავენ, როგორც მათ მოწინააღმდეგეს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტი სრულად არის მოშლილი შინაგან საქმეთა სამინისტროში – არავითარი დაცვის მექანიზმი ადამიანისა, მას შემდეგ, რაც ადამიანი პოლიციელის ხელში ჩავარდება, სამწუხაროდ, აღარ არსებობს.
მეგი დიასამიძის შემთხვევა არ არის გამონაკლისი შემთხვევა – ეს სისტემური მიდგომაა. მზია ამაღლობელის საქმეზეც პოლიციელის დაკითხვის დროს იგივე გამოვლინდა ზუსტად, როცა მზია ამაღლობელს დაადეს ბორკილები 30 პოლიციელის გარემოცვაში. ტრანსპორტირების დროს კი, განსაკუთრებით რთულია ბორკილები ზურგს უკან. როცა მეგიმ ითხოვა, წინ მაინც ჰქონოდა ხელები, უთხრეს: არ იმოძრაო და არ გეტკინებაო. შეგახსენებთ, რომ ისხდნენ მოძრავ მანქანაში და ამ დროს გურიიდან მოდიოდნენ თბილისისკენ.
შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ფიზიკური ზიანი მას არ მიუღია, მიღებული აქვს ფიზიკური ზიანი ხელებზე, ხელბორკილების შედეგად. ეს ხელბორკილები, როგორც იცით, თვითონაც ნელ-ნელა უჭერს ხოლმე ხელს – არ არის გათვლილი ამ ხანგრძლივობით გაკეთებაზე, მით უმეტეს ზურგს უკან.
მეგი დიასამიძეს ასევე არ მიეცა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არცერთ ეტაპზე. მათ შორის, უარს ეუბნებოდნენ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან დაკავშირებაზეც, მანამ, ვიდრე დაკავებული უკვე თბილისის ეკიპაჟმა არ გადმოიბარა.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას: ის, რომ მეგი დიასამიძეს ასეთ პირობებში დაადეს ხელბორკილები, არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება, ტელეფონი წაართვეს ისე, რომ არავითარი საპროცესო დოკუმენტი არ შეუდგენიათ – ეს არის მინიმუმ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი გულგრილობა.
ეს არის სისტემური, პოლიტიკური დავალება, რომ სასიქადულო ახალგაზრდებს, კარგ ადამიანებს, მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სისტემა მოექცეს, როგორც მტერს
ცდილობენ, ამ გზით მორალურად გატეხონ სინდისის პატიმარი?
რასაკვირველია, ამის ინდიკატორი ბევრია. ფიზიკური ძალადობა აქტიურად არ განხორციელებულა, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთი მცდელობა იყო, მათ შორის, იყო დაშინების მცდელობა – რაღაც კარგი პოლიციელის როლის თამაშით და ვითომ დედობრივი მზრუნველობით დამთავრებული.
ის, რომ გატეხას ცდილობდნენ და ასეთ ენაზე ელაპარაკებოდნენ მთელი იმ 9 საათის განმავლობაში მეგის, ცხადია და ეს მეგიმ აღნიშნა ჩვენთან საუბარში.
თქვენ შეხვდით მეგის. რას ეუბნებოდნენ დაკავებულ მეგის პოლიციელები, მეტი დეტალები რომ გვითხრათ?
ბრალთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ, თუმცა ბევრი რამ ახსენეს, მათ შორის ახსენეს ის, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა და არა ადმინისტრაციული საქმე.
ამ დრომდე ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია რეალურად რა მოტივით დააკავეს, იმიტომ, რომ არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ მისთვის არ განუმარტავთ არც დაკავების საფუძველი, არც მიზეზი და არც მისი უფლებები.
მეგის დაკავება მოხდა გზაში, როცა ის მიდიოდა თბილისიდან ბათუმში, გზაში მოაწყვეს სპექტაკლი, რომ ვითომ მიკროავტობუსი გაფუჭდა და სთხოვეს გადასვლა სხვა მიკროავტობუსში, სადაც დასვეს წინ, მძღოლის გვერდით. ეს მძღოლი გაჩერდა ლანჩხუთის ტერიტორიაზე, სადაც ტყიანი მასივი იყო და სახლები არ ჩანდა, იქ ჩამოიყვანეს მიკროავტობუსიდან და ამ მომენტიდან იმ მომენტამდე, სანამ გავიგებდით, სად იმყოფებოდა, გავიდა დაახლოებით 9 საათი.
ამ პერიოდში არც იმას გვეუბნებოდნენ, რომ დაკავებულია. ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებიდან, თუმცა კანონის ყველა ნორმის დარღვევით, ამდენი ხნის განმავლობაში, არ ვიცოდით, სად იმყოფებოდა, არ ვიცოდით, სად ჰყავდათ, ვერ ვპოულობდით.
მოკლედ, მეგი იყო გატაცებული – მეტი ამას სხვა სახელი არ აქვს. როცა უკვე გადმოიბარა თბილისის ეკიპაჟმა, შემდეგ დაურეკა გამომძიებელმა მეგის ოჯახის წევრს.
რა მდგომარეობაში დაგხვდათ მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში?
დაღლილი, ბუნებრივია და გაოგნებული: მის ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობდა რაღაც სტანდარტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.
მას აქვს დაზიანებები ხელზე ბორკილებისგან, თუმცა მხნედ არის, ყოჩაღად. მას სჭირდება ცოტა ხანი დასვენება და დღეს, დღის ბოლოსკენ ალბათ ისევ შევხვდებით, უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
ჩვენ მას ვუთხარით, რომ გავრცელდა საჯარო განცხადება ბანერის დაზიანებაზე. თავადაც გვითხრა, პოლიციელები რაღაც დაზიანებაზე საუბრობდნენო, მაგრამ არ იცის, კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ.
მეგი დიასამიძისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა ცნობილია, რომ გამოძიება მას კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მუხლით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კვალიფიკაციაზე?
ჯერ ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან ბრალიც არ ვიცით, რას ამტკიცებს პროკურატურა. თეორიულად ისიც კია შესაძლებელია, იარაღი ვიპოვეთო, ესეც თქვან.
თუ ბანერის დაზიანებისთვის აპირებენ ბრალდებას, პირველ რიგში, ვნახოთ, მათი მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები რა იქნება, თუმცა, სულ რომ დადგინდეს და მეგიმ, ჩავთვალოთ, რომ აღიაროს ბანერზე წარწერის გაკეთება, თბილისში გვახსოვს „ქართული ოცნების” პროპაგანდისტის მიერ ორგანიზებული ტიტუშკები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და მათი ხელმძღვანელების და თანამშრომლების სახლებში დადიოდნენ და წარწერებს ტოვებდნენ, მათ შორის, რამდენიმე ავტომანქანაც დაზიანდა, კორპუსებზეც აკეთებდნენ წარწერებს. ამის გაკეთება მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა კიდეც და თქვა, რომ კი, მე გავაკეთე და უარესსაც ვიზამთ, თუ არ გაჩერდებითო. მაშინ ამას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამ შემთხვევაში კი, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ადამიანი საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
წარმოგიდგენიათ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც უკვე ფორმალიზებული დიქტატურა არ არის და იმის გამო, რომ მან პულვერიზატორით რაღაც წარწერა გააკეთა ბანერზე. თანაც ისე, რომ არც ქონება დაუზიანებია, ამის გამო ჩასვან ციხეში?
საუბარია წარწერაზე, რომელიც გაკეთებიდან რამდენიმე წუთში წაშალეს უბრალო ჩვრის გამოყენებით.
ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. როგორ შეიძლება აქციის მონაწილეს რაღაც წარწერის გაკეთების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრო, ან თუნდაც ადმინისტრაციული, მაგრამ განსაკუთრებით სისხლის.
განიხილავთ, რომ ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ საარჩევნო კოდექსის დარღვევა, რაც ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას?
მეორე შესაძლო ვარიანტი შესაძლოა იყოს, ანუ სააგიტაციო მასალის დაზიანება, ჩამოხევა, განადგურება, რაც არის ნამდვილად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუმცა „ქართულ ოცნებას” ამ საარჩევნო ბანერების ამ ფორმით გაკვრისთვის თავად სჭირდება ნებართვა იმ უწყებისგან, რომელსაც ქალაქის მერია თავად კალაძე ხელმძღვანელობს…
არაერთი აქტივისტი თბილისში კედელზე ხატვის გამო არის დაჯარიმებული. მაგალითად, როცა „ტაბულა” აკეთებდა აქციებს „გაზპრომის“ მილების პლაკატებით, სამშენებლო ღობის ხის ფიცრებზე, კედელზე, გაკეთებული პლაკატების გამო არიან ადამიანები დაჯარიმებულები. ამიტომ, ეგ საკენკი, რასაც თითქოს კალაძე განმარტავს, შეუძლია ისევ დაუყაროს აი, იმ ტიტუშკებს, ვინც მიჰყავს ხოლმე მასთან.
ის, რომ აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეები შეიძლება აკეთებდნენ სხვადასხვა წარწერას ან აკრავდნენ სხვადასხვა სტიკერს სხვადასხვა ადგილზე, რა თქმა უნდა, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის და მით უმეტეს – არც სისხლის სამართლის დანაშაული.
საარჩევნო ბანერის დაზიანების შესახებ კანონი არის შექმნილი იმ მიზნით, რომ პირიქით, დაიცვას ოპოზიცია ხელისუფლების მომხრეებისგან. ცხადია, კანონი ყველასთვის ერთნაირად მუშაობს, მაგრამ ამ ნორმის არსი და მიღების ისტორია არის ის, რომ იმ პერიოდში სამთავრობო ტიტუშკები და მომხრეები ხევდნენ და არ აჭაჭანებდნენ ქალაქში ოპოზიციის ბანერებს.
ამ სამართალდარღვევის მიზანი არის, რომ ბანერი აღარ გამოჩნდეს კონკრეტული საარჩევნო კანდიდატისა, მან ვერ აწარმოოს კამპანია, მაგალითად, კანდიდატს ყველა ბანერი ჩამოუხიეს კონკრეტულ ქუჩაზე, ან თავისი ბანერები გადააკრეს ზემოდან.
ამას ემსახურება ეს მუხლი და არა იმას, რომ რაღაც წარწერა გააკეთო ბანერზე და შენი აზრი გამოხატო. ამიტომაც, სამართალდარღვევასთან არცერთ შემთხვევაში ადგილი ვერ გვექნება. საქმე გვაქვს გამოხატვასთან.
თქვენ ახსენეთ შურისძიება. რა გათვლით მოქმედებს ამ დროს „ოცნება“, თქვენი დაკვირვებით?
შურისძიების ერთადერთი მოტივი, რაც შეიძლება მეგი დიასამიძის მიმართ არსებობდეს, არის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სამაგიეროს გადახდა. სხვა არავითარი ინტერესი მის მიმართ არ შეიძლება არსებობდეს.
„ქართული ოცნება” ახლა ისეთ გზაზეა, რომ ეს გზა მიდის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით, მას ახლა ამ მარწუხების მოშვების ფუფუნება – ალბათ, თავად ასე ფიქრობენ, – არ აქვთ. ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, ეშინიათ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის. ასეთ შემთხვევაში, ამ მარწუხების მოჭერის გზა მათი შეხედულებით ერთადერთი შესაძლო ვარიანტია.
დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea დაიწყო.
გამხსნელი სესია სახელწოდებით – „კრეატიული მებრძოლები: მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის” სინდისის პატიმრებისადმი სოლიდარობასა და უწყვეტ სახალხო პროტესტს მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის პრეზიდენტმა ვატო ქავთარაძემ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მედია, რომელიც არის ჩაგრულთა იმედი, ახლა თავად საჭიროებს მხარდაჭერას.
„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიო ომის პირობებში, მაგრამ ეს არის მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის. და ეს ომი ვითარდება პროპაგანდის, კონფორმიზმისა და პოლიტიკური კულტურის დეგრადაციის ბრძოლის ველებზე… ერთადერთი სიტყვა და ერთადერთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ამას წინ აღუდგეს – არის წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა პოზიციით, გადაწყვეტილებით” – თქვა მან და გამოსვლა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სიტყვებით დაასრულა – „იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს ყველგან. ეს ბრძოლა მხოლოდ რუსთაველზე ან სოციალურ ქსელებში არ მიმდინარეობს – ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ამ ბრძოლაში ვართ. მით უმეტეს, როცა მაგალითად გვყავს ადამიანები, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სინდისის პატიმრები და ყველა ის, ვინც ამ პროცესშია ჩართული.
ეს ფრონტის ხაზი გადის ყველგან – ჩვენი ყოფის და არსებობის საერთოდ ყველა ასპექტში. ეს ბოროტება თავისი ფორმით იმდენად ბევრ ადგილას მოემართება ჩვენს წინააღმდეგ, (გუშინაც დააკავეს ადამიანი, გუშინწინაც მძიმე ამბები მოხდა)რომ ჩვენ ვალდებულები ვართ დავუპირისპირდეთ იქ, სადაც ვართ. იდეაში ეს ფესტივალიც ეს არის“ – განაცხადა ვატო ქავთარაძემ.
მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გარკვეულწილად, ეჭვობდა ფესტივალის გამართვის მიზანშეწონილობაზე პოლიტიკური კრიზისისა და სინდისის პატიმრების არსებობის პირობებში, „მაგრამ ეს ფესტივალიც ამ ბრძოლის ერთ-ერთი განშტოებაა, ბრძოლას ამ ფორმითაც აქვს აზრი და ყველა ვინც აქ არის, ვფიქრობ ამის მონაწილეა“ – დასძინა მან.
