მთავარი,სიახლეები

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

11.09.2025
„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.

ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სასამართლოში მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა:

„ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა. ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად,“ – წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე.

საიას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმას, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თავად არღვევს კანონს, როცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე ათავსებს სააგიტაციო მასალას.

„წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე.

პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა [სასტუმრო ,,საქართველო“] სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა.

შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ საარჩევნო ბანერად,“ – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

სიას ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ არაა სამართლებრივი ლოგიკით კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული:

„სტუდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებული არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს.

დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.

ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის.

თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებოდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში,“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: