მთავარი,სიახლეები

„ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

10.09.2025
„ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, წერილს ავრცელებს ციხიდან.

წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჯაფარიძე წერს:

„რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს.

თუ ასე არ მოხდა, (და ბევრჯერ არ მოხდა უკვე ასე) რა თქმა უნდა, 4-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.

თუ 4-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმი ჩამოიშალა, ესეც მხოლოდ გაგვიხარდება ყველას.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით – ზუსტად როდის გაასხამს ეს რეჟიმი.

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ეს მოხდება ქუჩიდან ზეწოლით და ამას სჭირდება ქუჩაში ბევრი ხალხი.

„უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” – ჩემთვის არის არასერიოზული არგუმენტი.

1988 წელს, ბავშვები გაგვიყვანეს პირველად მე და ჩემი ძმა რუსთაველზე მამაჩემმა და ბიძაჩემმა და იმის მერე, სულ დავდივართ.

თუ არ მოიგე, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გახვედი ქუჩაში?

მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, რაც ადრეც დავწერე.

ნუ მოვუკლავთ ერთმანეთს ენთუზიაზმს.

პირიქით, ყველა ყველას დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია, ისე, როგორც ჩვენთვის მისაღებია.

ამიტომ, ყველანი გარეთ 13-ში და ყველანი გარეთ 4-ში. ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის.

ესენი არიან ქართული სირცხვილი და უნდა ჩამოვიბანოთ, რაც შეიძლება მალე.

ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დღეს ამისთვის იბრძვის და არა რუსების მიერ გადმოგდებული საკრებულოს რამდენიმე სკამისთვის“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სამ თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო.

ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც. ბოლო მონაცემებით „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია ოპოზიციის 8 წარმომადგენელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: