კომპანია იუნიქ სთეი ჰოტელსის განცხადება

უკვე 6 წელია გვაქვს სასამართლო დავა თურქეთის მოქალაქე ქემალ გაზიოღლუსთან, ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2006 წელს სამშენებლო ნებართვის გარეშე 3.5 მეტრის სიღრმის ქვაბულის ამოღებამ და მრავალი წლის მანძილზე კონსერვაციის გარეშე მიტოვებამაც დააზიანა ჩვენი კომპანიის კუთვნილი შენობა (რაც გასულ წელს „გააპიარა“ კიდეც აქედან გამომდინარე დამატებითი ზიანის სამართლებრივი შედეგებით!) და რაზეც სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილი 20–მდე საექსპერტო დასკვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მიერ შეკვეთილი დასკვნებიც, ცალსახად ადასტურებს ქემალ გაზიოღლუს ბრალს ჩვენი ქონების დაზიანებაში.

ხათუნა ბოლქვაძე

მას შემდეგ, რაც თბილისში განხილულ დავებზე სასამართლოს ორმა ინსტანციამ  ქემალ გაზიოღლუს ჩვენი კომპანიის სასარგებლოდ 952’899 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო მასთან დასრულებულ სხვა დავაზე მას დაეკისრა 110 000 ლარი ჩვენს სასარგებლოდ (რაზეც გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი), ქემალ გაზიოღლუმ დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოებით 2017 წლის 11 დეკემბერს გადაიტანა მისი პირადი და მისი კომპანიის მისამართები თბილისიდან ბათუმში, აქედან მეორე დღეს კი, 2017 წლის 12 დეკემბერს, „აჩივლებინა“ მისივე თანასოფლელ ვინმე ერდოღან ილმაზს 6 წლის წინანდელ არარსებულ 2 მილიონ დოლარ ვალზე, რომელ საქმეზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ერდოღან ილმაზის სარჩელზე ქემალ გაზიოღლუს მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის ფორმალური მიზეზით ჩვენთვის შეუტყობინებლად 2 თვის ვადაში მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გადასცა „ვალში“ ერდოღან ილმაზს ქემალ გაზიოღლუს ქონება (ზედ 400 000 დოლარი ჯარიმაც დააკისრა მოპასუხეს, რაზეც მას არც უდავია!!) და მოხსნა ჩვენი სარჩელის უზრუნველსაყოფად თბილისში დადებული მილიონიანი ყადაღა ქემალ გაზიოღლუს კომპანია „ეფორის“ მიწის ნაკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოსამართლეს ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტების გამო გასული წლის ოქტომბერში მისივე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ორი თანასოფლელი თურქის „დავაზე“ საქმის წარმოების განახლება საქმეში ჩვენი ჩართვით მოუწია, მისმა დაუსწრებელმა გადაწყვეტილებამ ჩვენ მოგვაყენა გამოუსწორებელი ზიანი, რამეთუ ერდოღან ილმაზმა ქემალ გაზიოღლუსთვის ქონების „ვალში წართმევის“ შემდეგ 2 სამუშაო დღეში ასევე დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოებით (სად ეჩქარებოდათ?!) „გადააფორმა“ ქონება ასევე მათივე თანასოფლელ ვინმე ქემალ ოზენზე, ვინც ახლა თავს „კეთილსინდისიერ შემძენად“ ასაღებს და ვისი ადვოკატიც ასევე  გახლავთ ქემალ გაზიოღლუს ჩვენთან მრავალი სასამართლო პროცესის წამგები წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი.

დაზიანებული ქონება
დაზიანებული ქონება

2013 წელს ქემალ გაზიოღლუსთან სასამართლო დავების დაწყების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებების და არაერთი საექსპერტო დასკვნის უგულვებელყოფით, მისი ბრალით დაზიანებული ჩვენი შენობის გამაგრების ნაცვლად ქემალ გაზიოღლუს კომპანია „ეფორმა“ მოითხოვა და 2 კვირაში „მიიღო“ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან ჩვენს მიმდებარედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად სამშენებლო ნებართვა, რაც არქიტექტურის სამსახურმა გასცა იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენს მიერ მათთვის წარდგენილი საექსპერტო დასკვნები ცალსახად მიუთითებდნენ ჩვენი შენობის გამაგრების აუცილებლობაზე მის მიმდებარედ ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს დაწყებამდე. 2015 წლის აგვისტოში „ეფორზე“ გაცემული სამშენებლო ნებართვის შედეგად დაწყებულმა ქვაბულის ხიმინჯოვანი ფარდის მოწყობის სამუშაოებმა, როგორც ექსპერტები მანამდეც აფრთხილებდნენ არქიტექტურის სამსახურს, ახალი ბზარები გაუჩინა და დამატებით დააზიანა ჩვენი კომპანიის კუთვნილი შენობა. აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემდეგ, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 1 მარტის დადგენილებით ჯერ შეუჩერა „ეფორს“ სამშენებლო სამუშაოები, მოგვიანებით კი 2016 წლის 24 მაისს ქალაქ თბილისის მერმა თავისი ბრძანებით საერთოდ გააუქმა არქიტექტურის სამსახურის მიერ „ეფორზე“ კანონდარღვევით და საექსპერტო დასკვნების უგულვებელყოფით გაცემული სამშენებლო ნებართვა.

მერის აღნიშნული ბრძანება „ეფორის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქ–ნმა ანა ჩხეტიამ ის ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება „ეფორის“ წარმომადგენელ ხათუნა გრიგალაშვილს ამჯერად გასაჩივრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მოსამართლეა ბ–ნი გიორგი ტყავაძე), ის ამჯერად ასევე მოქმედებს „კეთილსინდისიერი შემძენი“ ქემალ ოზენის რწმუნებულებითაც, რომელმაც მიმდინარე წლის 8 იანვარს მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სამშენებლო ნებართვა იგივე მიწაზე და იგივე პროექტით (!!), რის საფუძველზე ნაწარმოებმა ქვაბულის ხიმინჯოვანი ფარდის მოწყობის სამუშაოებმაც 2015–16  წლებში ერთხელ უკვე დააზიანა ჩვენი შენობა. იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური და მისი უფროსი ბ–ნი თეიმურაზ ბოლოთაშვილი არ დაუშვებს იგივე გადაცდომას და არ გასცემს სამშენებლო ნებართვას ფიქტიურ მესაკუთრე ქემალ ოზენზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წელს დამტკიცებული ჩვენი შენობის გამაგრების პროექტის განხორციელებამდე, რაში ფულის გადახდაც ქემალ გაზიოღლუს აგრერიგად არ სურს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი „ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ“ ქემალ გაზიოღლუს, ერდოღან ილმაზის და ქემალ ოზენის საზღვრისპირა მშობლიურ ხოფაში 2013 წელს ვითომ ხელმოწერილი ნოტარიულად დაუმოწმებელი ხელშეკრულებით „ეფორის“ ჩვენს მიერ დაყადაღებული ბოლო ქონების სამი თანასოფლელის ხელში რამდენიმე დღიანი ინტერვალით „მოგზაურობის“ შემდეგ და ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ამჟამად თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას სისხლის–სამართლის საქმეზე ხათუნა გრიგალაშვილის, ქემალ გაზიოღლუს, მუზაფერ გაზიოღლუს, ერდოღან ილმაზის, ქემალ ოზენის და სხვათა მიმართ ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების მუხლით, რომელზეც ჩვენების მისაცემად უკვე 7 თვეა ისინი არ ცხადდებიან..

სამუშაოების განახლებამ ისევ დააზიანა ქონება
სამუშაოების განახლებამ ისევ დააზიანა ქონება

იმედს ვიტოვებთ,  საქართველოს უზენაესი სასამართლო (მომხსენებელი–მოსამართლე ქ–ნი ნინო ბაქაქური) დროულად განიხილავს ქემალ გაზიოღლუს საკასაციო საჩივარს მისი ბრალით  დაზიანებული ჩვენი შენობის საქმეზე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამის შემდეგ ჩვენ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის „დამსახურებით“ ერდოღან ილმაზს და ქემალ ოზენსაც უნდა მერე ვედავოთ ქემალ გაზიოღლუს გადამალული ქონება რომ უკან დაუბრუნონ და რისი დასაბუთებაც შენობის დაზიანებაზე 6 წლის მანძილზე დავის განმხილველ „მრავალი წარმატებული რეფორმის“ განმახორციელებელ „ეფექტურ მართლმსაჯულებას“, იმედს ვიტოვებთ, რომ არ გაუჭირდება (პირველ ინსტანციაში მოსამართლე თამარ ლაკერბაიადან დაწყებული, ვისი 30.03.2018 წლის განჩინებითაც ყადაღა ადევს ქემალ ოზენის ფიქტიურ საკუთრებაში მყოფ ქემალ გაზიოღლუს ქონებას).

საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენ შეტანილი გვაქვს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიმართ და ველოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციას ზემოაღნიშნულ სავარაუდო დანაშაულში ხათუნა ბოლქვაძის  როლზე.

ქემალ გაზიოღლუს მიერ მედია–საშუალებებით (უპირველესად „რუსთავი 2“–ით) გაჟღერებულ ცილისწამებებზე ჩვენ ასევე შეტანილი გვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ქ–ნი თეა ბერაია) და მიუხედავად იმისა, რომ შესაგებლის წარმოდგენის ვადები ქემალ გაზიოღლუს კარგა ხანია გაუვიდა, ჩვენ არ ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად.

საჯაროდ მივმართავთ ქემალ გაზიოღლუს და მის „ადვოკატს“ ხათუნა გრიგალაშვილს წარმოადგინონ შესაგებელი და იმართლონ თავი სასამართლოში იმ ცილისწამებებზე, რაც მათ გასული წლის ივნისში გამართულ ე.წ. ბრიფინგზე გააჟღერეს. აქვე პირდაპირ ეთერში ტელედებატებში საჯაროდ კიდევ ერთხელ პირადად ვიწვევთ ქემალ გაზიოღლუს, რათა საზოგადოებამ ობიექტურად შეაფასოს მისი „სიმართლე“, რისაც როგორც ჩანს, თავადვე ისე ეშინია, რომ პოლიციის გარდა პირდაპირ ეთერში სასაუბროდ ჩვენც გვემალება.

როგორ ავიყვანოთ ძაღლი ბათუმის ცხოველთა თავშესაფრიდან [ფოტო]

თუ ძაღლის აყვანა გსურთ, მაგრამ ძვირადღირებული ჯიშის ლეკვს ვერ ან არ ყიდულობთ, მაშინ დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე, ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს შეგიძლიათ ეწვიოთ აეროპორტის გზატკეცილზე,  № 251-ში, სადაც ძაღლის აყვანას სრულიად უფასოდ შეძლებთ. თანაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი უკვე აცრილიც იქნება.

თავშესაფარში მეტისები, ანუ შერეული ჯიშის ძაღლები ცხოვრობენ. აყვანის პროცედურისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.

ძაღლის აყვანისას მეტი მოთხოვნა ხვადებზეა, თუმცა თუ ძაღლის ჩატარებული აქვს კასტრაცია/სტერილიზაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ძუ იქნება თუ ხვადი. თანაც, ვეტერინარები ამბობენ, რომ ძუ ძაღლს ხშირად უფრო კარგი ხასიათი აქვს, ვიდრე ხვადს.

ცხოველთა თავშესაფარში მცხოვრები ძაღლების ნაწილი ეზოში თავისუფლად დასეირნობს, ნაწილი კი – ვოლიერშია. აქ გვითხრეს, რომ მალე ძაღლებისთვის ახალი ფლიგელის მშნებლობა დასრულდება.

ეს პატარა, ღუნღულა ლეკვები ჯერჯერობით თავშესაფარში ცხოვრობენ დედასთან ერთად. ვოლიერში ყოფნა როცა სწყინდებათ, გადმოძვრებიან და გარემოს სწავლობენ. განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით მურა ლეკვი გამოირჩევა.

მეტისის ლეკვები. ფოტო: „ბათუმელები, მანანა ქველიაშვილი
ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ეს პატარა ზომის შავი ძაღლი ძალიან მეგობრულია, დაუძახებ თუ არა, გამორბის და ყურადღებით გიმზერს. ალბათ კარგი ხასიათის გამო, ვოლიერს გარეთ ცხოვრობს და თავისუფლად დასეირნობს თავშესაფრის ეზოში. თავშესაფარში ძაღლის შესარჩევად მოსულმა ერთმა კაცმა შენიშნა, „ზარბაზანას“ ჰგავს, კინოფილმ „მიმინოდანო“.

ფოტო: „ბათუმელები, მანანა ქველიაშვილი

ვოლიერის „ვარსკვლავი“, აქტიური და სერიოზული ახალგაზრდა ხვადი.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ეს თეთრგულა, ძუ მეტისი დაახლოებით ერთი წლისაა. სახელი ჯერ არ აქვს, ცოტა ხანია, რაც თავშესაფარში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ სტერილიზაცია ჩაუტარდა. ვოლიერში ყოფნა აშკარად მოსწყინდა, ადამიანების დანახვა ახარებს და აქტიური ყეფითა და კუდის ენერგიული ქიცინით ცდილობს ყურადღების მიქცევას. ვოლიერში მასთან ერთად რამდენიმე ძაღლი დაგვხვდა, თუმცა მათ შორის „მთავარი გმირი“ ეს გახლდათ.  ისეთი აქტიურია, მისი კადრში მოხვედრა იოლი სულაც არ ყოფილა.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ეს „გრეჩკაა“, ასე დაარქვეს მას თავშესაფარში. „გრეჩკა“ მშვიდი და დარბაისელი ძაღლია, უცხოებს არ უყეფს, ყურადღებით ათვალიერებს და ყნოსავს. მეგობრულია, თუმცა როგორც კი მიხვდა, რომ ფოტოს ვუღებდით, დემონსტრაციულად გვაქცია ზურგი.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
„გრეჩკა“ და ბაგდანი, თავშესაფრის თანამშრომელი. მეორე მხარეს ე.წ. „ზარბაზანა“ და თავშესაფრის კიდევ ერთი ბინადარი – თეთრი მეტისი

ახლახანს ისადილა, ცოტა მოწყენილი ჩანს.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ეს გრძელცხვირა ძაღლიც მომცრო ზომის მეტისია.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„შეიძლება დღეს გამოჩნდეს ვინმე, ვისაც მოვეწონები და წამიყვანს“. ხუჭუჭა, კოკერსპანიელის მსგავსი ყურები აქვს, აცრილია და სტერილიზებული.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„ჩვენც აქ ვართ!“ – თეთრი, შავხალებიანი დედა-შვილი.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

პროფილში ცოტათი დათვსაც ჰგავს, მაგრამ ნამდვილად ძაღლია.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„რომელი უფრო მოგწონვართ?“

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ორი შავი და ერთი შავყურა თეთრი ძაღლი.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„მიდიხართ უკვე?“

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი კომპანია CEBEP-ს ეკუთვნის. უკვე მეხუთე წელია ეს კომპანია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს და ახდენს მიუსაფარი ცხოველების სტერილიცაზია/კასტრაციასა და გეგმიურ ვაქცინაციას.

ამავე თემაზე: „მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან 

პასუხი V კლასის სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე

„ბათუმელები“ სტატიებს: მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში და ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში  სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფი გამოეხმაურა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მათ წერილს.

______________

სახელმძღვანელოს ნებისმიერი ავტორი დაინტერესებულია იმით, რომ მისი ნაშრომის მიმართ გამოითქვას ობიექტური შენიშვნები, რაც აუცილებელია სახელმძღვანელოს დასახვეწად და მომავალში მათ გასათვალისწინებლად. ბუნებრივია, რომ შეუძლებელია სრულყოფილი სახელმძღვანელოების დაწერა იმ არანორმალურ პირობებსა და მოკლე ვადებში, როგორიც ბოლო წლებში სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესს თან ახლდა. აქედან გამომდინარე, „ბათუმელების“ ჟურნალისტების სტატიებში გამოთქმული ორი შენიშვნა ჩვენს სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ავტორების მხრიდან მხოლოდ მადლიერების გრძნობას იწვევს.

ამასთან, გვსურს აღნიშნულ შენიშვნებს პასუხი გავცეთ. პირველი შენიშვნა ეხებოდა ენგურჰესის სვანეთთან დაკავშირებული თავის შემაჯამებელ გაკვეთილში ჩასმას. სტატიის ავტორი გვედავება, რომ ენგურჰესი სამეგრელოსთან არის დაკავშირებული. პასუხის გაცემამდე, მოვიტანთ ციტატას სახელმძღვანელოდან:

„ჰესი შემდეგი პრინციპით მუშაობს: მდინარეს აგუბებენ წყალსაცავი კაშხლის მეშვეობით, შემდეგ სპეციალურ გვირაბში უშვებენ, რომ მაღალი წნევის დაწოლის გამო წყალი გვირაბში სწრაფად მიედინებოდეს. დიდი სიჩქარით მოძრავი წყლის ჭავლი ატრიალებს სპეციალურ დანადგარს, გენერატორს, რომელიც ბრუნვის დროს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. გამომუშავებული ელექტროენერგია სადენების მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა ქალაქსა და სოფელს გადაეცემა. ჰესები უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. მათ ასაშენებლად საჭიროა დიდი ტერიტორიების დატბორვა. მხოლოდ ენგურჰესის მშენებლობის დროს, მდინარე ენგური 27 კილომეტრის სიგრძეზე დაიტბორა, რამაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თუ გინდა მომავალში გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს, საჭიროა ელექტროენერგიის გონივრულად ხარჯვა.“

როგორც ციტატიდან ჩანს, საკმაოდ მარტივად და გასაგებად არის ახსნილი, რა ნაწილებისგან შედგება ჰიდროელექტროსადგური. ტექნიკურად რომ განვიხილოთ, ენგურჰესი სვანეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში მდებარეობს. თუმცა, ენგურჰესის ძირითადი ნაწილი სვანეთშია. მაგრამ ამის გამო არ შეგვიტანია ეს გაკვეთილი სვანეთში. მოგეხსენებათ, რომ სვანეთში იგეგმება კიდევ ერთი დიდი ელექტროსადგურის, ნენსკრაჰესის მშენებლობა, ეს ჰესი ზომით და მოცულობით უტოლდება ენგურჰესს. წლებია ამაზე მსჯელობა მიდის და უკვე არაერთი აქცია გაიმართა ამ მშენებლობის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ  ეჰგურჰესზე ამ გაკვეთილის სვანეთში მოთავსება, რათა ბავშვებმა იმსჯელონ, რა სიკეთეების და ზიანის მოტანა შეუძლია ელექტროსადგურს ქვეყნისთვის და ღირს თუ არა ამ ელექტროსადგურის აშენება. გაკვეთილში დავალებებია იმისთვის, რომ ბავშვებმა გაიაზრონ, რა რთულად მოიპოვება ელექტროენერგია და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგიის გაფრთხილებას. მე-5 კლასელი ბავშვებისთვის არ აქვს რაიმე მნიშვნელობა ენგურჰესის რომელი ნაწილი ზუსტად სად მდებარეობს, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მშრალი ფაქტების ცოდნაზე, არამედ მოსწავლეების გააზრების უნარზე. კონტექსტიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მოსწავლეებს ენგურჰესზე ემსჯელათ სვანეთზე საუბრის დროს და აქ ზედმეტი იყო სამეგრელოს და აფხაზეთის ხსენება, რადგან ეს უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწვევდა.

რაც შეეხება ზემო იმერეთის ფოტოს, ეს შეცდომა ნამდვილად გაგვეპარა. საქმე ის არის, რომ თავდაპირველად ეს ფოტო და ხარებით მიწის დამუშავების თემა უნდა ყოფილიყო მაღალმთიანი აჭარის მონაკვეთში, სადაც  მოსწავლეებს ვაჩვენებდით, რომ იქ მიწას ჯერ კიდევ ხარებით ამუშავებენ, რადგან ბევრი მიუდგომელი ადგილია და, ზოგადად, წარსულში მიწას მხოლოდ ხარებით ხნავდნენ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აჭარაზე ისედაც ზედმეტი რაოდენობის გაკვეთილი დაგროვდა და ინფორმაციას ვერ ვატევდით, ამიტომ მიწის ხარებით დამუშავების თემა გადავიტანეთ ზემო იმერეთში, რადგან იქაც ზუსტად მსგავსი მდგომარეობაა. რედაქტირების ერთ-ერთ ეტაპზე, როგორც ჩანს ერთ-ერთმა დამკაბადონებელმა ხარებით მიწის დამუშავებაზე ტექსტს, მექანიკურად, პირდაპირ დაადო ფოტო, რომელიც უკვე არსებობდა და თან საერთო სურათებში იყო შენახული. მან არ იცოდა, რომ ეს ფოტო აჭარის გაკვეთილიდან იყო. ფოტოს რაც შეეხება, იგი ინტერნეტში ერთ-ერთი ჩვენთაგანის მოძიებულია, გუგლის საძიებო სისტემის დახმარებით. ფოტოზე საავტორო უფლებების შესახებ მოთხოვნა არ იყო და არც ის ვიცოდით, ვისი გადაღებულია, თორემ დავურეკავდით და ორიგინალ ფოტოს ვთხოვდით. ეს ფოტო ისედაც არასასურველი ხარისხისაა და გვინდოდა ავტორთან დაკავშირება. ჩვენი წიგნისთვის ათობით ადამიანისთვის  გვაქვს გამორთმეული ფოტოები: ზოგიერთი გიდებს გამოვართვით, ზოგი ფოტოგრაფებს, ზოგი სასტუმროს მენეჯერს. ასე რომ, არც ამ ფოტოს ავტორთან გაგვიჭირდებოდა დარეკვა, რომ გვცოდნოდა ვისია. იმედია, მომავალ წელს, ახალ გამოცემაში, ამ გაუგებრობას გამოვასწორებთ.

მადლობას ვუხდით „ბათუმელებს“ აღნიშნული შენიშვნებისთვის.

ავტორები: ელენე მეძმარიაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, გიორგი ავთანდილაშვილი, ნოდარ ელიზმარაშვილი

რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი.

წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს.

ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ ოთხჯერ გაასაჩივრა. დავების საბჭომ მათი საჩივრებიდან ორი ნაწილობრივ, ორი კი სრულად დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას წინა გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა, თუმცა, საბოლოოდ კომისიამ ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის ოქმიდან

2018 წელს გამოცხადებული ტენდერი პირველად კომპანია „ჯი ინშაათმა“ გაასაჩივრა, რომელიც აცხადებდა, რომ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა.

ამ დროისთვის კომპანია „ჯი ინშაათი“ ქედის მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობდა, ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი, „მომავლის ხედვა“ კი – 1 მილიონ 270 ათას ლარად.

ფაქტობრივად, 2018 წლის 10 აგვისტოდან სატენდერო პროცედურები გამარჯვებულის გამოსავლენად შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაგრძელდა. „ჯი ინშაათის“ პირველი საჩივარი საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შემდეგ საბჭოს საჩივრით მეორე კომპანიამაც მიმართა. საბჭომ ეს საჩივარიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა სატენდერო კომისიას კვლავ „ჯი ინშაათმა“ უჩივლა. საბჭომ ეს საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ქედის სატენდერო კომისიამ კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთან ხელშეკრულება მომზადებული იყო და მშენებლობა დაწყებულიყო, დავა ტენდერის გამო ისევ გაგრძელდა. ამჯერად საბჭოს საჩივრით მეორე პრეტენდენტმა – „მომავლის ხედვამ“ მიმართა და სატენდერო კომისიის იმ ოქმის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც „ჯი ინშაათი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. დავების საბჭომ „მომავლის ხედვის“ ეს საჩივარიც სრულად დააკმაყოფილა.

სატენდერო კომისიასა და დავების საბჭოში მიმდინარე ხუთთვიანი პროცედურების მიუხედავად, ტენდერში ვერ იქნა მიღებული ისეთი საბოლოო გადაწყვეტილება, რაც ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების საწინდარი იქნებოდა.

ქედის სატენდერო კომისიამ, როგორც ოქმის ამონაწერიდან ჩანს, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან „სატენდერო პროცედურების განხორციელება და სამუშაოების დაწყება ვეღარ მოესწრებოდა იმ დროში, რაც ტენდერის პირობებით იყო განსაზღვრული“.