ფესტივალის სტუმრებს, შესასვლელშივე მზია ამაღლობელისა და დამოუკიდებელი მედიის სოლიდარობის კუთხე ხვდებათ, სადაც შეუძლიათ დონაცია გააკეთონ და დაეხმარონ დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდამჭერ კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“; ასევე, მისწერონ წერილი მზია ამაღლობელს და დაათვალიერონ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ სპეციალური გამოცემა, რომელიც „ბათუმელების“ ისტორიას სათაურებით ასახავს წლების მიხედვით.
Ad Black SeaAd Black SeaAd Black SeaAd Black SeaAd Black SeaAd Black Sea
სიმბოლურია ფესტივალის წლევანდელი სლოგანიც – FireWorks in Creative Resistance – „ფეიერვერკები შემოქმედებით წინააღმდეგობაში“.
„რახან ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ფეიერვერკები გახდა ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება ბრძოლისაც, დაუმორჩილებლობისაც, მშვიდობიანი, თან თვალსაჩინო და თან ხმაურიანი პროტესტის, გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალს მთავარი თემა ეს ჰქონოდა და ვფიქრობთ, რომ გამოხატავს ამ სულისკვეთებას“ – ამბობს ვატო ქავთარაძე.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული რეჟისორის, გიორგი ოკმელაშვილის ვიდეო რგოლი – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის გადაიღო, წელს ფესტივალის კონკურსის 12 კატეგორიაშია წარდგენილი.
ფესტივალის უცვლელი ნაწილია კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან თავიან ნამუშევრებს 13 ნომინაციაში [ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა] წარადგენენ. გარდა ამისა Ad Black Sea მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებს.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს. წელს Ad Black Sea – 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს მასპინძლობს.
ფესტივალის ღონისძიებები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი:
„არ ვიცნობ იურისტს, რომელსაც ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი უკიდურესად კომიკურად არ მიაჩნია. დეტალებში შესვლაც შეუძლებელია, იმდენად აბსურდულია ქრთამის დაპირების ბრალდება. საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში ნონა ქურდოვანიძე.
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს.
„ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებას პირდაპირ ქრთამის მიცემის შესახებ, თუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ დავალებების შესრულებაზე, ასევე არ გამოიყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს… მათ 200 ათასი დოლარის გადახდას ჰპირდებოდა,“ – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა დღეს, 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა პოლიციელებს, მისთვის საიდუმლო მასალა მიეწოდებიათ, სანაცვლოდ კი, პოლიციელებიც 200 ათას დოლარს მიიღებდნენ.
ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით [ქრთამის მიცემა] დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ მურთაზ ზოდელავა. მას გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინაამდეგობის გაწევა.
სუს-ის ვერსიით, მურთაზ ზოდელავა მაშინ დააკავეს, როცა მან ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა.
საქსტატის ინფორმაციით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებთ ინვესტიციების კლება დაფიქსირდა 2025 წლის როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალშიც. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები რეალურად არ შემოდის და შემცირებულ მონაცემებშიც ახალი ინვესტიცია არ არის. ანუ, უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად შეჩერებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მეორე კვარტალში 580.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12 პროცენტით ნაკლებია.
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ამ შედარებების ანალიზისას საინტერესოა ისიც, რამდენად რეალურია, რომ ინვესტიცია რომელიც ზემოთ მითითებულ მონაცემებშია, უცხოურია.
„რაც შემოდის, ისიც ფორმალურად უცხოური ინვესტიციაა, უმეტესი ნაწილი, რეალურად ქართველების ფულია, მათ დაფუძნებული აქვთ კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში. ძირითადად, იყენებენ ბრიტანეთს, ნიდერლანდებს და შემდეგ, იქიდან შემოდის ეს ინვესტიცია და თითქოს უცხოურია.
მაგალითად, წელს, მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოსულია საფინანსო სექტორში, 200 მილიონზე მეტი არის ბრიტანეთიდან. ბრიტანული არაფერი არ გახსნილა ახალი საქართველოში, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ოფიციალურად არიან ბრიტანული კომპანიები, ლონდონის ბირჟაზე არიან დარეგისტრირებული და ისინი საქართველოში ფულს ხარჯავენ – ეს იწერება ქვეყნის უცხოურ ინვესტიციებში.
ასევე, არის ადრე შემოსული კომპანიები, ისინი ხარჯავენ ფულს თავისი კომპანიებისთვის და ასე შემდეგ. ახალი ინვესტიციები არ შემოდის. შემცირებულ მონაცემებშიც კი ახალი ინვესტიცია არ არის. ის, რომ ახალი კომპანია შემოვიდა, რაღაც ახალი ააშენა – ასე არ არის და ეს ცუდია“ – ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ბესო ნამჩავაძე
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზეა თურქეთი – 54.0 მლნ. აშშ დოლარით [9.3 პროცენტი], ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 38.3 მლნ. აშშ დოლარით [6.6 პროცენტი]. ამ ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7 პროცენტს შეადგენს.
დიაგრამაზე წარმოდგენილია 2025 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით
რაც შეეხება სფეროებს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 66.4 მილიონი დოლარით [11.4 პროცენტი], ხოლო მესამეზე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი – 54.4 მილიონი დოლარით [9.4 პროცენტი].
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 77.2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით:
„2025 წლის ორ კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3 პროცენტია. რეინვესტიციამ 466.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4 პროცენტით განისაზღვრა“.
ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის განმარტებით, ინვესტიციის კლებას ეკონომიკაზე სწრაფი ეფექტი შესაძლოა არ ჰქონდეს, მაგრამ ეს მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება:
„ბოლო წლებში ინვესტიციებში კლების ტენდენციაა, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ცუდია, იმიტომ, რომ საქართველო არის განვითარებადი, ღარიბი ქვეყანა და სჭირდება ინვესტიციის მოზიდვა, რომ განვითარდეს.
ასევე, ძირითადად ახდენენ მოგების რეინვესტირებას და ესეც ინვესტიციებში იწერება. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, უცხოური ინვესტიციები საქართველოში შეჩერებულია, ახალი ინვესტორი არ არსებობს, ვინც უცხოურ თანხას დებს, ისევ ქართველები დებენ ფულს, ან შესაძლოა ადრე, 10-20 წლის წინ შემოსული კომპანიები ამატებენ რაღაც ინვესტიციებს, თავისი კომპანიების საჭიროებებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს კითხვა – თუ ინვესტიციები შემცირდა და ეკონომიკა იზრდება, ეს რაღაც შეუთავსებელი ხომ არ არის ერთმანეთთან? – ეს იმიტომ ხდება, რომ ინვესტიციები არ არის ერთადერთი მიზეზი ეკონომიკური ზრდის. ტურიზმი თუ იზრდება, ან რაღაც სხვა, სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, ექსპორტის ზრდა და ასე შემდეგ და მეორე არის ის, რომ ამას სწრაფი ეფექტი არ აქვს, უფრო მომავალზე მოქმედებს, ვიდრე, ვთქვათ, დღეს.
ახლა ჩვენ რომ ვამბობთ, წელს ექვს თვეში შემცირდა ინვესტიცია, ეს უფრო ურტყამს 2026-2027 წელს და ასე შემდეგ. მომავალში, თუ ასეთი კლება გაგრძელდება, მერე უკვე ეკონომიკური ზრდის ტემპზეც აისახება და უფრო გაართულებს სიტუაციას“.
სტატისტიკის სამსახური განმარტავს, რომ მეორე კვარტლის ინვესტიციების შემოსვლაზე წინასწარი მონაცემები ეყრდნობა რამდენიმე უწყების ინფორმაციას.
ეს უწყებებია: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [სტატისტიკური გამოკვლევა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ“], საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
„მე ქართველ ამომრჩეველს ვეტყოდი მხოლოდ ერთს: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები. ჯერ ეს უნდა მოვითხოვოთ… თუ კრიზისის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, კრიზისის მოგვარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება,“ – ამბობს ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტი.
ნინო დოლიძეს წინასაარჩევნო მოცემულობაზე ვესაუბრეთ: როცა „ოცნების“ რეჟიმი აწყობს რეპრესიებს და არცერთ პირობას არ ტოვებს სამართლიანი არჩევნებისთვის, სწორია არჩევნებში მონაწილეობა? არსებობს შანსი, რომ არჩევნებში მონაწილეობით ამომრჩეველმა რეალურად დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, თუ ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს?
სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ნინო დოლიძეს.
ქალბატონო ნინო, რატომ არ არის არჩევნები ის, რასაც საქართველოში ატარებს „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა 4 ოქტომბერს?
არჩევნები არის ხალხის უმაღლესი მანიფესტაცია, როდესაც მათ უნდა აირჩიონ საკუთარი ხელისუფალი და არჩევნებით უნდა იყოს შესაძლებელი ხელისუფლების მართლა არჩევა, ან გადარჩევა და ხალხის ნების გამოხატულება.
არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი დემოკრატიაში, რომელიც ჩემთვის, როგორც არჩევნების სპეციალისტისთვის და ზოგადად, ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია.
სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მრავალი წელია ვხედავთ არჩევნების მიმართულებით უკუსვლას. ყველა ხელისუფლების დროს ვხედავდით სვლას თუ უკუსვლას, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ანუ ბოლო რამდენი წელია ამ უკუსვლას ვხედავთ.
ბოლო ყველაზე დიდი გამოხატულება, რა თქმა უნდა, იყო გასული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შევაფასეთ, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამ არჩევნებმა ვერ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ეს ძალიან რთული შეფასებაა, როდესაც არჩევნები ისე კი არ ფასდება, რომ აი, რაღაც მცირე დარღვევებია, არამედ – „ვერ გამოხატავს ხალხის ნებას“.
ამის შემდეგ ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, იმიტომ, რომ თუ არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ იგი თავიდან უნდა ჩატარდეს. ასევე, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო გაუმჯობესებულ პირობებში.
არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ამომრჩეველს უნდა შეეძლოს ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალ გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდი უნდა იყოს თავისუფალი, ამომრჩეველი უნდა დაესწროს სხვადასხვა პარტიის ღონისძიებას, გაარკვიოს, ვინ რას ჰპირდება და ასე შემდეგ.
ანუ ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში – კონტროლის გარეშე. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას.
ამასთანავე, საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს თავისუფალ პირობებში არჩევნების ჩატარება; სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს ფაქტორი ფაქტობრივად დღეს ქვეყანაში არის უგულებელყოფილი: ამომრჩეველი ვერ იღებს თავისუფლად გადაწყვეტილებას, ხდება მათი ნების კონტროლი, ხდება მათზე ზეწოლა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ვხედავთ, რომ ნაწილი არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ ვინც იღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ამ არჩევნებს რომ შევხედოთ, მათთვისაც არ არის ეს გარემო თავისუფალი და სამართლიანი.
არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობაც კი არ არსებობს. შესაძლოა, ვიღაც დარეგისტრირდეს დამკვირვებლად, მაგრამ მას არ შეუძლია შეუმოწმოს უბანზე მისულ ამომრჩეველს პირადობა. ამ მოცემულობაში რამდენად შეიძლება საერთოდ საუბარი იმაზე, რომ ეს არჩევნები შეიძლება იყოს სამართლიანი?
უბრალოდ საარჩევნო უბანზე შეიძლება იყო, მაგრამ მთავარი პროცედურა რაც არის ამომრჩევლის ვერიფიკაცია – ეს ფაქტობრივად შეგვიზღუდეს, ანუ საარჩევნო კანონმდებლობაც გააუარესეს და ეს ცვლილებები გაკრიტიკებულია, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.
არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის ერთ-ერთი მთავარი არის დაკვირვება. აქ რას ვხედავთ? ერთის მხრივ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები კი, ფაქტობრივად ვერ ახერხებენ ფუნქციონირებას.
„სამართლიანი არჩევნები“ რომელიც არჩევნების ყველაზე მთავარი შემფასებელია, დღეს არის დაყადაღებული.
ეს არის 1995 წლიდან დაფუძნებული ორგანიზაცია და ფაქტობრივად ყველა არჩევნებს აკვირდება. მე არ მახსენდება არჩევნები საქართველოში ISFED-ის გარეშე და დღეს, წინასაარჩევნო პერიოდში ISFED არის დაყადაღებული.
ესაა ფაქტორები, რაც ქმნის უმძიმეს რეალობას არჩევნებთან მიმართებით.
რამდენიმე დღის წინ თქვენც დაგიბარეს „პირბადეების საქმეზე“ გამოსაკითხად. რას აჩვენებს ეს საქმე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდში?
როდესაც ჩვენ არჩევნებზე ვსაუბრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ოპერირებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ფაქტობრივად, შეუზღუდეს მუშაობა რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციას და მათ შორის „სამართლიან არჩევნებს“.
ამ ორგანიზაციების დევნა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ისინი ამდენი წელი აფასებდნენ არჩევნებს თუ სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული სამოქალაქო სექტორში საქართველოს დემოკრატიის ხელშესაწყობად.
ეს საქმე მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა ქვეყანაში, იმიტომ, რომ დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოებები იმ პრობლემებზე საუბარს, რაც ქვეყანაშია. მაგალითად, „სამართლიანი არჩევნების“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ამ საკითხებზე საუბარია, ხომ?! დაყადაღება კი, ისეთი ნაბიჯია, რომელიც ორგანიზაციის ფუნქციონირებას პირდაპირ უშლის ხელს.
ეუთო/ოდირი რამდენიმე დღის წინ მოიწვია „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ, როცა არჩევნებამდე ერთი თვეც აღარ იყო დარჩენილი. რა გათვლა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ თქვენი დაკვირვებით?
ეუთო/ოდირის მეთოდოლოგია კარგად არის გაწერილი. მას სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ჯერ შეაფასოს ქვეყანაში არსებული საარჩევნო პოლიტიკური კონტექსტი და ამის შემდეგ დაგეგმოს, როგორი ტიპის მისიას განახორციელებს.
ზოგადად, ეუთო/ოდირს როდესაც იწვევენ ხოლმე, მრავალი თვით ადრე ისინი ჯერ ქვეყანაში შეფასების მისიას აგზავნიან, რომ შეხედონ ქვეყანაში რა ხდება, სხვადასხვა ჩართულ მხარეებს ხვდებიან და მერე წყვეტენ, რამხელა მისია უნდა იყოს და ასე შემდეგ. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა ეუთო/ოდირის მოწვევას რამდენიმე თვით ადრე, რომ მათ თავიანთი მეთოდოლოგია სრულად გამოიყენონ.
ახლა რა მოხდა? მაშინ როდესაც სტანდარტულად ხდება ეუთო/ოდირის მოწვევა წლის დასაწყისში და არა უგვიანეს გაზაფხულისა, ასევე, ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ ყველა წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, მოწვეული ეუთო/ოდირი და ახლა ხდება ისე, რომ ეუთო/ოდირს იწვევენ მაშინ, როდესაც ნახევარი საარჩევნო კამპანია არის გასული, ერთი თვეც აღარ არის დარჩენილი არჩევნებამდე – საქართველოში ორი თვეა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად და მათ ერთ თვეზე ნაკლები დრო როდესაც იყო დარჩენილი, მაშინ მისწერეს.
ეუთო/ოდირი დარჩენილ დროში ფიზიკურად ვერ მოახერხებდა მისიის შეკვრას: აპლიკაციების მიღება, შერჩევა და ასე შემდეგ და მეორეა ოდირის მეთოდოლოგია. ზოგადად, სადამკვირვებლო მეთოდოლოგია ნიშნავს წინასაარჩევნო პერიოდის სრულად დაკვირვებას, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. ახლა გამოდიოდა, რომ ოდირი ძალიან ბევრ პროცედურას და პროცესს წინასაარჩევნო პერიოდისას გამოტოვებდა.
მაგალითად, კანდიდატების რეგისტრაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რაც უკვე ამოიწურა არჩევნებამდე 30 დღით ადრე. ამიტომაც, ოდირი ვერც ფიზიკურად და ვერც მეთოდოლოგიურად ვერ დააკვირდებოდა ამას. შესაბამისად, ამიტომ თქვა უარი და ეს ძალიან კარგად იცოდა „ქართულმა ოცნებამ“, პირველად ხომ არ მოუწვევიათ?! „ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან ვადები, ვინ როდის უნდა მოიწვიონ, იციან მეთოდოლოგია ეუთო/ოდირის. შესაბამისად, ეს მოწვევა იმთავითვე, ჩემი აზრით, გათვლილი იყო იმაზე, რომ ოდირი ვერ მოახერხებდა ჩამოსვლას.
როგორ აისახება საარჩევნო გარემოზე ის, რომ პოლიტიკური ოპონენტები „ოცნებამ“ ციხეში გამოკეტა, ასევე მედიის მდგომარეობა, რასაც სიმბოლურად ყველაზე კარგად ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა აჩვენებს?
რა თქმა უნდა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიაგარემო. არჩევნების გაშუქება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კომპონენტით, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
დღეს რა ხდება? მედია ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, რაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გვახსოვს: მიღებულია კანონები მედიის წინააღმდეგ, ასევე ხდება ფიზიკურად მედიის დევნა – ვნახეთ იგივე აქციების დროს რა მოუვიდა მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას და ასე შემდეგ, ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს.
ასევე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შინაარსის შეზღუდვის მიმართულებით. ყველა მხრივ ებრძვიან მედიას. ამიტომაც, მედიის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.
ასევე, პოლიტიკური პარტიების თავისუფლად მუშაობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია არჩევნების თავისუფლად ჩატარებისთვის. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ჩასვეს ციხეში, რაც, ცხადია, დამაზიანებელია წინასაარჩევნო პერიოდისთვის. რამდენიმე ლიდერი გამოუშვეს, მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობას – სხვები ციხეში რჩებიან.
ოპოზიციის ნაწილი, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ამტკიცებს, რომ „ოცნებისთვის“ მიტაცებული ძალაუფლების წართმევას შეძლებს არჩევნების გზით. თქვენი აზრით, რამდენად ტოვებს ამის შანსს ეს არჩევნები?
არ მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რადგან სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენ და ჩემთვის, როგორც არჩევნების სპეციალისტისთვის, არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რომ ამომრჩეველმა გამოხატოს თავისი ნება.
მე მაწუხებს ყველა ის არჩევნები, რომელიც ამომრჩევლის ნდობას კიდევ უფრო არყევს, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით ამომრჩეველს ვეუბნებით: წადი არჩევნებზე და გამოხატე შენი პოზიცია!
ამ მოცემულობაშიც იგივე შეგიძლიათ უთხრათ ამომრჩეველს: წადი არჩევნებზე?
გამიჭირდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით ამის თქმა, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას რომ თავი დავანებოთ, დღეს არ გადადგმულა ისეთი ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით, თუ უწყებების დამოუკიდებლობის მიმართულებით, რომელიც ატარებს არჩევნებს. ცესკოს დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე სხვა უწყებების, რომლებიც ჩართული არიან არჩევნებში.
ჩემი მოთხოვნა კვლავ რჩება ის, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ამ არჩევნებამდე კი ძალიან ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ხალხმა რეალურად მოახერხოს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობა და თავისუფალი ნების გამოხატვა.
არჩევნები ასე ცალკე აღებული არ არის, ამას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რაც დღეს მიტაცებულია.
რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, ჩვენ ვნახეთ უდიდესი პრობლემები გასულ არჩევნებზე და სხვა ყველა პრობლემას რომ თავი დავანებოთ, იგივე გაჟონვა , როცა ხმის ფარულობა იყო დარღვეული, ასევე, ჩემმა ორგანიზაციამ [სამართლიანი არჩევნები] ნახა, მაგალითად, ფაქტობრივად „კარუსელის“ ინდიკაცია, როდესაც კაცი ამომრჩეველი იმაზე მეტი მივიდა უბანზე, ვიდრე სიაში იყო.
თუკი არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამომრჩეველი საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს, უბნებს, ოლქებს ენდოს, ძალიან რთული იქნება ბევრისთვის არჩევნებზე მისვლა.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ კონტექსტში არჩევნების ჩატარება აწყობს პრაქტიკულად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რომელიც შეეცდება სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს რაღაც დალაგდა?
შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, რომ ამ არჩევნების ჩატარების ხარისხი ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს ქვეყანაში.
ქვეყანაში არის უდიდესი პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი – ყველას ახსოვს გასული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხი და როდესაც იქ დგას ლეგიტიმაცია, ძალიან გაჭირდება ახლა თვითმმართველობის არჩევნებით იმ ლეგიტიმაციის აღდგენა და ფაქტობრივად შეუძლებელია.
„ქართულ ოცნებას“ შეიძლება ბევრი სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის, როგორც არჩევნების სპეციალისტისთვის, ამ არჩევნების ჩატარების ხარისხი ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაც არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ქვეყანაში არის და ეს რეალობა ის არის, რომ საქართველოში არ ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნების მიმართ მაღალი კონკურენცია არ არის, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე არ დასჭირდეს ისეთივე მანიპულაციები, რაც გასულ არჩევნებზე ვიხილეთ. არ ვიცი როგორი იქნება ეს არჩევნები, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმძიმესია.
რა შეგიძლიათ უთხრათ ამომრჩეველს, რომელიც ხედავს, რომ ქვეყანა საფრთხეშია: არჩევნები არ არის არანაირი შანსი, რომ არჩევნების გზით მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას?
მე ქართველ ამომრჩეველს ვეტყოდი მხოლოდ ერთს: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ იყო ქართველი ხალხის გამოხატულება. ჯერ ეს უნდა მოვითხოვოთ.
იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები კარგადაც რომ ჩატარდეს, არ ცვლის ქვეყანაში არსებითად პოლიტიკურ სიტუაციას?
არჩევნები, რომელმაც ვერ გამოხატა ხალხის ნება, უნდა ჩატარდეს თავიდან და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ყველა სხვა პროცესი. საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი ეროვნული ხელისუფლების არჩევა.
ამიტომაც, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ კვლავ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სხვა დანარჩენ ნაბიჯებზე ვიფიქროთ.
თქვენ პრაქტიკულად იზიარებთ წინააღმდეგობის გზავნილს. ქუჩის საპროტესტო აქცია არის მთავარი ინსტრუმენტი, რომ დღეს პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს ქვეყანაში და არა არჩევნები?
ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს კრიზისი არის აუცილებლად მოსაგვარებელი და ამ კრიზისის მოგვარებისთვის ორი მოთხოვნა არსებობს. მე ვიზიარებ ამ ორ მოთხოვნას, რომელიც რამდენი ხანია აქვთ მოქალაქეებს ამ კრიზისის დაწყებიდან: ახალი საპარლამენტო არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
მე მაინც ცალსახად მოწოდება-არმოწოდება არ მინდა გამომივიდეს, ვთქვათ, არჩევნებზე წადი თუ არ წადი, ჩემთვის, როგორც არჩევნების სპეციალისტისთვის ცოტა რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ვუთხრათ, რომ აბსოლუტურად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნები და განსხვავდება თვითმმართველობის არჩევნები თავისი შინაარსით და ასარჩევი ადამიანებით: რა გავლენას ახდენენ ეს ადამიანები ადგილობრივ პოლიტიკასა და ეროვნულ პოლიტიკაზე? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ ცვლის ეროვნულ დონეზე ხელისუფლებას და იქ მოსაგვარებელ პრობლემებს და პირიქით.
ორივე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, მაგრამ ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ამიტომ, თუ კრიზისის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, კრიზისის მოგვარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“, – წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი.
10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.
მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ჯერ მისთვის ბრალი პროკურატურას არ წარუდგენია.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, თუ დადგინდება, რომ საარჩევნო პლაკატი ნამდვილად დაზიანდა, ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
კვალიფიციური და დამოუკიდებელი იურისტები მეგი დიასამიძის ქმედებაში – კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთება – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.
„დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება” [საარჩევნო კოდექსი, მუხლი 46. პუნქტი 7.1]; საარჩევნო პლაკატის დაზიანება ისჯება კოდექსის 80-ე მუხლით: „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.” [მუხლი 93, პუნქტი 4];კოდექსის 80-ე მუხლი ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას,“ – წერს ნინო ლომჯარია.
„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.
ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სასამართლოში მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა:
„ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა. ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად,“ – წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე.
საიას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმას, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თავად არღვევს კანონს, როცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე ათავსებს სააგიტაციო მასალას.
„წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე.
პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა [სასტუმრო ,,საქართველო“] სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად.შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა.
შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ საარჩევნო ბანერად,“ – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
სიას ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ არაა სამართლებრივი ლოგიკით კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული:
„სტუდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებული არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს.
დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.
ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის.
თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებოდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში,“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
„მთელი პერიოდის განმავლობაში [9 საათი] მეგის ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა,“ – მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების დეტალებს ჰყვება.
კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით 10 სექტემბერს დააკავეს.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, მეგი დიასამიძე დააკავეს ლანჩხუთში, გზაზე, როდესაც ის თბილისიდან აჭარაში მიდიოდა, საკუთარ სოფელში. მეგი დიასამიძეს დაკავებისთანავე წაართვეს ტელეფონი და მთელი 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება.
„გაკვირვებას იწვევს ის მასშტაბი და ის რესურსი, რომელიც დაიხარჯა სტუდენტი გოგონას დასაკავებლად. ჩატარდა ძალიან სასაცილო, პრიმიტიული სპეცოპერაცია. იგი მიდიოდა საკუთარ სახლში, მიემგზავრებოდა აჭარაში, რა დროსაც ჩაუსაფრდნენ სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურიაში, ტყეში. ჯერ მივიდნენ მძღოლთან და ეჩხუბებოდნენ პოლიციელები არარსებულ სამართალდარღვევაზე, თითქოს მძღოლმა რაღაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, ხოლო ბრძანების მიღების შემდეგ მივიდნენ მეგისთან და პირველი, რაც გააკეთეს, წაართვეს ტელეფონი, მომდევნო 9 საათის განმავლობაში მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა,“- უთხრა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“.
შოთა თუთბერიძე ასევე საუბრობს დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე და ამბობს, რომ
დაკავების შემდეგ, თბილისში გადმოყვანამდე, დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მეგი დიასამიძეს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, ხოლო მას შემდეგ, რაც დაკავებულმა სტუდენტმა ბორკილების ოდნავ მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ითხოვა, ცინიკურად უთხრეს, რომ „ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა“.
„არცერთ მომენტში მეგი დიასამიძისთვის არ განუმარტავთ თუ რატომ არის ის დაკავებული. პოლიციელების ქცევას არ შეიძლება მიეცეს სამართლებრივი შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს არის დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მათ გააკეთეს.
სულ რომ დამნაშავე იყოს მეგი დიასამიძე, ნებისმიერ ბრალში, ის, რაც მას, როგორც დაკავებულს გაუკეთეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – უთხრა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“.
მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს თანახმად, მეგი (ირმა) დიასამიძემ, „მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“.
გამოძიება 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
10 სექტემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა.
„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ — ასე ეწოდებოდა სხდომას, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარ, ლუკ კოფის მოუსმინეს.
„ბათუმელები“ გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა:
„უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის კომისია უკვე მართავდა მოსმენას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ეს იყო 1926 წელი და იმ დროს საქართველოში ვითარება უკიდურესად მძიმე იყო.
იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირად დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ვნახოთ მოვლენების სხვა გზით განვითარება. ჩვენ ყველამ ვიცით და მედიის საშუალებითაც არაერთხელ იქნა ახსნილი, რომ სიტუაცია საქართველოში უკიდურესად რთულია დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებებისა და ადამიანის მდგომარეობის კუთხით.
მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული. სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ უკვე 30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას, მხარში გვედგა, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ.
საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
უკვე 30 წელზე მეტია შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო არა საჩუქრის, არამედ ვალდებულების სახით საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისათვის;
დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი;
ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებას;
დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვასა და წვრთნაში;
ააშენა სკოლები და საავადმყოფოები;
გაწვრთნა მასწავლებლები, სახელმწიფო მოხელეები და სამედიცინო სპეციალისტები.
ეს იყო ქმედებები, რომლებმაც უზრუნველყვეს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გადამწყვეტი შავი ზღვის უსაფრთხოების, შუა კორიდორისა და ენერგორესურსების გზებისათვის, რომლებიც აკავშირებენ შავ და კასპიის ზღვებს, ასევე ცენტრალურ აზიამდე და მის უდიდეს რესურსებამდე.
საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა როგორც შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი, ჩაერთო ავღანეთსა და ერაყში სახიფათო მისიებში. ქართველი ხალხი კი, მხარს უჭერდა ამ პარტნიორობას.
საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. ეს იყო გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ! და ეს მშვიდობიანი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა კავკასიის და შესაბამისად, ცენტრალური აზიის ექსკლუზიური დომინაციის შენარჩუნებას, ამერიკა რეგიონში სრულფასოვანი მოთამაშე გახდა, შთააგონა ჩვენი ხალხი და განსაზღვრა ახალი სტანდარტები.
დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დააშორა და სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითაც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღდგენისათვის.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული.
„ქართული ოცნების“ საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ, ანტიამერიკულ ტონს იღებს: საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან.
საგარეო და შიდა პოლიტიკის 360 გრადუსიანი შემოტრიალება, დამოუკიდებლობის კომპრომეტირება, რომელიც ძალიან მაღალი ფასით იქნა მიღწეული (ქვეყნის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ომები, 2008 წლის ომი)! ეს მიმართულება პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.
რუსეთის ახალი ჰიბრიდული ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ – რუსეთის უწყვეტი და გაძლიერებული ჩარევა საქართველოში დემოკრატიის შესასუსტებლად, საზოგადოების დაყოფის დასათესად, არა შეიარაღებული ძალებით, არამედ ახალი, ჰიბრიდული მეთოდებით.
პირველად, უახლოეს ისტორიაში რუსეთი ეუფლება „რბილ ძალას“ – პროპაგანდას, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიასთან. კრემლის ეს მეთოდები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთშია გამოცდილი.
ტოტალური კონტროლი და ძალაუფლების კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება; ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევა, კონსტიტუციის უგულებელყოფა, სასამართლოების, ისევე როგორც პოლიციის ძალების პოლიტიზება
ოპოზიციის სრული გაუქმება (გამოგონილი ბრალდებებით სამოქალაქო აქტივისტების რამდენიმე წლით ციხეში ჩასმა) ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და გასამართლება. პოლიტიკური პარტიები განადგურების საფრთხის წინაშე დგანან, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩამოერთვათ დაფინანსება და პარალიზებულნი არიან.
რუსეთი საქართველოში აშკარად სტრატეგიული კარტით თამაშობს, რათა აღიდგინოს თავისი დომინაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე, კონტროლი კავკასიასა და შავ ზღვაზე, გააუქმოს დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული გამარჯვება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ეჭვგარეშეა, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება ამ დივერსიულ, ძალადობრივ ქმედებებს და ისეთივე ერთგული რჩება დემოკრატიისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა, როგორც თავისი ევროპული მომავლისა.
რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი აშშ-სთვის? – საქართველოში დემოკრატიის გარეშე არ არსებობს სტაბილურობა; საქართველოში სტაბილურობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს მომავალი წარმოადგენს სტრატეგიულ გამოწვევას როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპელი პარტნიორებისთვის. რუსეთმა ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში აღიარა, რომ „ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს კავკასიას“. დროა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აღიარონ ეს სტრატეგიული რეალობა და თავიდან აიცილონ:
შავ ზღვაში ჩინეთისა და რუსეთის გაზრდილი გავლენა;
საქართველოს მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან;
საქართველოს მმართველი რეჟიმის კორპორატიული კავშირი ირანთან და ტერორისტ ლიდერებთან;
საქართველო ნაცრისფერ ზონად გადაქცევა, სადაც აყვავდება ტრეფიკინგი, მიგრაციული მარშრუტები.
გეოპოლიტიკური ცვლილება რეგიონში:
აშშ-ის მედიაციით მიღწეულმა შეთანხმებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გახსნა ახალი გზები რეგიონული სტაბილურობისთვის, კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ეს დიდი გამარჯვება და წარმატებაა პრეზიდენტ ტრამპისთვის.
ეს გეოპოლიტიკური ცვლილება არ უნდა მოხდეს.
თუ რუსეთს საქართველოზე გავლენის გაფართოების უფლება მიეცემა, ამით დაბლოკავს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოტენციალს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
კავშირი და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია აშშ-სა და ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სამხრეთ ფლანგებზე ექსკლუზიური ბატონობის აღდგენა.
დაბოლოს:
რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა!
აშშ-ის შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას!
დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ!
რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი – ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან.
ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს.
ანგარიშვალდებულება აუცილებელია! რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
ტანკი – 11 176 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 264 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 32 628 ერთეული [+22]
MLRS – 1 483 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 58 194 ერთეული [+343]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+27]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 61 339 ერთეული [+49]
სპეცტექნიკა – 3 964 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
666 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
83 066 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 591 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 471 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
41 520 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს.
„დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი.
რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე!
დამხობა რეჟიმს,“ – წერს ფეისბუქზე დაკავებული სტუდენტის და, ნელი დიასამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.“.
შსს-ს თანახმად, მეგი (ირმა) დიასამიძემ, „მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“.
გამოძიება 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეგი სამოქალაქო აქტივისტია. იგი შუახევიდანაა. მეგი დიასამიძე 2023 წლიდან აპროტესტებს რუსულ კანონს.
„როგორც მოქალაქე, ყველანაირად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვიდგე იქ, სადაც საჭიროა და გავაკეთო ის, რაც საჭიროა. „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს გარუსება“ – უთხრა მეგიმ „ბათუმელებს“ 2024 წლის გაზაფხულზე, ინტერვიუში.
The Ministry of Internal Affairs announced on September 10 that three people had been detained over the clashes of September 8 and protest of September 9 on Melikishvili Avenue in Tbilisi. Two of them are Georgian Dream activists accused of violence, while the third is a pro-European protester who spray-painted “Russian Dream” on Kakha Kaladze’s campaign banner.
None, however, face charges for assaulting police — despite video evidence of Georgian Dream supporters hurling objects and striking officers on September 8 — while pro-European activists remain behind bars on far weaker allegations.
According to the ministry, Z.M. (born in 1965) and I.B. (born in 2003) were arrested on charges of group violence, while I.D. (born in 2002) was arrested on charges of damaging or destroying property.
“Evidence obtained by the investigation established that Z.M. and I.B. physically assaulted participants of the protest march on Melikishvili Avenue on September 8. As for I.D., he damaged an election banner of the Georgian Dream – Democratic Georgia candidate for Tbilisi mayor on Melikishvili Avenue,” the ministry’s statement reads.
The Ministry of Internal Affairs calls on all individuals connected to the incidents to “cooperate with the investigation and appear at the relevant unit of the Ministry of Internal Affairs immediately upon being summoned.”
The investigation is being conducted under Article 126¹, Article 162¹, and Article 187 of the Criminal Code.
What Happened
On September 8, protesters gathered outside Kakha Kaladze’s mayoral campaign headquarters on Melikishvili Avenue in Tbilisi, following an announcement made hours earlier. Despite a heavy police presence, Georgian Dream members and supporters came out of the office, spread into the surrounding area, and confronted the protesters — sparking clashes and violence.
During clashes police insulted and obstructed Netgazeti reporter Ketevan Khutsishvili while she was broadcasting live on Facebook, covering the events outside the Georgian Dream mayoral candidate’s headquarters.
“Police were pushing most of the protesters and journalists toward Parliament and were preventing us from filming. Journalists were recording how Georgian Dream representatives were leaving the headquarters, throwing objects, and verbally insulting people.
At some point, I saw a Publika reporter have his phone taken away and followed the person who gave the stolen phone to another man in a car. I confronted the one in the car and demanded that he return my colleague’s phone. He gave it to me. Then I approached the office again and, as I was continuing to film those leaving the HQ hurling insults at both media representatives and protesters, some of them threatened me, saying, “You’ll lose that phone too.” They used crude gestures and swore at us.
Then one police officer came up, told me to “stop provoking,” grabbed my hands, and dragged me. I was saying that I was going to leave if he would let go of me, and also that it was a shame how they were treating a media representative. Soon two more officers joined; one of them insulted me with swear words. Afterwards, a man in a blue T-shirt also came and hurled insults. Finally, they dragged me and shoved me into a group of police officers, and one of them pushed me. Later I found that I had a scratch on my elbow,” – recalled Khutsishvili.
As we learned later “the man in a blue T-shirt” is Khuta Pachkoria Deputy Director of Tbilisi Police Department.
According to Publika, during live coverage of the clashes on Melikishvili Avenue, a Publika journalist was struck, forced to drop his phone, and then had it taken away. This incident was also being livestreamed by Ketevan Khutsishvili.
Several people were injured, among them activist Tako Kheladze and Hungarian journalist László Róbert Mezes.
According to Kheladze, so-called “titushkys” (hired thugs) confronted protesters outside Kaladze’s HQ.
Video footage also showed that several police officers were struck by objects thrown from Kaladze’s HQ, as well as fists from Georgian Dream activists. One police officer was hit in the face with a water bottle, another with a fist — yet none of the assailants, who were Georgian Dream supporters, were detained. In one of the videos, a Georgian Dream supporter who took part in the violence can be heard telling a police officer: “I’m one of yours, from Dream.”
Most of the violent individuals have been identified by media outlets and social media users who published their names and photos.
On September 8, the Ministry of Internal Affairs of Georgian Dream launched an investigation into the clash outside Kakha Kaladze’s campaign headquarters under Article 126 of the Criminal Code [group violence].
On September 9, a large group of protesters gathered outside the Kaladze’s election campaign HQ. Some protesters spray-painted the election banner on the building.
On September 9, after statements made by representatives of the Georgian Dream party, the investigation was additionally extended to Article 162¹ of the Criminal Code, which concerns violence or threats of violence during pre-election campaigning or campaign events – seemingly targeting pro-European protesters.
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ახალი პოლიციის უფროსი რამდენიმე დღეა რაც თავის მოვალეობას ასრულებს.
მამუკა ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსი იყო.
ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს.
შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.
„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამინისტრო წერს, რომ განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით და კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
რა ხდება?
8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
მოძალადეებს შორის რამდენიმე პირის იდენტიფიცირება ჟურნალისტებმა შეძლეს და მათ შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა.
საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ფეისბუქზე ეხმიანება 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ძალადობას პოლიციის თვალწინ.
„გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და ყველას, ვინც ხელში მოხვდათ.
მაგრამ გვახსოვდეს: ძალადობა ვერასოდეს დაამარცხებს ჭეშმარიტებას.
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან: „სისხლი მოწამეებისა — თესლია ეკლესიისა.“
და როგორც ვაჟა-ფშაველა გვახსენებს:
„ის ხალხი, რომელიც თავისუფლებას დაკარგავს, თავისი არსებობის უფლებასაც კარგავს“.
საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ჩაგვრა და დამცირებაა;
სადაც ეკლესიის ავტოკეფალია და სამეფო ტახტი წაგვართვეს;
სადაც ქართულ გალობას „ძაღლის ენა“ უწოდეს;
სადაც ნაღები ინტელიგენცია და სამღვდელოება აწამეს და დახვრიტეს;
სადაც ჩვენი ვაჟკაცების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს;
სადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცეს, ბავშვები და ქალები გააუპატიურეს.
ეს პოლიტიკა კი არა — ეს არის ტკივილი და უსამართლობის განცდა.
ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა რუსეთთან ომში, დღესაც აგრძელებს უსამართლობას და ძალადობას.
ნუთუ ასეთი ძვირფასია თქვენი სკამები, რომ საქართველოს კეთილ მომავალს ანაცვალებთ?!
ეს გზა აღარასოდეს იქნება საქართველოს გზა.
ჩვენ არ ვიბრძვით სიძულვილისთვის — ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. და ვინც დღეს ძალადობს საკუთარ ხალხზე, ხვალ ისტორიის წინაშე პასუხს აგებს.
