მთავარი,სიახლეები

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“ – ნინო ლომჯარია

11.09.2025
„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“ – ნინო ლომჯარია

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“, – წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი.

10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.

მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ჯერ მისთვის ბრალი პროკურატურას არ წარუდგენია.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, თუ დადგინდება, რომ საარჩევნო პლაკატი ნამდვილად დაზიანდა, ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კვალიფიციური და დამოუკიდებელი იურისტები მეგი დიასამიძის ქმედებაში – კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთება – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ.

„წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.

„დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება” [საარჩევნო კოდექსი, მუხლი 46. პუნქტი 7.1]; საარჩევნო პლაკატის დაზიანება ისჯება კოდექსის 80-ე მუხლით: „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.” [მუხლი 93, პუნქტი 4];კოდექსის 80-ე მუხლი ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას,“ – წერს ნინო ლომჯარია.

ამ თემაზე:

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: