მთავარი,სიახლეები

„სიგიჟეა, ქრთამად მიიჩნიო საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისების მოწოდება“ – იურისტი

11.09.2025 •
„სიგიჟეა, ქრთამად მიიჩნიო საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისების მოწოდება“ – იურისტი

ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებაა.

იურისტი გურამ იმნაძე ძირითადად ორი მთავარი გარემოების გამო მიიჩნევს დაუსაბუთებლად ლევან ხაბეიშვილის დაკავებას: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ კი არა, პირიქით კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა და მეორე – კონკრეტული ადრესატები ლევან ხაბეიშვილის განცხადებას არ ჰყავს.

„სიგიჟეა ქრთამად მიიჩნიო ისეთი საჯარო მოწოდება, რომელიც საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისებას ისახავს მიზნად. კარგი საქციელია, მაგალითად, უკანონო ბრძანების შეუსრულებლობა, სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის მხილება.

აქ არ არის არც მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოწოდება და არც მოწოდება პირადი გამორჩენის მიღების მიზნით. იმ ინფორმაციით, რაც გაჟღერდა და რა ფორმითაც იყო ეს მოწოდება, ანუ საჯაროდ, ნამდვილად ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას ქმნის ეს ქმედება,“ – გვითხრა იურისტმა გურამ იმნაძემ.

რამდენად შეიძლება ქრთამის შეთავაზება საჯაროდ?

„როცა საჯაროა ეს შეთავაზება კიდევ უფრო მეტად არის სამტკიცებელი დანაშაულებრივი განზრახვა.

ხოლო თუკი რაიმე ინფორმაციის გაჟღერებაზე არის საუბარი, საუბარია სისტემის მხილებაზე. ესეც პირდაპირ შეიძლება სამართალდამცავის სამსახურებრივი ვალდებულებაც კი იყოს გარკვეულწილად, ეთიკური, პროფესიული, რომ ეს გააკეთოს. ამისკენ მოწოდება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამის შეთავაზებად.

ზოგადად კორუფციული დანაშაული – ქრთამის მიცემაც და მოთხოვნა, ან აღება – არის ფორმალური დანაშაული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთავაზების გაკეთებისთანავე, ანუ მოთხოვნის გაჟღერებისთანავე ჩაითვლება ქმედება დანაშაულად, მიუხედავად იმისა, მოჰყვება თუ არა მას შედეგი, ანუ მოხელე აიღებს თუ არა ამ თანხას, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ თვითონ ქრთამის შეთავაზება უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ სუბიექტზე, ადრესატზე და მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული უკანონო ქმედების წახალისებას პირადი გამორჩენის მიზნით,“ – განმარტა გურამ იმნაძემ „ბათუმელებთან“.

ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით [ქრთამის მიცემა] დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ მურთაზ ზოდელავა. მას გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინაამდეგობის გაწევა.

სუს-ის ვერსიით, მურთაზ ზოდელავა მაშინ დააკავეს, როცა მან ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა.

ამავე თემაზე:

„საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება“ – ნონა ქურდოვანიძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: