„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს.
გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანს „ოცნების დაჯგუფების“ რეალური სახე.
„მოძალადეების ეს ხროვა არის ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ამბავი იყო ზუსტი ილუსტრაცია „ქართული ოცნების“ ანტიქრისტიანობის, ანტიქართველობის, ანტიტრადიციულობის, აბსოლუტური გადაგვარებულობის და დეგრადაციის.
მამაკაცებს, რომლებიც კაცურობაზე საუბრობენ, კაცობის არაფერი არ აქვთ დარჩენილი: გოგონებზე მოძალადე ცხოველები დავინახეთ ჩვენ,“ – გვითხრა გიორგი მაისურაძემ.
„ბათუმელებმა“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო გიორგი, რაც წუხელ ვნახეთ მელიქიშვილის ქუჩაზე, ეს ამბავი რა იყო თქვენთვის?
ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ იმას, რომ სადაც „ქართული ოცნებაა“, იქ ძალადობაა, მოძალადეები ჩნდებიან, სიველურის და სიმხეცის გამოვლინებაა ეს.
განსაკუთრებული იყო ეს ამბავი იმ დემაგოგიური სისულელეების ფონზე, რასაც უკვე მეორე წელია „ქართული ოცნება“ იმეორებს, რომ „ქალი ქალია და კაცი – კაცი“. სამარცხვინო ტყუილები, რომ აი, სქესის შეცვლას მოითხოვს ევროპა, უვიზოს და ეს ბოდვები.
ამ ფონზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ „ქართული ოცნების“ რეალური გაგება კაცობის, ქალობის და ასე შემდეგ. გამოჩნდა მკაფიოდ, რომ მათთვის ქალი არის ძალადობის ობიექტი, მამაკაცი – ცხოველი, ანთროპოლოგიური დეგენერაციის გამოვლინება. დეგენერაცია უკუსვლას ნიშნავს ბიოლოგიაში. ანუ უკან საფეხურზე გადასვლას – ცხოველთან დაბრუნებას.
ტანსაცმლიანი ცხოველები არიან, რაღაც ხროვა ადამიანების, ბოლომდე მათი ადამიანებად დახასიათება შეუძლებელია – ეს არის გამხეცებული, ევოლუციურ ჩიხში გაჩხერილი რაღაც სახეობა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იყოს ადამიანი. ეს დავინახეთ ჩვენ.
აი, ამ ხალხზე დგას „ქართული ოცნების“ ძალაუფლება: მოძალადეებზე, გონებასუსტებზე, ყველაფრის მკადრებლებზე, რომლებსაც არც სამშობლო უყვართ, არც რწმენა აქვთ, არც ტრადიცია ესმით, არც ქრისტიანები არ არიან, არც მუსლიმები არ არიან. საერთოდ, ეს ყველაფერი არის ტყუილზე დაფუძნებული. ტყუილია მათი ყველა აფილიაცია ქართველობაზე, ქრისტიანობაზე…
- დღეს სამების ტაძრის არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ დასვა კითხვა: „ეს არის ოჯახის სიწმინდის თუ ქრისტიანობის დაცვა? მილიციას ამოფარებულო „ვაჟკაცებო“, არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული…“
იმავე კითხვას ვსვამ მეც.
ეს არის გამოვლინება სიმხეცის, არაადამიანურის, უკულტურობის. ამ ხალხში ერთი გრამი ქრისტიანობა არ არის, ეს სამარცხვინო თვალთმაქცობაა. ქრისტიანობა არ არის პირჯვრის წერა და ლოცვების კითხვა, ქრისტიანობა არის წესების შესრულება.
- კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ლევან მაჭავარიანის თქმით: „ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება…“
შეიძლება, თვითონ ლევან მაჭავარიანისთვის და საერთოდ მაგ შტაბისთვის, რომელიც სწორედ ასეთი გამხეცებული, ადამიანობადაკარგული და სახედაკარგული რაღაც სახეობებით არის დაკომპლექტებული, არის შეუძლებელი, რომ შეინარჩუნონ ადამიანური სახე.
მოძალადეების ეს ხროვა არის ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ამბავი იყო ზუსტი ილუსტრაცია „ქართული ოცნების“ ანტიქრისტიანობის, ანტიქართველობის, ანტიტრადიციულობის, აბსოლუტური გადაგვარებულობის და დეგრადაციულობის. მამაკაცებს, რომლებიც კაცურობაზე საუბრობენ, კაცობის არაფერი აქვთ დარჩენილი: გოგონებზე მოძალადე ცხოველები დავინახეთ ჩვენ.
- რა იცვლება „ოცნების“ სახის მკაფიო გამოჩენით პოლიტიკურად?
რა უნდა შეიცვალოს? ვიცით, რომ გვაქვს თავსმოხვეული, მოძალადეობრივი რეჟიმი. „ოცნება“ უფრო მეტად და მეტად ავლენს თავის სახეს და კიდევ უფრო მეტად გამოავლენენ. დადებითი მიმართულებით პროგრესს შეუძლებელია ელოდე ამ ძალისგან, რომელიც ძალადობრივად, ფანტაზიით, დემაგოგიით, უტიფრობით მოქმედებს.
ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ისინი არ არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები, ისინი ზუსტად ასეთივე არიან – არათუ გამამართლებლები, არამედ სიამოვნებთ კიდეც ამის ყურება.