ბათუმში ფარული კადრების საქმეზე დაკავებულ სამივე პირს გირაო შეეფარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან სასამართლომ სამს პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენს კი – გირაო. ამ საქმეზე ბათუმში დაკავებულ სამივე პირს, ინგა და ირმა ხოროიშვილებსა და ირაკლი ქასრაშვილს გირაო შეეფარდათ.

დები ხოროიშვილების ინტერესს სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე იცავს, რომელიც გუშინ ჩაერთო საქმეში, როგორც ადვოკატი.

მირდატ ქამადაძის თქმით, გუშინ, გვიან საღამოს გამართულ სასამართლოზე, რვიდან შვიდ პირს გირაო შეეფარდა და ერთს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კადრების „იუთუბზე“ ატვირთვა ედება ბრალად – პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი შვიდი პირის მიმართ ითხოვდა პატიმრობას და ერთის მიმართ – გირაოს.

„ინგა ხოროიშვილთან მიმართებაში პროკურატურამ მოითხოვა გირაო – 3 000 ლარი, ჩვენ მოვითხოვეთ 1 000 ლარი და სასამართლომ მას შეუფარდა გირაო – 2 ათასი ლარი. ინგა უკვე თავისუფალია. ირმა ხოროიშვილს 10 ათასი ლარი შეეფარდა გირაო, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძემ.

მისივე თქმით, დაკავებული 17 პირიდან პროკურატურა ითხოვდა ათის პატიმრობას და შვიდის მიმართ გირაოს.

„პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას მათ მიმართ, ვისაც ბრალი ედებოდა შენახვასა და ამასთანავე გავრცელებაშიც. ხოლო ვისაც მხოლოდ შენახვაში ედებოდა ბრალი, ანუ ვგულისხმობ, ვისაც მხოლოდ ტელეფონში ჰქონდა და არავისთან გაუგზავნია, მათ მიმართ ითხოვდა გირაოს. საბოლოოდ სასამართლომ მხოლოდ სამ პირს შეუფარდა პატიმრობა, დანარჩენებს კი – გირაო“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.

სწავლა საზღვარგარეთ – აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსში საბუთების მიღებას იწყებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსში – „სწავლა საზღვარგარეთ“, საბუთების მიღებას იწყებს. სამინისტროს ცნობით, საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით. გრანტი გაიცემა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

„სწავლა საზღვარგარეთ“ აჭარის განათლების სამინისტროს ქვეპროგრამაა და მისი მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენა.

ამავე თემაზე: სტუდენტი ქედიდან, რომელიც სამედიცინო ფიზიკას იტალიაში სწავლობს 

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

აჭარის მთავრობა მიმდინარე წელსაც გააგრძელებს იმ ინვესტორების „წახალისებას“ დარიცხული ჯარიმებისგან გათავისუფლებით, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს მათივე მიზეზით ვერ შეასრულებენ და დამატებით დროს მოითხოვენ. ადრე ინვესტორს ჯარიმის გადახდისგან მხოლოდ ვალდებულების შესრულების პირობით ათავისუფლებდნენ, შემდეგ საბანკო გარანტიასაც სთხოვდნენ. ჯერ უცნობია, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი 2019 წელს.

 ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აჭარის მთავრობა მუშაობს ახალი წესის შემუშავებაზე, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.

2017 და 2018 წლებში 39 იურიდიული და კერძო პირი, რომლებმაც სახელმწიფო ქონების შეძენის თუ სარგებლობის სანაცვლოდ, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის მთავრობამ ჯამში 20 167 860 ლარისა და 2 108 003 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით, ყველა მათგანს მიეცა დამატებითი ვადა და ისინი ჯარიმის გადახდისგან ვალდებულების შესრულების პირობით გათავისუფლდნენ.

იმ ქონების უმეტესობა, რომელსაც ჯარიმისგან გათავისუფლებული კომპანიები თუ კერძო პირები ფლობენ, აჭარის მთავრობამ სხვადასხვა დროს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისა. არის ქონება, რომელიც პირობებიანი აუქციონის ფორმით გაიყიდა და არის იჯარა/უზუფრუქტით გაცემული ქონებაც.

2017-2018 წლებში ვალდებულების შესრულების პირობით:

14 901 820 ლარისა და 1 362 087 აშშ დოლარის გადახდისგან გაათავისუფლეს ის მესაკუთრეები, რომლებსაც აჭარის მთავრობამ  სხვადასხვა დროს ავტონომიური რესპუბლიკის ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა;

160 277 ლარისა და 745 916 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლეს მესაკუთრეები, რომლებსაც აჭარის ქონება პირობებიანი აუქციონის ფორმით აქვთ შეძენილი;

5 105 763 ლარის ჯარიმა კი არ გადაახდევინეს იმათ, ვისაც აჭარის ქონება იჯარა/უზუფრუქტის ხელშეკრულებებით აქვთ გადაცემული და რომლებსაც ეს ჯარიმა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჰქონდათ დაკისრებული.

„ჩვენ ვცდილობთ კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს, რომლებიც მოდიან მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ გვაწყობს დაჯარიმებული ინვესტორი, შესაბამისად, შეჩერებული მშენებლობები. მთავარია, მან საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს არ არის ჩამოწერილი თანხა, ეს გაყინული ფულია და თუ დათქმულ ვადაში პირობას ვერ შეასრულებს ინვესტორი, ჯარიმა ისევ ამოქმედდება. თუ შეასრულებს, აღარ დაჯარიმდება. თვითონაც კმაყოფილი დარჩება და სახელმწიფოც“, – ასეთი განმარტება „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მოისმინა

სამინისტროში დღესაც განმარტავენ, რომ ეს არის ის თანხა, რომელსაც ინვესტორი აუცილებლად გადაიხდის, თუ ვალდებულებას არ შეასრულებს.

2018 წლის სექტემბერში აჭარის მთავრობამ მიიღო განკარგულება [„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“], რომლის მიხედვითაც ინვესტორს, რომელიც მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას სთხოვდა, უნდა წარედგინა საბანკო გარანტია, იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად აქვს მას ფინანსური რესურსი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ბოლომდე მისაყვანად.

აღნიშნული განკარგულება 2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებდა:

2018 წლის ბოლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ერთ-ერთ გასვლით სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ აჭარაში ბევრ გაყინულ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ინვესტორებთან შედგა მოლაპარაკება. მათ შორის იყო ბათუმის ცენტრში „ბაბილონ თაუერის“ მშენებარე პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ დასრულდა.

4 თებერვლიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს, 2 თებერვალს, აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, ღამით ზოგან დროგამოშვებით, მთაში თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღამით დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი. მთაში თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,

მთიან რაიონებში ღამით 3 გრადუსი ყინვა 2 გრადუსი სითბო, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით ზოგან დროგამოშვებით წვიმა. დღისით უმეტესად
უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8.2 გრადუსი.

4 და 5 თებერვალს სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარაში შედარებით გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ვაკანსიები აჭარის საჯარო სამსახურებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე  გამარტივებული კონკურსი გამოაცხდა. სამინისტროს პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილებაში ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების სპეციალისტის ორი პოზიცია.

ამ პოზიციებზე დასაქმებულების მოვალეობა მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა იქნება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სპეციალიტები სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ვაუჩერის მომზადებასა და გაცემაში უნდა დაეხმარონ.

ორივე პოზიციაზე ხელფასი 1200 ლარია, განცხადებების წარდგენის ვადა კი 2019 წლის რვა თებერვალს იწურება.

სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია კი კონკურსის წესით რეგიონული პროექტების მენეჯერს შეარჩევს. კონკურსი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების წარდგენა 7 თებერვალს უნდა დასრულდეს. ამ პოზიციაზე დასაქმებულის ხელფასი 1600 ლარი იქნება. შერჩეულ კანდიდატს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.

შემოსავლების სამსახური საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“  მომსახურების სამმართველოსთვის ორ მებაჟე ოფიცერს შეარჩევს.

აჭარის მთავრობის აპარატში ვაკანტურია ასვე შვიდი საკონკურსო თანამდებობა, თუმცა კონკურსი ჯერ გამოცხადებული არ არის და არც ის ვიცით გეგმავს თუ არა მთავრობა უახლოეს მომავალში ამ პოზიციების შევსებას.

აჭარის მთავრობის აპარატში შვიდი თანამდებობა ვაკანტურია

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

რა რაოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.

„თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის მიერ აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელს და ეკონომიკური ანალიზის მიზნით იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო არ ფლობს თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, 2017 და 2018 წლებში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, 2019 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ 2018 წლის სამი კვარტლის უცხოური ინვესტიციების შესახებ აქვს მონაცემები რეგიონების მიხედვით [ისიც წინასწარი] და საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, ბოლო ორ წელში განხორციელებული არაუცხოური [ადგილობრივი] კერძო ინვესტიციების შესახებ.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების შედარებით, აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წლის პირველ სამ კვარტალში არის 69 მილიონი აშშ დოლარი, რაც 98 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან და 9 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2016 წლის შესაბამის პერიოდთან.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის“ სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტიური მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს [კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები], მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოვთხოვეთ რეგიონში 2017-2018 წლებში განხორციელებული კერძო ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა ეკონომიკის სექტორების, ქვეყნებისა და აჭარაში თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, თუმცა სამინისტრომ ვერც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

უფროსი მასწავლებელი: გარედაკვირვებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა არ მეძლევა

„ბათუმელებს“ ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს სტატუსის შეცვლა, რისთვისაც დაგროვებული აქვს ყველა საჭირო აქტივობა (11+2 კრედიტქულა), თუმცა, პედაგოგის თქმით, გარედაკვირვებაზე დასარეგისტრირებლად მას შესაძლებლობა არ ეძლევა.

„გარედაკვირვებაზე უნდა დავრეგისტრირებულიყავი 2018 წლის სექტემბერში, მაგრამ რადგან ამ დროისთვის რამდენიმე აქტივობის შეფასება არ იყო დასრულებული, ვერ დავრეგისტრირდი.

ამჟამად მაქვს ყველა საჭირო კრედიტქულა იმისთვის, რომ გარედაკვირვება გავიარო, თუმცა რეგისტრაციის გასავლელად ველი არ გაიხსნა. იმედი მაქვს, დარეგისტრირების შესაძლებლობას მომცემენ, რომ წლის ბოლოს სტატუსის შეცვლა შევძლო. თუ ვერ დავრეგისტრირდი, ჩემი დაგროვებული კრედიტები გაუქმდება და შრომა წყალში ჩამეყრება“, – ამბობს პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი, რომელსაც დაგეგმილი აქვს მიმდინარე წელს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის განმარტებით, თუკი შეფასების ჯგუფს პედაგოგი შეფასებული არ ჰყავდა, რეგისტრაციის ველი არ გაიხსნებოდა.  „აქტივობები კი უნდა ყოფილიყო 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული“.

მანანა რატიანის თქმით, გარედაკვირვების გარეშე მასწავლებელი სტატუსს ვერ შეიცვლის. „შეფასებას როცა გაივლის, ეს აისახება ოქმში, ამის შემდეგ სექტემბერში გამოცხადებულ გარედაკვირვებაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვეცადეთ ყველას კონკრეტული შემთხვევა გაგვეთვალისწინებინა, სამართლიანად მოვქცეოდით მათ, ვინც უკვე მზადაა წინსვლისთვის“, – ამბობს რატიანი.

გუშინ, პირველ თებერვალს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აპირებდა სქემაში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციას, თუმცა პრეზენტაცია არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე მხოლოდ საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა, სადაც კრედიტქულებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მასწავლებლებს, რომელთაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას.

„სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის, მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, მათ მიეცემათ უფლება 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება“. თუმცა 21 იანვარს, ბერიკა შუკაკიძე ამბობდა, რომ სქემა შეიცვლება და მასწავლებლებს სტატუსის შეცვლა, გამოცდების ჩაბარების საფუძველზე შეეძლებოდათ.

შუკაკიძის თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სქემის განახლებულ ვერსიაზე მსჯელობა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. „საბოლოო ვერსიის მასშტაბურ პრეზენტაციამდე სამუშაო ჯგუფი პროფესიულ წრეებთან არაერთ შეხვედრას გამართავს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მთავარი ფოტო: სკოლის დირექტორები ბერიკა შუკაკიძესთან შეხვედრაზე

აქვს თუ არა ბათუმის საკრებულოს წევრის სიტყვას ფასი? – კითხვა მერიის სამსახურებს

„თუ, ხალხის არჩეული წევრის სიტყვას ფასი არ ექნება მერიის სამსახურების მხრიდან, მაშინ იძულებულები გავხდებით, რომ სამართლებრივი კუთხით დავაყენოთ ეს საკითხები და ასე მივაწვდინოთ ხმა. მე მიწევს იგივე საკითხის განმეორებით გაჟღერება“ – ამ განცხადებისთვის ბათუმის საკრებულოს წევრმა, არჩილ მამულაძემ სიტყვა საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვა.

ის უკვე მერამდენე სხდომაა თამარის დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს:

„თამარის დასახლებიდან ბონის მიმართულებით, სადაც ათასობით ადამიანი გადაადგილდება, მუშაობდა #27 სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელიც ამოიღეს. ახლა დანიშნულია #29, რომელიც ჩაისუბნიდან მოდის და ბენზეს დასახლებაში ჩამოდის გადატვირთული, ისე, რომ ტრანსპორტში შეღწევა შეუძლებელია. საღამოს საათებში კი, ერთხელ ჩამოივლის ისევ ამ მარშრუტით და ისიც გადატვირთული.“

საკრებულოს წევრმა სხდომაზე თქვა ისიც, რომ ამ პრობლემის მოუგვარებლობის სხვადასხვა მიზეზი დაუსახელეს, რაც მისთვის მიუღებელია.

არჩილ მამულაძემ თამარის დასახალებაში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა და მოუწოდა მერიის სამსახურებს ყურადღება მიაქციონ ამ საკითხებს. მისი თქმით, თამარის დასახლებაში ეზოებში არ მუშაობს  განათებები და ქუჩების ნაწილი ჩაბნელებულია.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულო

დაიკარგები თუ არა აჭარაში [ტესტი]

გამოიცანი ფოტოებზე მოცემული ადგილების სახელები და მდებარეობა, შეამოწმე დაიკარგებოდი თუ არა აჭარაში.

არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრს მეოთხე მოადგილე დაუნიშნა და ამავე დროს დასძინა, რომ სამინისტროს უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყეს. როგორი იქნება განათლების მინისტრის „სტრუქტურული ცვლილებების ახალი გეგმა“, რომელიც მან მთავრობას ექვს კვირაში უნდა წარუდგინოს და არსებობს თუ არა უთანხმოება მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის? „ბათუმელების“ აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი ესაუბრება.

  • ქალბატონო ინგა, დღეს მედიაში გავრცელდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კრიტიკული იყო სამინისტროს მუშაობის მიმართ. გქონდათ ამის მოლოდინი?

ნამდვილად არ იყო თავმჯდომარე კრიტიკული,  შეგიძლიათ ნახოთ სტენოგრაფიული ჩანაწერი.

  • ესე იგი, თორნიკე რიჟვაძე განათლების სამინისტროს მუშაობის ტემპს არ უწუნებს?

არა. საყვედური და კრიტიკა ნამდვილად არ იყო. განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. უბრალოდ, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ცენტრალურ განათლების სამინისტროს აქვს დაანონსებული ძალიან ბევრი ცვლილება, რომლის თანხვედრაში უნდა მოვიდეს ჩვენი პროგრამებიც. მაგრამ, ვიდრე ეს პროცესი იქ არ დასრულება, ჩვენ ვერ ვერთვებით. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია მათთან და ჩართული ვართ კანონპროექტების შემუშავებაში, იქნება ეს სკოლამდელი აღზრდის, სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებების რეორგანიზაციის თუ, ზოგადად, სასწავლო გეგმების შესახებ. საპარლამენტო კომიტეტის განხილვებზეც იყო ჩვენი წარმომადგენელი წასული. ჩვენი მთავარი ფუნქცია არის ხელშეწყობა, რადგან პოლიტიკის განმსაზღვრელი არის ცენტრალური განათლების სამინისტრო. აქაც მოგვიწევს ჩვენ იმ ტემპებზე ფეხის აწყობა, რომელიც ცენტრშია, ამაზე იყო საუბარი.

