დღეს, 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს.
„დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი.
რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე!
დამხობა რეჟიმს,“ – წერს ფეისბუქზე დაკავებული სტუდენტის და, ნელი დიასამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.“.
შსს-ს თანახმად, მეგი (ირმა) დიასამიძემ, „მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“.
გამოძიება 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეგი სამოქალაქო აქტივისტია. იგი შუახევიდანაა. მეგი დიასამიძე 2023 წლიდან აპროტესტებს რუსულ კანონს.
„როგორც მოქალაქე, ყველანაირად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვიდგე იქ, სადაც საჭიროა და გავაკეთო ის, რაც საჭიროა. „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს გარუსება“ – უთხრა მეგიმ „ბათუმელებს“ 2024 წლის გაზაფხულზე, ინტერვიუში.
ამავე თემაზე:
22 წლის მეგი რუსულ კანონზე – ეს კანონი მეხება მე, როგორც მოქალაქეს
„რატომ იცინით“ – მოქალაქე, რომელმაც ბათუმის საკრებულოში რიჟვაძის ნათქვამი გააპროტესტა