საქართველო თავისუფლებას შეინარჩუნებს, რადგან უფლის თავისუფლებაში დაბადებული ხალხი მონობას არ შეეგუება“ – წერს დეკანოზი.
„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი.
25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე დავიწყეთ. ემიგრანტის დაკვირვებით, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს, რომ საქმე თავ-პირის მტვრევამდე მივიდეს და იგი ძალის დემონსტრირებას ახდენს.
„ჩვენ ვუყურებთ პირდაპირ ძალადობას და ძალადობის პროპაგანდას. როცა გამოდის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ამბობს, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს და ღირსება უნდა დავიცვაო, გამოდის და ძალადობს ხალხზე, ეს არის სახელმწიფო დანაშაული. არ შეიძლება სახელმწიფო თავის ძალას იყენებდეს სიტყვიერად შელახული ღირსებისთვის – ეს არის აზროვნების, გემოვნების, ყველაფრისთვის რაღაც საზღვრების დაწესება, ეს არის ტოტალიტარიზმი,“ – მიიჩნევს თორნიკე ფოცხიშვილი.
თორნიკე ფოცხიშვილი ავსტრიაში 1998 წელს წასულა, როგორც სტუდენტი. ქართველი ეკონომისტი საცხოვრებლად ავსტრიაში დარჩა და იქ ცხოვრობს ცოლთან და ორ შვილთან ერთად.
ქართველ ემიგრანტს ეიმედება, რომ ის საქართველო გაიმარჯვებს, რომელზეც ემიგრაციაში წასული ქართველები ოცნებობენ:
„უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გვინდა ის საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ. აი, მზია ამაღლობელს როცა ვუყურებთ, ასეთი საქართველო მინდა. ეს ერი ვართ ჩვენ სინამდვილეში,“ – ამბობს თორნიკე ფოცხიშვილი.
ემიგრანტს უკვირს, როცა ვეკითხებით – ვისი პასუხისმგებლობაა, თუ საქართველოს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეუჩერებს.
თორნიკე ფოცხიშვილის აზრით, ევროპიდან მკაფიოდ ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორ ცდილობს საქართველო ევროპას დააშოროს, ტყუილებს კი, ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ნაწილს აჯერებს:
„მმართველი პარტია დაგეგმილად მიდის ამ გზით, რომ ჩამოაშოროს საქართველო ევროკავშირს. ევროპის არანაირი ინტერესი არ არის, საქართველო, მაგალითად, რაღაც ომში ჩაერთოს, აი, რა შედეგი უნდა ჰქონდეს ევროპას ამით?!
სამწუხაროა, რომ ბევრს ამის გულწრფელად სჯერა. არ ვლაპარაკობ იმაზე, ვინც ფინანსურად დაინტერესებულია, ან მმართველი სტრუქტურაშია და სახელისუფლებო პროპაგანდას ემსახურება. ვგულისხმობ, აი, უბრალო, ალალ ქართველ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ეს სჯერათ,“ – ამბობს ქართველი ემიგრანტი და თავის დაკვირვებას გვიზიარებს: ავსტრიაში – სადაც „ქართულ ოცნებას“ ხელი არ მიუწვდებოდა წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე და სახელმწიფო რესურსების უკანონოდ გამოყენებაზე – 2024 წლის არჩევნებში მისული ემიგრანტების დაახლოებით 80%-მა მხარი პროევროპულ ოპოზიციას დაუჭირა.
„ასე მოხდებოდა საქართველოშიც, რეალურად რომ მოაშორონ სახელმწიფო აპარატი და პროპაგანდა,“ – ამბობს თორნიკე ფოცხიშვილი.
როგორ აისახება საქართველოზე და ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება?
„თუ შეაჩერეს უვიზო მიმოსვლა და იმედი მაქვს, რომ მაინც სხვა ფორმით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ, რომ ის, რაც ხდება საქართველოში, აისახება მოქალაქეებზე ცუდად და ისევ ჩვეულებრივი ხალხი დაიჩაგრება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, ცხოვრებაში წინ გადაედგა ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებით.
ზოგისთვის ევროპა მოგზაურობის საშუალებაა, ზოგისთვის – სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი. ძალიან ბევრი დაავადებული ადამიანია საქართველოში, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი მკურნალობა, ან არ ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ ემკურნალა – მათთვის ევროპა სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება გახდა.
საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ისედაც უცხოეთშია და აქ ნაშრომით ინახავს საქართველოში ოჯახებს. საქართველოს ბიუჯეტს რომ შევხედოთ, ძალიან დიდი წილი არის ევროპიდან გადმორიცხული თანხის ბრუნვისგან მიღებული თანხა. ამას უდიდესი ეკონომიკური ეფექტი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში.
კრემლიდან მოსული ინსტრუქციების ინტერესია: დაყავი და იბატონე! რაც მეტად ვიქნებით ერთმანეთზე აღრენილები, ერთმანეთთან ვერ დავსხდებით და ვერ გავცვლით თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებულ აზრებს, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა, ვერ მივაღწევთ ვერანაირ განვითარებას.
ემიგრაციაში ყოველდღიური ფიქრი და ემოცია დაკავშირებული გვაქვს საქართველოსთან, რადგან რასაც აქ უყურებ, გინდა, რომ იგივე ხდებოდეს შენს ქვეყანაში – საკუთარი ცხოვრება გაქვს და იცი, როგორი შეიძლება იყოს შენი ცხოვრება, მაგალითად, 30 წლის მერე რას შეიძლება აკეთებდე. მთელი კანონმდებლობა ისეა აგებული, რომ ვერ დაიჩაგროს ვერავინ: არც სამუშაოს მიმცემი, არც დასაქმებული, არც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი და არც ხულიგანი…
ევროპის ქვეყნებში მართლაც ბევრი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი შეიძლება შეგვხდეს, მაგრამ თუ ვინმეს ვინმე არ მოსწონს, ჩაუვლის გვერდს და ეგაა. გამოსავალი არაა თავ-პირის მტვრევა და რაღაც თემების გაბუქება, მიუღებლობის დამკვიდრება, რაც ახლა ხდება საქართველოში…
რასაც ვუყურებ, მუდმივად რაღაცით გვაშინებენ ქართველებს. გვაშინებენ რუსული ატომური ბომბებით, რომ ეს დაგვეცემა თავში, თუ არ იქნება ბიძინა. ამ დროს ვიღაც ტიპები ჩალიჩობენ და ხალხის მიერ შეგროვებულ ფულს ჭამენ, ქუჩაში გადიან და ხალხს სცემენ, რატომ ხმას იღებთ, უნდა გცემოთ, ღირსებას ვიცავთო, მაგრამ ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ.
ისეთ რაღაცაში არიან გასვრილი, რომ ყველა აგინებს,“ – გვიყვება ქართველი ემიგრანტი თორნიკე ფოცხიშვილი.
ემიგრანტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნის გარდა, ძირითადად პატარ-პატარა ქვეყნებია, მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტი, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირის ფორმატი გახდა:
„ევროინტეგრაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო გადარჩეს და განვითარდეს. ევროკავშირის სივრცე აძლევს სწორედ პატარა ქვეყნებს საშუალებას, გამოიყენონ ევროპის სიძლიერე, როგორც ერთი დიდი ერთიანობა. შენ, როგორც პატარა ქვეყანას, შეგიძლია ისე მოაწყო შენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორც საჭიროდ თვლის მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ ძალადობის გარეშე.
კომუნისტების დროსაც აშინებდნენ საქართველოს, დაინგრევა ეს ევროპა, დაინგრევა კაპიტალიზმი, ევროპა გარყვნილია და ასე შემდეგ. გამოჩნდა კიდეც, რაცაა სიმართლე.
ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და დადგება შედეგი. იძულებული ვართ, ვიყოთ დაპირისპირებული სახელმწიფო სტრუქტურასთან: ადამიანების ზურგს უკან ჩართულია ამხელა მექანიზმები, რომ ეს სიტუაცია იყოს, რაც ახლა არის. ყველაფერი არის ტყუილზე ორიენტირებული, გამოფენაზე, შიგნით რა ხდება, ღმერთმა იცის.
რუსეთი ვერ პოულობს მშვიდობიანი განვითარების გზას საკუთარი თავისთვის. ჩვენ კი გვინდა მშვიდობიანი განვითარება, მაგრამ არ გვიშვებს რუსეთი ხელს. ჩვენც უკვე გვაქვს ამის გამოცდილება და გენეტიკა, სულ ბრძოლაში ვიყოთ ხან რუსეთთან, ხან ირანთან, თუ ოსმალებთან, მონღოლებთან, თუ არაბებთან.
მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იპოვის იმ ადგილს, რომელიც ეკუთვნის. ეს იქნება ქვეყანა, სადაც მართლა იქნება დაცული ადამიანის სიცოცხლე და ღირსება,“ – გვითხრა თორნიკე ფოცხიშვილმა.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს – თამარ მიქელაძე [„მამული, ენა, სარწმუნოება“]; ზვიად კვირიკაძე [„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“], გოჩა გუგუნავა [„გახარია საქართველოსთვის“], გიორგი ცინცაძე [„ქართული ოცნება“] და კახაბერ ცისკარიძე [დამოუკიდებელი კანდიდატი].
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 4 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა, ბათუმში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, წინასაარჩევნო სამზადისი ფაქტობრივად არ იგრძნობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანა მკვეთრად პოლარიზებული ხვდება – საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარება, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის, რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, მაშინ როცა თითქმის 300 დღეა ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ფარსია.
და მაინც, რა ვიცით 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? ვინ მონაწილეობს და ვინ არა არჩევნებში? – „ბათუმელებმა“ ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს თავი ამ სტატიაში მოუყარა.
ვინ მონაწილეობს და ვინ არა არჩევნებზე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს იმართება.
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს 8 ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“ .
4 ოქტომბრისათვის ქვეყნის მასშტაბით 3 051 საარჩევნო უბანი 84 საარჩევნო ოლქში გაიხსნება. აქედან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული იქნება, ხოლო 767 უბანზე, ძველი წესით გაიმართება.
ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 ქალაქის საკრებულოს 2 058 წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2025 წლის 4 ოქტომბრისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 3 476 140 – ია.
ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებში 14 პარტია დარეგისტრირდა.
რა პრინციპით ტარდება 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები
4 ოქტომბერს ამომრჩევლები ქალაქების მერებს ორტურიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ირჩევენ – თუ კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50 %-ზე მეტი, შესაძლოა გაიმართოს მეორე ტური.
რაც შეეხება საკრებულოების წევრების არჩევას, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ამომრჩეველი ხმას აძლევს კანდიდატს, როგორც პარტიულ სიაში, ასევე ირჩევს მაჟორიტარსაც.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველად ტარდება ელექტრონული წესით, პროპორციული სისტემის ბარიერი გაზრდილია 4%-მდე, ასევე გაზრდილია მაჟორიტარების წილი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისშეფასებით, მუნიციპალური არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის მოდიფიცირებით არჩევნების მანიპულაციას მიმართა.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელების პროცესი სამ ეტაპად და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით წარიმართა.
არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველა ცვლილების მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო, რისთვისაც გაუქმდა 40%-იანი ბარიერი საკრებულოს არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტში, მკვეთრად გაიზარდა მაჟორიტარული ადგილების წილი მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში, შემცირდა მრავალმანდატიანი ოლქის ზომა, პროპორციულ კომპონენტში, ასევე, გაიზარდა სამართლებრივი ბარიერი და მოდიფიცირდა საარჩევნო ფორმულა უკეთესი შედეგის მქონე პარტიის სასარგებლოდ,“ – წერს ISFED-ი.
მარტივად რომ ავხსნათ რას ნიშნავს ეს:
2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემის ბარიერი თბილისში იყო 2,5%, ხოლო რეგიონებში – 3%.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე პროპორციული სისტემისთვის ბარიერი 4% გახდა.
გაიზარდა მაჟორიტარების რიცხვი. მაგალითად, თბილისის საკრებულოში 50 წევრია. აქედან 25 წევრი მაჟორიტარული წესით აირჩევა, ხოლო 25 – პროპორციული სიით. მაშინ, როცა წინა არჩევნებზე მაჟორიტარული წესით აირჩეოდა 10 წევრი, ხოლო 40 – პროპორციული წესით.
თვითმმართველ ქალაქებში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში – შემცირდა საკრებულოს წევრთა ოდენობა. ამ ქალაქების საკრებულოებში 35-ის ნაცვლად 25 წევრი იქნება. აქედან 10 წევრს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, ხოლო 15 წევრს – პროპორციული წესით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება 40%-იანი ბარიერის გაუქმებას. კერძოდ, იმისთვის, რომ პირი საკრებულოს წევრად არჩეულად ჩათვლილიყო, საჭირო იყო მას ჰქონოდა ხმების 40%. ახალი ცვლილებით, გამარჯვებული იქნება ის, ვინც უბრალოდ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, “ეს ცვლილება, ოპოზიციური პარტიების ფრაგმენტაციის პირობებში, „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს შესაძლებლობას, ამომრჩეველთა დაბალი მხარდაჭერითაც საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს”.
რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში შეიტანა ცვლილება, რის შედეგადაც, ყველა თვითმმართველი თემის საკრებულოში პროპორციული ადგილების წილი შემცირდა, ხოლო მაჟორიტარების წილი – გაიზარდა. გამონაკლისია მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. სხვა ყველა თვითმმართველი თემის საკრებულოში მაჟორიტარული ადგილების წილი გაზრდილია.
საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილია, რომ თემის საკრებულოში პროპორციული სისტემით შესაძლოა არჩეული იქნას 15 წევრი, ხოლო ყველა დასახლებიდან, რომელიც შედის ოლქის ტერიტორიაზე (სოფელი, დაბა, ქალაქი), მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ თითო წევრს.
ამასთან, თუ დაბის მოსახლეობა 4 ათასზე მეტია, შესაძლებელია 1-ზე მეტი მაჟორიტარული ოლქის შექმნა. მაგალითად, თუ ქალაქის, დაბის მოსახლეობა 35 ათას მოსახლეზე მეტია, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია 5 მაჟორიტარული ოლქში შეიქმნას.
რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში
8 ოპოზიციური პარტია 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და არ გეგმავს მასში მონაწილეობას.
„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებით.
ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით,“ – ეს ერთობლივი განცხადება პარტიებმა 19 ივლისს გააკეთეს და დღემდე იცავენ ამ პირობას.
არცერთი პარტია არ დარეგისტრირებულა საარჩევნო სუბიექტად.
რატომ მონაწილეობს „ლელო“ და „გახარია“ არჩევნებში
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა:„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა სპონტანური აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული 285 დღეა საქართველოს მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე.
ასევე ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
ოპოზიცია ერთიანი იყო პროტესტში, სანამ დღის წესრიგში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არ დადგა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
„ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას და უკვე დარეგისტრირებულებიც არიან საარჩევნო სუბიექტებად.
5 ივლისს, პარტიის გენერალურმა მდივანმა და ახლა უკვე თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემასე ახსნა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ არჩევნებში მონაწილეობის მართებულობა.
„ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას – ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რუსული რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას. მზად ვართ ერთობისთვის დასავლურ ოპოზიციასთან, მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ბრძოლა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არის განაჩენი რეჟიმისადმი. ამ ბრძოლაში, არც რეგიონებში და არც თბილისში, არ ვაპირებთ არც ერთი გოჯის დათმობას. მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიტპატიმარი შეემატა რეჟიმს, განსაკუთრებით ჩვენი გუნდიდან, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლაში დანებებას. პირველ რიგში, თქვენი, მოქალაქეების იმედი გვაქვს,“ – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
17 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა გიორგი გახარიამ და ახსნა, თუ რატომ მონაწილეობს მისი პარტია არჩევნებში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი და ერთადერთი გზა… მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმ გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ მივიღეთ.
ჩვენი ყველას – ჩემი, თქვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის – გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს, სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე იმსახურებს. ეს ფაქტია და სანამ ჩვენ ფაქტს არ გავუსწორებთ თვალებს და არ ვაღიარებთ ობიექტურ რეალობას, ჩვენ წინ ვერ წავალთ.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ბოიკოტს და არაფერს არ ექნება აზრი, ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ „ოცნების“ ამომრჩევლების რაოდენობა შემცირდა. ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ თითოეულ ამომრჩეველთან და თითოეულ ოჯახთან არ მივედით და მათ არ დავანახეთ…“ – თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.
საზღვარგარეთ გიორგი გახარია მას შემდეგ წავიდა, რაც ის თეა წულუკიანმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე დაიბარა. გიორგი გახარია კომისიას ონლაინ ჩაერთო. ის იმ დროს უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
„გადავწყვიტეთ, ასეთ მდგომარეობაში, როგორშიც ნაც-ქოცები არიან, სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა პოზიციაზე”, – ეს განცხადება „გირჩმა“ 7 აგვისტოს გააკეთადა ამ გზით ამცნო, იქვე პარტიის ლიდერებმა ახსენეს თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„დასუსტებული „ქართული ოცნება“ ტყუილებით და ალოგიკური ნაბიჯებით ძალიან დასუსტებული ოპოზიცია ერთმანეთს ხვდება. რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, რომ ზუსტად იგივე გავაკეთოთ, რასაც ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ვაკეთებდით, მიუხედავად იმისა, რამდენ პროცენტს მივიღებდით. ჩვენ აქამდე არ მოგვცემია საშუალება ადგილობრივ დონეზე როგორი წარმოდგენა გვაქვს ჩამოგვეყალიბებინა საჯაროდ, მაგალითად, ჩვენი ქალაქი როგორი უნდა იყოს, რასაც ადგილობრივი არჩევნები იდეაში ეხება. თუ ჩვენ რევოლუციაში არ ვმონაწილეობთ, ერთმნიშვნევლოვნად სხვა გზა არ არის, ვმონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ადგილობრივ ამბებს ეხება. გვინდა „გირჩის“ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული კარტბლანში,“ – თქვა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა.
„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატის ასარჩევად შიდაპარტიული პრაიმერიზი გამართა და 4 ოქტომბრის არჩევნებზე გირჩიდან თბილისის მერობისთვის იაგო ხვიჩია იბრძოლებს.
კანდიდატები
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველა ქალაქში ჰყავს მერობის კანდიდატი და აქვს საკრებულოს წევრობის მსურველთა სრული სია.
არჩევნებში მონაწილე ვერცერთი სხვა პარტია ვერ ფარავს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და რეგიონს.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 სექტემბერია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ დააკვირდება ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს აკვირდება.
ეუთო/ოდირი 6 სექტემბრამდე არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იყო მოწვეული. უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებას“ დეკლარირებული ჰქონდა, რომ არ აპირებდა დამკვირვებლად ამ ორგანიზაციის მოწვევას.
საბოლოოდ, 6 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნეს ეუთო/ოდირს და 4 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვიეს, თუმცა 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთო/ოდირი მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიანათქვამია, მათ თბილისიდან მიწვევა ისეთ დროს მიიღეს, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი. ეს კი, ეუთო/ოდირის განცხადებით, არასაკმარისი დროა სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.
______________
ფოტოზე: „რუსული ოცნება“ – წარწერა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე თბილისში. ფოტო: „ნეტგაზეთი“
8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს.
პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს. პაჭკორიას მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე წერდნენ სხვა აქტივისტებიც.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხუტა პაჭკორია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს. მანამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია ხუტა პაჭკორიას 2025 წლის მარტში შეუვსია. ამ დეკლარაციის მიხედვით ის თანასაკუთრებაში ფლობს ბინას თბილისში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია. ფლობს კიდევ ერთ ბინას თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე. როგორც თავად წერს ეს ბინა გაცვლის საფუძველზე დაირეგისტრირა და ფართობის გაზრდის გამო 27 500 აშშ დოლარის დამატება მოუწია.
მისივე დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ხელფასის სახით პაჭკორიას 101 327 ლარი მიუღია, რაც თვეში 8443 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობს მისი მეუღლეც. მას ხელფასის სახით 25 516 ლარი მიუღია, თვეში 2126 ლარია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2006 წელს ხუტა პაჭკორიას შპს „ენერჯი“ დაუფუძნებია, ის თავად ფიქსირდებოდა როგორც კომპანიის 100 პროცენტის მფლობელად, ასევე, კომპანიის დირექტორად. 2010 წელს მან როგორც კომპანიის ასივე პროცენტი ასევე დირექტორის თანამდებობა მამას, ზაურ პაჭკორიას გადასცა. ამის შემდეგ ამონაწერი არ განუახლებიათ.
პოლიციის მაღალჩინოსნის, ხუტა პაჭკორიას სახელი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებში არაერთხელ მოექცა, ბოლოს ის თეა წულუკიანის კომისიაზე მოიხსენიეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ავალიშვილის საქმეში.
„როგორ, ხუტა პაჭკორიამ არ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე? – ჰკითხა გიული ავალიშვილმა თეა წულუკიანს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულებისას, სადაც ის ძმის, გიორგი ავალიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
გიული ავალიშვილმა კომისიას დეტალურად უამბო, როგორ მოუწყვეს მის ძმას, გიორგი ავალიშვილს პროვოკაცია ხუტა პაჭკორიას სცენარით და შემდეგ დააკავეს. მისივე თქმით, პატიმარი გიორგი ავალიშვილი ციხეში აწამეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.
გიული ავალიშვილის ინფორმაციით, მის ძმას 2011 წელს 26 მაისის საპროტესტო აქციაზე მიკროავტობუსით პროტესტის მონაწილეების გადაყვანა არ აპატიეს, წლების შემდეგ გიორგი ავალიშვილი გაამართლეს, საქმის მასალებში კი პროკურატურა წერს, რომ ავალიშვილის წინააღმდეგ ხუტა პაჭკორიას სცენარით მოქმედებდნენ. ის მაშინ ფინანსური პოლიციის თანამშრომელი იყო.
„თქვენი ძმა რომ გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული, კიდევ არაერთ ადამიანს უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში წვლილი ჰქონდა… მათ წინააღმდეგ იყო რამე პროცედურა?“, – ჰკითხა ავალიშვილს თეა წულუკიანმა. ავალიშვილმა უპასუხა, რომ პასუხს პროკურატურისგან წლებია ელოდება.
ეს ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს გიული ავალიშვილმა არ იცოდა, რომ ხუტა პაჭკორია „ოცნების“ ხელისუფლებაში დაწინაურდა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა. დასასრულს კომისიის წევრებმა გიული ავალიანს ისიც კი სთხოვეს, საქმის მასალები დაეტოვებინა მათთვის.
კიდევ ერთი სკანდალი, სადაც ხუტა პაჭკორიას სახელმა გაიჟღერა მედიაში, სარფის საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის საქმეს უკავშირდება.
ამის თაობაზე სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველს“ ჰქონდა მომზადებული. „პირველის“ ინფორმაციით ხუტა პაჭკორია სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე. ამ უწყებიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე დაადასტურა.
გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა: „ყველამ იცის, რა გახდა [პაჭკორიას] გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი გახდა, რომ დააკავეს პიროვნება სარფში და მან თქვა, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა პაჭკორიასთვის“.
ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: „ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, შემდეგ იქნა აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული. რატომ მოხსნეს, მიზეზი?! რა აუცილებელია, ყველაფერი ვთქვათ, რატომ მოხსნეს?“
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] უცვლელად შეინარჩუნა და ის 8.0 პროცენტს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების პარალელურად, შესაბამისად იაფდება ან ძვირდება იმ საბანკო სესხების მომსახურება, რომლებიც ამ განაკვეთზეა მიბმული.
კომიტეტის სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა და მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რომელიც მაღალი მერყეობით ხასიათდება.
სებ-ის განმარტებით გარდა საბაზო ინფლაციისა, სხვა შედარებით ხისტი ფასების საზომები ზომიერად გაზრდილია, რაც ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაციამ აგვისტოში 4.2 პროცენტი შეადგინა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე.
სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება:
„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის არსებული დინამიკა ძირითადად მიწოდების დროებითი ფაქტორებიდან მომდინარეობს, სებ-ი მაინც ირჩევს ფრთხილ მიდგომას, რათა ფასების მიმდინარე ზრდა გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებში არ აისახოს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება“.
სებ-ი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა ცვალებადია და მისი საბოლოო ფორმირება არაერთხელ გადაიხედა, ასეთი ვითარება კი აძლიერებს გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციას.
„შედეგად, შესაძლოა წარმოიშვას მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური სიტუაციის ხელახალი ესკალაციაც ინფლაციურ რისკებს წარმოშობს, ვინაიდან მნიშვნელოვან წნეხს ახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე. მაღალინფლაციური სცენარის განხილვისას საყურადღებოა ადგილობრივ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებიც.“ – წერს სებ-ი.
ეროვნული ბანკის განცხადებით „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე“.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე 9 სექტემბერს ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
________
ფოტოზე: კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, წერილს ავრცელებს ციხიდან.
წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჯაფარიძე წერს:
„რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს.
თუ ასე არ მოხდა, (და ბევრჯერ არ მოხდა უკვე ასე) რა თქმა უნდა, 4-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.
თუ 4-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმი ჩამოიშალა, ესეც მხოლოდ გაგვიხარდება ყველას.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით – ზუსტად როდის გაასხამს ეს რეჟიმი.
ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ეს მოხდება ქუჩიდან ზეწოლით და ამას სჭირდება ქუჩაში ბევრი ხალხი.
„უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” – ჩემთვის არის არასერიოზული არგუმენტი.
1988 წელს, ბავშვები გაგვიყვანეს პირველად მე და ჩემი ძმა რუსთაველზე მამაჩემმა და ბიძაჩემმა და იმის მერე, სულ დავდივართ.
თუ არ მოიგე, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გახვედი ქუჩაში?
მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, რაც ადრეც დავწერე.
ნუ მოვუკლავთ ერთმანეთს ენთუზიაზმს.
პირიქით, ყველა ყველას დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია, ისე, როგორც ჩვენთვის მისაღებია.
ამიტომ, ყველანი გარეთ 13-ში და ყველანი გარეთ 4-ში. ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის.
ესენი არიან ქართული სირცხვილი და უნდა ჩამოვიბანოთ, რაც შეიძლება მალე.
ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დღეს ამისთვის იბრძვის და არა რუსების მიერ გადმოგდებული საკრებულოს რამდენიმე სკამისთვის“.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სამ თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო.
ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც. ბოლო მონაცემებით „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია ოპოზიციის 8 წარმომადგენელი.