ადამიანში არის ბოროტება, არის ეს საწყისი, როგორც, მაგალითად, წულუკიანი განიცდის სადისტურ სიამოვნებას და ჩვენ ამას ვხედავთ მის საჯარო გამოსვლებში: ეს არის ჩამოყალიბებული, დასრულებული სადისტი. როგორც სადისტი განიცდის სექსუალურ სიამოვნებას, როცა, მაგალითად, სადისტურ ტკივილს ანიჭებს თავის პარტნიორს, ზუსტად ასე განიცდის ეს ადამიანი სიამოვნებას. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვისაც ჰქვია, ეს არ არის მოტყუებული ხალხი – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ბოროტების ზეიმს და უხარიათ.
შესაბამისად, აქ იდეოლოგიური ბრძოლა არ მიმდინარეობს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის იდეოლოგია. მათ არანაირი იდეოლოგია არ გააჩნიათ რუსეთუმეობის გარდა.
- რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილია 8 სექტემბერს თბილისში მომხდარი ამბავი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ?
ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია.
რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს – არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის.
- პოლიციელების თვალწინ იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე და თავდამსხმელები, მათ შორის, პოლიციელზე თავდამსხმელი „ოცნების“ აქტივისტები არ დაუკავებიათ. პოლიციელმა ასევე აგინა ჟურნალისტს და პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი. რა ეტაპზე გადადის პოლიციის როლი, როცა ივანიშვილი დიქტატურას ამყარებს?
აშკარად ჩანდა, რომ პოლიცია იქ იყო „ოცნების“ მოძალადეების კრიმინალური ხროვის დასაცავად და არა წესრიგის დასაცავად.
არ მგონია, რომ რამე ახალი ეტაპია. უბრალოდ, უფრო და უფრო ხილვადი ხდება ეს. გავიდა თვეები და დაგვავიწყდა ის მასობრივი ძალადობის ვაკხანალიები, რომლებსაც ზუსტად ეს ტიტუშკები აწარმოებდნენ პოლიციელებთან ერთად. ზაფხულის არდადეგებზე, როგორც ჩანს, დაგვავიწყდა, ვისთან გვაქვს საქმე, რა ძალაა გაბატონებული საქართველოში. გამოჩნდნენ ისევ და გამოავლინეს საკუთარი თავი.
ვფიქრობ, კიდევ უარესს ჩაიდენენ. მიაჩნიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ, იციან, რომ კანონი მათზე არ ვრცელდება. პოლიციის თვალწინ ხდება ეს ყველაფერი და პოლიციას რეაქცია არა აქვს, კანონი და სამართლიანობა – ასეთი რამ აღარ არსებობს, თუნდაც დაალეწე თავ-პირი, პასუხს არავინ მოგთხოვს; აწამე, მოკალი, გაძარცვე, რაც გინდა, ის ქენი. ეს არის ერთადერთი რეალური სახე ივანიშვილის რეჟიმის.
- თქვენი აზრით, რამ შეიძლება დაახევინოს უკან ივანიშვილის დაჯგუფებას, რომელმაც მოახერხა საქართველოში ძალაუფლების მიტაცება? სტუდენტი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობდა წუხანდელი აქციის შემდეგ, ბევრი უნდა შევიკრიბოთ, ეს არის გამოსავალიო.
რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს პროტესტს, ეს ეფექტურია, მაგრამ 100 000 ადამიანი რომ გამოდიოდა დეკემბერში, მაშინ გამოიჩინეს ყველაზე დიდი ბრუტალურობა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
არ ვიცი, რა იქნება ეფექტური, რა იმუშავებს… საქართველოს სამხედრო საბჭო როდესაც მართავდა და შეიარაღებული გადატრიალება მოხდა, ბანდების თარეში იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი სახე, ვიცოდით, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, აღარ არსებობს და ბანდები დადიან. დღეს ეს სიტუაცია არ არის.
ესენი არიან კრიმინალები. ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას, იმიტომ, რომ ნაძარცვ ქონებას და დანაშაულებრივი გზებით მოპოვებულ ქონებას ვეღარ გაიყოფენ და ამოხოცავენ ერთმანეთს.
ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის, ისევ სახელმწიფოს ჩამოშლაზე მივდივართ და ეს როგორმე უნდა იქნას თავიდან აცილებული. ოპოზიცია არის დანაწევრებული, ლიდერები ციხეებში არიან, დილემაშია ქვეყანა. ისინი [„ქართული ოცნება“] არიან უბრალოდ გამყიდველები, მათ პირადი ინტერესების გარდა არაფერი არ აინტერესებთ და პირადი გამორჩენისთვის გაყიდიან ყველაფერს. მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რამეზე დაიხევს უკან, ან რაღაც მომენტში ჰუმანური გახდება, დემოკრატიული, ან ქრისტიანული, ეს ილუზიის მიღმა მგონია.
ყველაფერი იმართება ფულით ან ძალადობით.
- თქვენი აზრით, არ არსებობს მასშტაბური საპროტესტო აქციის რესურსი და „მშვიდობიანი დამხობის“, რისთვისაც ოპოზიციის ნაწილი ემზადება?
ამ ეტაპზე პოლიტიკური რესურსი არ ჩანს.
მნიშვნელოვანწილად ამ სქემის ხელის შემწყობი თვითონ ოპოზიციური პარტიებიც არიან, საკუთარი სისუსტით, სივიწროვით და არასახელმწიფოებრივი გამოსვლებით, არასწორი პოლიტიკით. როცა დიქტატურა ყალიბდება, მარტო მმართველი ძალა არ არის დამნაშავე, იქ ოპოზიციაც დამნაშავეა, თავისი სისუსტით და უჭკუობით.






