„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი.
25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე დავიწყეთ. ემიგრანტის დაკვირვებით, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს, რომ საქმე თავ-პირის მტვრევამდე მივიდეს და იგი ძალის დემონსტრირებას ახდენს.
„ჩვენ ვუყურებთ პირდაპირ ძალადობას და ძალადობის პროპაგანდას. როცა გამოდის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ამბობს, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს და ღირსება უნდა დავიცვაო, გამოდის და ძალადობს ხალხზე, ეს არის სახელმწიფო დანაშაული. არ შეიძლება სახელმწიფო თავის ძალას იყენებდეს სიტყვიერად შელახული ღირსებისთვის – ეს არის აზროვნების, გემოვნების, ყველაფრისთვის რაღაც საზღვრების დაწესება, ეს არის ტოტალიტარიზმი,“ – მიიჩნევს თორნიკე ფოცხიშვილი.
თორნიკე ფოცხიშვილი ავსტრიაში 1998 წელს წასულა, როგორც სტუდენტი. ქართველი ეკონომისტი საცხოვრებლად ავსტრიაში დარჩა და იქ ცხოვრობს ცოლთან და ორ შვილთან ერთად.
ქართველ ემიგრანტს ეიმედება, რომ ის საქართველო გაიმარჯვებს, რომელზეც ემიგრაციაში წასული ქართველები ოცნებობენ:
„უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გვინდა ის საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ. აი, მზია ამაღლობელს როცა ვუყურებთ, ასეთი საქართველო მინდა. ეს ერი ვართ ჩვენ სინამდვილეში,“ – ამბობს თორნიკე ფოცხიშვილი.
ემიგრანტს უკვირს, როცა ვეკითხებით – ვისი პასუხისმგებლობაა, თუ საქართველოს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეუჩერებს.
თორნიკე ფოცხიშვილის აზრით, ევროპიდან მკაფიოდ ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორ ცდილობს საქართველო ევროპას დააშოროს, ტყუილებს კი, ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ნაწილს აჯერებს:
„მმართველი პარტია დაგეგმილად მიდის ამ გზით, რომ ჩამოაშოროს საქართველო ევროკავშირს. ევროპის არანაირი ინტერესი არ არის, საქართველო, მაგალითად, რაღაც ომში ჩაერთოს, აი, რა შედეგი უნდა ჰქონდეს ევროპას ამით?!
სამწუხაროა, რომ ბევრს ამის გულწრფელად სჯერა. არ ვლაპარაკობ იმაზე, ვინც ფინანსურად დაინტერესებულია, ან მმართველი სტრუქტურაშია და სახელისუფლებო პროპაგანდას ემსახურება. ვგულისხმობ, აი, უბრალო, ალალ ქართველ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ეს სჯერათ,“ – ამბობს ქართველი ემიგრანტი და თავის დაკვირვებას გვიზიარებს: ავსტრიაში – სადაც „ქართულ ოცნებას“ ხელი არ მიუწვდებოდა წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე და სახელმწიფო რესურსების უკანონოდ გამოყენებაზე – 2024 წლის არჩევნებში მისული ემიგრანტების დაახლოებით 80%-მა მხარი პროევროპულ ოპოზიციას დაუჭირა.
„ასე მოხდებოდა საქართველოშიც, რეალურად რომ მოაშორონ სახელმწიფო აპარატი და პროპაგანდა,“ – ამბობს თორნიკე ფოცხიშვილი.
როგორ აისახება საქართველოზე და ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება?
„თუ შეაჩერეს უვიზო მიმოსვლა და იმედი მაქვს, რომ მაინც სხვა ფორმით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ, რომ ის, რაც ხდება საქართველოში, აისახება მოქალაქეებზე ცუდად და ისევ ჩვეულებრივი ხალხი დაიჩაგრება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, ცხოვრებაში წინ გადაედგა ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებით.
ზოგისთვის ევროპა მოგზაურობის საშუალებაა, ზოგისთვის – სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი. ძალიან ბევრი დაავადებული ადამიანია საქართველოში, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი მკურნალობა, ან არ ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ ემკურნალა – მათთვის ევროპა სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება გახდა.
საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ისედაც უცხოეთშია და აქ ნაშრომით ინახავს საქართველოში ოჯახებს. საქართველოს ბიუჯეტს რომ შევხედოთ, ძალიან დიდი წილი არის ევროპიდან გადმორიცხული თანხის ბრუნვისგან მიღებული თანხა. ამას უდიდესი ეკონომიკური ეფექტი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში.
კრემლიდან მოსული ინსტრუქციების ინტერესია: დაყავი და იბატონე! რაც მეტად ვიქნებით ერთმანეთზე აღრენილები, ერთმანეთთან ვერ დავსხდებით და ვერ გავცვლით თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებულ აზრებს, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა, ვერ მივაღწევთ ვერანაირ განვითარებას.
ემიგრაციაში ყოველდღიური ფიქრი და ემოცია დაკავშირებული გვაქვს საქართველოსთან, რადგან რასაც აქ უყურებ, გინდა, რომ იგივე ხდებოდეს შენს ქვეყანაში – საკუთარი ცხოვრება გაქვს და იცი, როგორი შეიძლება იყოს შენი ცხოვრება, მაგალითად, 30 წლის მერე რას შეიძლება აკეთებდე. მთელი კანონმდებლობა ისეა აგებული, რომ ვერ დაიჩაგროს ვერავინ: არც სამუშაოს მიმცემი, არც დასაქმებული, არც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი და არც ხულიგანი…
ევროპის ქვეყნებში მართლაც ბევრი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი შეიძლება შეგვხდეს, მაგრამ თუ ვინმეს ვინმე არ მოსწონს, ჩაუვლის გვერდს და ეგაა. გამოსავალი არაა თავ-პირის მტვრევა და რაღაც თემების გაბუქება, მიუღებლობის დამკვიდრება, რაც ახლა ხდება საქართველოში…
რასაც ვუყურებ, მუდმივად რაღაცით გვაშინებენ ქართველებს. გვაშინებენ რუსული ატომური ბომბებით, რომ ეს დაგვეცემა თავში, თუ არ იქნება ბიძინა. ამ დროს ვიღაც ტიპები ჩალიჩობენ და ხალხის მიერ შეგროვებულ ფულს ჭამენ, ქუჩაში გადიან და ხალხს სცემენ, რატომ ხმას იღებთ, უნდა გცემოთ, ღირსებას ვიცავთო, მაგრამ ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ.
ისეთ რაღაცაში არიან გასვრილი, რომ ყველა აგინებს,“ – გვიყვება ქართველი ემიგრანტი თორნიკე ფოცხიშვილი.
ემიგრანტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნის გარდა, ძირითადად პატარ-პატარა ქვეყნებია, მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტი, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირის ფორმატი გახდა:
„ევროინტეგრაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო გადარჩეს და განვითარდეს. ევროკავშირის სივრცე აძლევს სწორედ პატარა ქვეყნებს საშუალებას, გამოიყენონ ევროპის სიძლიერე, როგორც ერთი დიდი ერთიანობა. შენ, როგორც პატარა ქვეყანას, შეგიძლია ისე მოაწყო შენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორც საჭიროდ თვლის მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ ძალადობის გარეშე.
კომუნისტების დროსაც აშინებდნენ საქართველოს, დაინგრევა ეს ევროპა, დაინგრევა კაპიტალიზმი, ევროპა გარყვნილია და ასე შემდეგ. გამოჩნდა კიდეც, რაცაა სიმართლე.
ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და დადგება შედეგი. იძულებული ვართ, ვიყოთ დაპირისპირებული სახელმწიფო სტრუქტურასთან: ადამიანების ზურგს უკან ჩართულია ამხელა მექანიზმები, რომ ეს სიტუაცია იყოს, რაც ახლა არის. ყველაფერი არის ტყუილზე ორიენტირებული, გამოფენაზე, შიგნით რა ხდება, ღმერთმა იცის.
რუსეთი ვერ პოულობს მშვიდობიანი განვითარების გზას საკუთარი თავისთვის. ჩვენ კი გვინდა მშვიდობიანი განვითარება, მაგრამ არ გვიშვებს რუსეთი ხელს. ჩვენც უკვე გვაქვს ამის გამოცდილება და გენეტიკა, სულ ბრძოლაში ვიყოთ ხან რუსეთთან, ხან ირანთან, თუ ოსმალებთან, მონღოლებთან, თუ არაბებთან.
მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იპოვის იმ ადგილს, რომელიც ეკუთვნის. ეს იქნება ქვეყანა, სადაც მართლა იქნება დაცული ადამიანის სიცოცხლე და ღირსება,“ – გვითხრა თორნიკე ფოცხიშვილმა.