ახალი თაობის AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში და ბიზნესში AI-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი პროფესიონალების და ქართული AI კომუნის გაძლიერება – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც თიბისი და GAIA ერთობლივად იმუშავებენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესებისთვის თიბისი და GAIA ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ არაერთ AI პროგრამას, ბუთქემფებს, ტრეინინგებს, საჯარო შეხვედრებს, კონფერენციებს, ვორქშოფებს და ა.შ. ასევე, ახლო მომავალში დაიწყება რეგისტრაციები საოლიმპიადო კურსზე.
„მოხარულები ვართ გვყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო ტენდენციებს მიყვება და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. გვჯერა რომ, GAIA-სთან თანამშრომლობით ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. თიბისის და GAIA-ს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
„თიბისის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის ეროვნული AI ჰაკათონი ჩავატარეთ და საქართველო პირველად წარვადგინეთ AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. წარმატების ამ მაგალითებმა კი გვაჩვენა, რომ საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს. ამიტომ, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორიცაა მომავალი ტალანტების განვითარება, პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და მსოფლიო AI რუკაზე საქართველოს გამოჩენა“ – გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ახლა ხანს GAIA-ს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებულმა მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში, სადაც ნაკრების წევრმა თემიკო მაჭავარიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თიბისი, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის. ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!
„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, როცა სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს, ვაშინგტონში ტრამპთან ხელი ხელშეკრულებას მოაწერეს, შემდეგ კი რუსეთის მოკავშირე ჩინეთში ჩავიდნენ.
„ეს იყო დიპლომატიური ჟესტი, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას,“ – ამბობს ჩინეთმცოდნე.
რა განვითარება ექნება სამხრეთ კავკასიაში რუსეთისგან დისტანცირებას, რა აჩვენა ამ კუთხით შეხვედრებმა ჩინეთში? – „ბათუმელებმა“ შალვა ჩიხლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ეს ნიშნავს რეალურად იმას, რომ ამ ორ სახელმწიფოს – სომხეთსა და აზერბაიჯანს რეალურად საკმაოდ რთული, მრავალდონიანი საგარეო პოლიტიკა აქვთ და ისინი გააზრებულად მიჰყვებიან თავიანთი მიზნების იმპლემენტაციას.
მოგეხსენებათ, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხზე რუსეთის ჩართულობა არც ერევანს და არც ბაქოს არ უნდოდა, ევროკავშირი შეიძლება ყოფილიყო გარანტორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბრიუსელისა და ბაქოს ურთიერთობებს, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა შეთანხმება. ამიტომაც, ყველაზე კარგი ვარიანტი იყო შეერთებული შტატები. აქ პერსონალურ დონეზე რომ გავიდეთ, პრეზიდენტ ტრამპს აქტიურად აქვს, ასე ვთქვათ, მშვიდობის დამამყარებლების, ომის შემწყვეტის იმიჯი. მხარეებმა მას მისცეს შესაძლებლობა, ყოფილიყო მედიატორი – გარანტორი მშვიდობის თემაში.
მანამდე ტრამპი აქტიურად ცდილობდა იგივე ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ცეცხლის შეწყვეტაზე მედიაციას, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კი, რადგან ცეცხლი შეწყვეტილი იყო, მეტ-ნაკლებად თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო წერტილის დასმა იყო მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ტრამპის ჩართვამ რეალური გახადა ოქროს შუალედის დაჭერა: „ტრამპის დერეფანმა“ გააჩინა შესაძლებლობა, ეს პროექტი არც წმინდად სომხური არ ყოფილიყო და არც წმინდად აზერბაიჯანული.
რა როგორ განხორციელდება და ამ დერეფნის იმპლემენტაცია პრაქტიკულ დონეზე როგორი იქნება, ეს სამომავლო საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ორმა ქვეყანამ, რომელიც 30 წელზე მეტია [და რეალურად ეს კონფლიქტი უფრო ადრეც კი იწყება] არიან ერთმანეთთან კონფლიქტში, რაღაცნაირად შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში. ბუნებრივია, ეს საინტერესო გზავნილია მთელი მსოფლიოსადმი და, პირველ რიგში, მოსკოვისადმი.
შალვა ჩიხლაძე
რაც შეეხება იმას, რომ ფაშინიანი და ალიევი იყვნენ პეკინში – ისინი ჩავიდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას აქვს დამკვირვებლის და პარტნიორის სტატუსი. სომხეთმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიძლება საერთოდ გაწევრიანდეს კიდეც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ისინი დაესწრნენ ჯერ თიენძინის სამიტს, ხოლო შემდგომ – მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციისა და მიღწეული გამარჯვების მე-80-ე წლისთავს.
ვინც ძალიან შავ-თეთრში უყურებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს, შესაძლოა, ეს ძალიან უცნაური და პარადოქსული მოვლენა ეგონოს – ვაშინგტონიდან პეკინში, მაგრამ, ფაქტია და ამ შემთხვევამ, ჩემი აზრით, მშვენივრად აჩვენა, რომ იმისთვის, რომ ვაშინგტონთან გქონდეს მეტ-ნაკლებად კარგი დიალოგი, არ არის აუცილებელი სუპერ ანტიჩინური რიტორიკა გქონდეს და პირიქით.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არიან სისტემური მოწინააღმდეგეები, ეს წინააღმდეგობის ფორმატი განსხვავებულია გასული საუკუნეების დაპირისპირებისგან. მაგალითად, ცივ ომში, როდესაც არსებობდა ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორი სხვადასხვა სისტემა: სოციალისტური და კაპიტალისტური. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ეს არქიტექტურა თითქოს იცვლება: ერთის მხრივ, ქვეყნები ცდილობენ ერთმანეთის შეკავებას, კონკურენციას რაღაც თვალსაზრისით და ხელის შეშლას გეოპოლიტიკურ გავლენებში, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი იძულებულები არიან – განსაკუთრებით დიდ ქვეყნებს ვგულისხმობ – მაგალითად, ტარიფებზე შეთანხმდნენ, ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე იმუშაონ, საფონდო ბირჟებზე ითანამშრომლონ და ასე შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის თანამშრომლობა, ჩემი აზრით, ამის მშვენიერი დადასტურებაა – მარჯვენა ხელით ისინი ცდილობენ ერთმანეთის შეკავებას, მეორე ხელით კი, აგრძელებენ კოოპერაციას. ეს უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
ბუნებრივია, გახარებით არ გაუხარდებოდათ, მაგრამ სავარაუდოდ ეს ახსნილიც იქნებოდა მათთვის სხვადასხვა ხაზით, რომ პეკინთან თანამშრომლობა, იმპლემენტაციის დონეზე, არანაირად არ ნიშნავს შეერთებული შტატების ინტერესების ზიანს რეგიონში – არათუ ზიანს, არამედ პირიქით, აშშ-ს მეშვეობით, მედიაცია გავაკეთეთ და თქვენს სახელს ვუწოდებთ კორიდორს.
სხვათა შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოთქვა პეკინში ინიციატივა, რომ ე.წ. ზანგეზურის კორიდორი შეიძლება გახდეს შემადგენელი ნაწილი ეწ. შუა კორიდორის, რომელიც იწყება ჩინეთიდან და მთავრდება ევროპის ტერიტორიაზე.
ჩემი აზრით, როგორც ერევანმა, ასევე ბაქომ, აშშ-თვის იმის ახსნა მოახერხეს, რომ ეს ანტიამერიკულ გზავნილებში არ გადათარგმნილიყო.
შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა.
ეს არ იყო რაღაც რადიკალური ჟესტი – ეს იყო ერთ-ერთ საინტერესო, მნიშვნელოვან, ისტორიულ ღონისძიებაზე დასწრება და ჩინეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში და იაპონიის, ასე ვთქვათ, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტორის ხაზგასმა. ეს იყო დიპლომატიური ჟესტი, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას.
საინტერესო აქ კიდევ ერთი მომენტია – ფაშინიანი პეკინიდან ტოკიოში ჩავიდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ღონისძიებას პეკინში ესწრებოდა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც. წარმოიდგინეთ, ფაშინიანმა ჯერ გააფორმა ვაშინგტონში ხელშეკრულება ტრამპთან, შემდეგ პეკინში პუტინს შეხვდა და შემდეგ გადავიდა ტოკიოში. ჯერ დაესწრო ღონისძიებას იაპონიის კაპიტულაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ჩადის ტოკიოში… ეს რომ ყოფილიყო რადიკალურად მიუღებელი ტოკიოსთვის, ბუნებრივია, არ მიიწვევდნენ და არც შეხვდებოდნენ.
განსხვავებით მე-20 საუკუნისგან, როდესაც ძალიან მკაფიო იყო ვინ იყო მტერი და ვინ – მოკავშირე – გაყოფილი იყო პლანეტა ორ-სამ ბანაკად, 21-ე საუკუნეში ასეთი მკაფიო ხაზები, მტერსა და მოკავშირეს შორის, თითქოს უფრო ბუნდოვანი ხდება ხოლმე. ერევნის და ბაქოს ბოლო მოქმედებები ამ ყველაფრის პრაქტიკული დადასტურებაა.
ის, რომ ევროკავშირი არ იყო სადღაც წარმოდგენილი, არ ნიშნავს იმას, რომ არც ერევანი და ბაქო არ უნდა იყოს სადღაც წარმოდგენილი.
საინტერესოა ის ფაქტორიც, რომ ევროპის ქვეყნებიდან იყო სერბეთის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი ლიდერი, მათ შორის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის…
აზერბაიჯანს თავისი როლი და ინტერესი აქვს, სომხეთი კი, ასე ვთქვათ, სიგნალს უშვებს, რომ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ემხრობა. ეს საკმაოდ ჰგავს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის კლასიკური შემთხვევას.
ვფიქრობ, ცალკე უნდა განვიხილოთ რუსეთის და ჩინეთის შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლო პარტნიორები არიან.
ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს, ერთპარტიული სახელმწიფოა, მას აქვს საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და ლოჯისტიკური კავშირები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ძალიან ბევრ დასავლურ სახელმწიფოსთან.
თავად შეერთებული შტატებისა და პეკინის რიტორიკის მიუხედავად, მათ შორის ძალიან დიდია სავაჭრო ბრუნვა.
რაც შეეხება ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება-არამოქმედებას. ჩემი აზრით, ეს არაა დიდად კავშირში ჩინეთში სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების ჩასვლასთან. ეს მარშრუტი თუ ვერ შედგა, სავარაუდოდ, ამაში ძირითადი როლი ექნება სომხეთს და აზერბაიჯანს და ბუნებრივია, რუსეთ-ირანის ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
რუსეთის ფედერაციაც ეცდება გარკვეული ნეგატიური როლის თამაშს – მეეჭვება, პუტინმა, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური სილა – რეგიონულ პროცესებში მისი ამოვარდნა – შეირჩინოს. ჯერჯერობით რუსეთს ბევრი ბერკეტი ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, პუტინი ყველანაირად შეეცდება, გავლენა დაიბრუნოს, შეიძლება ეს იყოს სომხეთის შიდა არეულობა გარკვეული ოპოზიციური ფრთების გათვალისწინებით, ან კიდევ ირანის ზემოქმედება.
რაიგრძნობოდათქვენთვისპუტინისადაფაშინიანისშეხვედრაში? სომხეთიანგარიშსუწევსიმას, რომაზერბაიჯანისგანგანსხვავებით, ის დაუცველიასამხედროთვალსაზრისით?
ეს ბუნებრივია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიუმრის ბაზაზე 5 000-მდე რუსი ჯარისკაცი რჩება. ფაშინიანს ჯერ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან და შესაბამისად მას არ აქვს იმის კომფორტი, რომ თუნდაც იგივე ირანთან, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა აქამდე ბევრი წლის განმავლობაში, რადიკალურად დააზიანოს ურთიერთობა, ამიტომაც გასაგებია მისი დისტანცირება რუსეთთან, მაგრამ რაღაც კავშირები აუცილებლად უნდა დაიტოვოს.
სომხეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გუშინდელი ეგზისტენციალური მტერი – აზერბაიჯანი, უცებ გახდეს მისი სტრატეგიული მოკავშირე. ასე არ ხდება პოლიტიკაში, ამას დრო უნდა, წლები დასჭირდება ნდობის დამყარებას და აღდგენას. ბუნებრივია გააგრძელებენ ერევანი და მოსკოვი დიალოგს. შეიძლება ეს აღარ იყოს ისეთივე მჭიდრო, როგორიც ეს იყო სარქისიანის და სხვების დროს, მაგრამ ურთიერთობები გაგრძელდება.
საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული გეოპოლიტიკური იდენტობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა და გვაქვს ამოცანა, პირველ რიგში, გვქონდეს ახლო, მჭიდრო ურთიერთობა პლანეტის ერთ-ერთ უზარმაზარ ეკონომიკურ გიგანტთან – ევროკავშირთან. ამ ეტაპამდე გვაქვს განაცხადი, რომ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
თუ გავიხედავთ აღმოსავლეთით, ასევე არის პლანეტის კიდევ ერთი ეკონომიკური გიგანტი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შემდგომ უკვე ამას მოჰყვება ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. გონივრული პოლიტიკის პირობებში, ერთთან და მეორე აქტორთანაც პოზიტიური ურთიერთობა შესაძლებელია.
ცხადია, რომ მჭიდრო და ინსტიტუციონალიზირებული უნდა იყოს ევროკავშირთან ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ ბოლოდროინდელ საგარეო სტრატეგიას თუ გავითვალისწინებთ, ბუნდოვანია, ამჟამად ჩვენი სახელმწიფო საით მიდის, ან როგორ მიდის.
