მთავარი,სიახლეები

„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი

11.09.2025
„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი

„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში.

მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ ვკითხეთ.

ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს.

„ქართველები ასეთ შემთხვევის დროს ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო და ვხედავთ ივანიშვილის და მამუკა მდინარაძის შიშისგან გაფართოებულ თვალებს. რაც უფრო მეტად ფართოვდება თვალები შიშისგან, მით უფრო ნაკლებად მუშაობს ტვინი. ეს ქრესტომათიაა.

ლელა ჯეჯელავა

ბრალდებამ, რომლითაც ახლა ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, მოლოდინსაც კი გადააჭარბა, რომ ასეთი უსუსურები აღმოჩნდებოდნენ ქოცები. ადამიანს ბრალად დებენ საჯაროდ ქრთამის შეთავაზებას. ამ დროს საჯაროდ სთავაზობენ ადამიანებს ჯილდოს, ქრთამს აძლევენ – ფარულად. იურისპრუდენციის ანა-ბანა და ქართული ენის ცოდნის ელემენტარული უნარებია საჭირო, რომ ის სისულელე, რაც ახლა სუს-ის ბრიფინგზე მოვისმინეთ, არ მოგვესმინა.

ამერიკის ყველა პრეზიდენტს აქვს შეთავაზებული სახალხოდ ჯილდო, მაგალითად, ბინ ლადენის, ან მადუროსთვის. ჰუსეინის თავზე დაწესებული იყო ჯილდო და, სხვათა შორის, ეს თავები ჩაჰბარდათ. მარტო მადუროსია დარჩენილი. მე, მაგალითად, მგონია, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მსოფლიოსთვის წარმოადგენდა ბინ ლადენი.

რა ჰგონია მამუკა მდინარაძეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა, ახლა ჩემი წილი საქართველო და თქვენი წილი საქართველო, იქ, მამუკა მდინარაძესთან მიიტანა მოდულში? ჩვენი წილი პასუხისმგებლობები ამ ქვეყანაზე ლევან ხაბეიშვილისთვის არ გადაგვიბარებია ჩვენ და ამიტომ, ვერაფერს შეცვლიან – პირიქით, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემენ ადამიანებს, 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოვიდნენ.

ივანიშვილი ხარბი კაცია და სიხარბით გამოირჩევა. ეს ეტყობა მის განვლილ ცხოვრებას და „ქველმოქმედებას“, სინამდვილეში ქველმოქმედება კი არა, ეს ამ ქვეყნის რუსეთისთვის დალომბარდებას ნიშნავდა: 3 მილიარდად ჩაალომბარდა ქვეყანა რუსეთში. ბუნებრივია, მას არ შერჩება და ამის უფლებას არავინ არ მისცემს.

ივანიშვილი როგორი ხარბიცაა სიმდიდრის დაგროვების დროს, ასეთივე ხარბია რეპრესიების თვალსაზრისით. ჰგონია, რაც უფრო მეტს დაიჭერს, მით უფრო მეტ შიშს დათესავს, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ჩვენ ამ შიშის მართვა ვისწავლეთ და ვისწავლეთ იმიტომ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის ცნობიერი – გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ ქვეყნისთვის მზად ვართ ყველაფერი დავთმოთ, რაც გვაქვს და ამას თითოეული ჩვენგანის განვლილი ცხოვრება აჩვენებს:

უამრავი ადამიანი ციხეშია, უამრავი ადამიანი დარჩენილია ულუკმაპუროდ, უამრავი ადამიანი ჯანმრთელობაშერყეულია მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერზე თავი არ დაუკრა ბიძინა ივანიშვილს.

ბირთულ ამომრჩეველს ეშინია ძალის. აი, ეს არის. ხომ არ გგონიათ, რომ ივანიშვილის იდეოლოგია მოსწონთ და ამისთვის უჭერენ მხარს? არა, ბირთული ამომრჩეველი, სამწუხაროდ –  აი, ეს ფენომენი, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა და ახლა ჩამოყალიბდა – თაყვანს სცემს მარტო შიშველ ძალას. თუ ისინი ხალხის მხარეს დაინახავენ ძალას, მერე ბიძინა ივანიშვილს ეს მხარდამჭერებიც აღარ ეყოლება,“ – აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: