დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea დაიწყო.
გამხსნელი სესია სახელწოდებით – „კრეატიული მებრძოლები: მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის” სინდისის პატიმრებისადმი სოლიდარობასა და უწყვეტ სახალხო პროტესტს მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის პრეზიდენტმა ვატო ქავთარაძემ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მედია, რომელიც არის ჩაგრულთა იმედი, ახლა თავად საჭიროებს მხარდაჭერას.
„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიო ომის პირობებში, მაგრამ ეს არის მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის. და ეს ომი ვითარდება პროპაგანდის, კონფორმიზმისა და პოლიტიკური კულტურის დეგრადაციის ბრძოლის ველებზე… ერთადერთი სიტყვა და ერთადერთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ამას წინ აღუდგეს – არის წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა პოზიციით, გადაწყვეტილებით” – თქვა მან და გამოსვლა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სიტყვებით დაასრულა – „იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს ყველგან. ეს ბრძოლა მხოლოდ რუსთაველზე ან სოციალურ ქსელებში არ მიმდინარეობს – ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ამ ბრძოლაში ვართ. მით უმეტეს, როცა მაგალითად გვყავს ადამიანები, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სინდისის პატიმრები და ყველა ის, ვინც ამ პროცესშია ჩართული.
ეს ფრონტის ხაზი გადის ყველგან – ჩვენი ყოფის და არსებობის საერთოდ ყველა ასპექტში. ეს ბოროტება თავისი ფორმით იმდენად ბევრ ადგილას მოემართება ჩვენს წინააღმდეგ, (გუშინაც დააკავეს ადამიანი, გუშინწინაც მძიმე ამბები მოხდა) რომ ჩვენ ვალდებულები ვართ დავუპირისპირდეთ იქ, სადაც ვართ. იდეაში ეს ფესტივალიც ეს არის“ – განაცხადა ვატო ქავთარაძემ.
მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გარკვეულწილად, ეჭვობდა ფესტივალის გამართვის მიზანშეწონილობაზე პოლიტიკური კრიზისისა და სინდისის პატიმრების არსებობის პირობებში, „მაგრამ ეს ფესტივალიც ამ ბრძოლის ერთ-ერთი განშტოებაა, ბრძოლას ამ ფორმითაც აქვს აზრი და ყველა ვინც აქ არის, ვფიქრობ ამის მონაწილეა“ – დასძინა მან.
ფესტივალის სტუმრებს, შესასვლელშივე მზია ამაღლობელისა და დამოუკიდებელი მედიის სოლიდარობის კუთხე ხვდებათ, სადაც შეუძლიათ დონაცია გააკეთონ და დაეხმარონ დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდამჭერ კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“; ასევე, მისწერონ წერილი მზია ამაღლობელს და დაათვალიერონ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ სპეციალური გამოცემა, რომელიც „ბათუმელების“ ისტორიას სათაურებით ასახავს წლების მიხედვით.

Ad Black Sea

Ad Black Sea

Ad Black Sea

Ad Black Sea

Ad Black Sea

Ad Black Sea
სიმბოლურია ფესტივალის წლევანდელი სლოგანიც – FireWorks in Creative Resistance – „ფეიერვერკები შემოქმედებით წინააღმდეგობაში“.
„რახან ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ფეიერვერკები გახდა ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება ბრძოლისაც, დაუმორჩილებლობისაც, მშვიდობიანი, თან თვალსაჩინო და თან ხმაურიანი პროტესტის, გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალს მთავარი თემა ეს ჰქონოდა და ვფიქრობთ, რომ გამოხატავს ამ სულისკვეთებას“ – ამბობს ვატო ქავთარაძე.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული რეჟისორის, გიორგი ოკმელაშვილის ვიდეო რგოლი – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის გადაიღო, წელს ფესტივალის კონკურსის 12 კატეგორიაშია წარდგენილი.

ფესტივალის უცვლელი ნაწილია კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან თავიან ნამუშევრებს 13 ნომინაციაში [ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა] წარადგენენ. გარდა ამისა Ad Black Sea მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებს.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს. წელს Ad Black Sea – 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს მასპინძლობს.
ფესტივალის ღონისძიებები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.