ნორმალურ ვითარებაში, ის, რომ თბილისს ჰქონდეს კარგი, მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და ასევე ჰქონდეს ეკონომიკური და ლოჯისტიკური ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ცენტრალურ აზიასთან, ეს პრაქტიკულ დონეზე ჩვეულებრივად განხორციელებადია.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ცოტა მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ზოგადად, ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრ სახელმწიფოს პატიჟებდნენ, ამავდროულად, მაგალითად, თურქეთმა არ გააგზავნა პირველი პირი, მაგრამ გააგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი.
საქართველო ამ ღონისძიებაზე ჩინეთში მხოლოდ და მხოლოდ ელჩის დონეზე იყო წარმოდგენილი.
რა მოხდა ზუსტად, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ დრომდე ვარკვევ, საქართველო თუ იყო მოწვეული და მხოლოდ ელჩის დონეზე რატომ წავრსდექით ამ აღლუმზე. თუ არ ვიყავით მოწვეული, ესეც უცნაურია, იმიტომ, რომ რეალურად ის სტრატეგიული ურთიერთობა, რაც სომხეთმა და პეკინმა ახლა გამოაცხადეს, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ორი წლის წინ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12-13 სექტემბერს მოსალოდნელია საღამოს და ღამით ელვა-ჭექა და წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
ტანკი – 11 172 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 262 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 32 606 ერთეული [+29]
MLRS – 1 483 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 57 851 ერთეული [+347]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 691 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 61 290 ერთეული [+83]
სპეცტექნიკა – 3 964 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
666 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
82 900 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 036 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 590 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 445 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
41 453 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს.
გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანს „ოცნების დაჯგუფების“ რეალური სახე.
„მოძალადეების ეს ხროვა არის ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ამბავი იყო ზუსტი ილუსტრაცია „ქართული ოცნების“ ანტიქრისტიანობის, ანტიქართველობის, ანტიტრადიციულობის, აბსოლუტური გადაგვარებულობის და დეგრადაციის.
მამაკაცებს, რომლებიც კაცურობაზე საუბრობენ, კაცობის არაფერი არ აქვთ დარჩენილი: გოგონებზე მოძალადე ცხოველები დავინახეთ ჩვენ,“ – გვითხრა გიორგი მაისურაძემ.
„ბათუმელებმა“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო გიორგი, რაც წუხელ ვნახეთ მელიქიშვილის ქუჩაზე, ეს ამბავი რა იყო თქვენთვის?
ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ იმას, რომ სადაც „ქართული ოცნებაა“, იქ ძალადობაა, მოძალადეები ჩნდებიან, სიველურის და სიმხეცის გამოვლინებაა ეს.
განსაკუთრებული იყო ეს ამბავი იმ დემაგოგიური სისულელეების ფონზე, რასაც უკვე მეორე წელია „ქართული ოცნება“ იმეორებს, რომ „ქალი ქალია და კაცი – კაცი“. სამარცხვინო ტყუილები, რომ აი, სქესის შეცვლას მოითხოვს ევროპა, უვიზოს და ეს ბოდვები.
ამ ფონზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ „ქართული ოცნების“ რეალური გაგება კაცობის, ქალობის და ასე შემდეგ. გამოჩნდა მკაფიოდ, რომ მათთვის ქალი არის ძალადობის ობიექტი, მამაკაცი – ცხოველი, ანთროპოლოგიური დეგენერაციის გამოვლინება. დეგენერაცია უკუსვლას ნიშნავს ბიოლოგიაში. ანუ უკან საფეხურზე გადასვლას – ცხოველთან დაბრუნებას.
ტანსაცმლიანი ცხოველები არიან, რაღაც ხროვა ადამიანების, ბოლომდე მათი ადამიანებად დახასიათება შეუძლებელია – ეს არის გამხეცებული, ევოლუციურ ჩიხში გაჩხერილი რაღაც სახეობა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იყოს ადამიანი. ეს დავინახეთ ჩვენ.
აი, ამ ხალხზე დგას „ქართული ოცნების“ ძალაუფლება: მოძალადეებზე, გონებასუსტებზე, ყველაფრის მკადრებლებზე, რომლებსაც არც სამშობლო უყვართ, არც რწმენა აქვთ, არც ტრადიცია ესმით, არც ქრისტიანები არ არიან, არც მუსლიმები არ არიან. საერთოდ, ეს ყველაფერი არის ტყუილზე დაფუძნებული. ტყუილია მათი ყველა აფილიაცია ქართველობაზე, ქრისტიანობაზე…
ეს არის გამოვლინება სიმხეცის, არაადამიანურის, უკულტურობის. ამ ხალხში ერთი გრამი ქრისტიანობა არ არის, ეს სამარცხვინო თვალთმაქცობაა. ქრისტიანობა არ არის პირჯვრის წერა და ლოცვების კითხვა, ქრისტიანობა არის წესების შესრულება.
კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ლევან მაჭავარიანის თქმით: „ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება…“
შეიძლება, თვითონ ლევან მაჭავარიანისთვის და საერთოდ მაგ შტაბისთვის, რომელიც სწორედ ასეთი გამხეცებული, ადამიანობადაკარგული და სახედაკარგული რაღაც სახეობებით არის დაკომპლექტებული, არის შეუძლებელი, რომ შეინარჩუნონ ადამიანური სახე.
მოძალადეების ეს ხროვა არის ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ამბავი იყო ზუსტი ილუსტრაცია „ქართული ოცნების“ ანტიქრისტიანობის, ანტიქართველობის, ანტიტრადიციულობის, აბსოლუტური გადაგვარებულობის და დეგრადაციულობის. მამაკაცებს, რომლებიც კაცურობაზე საუბრობენ, კაცობის არაფერი აქვთ დარჩენილი: გოგონებზე მოძალადე ცხოველები დავინახეთ ჩვენ.
რა იცვლება „ოცნების“ სახის მკაფიო გამოჩენით პოლიტიკურად?
რა უნდა შეიცვალოს? ვიცით, რომ გვაქვს თავსმოხვეული, მოძალადეობრივი რეჟიმი. „ოცნება“ უფრო მეტად და მეტად ავლენს თავის სახეს და კიდევ უფრო მეტად გამოავლენენ. დადებითი მიმართულებით პროგრესს შეუძლებელია ელოდე ამ ძალისგან, რომელიც ძალადობრივად, ფანტაზიით, დემაგოგიით, უტიფრობით მოქმედებს.
ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ისინი არ არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები, ისინი ზუსტად ასეთივე არიან – არათუ გამამართლებლები, არამედ სიამოვნებთ კიდეც ამის ყურება.
ადამიანში არის ბოროტება, არის ეს საწყისი, როგორც, მაგალითად, წულუკიანი განიცდის სადისტურ სიამოვნებას და ჩვენ ამას ვხედავთ მის საჯარო გამოსვლებში: ეს არის ჩამოყალიბებული, დასრულებული სადისტი. როგორც სადისტი განიცდის სექსუალურ სიამოვნებას, როცა, მაგალითად, სადისტურ ტკივილს ანიჭებს თავის პარტნიორს, ზუსტად ასე განიცდის ეს ადამიანი სიამოვნებას. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვისაც ჰქვია, ეს არ არის მოტყუებული ხალხი – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ბოროტების ზეიმს და უხარიათ.
შესაბამისად, აქ იდეოლოგიური ბრძოლა არ მიმდინარეობს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის იდეოლოგია. მათ არანაირი იდეოლოგია არ გააჩნიათ რუსეთუმეობის გარდა.
რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილია 8 სექტემბერს თბილისში მომხდარი ამბავი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ?
ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია.
რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს – არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის.
პოლიციელების თვალწინ იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე და თავდამსხმელები, მათ შორის, პოლიციელზე თავდამსხმელი „ოცნების“ აქტივისტები არ დაუკავებიათ. პოლიციელმა ასევე აგინა ჟურნალისტს და პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი. რა ეტაპზე გადადის პოლიციის როლი, როცა ივანიშვილი დიქტატურას ამყარებს?
აშკარად ჩანდა, რომ პოლიცია იქ იყო „ოცნების“ მოძალადეების კრიმინალური ხროვის დასაცავად და არა წესრიგის დასაცავად.
არ მგონია, რომ რამე ახალი ეტაპია. უბრალოდ, უფრო და უფრო ხილვადი ხდება ეს. გავიდა თვეები და დაგვავიწყდა ის მასობრივი ძალადობის ვაკხანალიები, რომლებსაც ზუსტად ეს ტიტუშკები აწარმოებდნენ პოლიციელებთან ერთად. ზაფხულის არდადეგებზე, როგორც ჩანს, დაგვავიწყდა, ვისთან გვაქვს საქმე, რა ძალაა გაბატონებული საქართველოში. გამოჩნდნენ ისევ და გამოავლინეს საკუთარი თავი.
ვფიქრობ, კიდევ უარესს ჩაიდენენ. მიაჩნიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ, იციან, რომ კანონი მათზე არ ვრცელდება. პოლიციის თვალწინ ხდება ეს ყველაფერი და პოლიციას რეაქცია არა აქვს, კანონი და სამართლიანობა – ასეთი რამ აღარ არსებობს, თუნდაც დაალეწე თავ-პირი, პასუხს არავინ მოგთხოვს; აწამე, მოკალი, გაძარცვე, რაც გინდა, ის ქენი. ეს არის ერთადერთი რეალური სახე ივანიშვილის რეჟიმის.
თქვენი აზრით, რამ შეიძლება დაახევინოს უკან ივანიშვილის დაჯგუფებას, რომელმაც მოახერხა საქართველოში ძალაუფლების მიტაცება? სტუდენტი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობდა წუხანდელი აქციის შემდეგ, ბევრი უნდა შევიკრიბოთ, ეს არის გამოსავალიო.
რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს პროტესტს, ეს ეფექტურია, მაგრამ 100 000 ადამიანი რომ გამოდიოდა დეკემბერში, მაშინ გამოიჩინეს ყველაზე დიდი ბრუტალურობა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
არ ვიცი, რა იქნება ეფექტური, რა იმუშავებს… საქართველოს სამხედრო საბჭო როდესაც მართავდა და შეიარაღებული გადატრიალება მოხდა, ბანდების თარეში იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი სახე, ვიცოდით, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, აღარ არსებობს და ბანდები დადიან. დღეს ეს სიტუაცია არ არის.
ესენი არიან კრიმინალები. ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას, იმიტომ, რომ ნაძარცვ ქონებას და დანაშაულებრივი გზებით მოპოვებულ ქონებას ვეღარ გაიყოფენ და ამოხოცავენ ერთმანეთს.
ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის, ისევ სახელმწიფოს ჩამოშლაზე მივდივართ და ეს როგორმე უნდა იქნას თავიდან აცილებული. ოპოზიცია არის დანაწევრებული, ლიდერები ციხეებში არიან, დილემაშია ქვეყანა. ისინი [„ქართული ოცნება“] არიან უბრალოდ გამყიდველები, მათ პირადი ინტერესების გარდა არაფერი არ აინტერესებთ და პირადი გამორჩენისთვის გაყიდიან ყველაფერს. მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რამეზე დაიხევს უკან, ან რაღაც მომენტში ჰუმანური გახდება, დემოკრატიული, ან ქრისტიანული, ეს ილუზიის მიღმა მგონია.
ყველაფერი იმართება ფულით ან ძალადობით.
თქვენი აზრით, არ არსებობს მასშტაბური საპროტესტო აქციის რესურსი და „მშვიდობიანი დამხობის“, რისთვისაც ოპოზიციის ნაწილი ემზადება?
ამ ეტაპზე პოლიტიკური რესურსი არ ჩანს.
მნიშვნელოვანწილად ამ სქემის ხელის შემწყობი თვითონ ოპოზიციური პარტიებიც არიან, საკუთარი სისუსტით, სივიწროვით და არასახელმწიფოებრივი გამოსვლებით, არასწორი პოლიტიკით. როცა დიქტატურა ყალიბდება, მარტო მმართველი ძალა არ არის დამნაშავე, იქ ოპოზიციაც დამნაშავეა, თავისი სისუსტით და უჭკუობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა და არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე.
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა, იმსჯელა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა.
„ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, აზრის გამოხატვას, ან პოზიციის გამოხატვას და ეს შეიძლება გააკეთო უწყინარ ფორმატში, სტიკერი გააკრა, სამართალდარღვევაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.
ერთსა და იმავე ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორჯერ გაასამართლეს.
პირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით – მოსამართლე სალიხ შაინიძემ, მეორედ კი ასკ-ის 150-ე მუხლით – მოსამართლე მარიანა ფომაევამ.
რატომ და როგორ გაასამართლეს ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე ორჯერ მზია ამაღლობელი
2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“.
მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა და აგინებდა.
2025 წლის 28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრისთვის]. სინამდვილეში, ჩვენების მიცემის დროს, 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს, პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
მარიანა ფომაევას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციომ დაცვის მხარის არგუმენტები არ მოისმინა, არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია გამოხატვის თავისუფლებასთან. თუ ამ სამართლებრივ მსჯელობას გავყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოხატვის უფლება, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე გვაქვს, ეს არის ფორმალური ხასიათის, არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება ღია სივრცეებში, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია დაგვაჯარიმონ ნებისმიერი საფუძვლით და არგუმენტით.
და ეს სტანდარტი, რომელიც უკვე სასამართლომ დაადგინა, არის საშიში პრეცედენტი. მე ვფიქრობ, ყველა იმ სამართალდარღვევის საქმესთან ერთად, რომელიც არის მზია ამაღლობელთან მიმართებით, ეს საქმეც თავის გაგრძელებას პოვებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.