  • მიგაჩნიათ, რომ ცენტრთან „მეტი კომუნიკაცია“, როგორც ეს თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, არ გჭირდებათ?

არა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ რაღაც ერთი კონკრეტული ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნება ცენტრთან.

  • რატომ ჩათვალა თორნიკე რიჟვაძემ ცალკე ჯგუფის გამოყოფა საჭიროდ?

ამ შემთხვევაში საუბარია ახალგაზრდობის მიმართულების გაძლიერებაზე. პრემიერმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით უკმაყოფილო იყო. აუცილებელია ახალგაზრდობის კომპონენტი გაძლიერდეს. ის პროგრამები, რაც გვაქვს – საზღვარგარეთ სწავლა, სტაჟირება და ასე შემდეგ, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. წელს კიდევ დავამატეთ პოსტმაგისტრანტების გაგზავნა უცხოეთში, ხელოვანთა მობილობა, იგივე საზაფხულო სკოლები და ა.შ. ამაზე იყო საუბარი. თვითონ სისტემის გაჯანსაღებაშიც ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ. რაც უფრო მეტი ახალი სისხლი შემოვა, მეტი კრეატიული იდეები იქნება და ეს უკეთესია ქვეყნის მომავლისთვის.

  • ბოლო დროს ხელისუფლებას აქცენტი ჰქონდა აღებული საჯარო მოხელეების შემცირებაზე. ახლა კი საუბარი მიდის სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის გამოყოფაზე. ახლა რატომ არის ეს დაყოფა აუცილებელი?

იმიტომ, რომ სპორტი უფრო დომინირებს. მას უფრო მეტი აქტივობები და ბიუჯეტი აქვს, ვიდრე ახალგაზრდობას. ახალგაზრდობის დეპარტამენტი მხოლოდ რამდენიმე პროგრამით შემოიფარგლება, მისი ბიუჯეტი სადღაც 400 ათასი ლარია, სპორტის კი სამი მილიონი ლარი. თუკი ახალგაზრდობა გამოვა ცალკე და იმუშავებს დონორებთან ურთიერთობაზე, რომ გარე თანხები მოვიძიოთ, თუნდაც საგანმანათლებლო მიმართულებით, კარგი იქნება. ახალგაზრდები თავიდანვე უნდა მიეჩვიონ მმართველობით სტრუქტურებს, რომ ხვალ და ზეგ თვითონ დაიკავონ თანამდებობები.

  • ამას ახლა იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ დაიწყო მსგავს ცვლილებებზე საუბარი?  

არანაირად, ჩვენ ამაზე გვიმსჯელია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და ეს დეფინიცია გაჟღერდა ადრეც. მართალი გითხრათ, რამდენიმე პროგრამა ჩვენ წელს დავამატეთ და სულ ვაფიქსირებდით, რომ აუცილებელი იყო ამ მიმართულების გაძლიერება. თანხვედრა ჩვენს აზრებს შორის ნამდვილად იყო. თუმცა ეს არის თორნიკე რიჟვაძის ინიციატივა, რომ პირადი კურაციის სფეროში აიყვანოს ეს სფერო, რასაც მეც მივესალმები.

  • თუ არის ისეთი საკითხები, რაზეც თორნიკე რიჟვაძისგან განსხვავებული პოზიციები გაქვთ?

ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული ურთიერთობა. არის საკითხები, სადაც ჩვენ ვმსჯელობთ და ხშირად ვიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა. თუმცა ჩვენ მოგვიწევს გარკვეული კორექტირების შეტანა პროგრამულ მიმართულებებში.

  • ახალგაზრდული დეპარტამენტის სპორტისგან გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ შტატები დაგემატებათ?

აუცილებელი იქნება სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. არ გამოვრიცხავ, რომ ახალგაზრდულში საჭირო იყოს ისეთი ადამიანების დამატება, რომლებმაც იციან საერთაშორისო პროექტების წერა. როცა გაკეთდება ფუნქციური ანალიზი, ეს ყველაფერი ნათელი იქნება. სამინისტროს არასდროს არ ჰქონია საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი, როცა სამინისტროს ყველაზე მეტი საერთაშორისო კავშირები აქვს და ჩემი და მოადგილეების ხარჯზე გავდიოდით ფონს. სულ ვაფიქსირებდით, რომ ეს აუცილებელი იყო. ამიტომ შესაძლებელია ეს სამსახურიც გაჩნდეს, ახალი სტრუქტურა შეიქმნას და შესაძლებელია მოგვიწიოს ბიუჯეტის თანხების ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა. ეს ფინანსთა სამინისტროს გარეშე ვერ გაკეთდება, ერთ დღეშიც შეუძლებელია ამის გაკეთება. ამიტომ ითქვა ექვსი კვირა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა – რა შეიძლება გაკეთდეს, რამდენი ადამიანია საჭირო.

  • გამოდის, მთავრობის თავმჯდომარემ სტრუქტურული რეორგანიზაცია მოგთხოვათ ექვს კვირაში?

ამ შემთხვევაში უნდა დავდოთ გეგმა, როგორ უნდა გაკეთდეს… ამის გაკეთება ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის ვაპირებდი. არაერთი სქემა გავაკეთე სხვათა შორის. ახალგაზრდობის შიგნით გაძლიერებას ყოველთვის ვფიქრობდი, თუმცა ამისი ცალკე გამოტანა დღევანდელი მოცემულობაა და ეს არის პრემიერის განცხადების საფუძველზე გაკეთებული. ის, რომ საჭირო იყო სტრუქტურული რეორგანიზაცია, ამას ყოველთვის ვამბობდი.

  • ახალგაზრდების გაძლიერების თემა, ახალგაზრდული პროგრამები, ყველაზე ხშირად წინასაარჩევნოდ იგეგმება ხოლმე და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ძირითადად, პარტიული აქტივით ივსება ამ ტიპის სტრუქტურები. იგივე ხომ არ განმეორდება ამ შემთხვევაშიც?

მომავალ არჩევნებამდე ორი წელია თითქმის დარჩენილი და ეს ვერ დაუკავშირდება არჩევნებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი ახალგაზრდა გავიდეს სასწავლებლად ქვეყნის გარეთ, მათ შორის მოსწავლეებისთვისაც გავაკეთოთ გაცვლითი პროგრამები. ქვემო სილეზიასთან დღესაც გვქონდა შეხვედრა და ვაპირებთ კონკურსის გაკეთებას „პოლონეთი ქართველი ბავშვების თვალით და პოლონელი ბავშვების თვალით დანახული საქართველო“. ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომ სკოლის მოსწავლეებიც გავიყვანოთ უცხოეთში.

  • დღეს დაგინიშნეს მეოთხე მოადგილე. რატომ დაინიშნეს ახლა, თუკი აქამდე ამის საჭიროება არ იყო?

თუკი ჩვენ ვაანონსებთ გარკვეულ სიახლეებს, რა თქმა უნდა, მოადგილე უნდა იყოს, რადგან მარტო მინისტრი ვერაფერს გააკეთებს ეფექტურად. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმ სტრუქტურულ მიმართულებებზე, რაზეც ვსაუბრობთ. ერთად დავგეგმავთ ახალგაზრდობის და საერთაშორისო მიმართულებას და ამის შემდეგ დავაანონსებთ ცვლილებას.

  • ცვლილებებზე საუბრის დაწყება ხომ არ არის ერთგვარი გზავნილი, რომ შესაძლოა თქვენი შეცვლის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში?

გარკვეული პოლიტიკური პროცესები ყოველთვის აჩენს მსგავს კითხვებს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის ბნელ ოთახში კატის ძიება. მე ვასრულებ იმ მოვალეობას, რომელიც დამეკისრა და არ ვთვლი, რომ უხარისხოდ.

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული პირის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება.

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

„უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“ – აღნიშნულია შს სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკა ბესელია: დაკავებულებს შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული ისე აზიარებდნენ ჩანაწერს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დღეს შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკა ბესელიას სავარაუდო პირადი ცხოვრების კადრების ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა.

ეკა ბესელია: „ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე პირი დაკავებულია, რომლებსაც სწორედ შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული და ისე ახორციელებდნენ ამ ჩანაწერის ან გაზიარებას ან შენახვას. თუმცა არიან ადამიანები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს გადამოწმება მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო…

არ გამოვრიცხავ, იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ასევე მათთან დაკავშირებული პირები… გამორიცხვით, ამას ვერ გამოვრიცხავ. მე ბრალს არავის არ ვდებ, იმიტომ რომ არ დავარღვევ პრეზუმფციას, გამოძიებას დავუცდი“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სააკაშვილი: როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, არავის პირადი კადრი არ გასაჯაროებულა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ლაივჩართვაში, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერ მისცა ხალხს პური და ახლა აძლევს სანახაობას.

„ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. არასოდეს არ გვიხმარია ეს მეთოდი.

…მართლა ხომ არ ბნელა?!“ – კითხულობს მიხეილ სააკაშვილი.

მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი ასე აშანტაჟებს მისი გუნდის წევრებს.

„ორი გოგონა დაიჭირეს ბათუმში იმისთვის, რაც გააკეთა ივანიშვილმა. ჯერ კადრები გამოყარა, ამაში სარგებელი უნდა ნახოს და სხვა დაიჭიროს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, 1 თებერვალს, შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ საქმეზე ბათუმში სამი პირი – დები: ინგა და ირმა ხოროიშვილები და ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს.  მათთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.

დეპუტატი ეკა ბესელია, სავარაუდოდ, ვისი პირადი ცხოვრების კადრებიც ვრცელდება ვირუსულად სოციალურ ქსელებში, აცხადებს, რომ ეს კადრები სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშია ფარულად გადაღებული.

ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს „ფარული კადრების საქმეზე“

„ფარული ვიდეოკადრების შენახვის და გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს. იგი პროფესიით მეზღვაურია და 23 წლისაა.

„გაირკვევა ალბათ ყველაფერი. ეს ყველაფერი აბსურდია. ჩემს შვილს ღამის ორ საათზე მიუვიდა რაღაც ვიდეო, მეტი არაფერი ვიცი… როგორც ვიცი, მას ბრალი უკვე წაუყენეს,“ – გვითხრა ირაკლი ქასრაშვილის მამამ, გიორგი ქასრაშვილმა.

ამავე საქმეზე დღეს, პირველ თებერვალს, დილის 6 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი – ირმა ხოროიშვილი და მისი და, ინგა ხოროიშვილი დააკავეს. ადვოკატის თქმით, მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

„ინგა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ირმა – ხაშურში. მათ ვირუსული ვიდეო მიიღეს, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს დანაშაულთან. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,“ – ამბობს ირმა და ინგა ხოროიშვილების ადვოკატი, ლევან დავითაია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ინფორმაციის ხელყოფის მუხლით დღეს 16 ადამიანი დააკავა. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია დაკავებულების ვინაობა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ნებისმიერი პირი, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ან მას პირად ჩათში ჩაუგდეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში) ან სხვას გადაუგზავნის (ოჯახის წევრი, მეგობარი) ისჯება კანონით.

ამ შემთხვევაშიც სასჯელის ზომა 4-დან 8-წლამდე პატიმრობა იქნება.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/337630/

 

რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში

წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია – უნივერსიტეტი ისევ სთხოვს სტუდენტებს მოწმობას, რაც დაადასტურებს, რომ აცრა ნამდვილად აქვთ ჩატარებული.

გუშინ, 31 იანვარს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთევან ბერიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს სტუდენტი წითელაზე აცრილი არ ყოფილა.

„სტუდენტის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, როცა ჩვენ უნივერსიტეტიდან წამოვედით. ეს არანაირად არ უკავშირდება აცრების შეწყვეტას,“ – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქეთევან ბერიძეს ბოლო პერიოდში არც რომელიმე კლინიკისთვის მიუმართავს.

„რომ მიემართა კლინიკისთვის წითელას სიმპტომით, ავტომატურად შემოვიდოდა მონაცემი ჩვენთან“, – გვითხრეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ქეთევან ბერიძის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე ექსპერტიზის შედეგები ცნობილი არ არის.

რატომ შეწყდა მოულოდნელად აცრების კამპანია უნივერსიტეტში?

„ძალიან დიდი მიმართვიანობა იყო თვითონ კლინიკებში და ხალხი იყო უკმაყოფილო. ბუნებრივია, ჩვენ ბრიგადები მოვხსენით დაწესებულებებიდან და მათ უჩერდებოდათ სამუშაო საათები. ჩვენ უნივერსიტეტში დავაანონსეთ და დავწერეთ განცხადება, რომ ნებისმიერ კლინიკაში შეუძლიათ აცრა და შესაბამისი ცნობის უპრობლემოდ მიღებაც,“ – აღნიშნეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ მათ სტუდენტთა რიგი უნივერსიტეტში არ მიუტოვებიათ და პრობლემა იყო სტუდენტების მხრიდან დაბალი მიმართვიანობა.

„რეალურად, ახლა არის უნივერსიტეტში დასვენების პერიოდი. გარდა ამისა, სტუდენტებს სჭირდებათ ცნობა, რასაც ჩვენ უნივერსიტეტში ვერ გავცემდით. მათ მაინც მოუწევდათ კლინიკაში მოსვლა ცნობის ასაღებად. შესაბამისად, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია. ამ აქციას უფრო ჰქონდა საინფორმაციო ხასიათი“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, 30 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 221-მა სტუდენტმა გაიკეთა წითელას საწინააღმდეგო აცრა. 31 იანვარს კი, დაახლოებით 100-მა.

მთავარი ფოტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ბსუ-ში ვაქცინაციის პროცესი

 

 

 

 

 

12 წელი – ლავასოღლის სასჯელი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი [ბრალის წარდგენის ეტაპზე გორაძე] დამნაშავედ ცნო.

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მ.გ. აღიარეს „კანონიერ ქურდად“, იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მ.გ.-ს კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომელთაგან პერიოდულად იღებდა ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის.

2015 წლის 24 თებერვალს მ.გ. მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტები-ს“ ავტორს და წამყვანს, უკმაყოფილება გამოთქვა 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია ლავასოღლი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე თემაზე: ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა 

მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი 2017 წლის 17 ნოემბერს, ისე გაათავისუფლა სასამართლომ პატიმრობიდან, რომ კანონიერ ქურდობასა და ჯგუფურ გამოძალვაზე ბრალი არ დაუმტკიცებია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი განუმარტა, თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ლავასოღლი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოძიება ისევ გრძელდებოდა, ლავასოღლის ქვეყნის დატოვების უფლებაც მისცეს.

გასული წლის 25 ოქტომბერს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავასოღლი თურქმა სამართალდამცავებმა ტრაპიზონში დააკავეს. ლავასოღლის ადვოკატის თქმით, მინდია ლავასოღლი ამჟამად თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში უკონონოდ ჰყავთ განთავსებული, რადგან სამთვიანი საპატიმრო ვადა ამოიწურა და არც მისი ექსტრადირება არ მომხდარა საქართველოში.

ამავე თემაზე: შსს აცხადებს, რომ ლავასოღლის მიერ ორგანიზებული 10-კაციანი ჯგუფი დააკავა 

 

ქაღალდის პირადობის მოწმობას 2 მარტამდე უფასოდ შეცვლით

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არ გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1-ელი თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

სააგენტოს  ცნობით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ – 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი – 125 383; კახეთი – 80 007 და ქვემო ქართლი – 79 947.

____________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის იუსტიციის სახლი

ქუთაისიდან კოპენჰაგენსა და ბრიუსელში – wizzair-ი ექვს ახალ მიმართულებას ამატებს

კომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ექვს ახალ რეისს ამატებს.

2019 წლის აგვისტოდან ქუთაისიდან შესრულდება ავიარეისები შემდეგი მამართულებით:

  • ბრიუსელი [ბელგია]
  • კოპენჰაგენი [დანია]
  • ბაზელი [შვეიცარია]
  • ტალინი [ესტონეთი]
  • ეინდჰოვენი [ნიდერლანდები]
  • ბარი [იტალია]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის დეკემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 127%-ით გაიზარდა. აეროპორტის ცნობით, 2018 წლის დეკემბერში 191 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 %-ით მეტია.

როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„საქართველო ცდილობს გაიქცეს რეგიონიდან…“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თემაზე – სად არის საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში. რა იგულისხმება „გაქცევაში“, რა ხდება სამეზობლოში და რამდენად შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთის თვალში? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო კორნელი, შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ საქართველო ახალი იდენტობის ძიებაშია და რეგიონიდან გაქცევას ცდილობს. კონკრეტულად გვითხარით, რასთან გვაქვს საქმე. 

საქართველო ყოველთვის იყო და არის სამხრეთ კავკასიის ნაწილი, ის ასევე იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი. თუ მოვინდომებთ, თეორიულად ჩვენ შეიძლება ვიყოთ ახლო აღმოსავლეთის ნაწილი, ისტორიულად ვიყავით კიდეც, მაგრამ დღეს ეს არარელევანტურია. საქართველო ასევე ყოველთვის იყო შავი ზღვის სახელმწიფო, თუმცა სხვადასხვა პრობლემის გამო, შავი ზღვის იდენტობა არასდროს გამოკვეთილი არ ყოფილა, საზღვაო ფლოტიც კი არ გვყავდა და ზღვისკენ საერთოდ არ ვიყურებოდით.

დასავლეთთან ინტეგრაციამ გამოკვეთა ის, რომ ამ რეგიონში სამხრეთ კავკასია ვერ შედგა, როგორც კალათა, მდგრადი რეგიონი საერთო პოლიტიკური ორიენტირებით. საქართველო სწორედ ამიტომ ცდილობს, გაიქცეს რეგიონიდან და მიეკედლოს შავი ზღვის იდენტობას. მას სურს თავი წარმოაჩინოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, თუმცა გეოგრაფია ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამ იდენტობის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ბევრია სამუშაო, რომ აკადემიურ წრეებში ეს იდენტობა დამკვიდრდეს.

საქართველო, როგორც ცნობილია, ცდილობს გახდეს ევროკავშირის ქვეყანა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. შეიცვალა რამე ამ ხედვაში? 

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ოფიციალურად ასეა დღესდღეობით. ჩვენ მოვიაზრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, როგორც, ასე ვთქვათ, ლიდერი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ერთ დღეს დაუკაკუნონ ევროკავშირის კარს. ამას ადასტურებს ანგელა მერკელის განცხადებაც, როცა ის სტუდენტებს შეხვდა და თქვა, რომ ბალკანეთის ქვეყნების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ საქართველო-უკრაინის საკითხი იქნება ალბათ მეორე ფაზაო. ეს მერკელს წამოცდა, მაგრამ რეალურად ამის უკან მოიაზრება ის, რომ ყველაფერი ევროინტეგრაციის რეფორმების შესაბამისად წარიმართება, ეს მოლოდინი არსებობს. რა დრო დასჭირდება ამას, არავინ იცის.

სამივე ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა  – არის პრობლემა უსაფრთხოების კუთხით. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ რუხ, ნაცრისფერ ზონაში, სადაც არც დასავლეთია და არც – აღმოსავლეთი. სამივე ამ ქვეყანაში რუსეთს ჰყავს საოკუპაციო ჯარები და უსაფრთხოების კუთხით დაუცველები ვართ. გეოლოპოლიტიკური ობლები გამოვდივართ, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ ევროპასთან დაახლოვება, მათ შორის, სოციალური, ეკონომიკური, ღირებულებითი, საზოგადოებების დონეზე და ამ მიმართულებით მოძრაობა. ამ გზაზე ნელი ტემპით, მაგრამ ვმოძრაობთ.

რამდენად შესაძლებელია საქართველომ დამოუკიდებლად სცადოს ამ გზის გავლა?

თუ გადავხედავთ ევროინტეგრაციის პროცესს, იყო სხვადასხვა შემთხვევა, როცა ინდივიდუალურად წევრდებოდნენ ქვეყნები, მაგალითად, კვიპროსი. უმეტესად კი, საერთო კალათაში ერთიანდებოდნენ ქვეყნები, მაგალითად, „ვიშეგრადის“, ან ბალტიისპირეთის ქვეყნები… თეორიულად შესაძლებელია, საქართველოც ინდივიდუალურად გაწევრიანდეს, მაგრამ ეს ძალიან სათუოა, რადგან ბევრად შორს ვართ ჩვენ და მეორე – ჩვენს რეგიონში გარშემორტყმული ვართ ავტორიტარული სახელმწიფოებით. ჩვენთან ვერ ხერხდება პოლიტიკური რეგიონის შექმნა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბალტიისპირეთში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგოა. სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია. აზერბაიჯანი თითქოს შუაშია, მაგრამ აქვს განსხვავებული ინტერესები. ამას ემატება ყარაბაღის პრობლემა, რომელიც უახლოეს ხანში ვერ მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და მოლდოვა არ არის დიდი ჯილდო, სხვა მოცემულობა არ გვაქვს. უკრაინასა და მოლდოვაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია კორუფციასთან დაკავშირებით, საქართველო მათთან შედარებით წინ არის. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს.

რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა თურქეთიც. როგორ აისახება ევროინტეგრაციის პროცესზე თურქეთში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთი მოიაზრებოდა, როგორც პროდასავლური სახელმწიფო და ევროკავშირის კანდიდატი. ერდოღანის მოსვლის შემდეგ კი შეიცვალა თურქეთის, როგორც საგარეო პოლიტიკური ხედვა, ასევე მისი დამოკიდებულება დასავლეთთან. იმ მიმართულებით, საითკენაც მიდის ახლა თურქეთი, იგი უფრო დაემსგავსა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს, ვიდრე ევროპულს, ის დასცილდა დემოკრატიას. ამ გარემოებაში თურქეთი გახდა არასასურველი პარტნიორი დასავლეთისთვის.

როგორია საქართველოს იმიჯი ახლა დასავლეთში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? 

ბოლო არჩევნებმა ნამდვილად არ შეუწყო ხელი ჩვენს იმიჯს. ამ არჩევნებმა აჩვენა ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია. თუნდაც ის სქემები, რაც არჩევნებში გამოიყენეს და ძალიან ახლოსაა ამომრჩევლის მოსყიდვასთან, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დასავლეთში, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს პრეზიდენტის პოსტი არ იყო მნიშვნელოვანი, დასავლეთმა „თვალი დახუჭა“. ასე არ მოხდება 2020 წელს, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის. შესაძლებელია, ხელისუფლება შეიცვალოს. თუ გადავხედავთ ჩვენს ელექტორალურ ისტორიას, ქართველი ამომრჩეველი, ძირითადად, ერთ პარტიას ორზე მეტჯერ არ აძლევს ხმას. კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ ამომრჩეველი, ფაქტობრივად, მზად არის ცვლილებებისთვის. ეს არ არის აზერბაიჯანი, სადაც შეიძლება ოჯახის წევრზე გადავიდეს ხელისუფლება, ეს გამორიცხულია, ამით გამოვირჩევით ჩვენ. საქართველო აქამდე რითაც იქცევდა დასავლეთის ყურადღებას, იყო ის, რომ იგი იყო დემოკრატიული რეფორმის ცენტრი რეგიონში. თუ ჩვენ ამას დავკარგავთ, მხარდაჭერა გაქრება. საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება პროგნოზირებად ქვეყნებს, აქ თუ ზიგზაგი დავიწყეთ, ეს აუცილებლად ხელს შეგვიშლის.

 

 

 

მეთორმეტეკლასელები წელს გამოსაშვებ გამოცდას აღარ ჩააბარებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მე-12 კლასელები წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, პირველ თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოცდების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია 28 იანვარს გახდა ცნობილი.

„მივიღე გადაწყვეტილება სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვრცლად ამ თემაზე: ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლის საატესტატო გამოცდები მომავალი წლიდან გაუქმდებოდა, რასაც მე-12 კლასელების უკმოყოფილება მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმშიც.

ამავე თემაზე: „უსამართლო სისტემის მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ“ – მეთორმეტეკლასელების აქცია ბათუმში

ქობულეთის მერის ახალი მოადგილე – მინისტრის მოადგილის ძმა და საკრებულოს დეპუტატის შვილი

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ახალი მოადგილე ლევან ზოიძე გახდა. იგი დღეს დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მას შემდეგ, რაც მერის ყოფილი მოადგილე, სულხან მოწყობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნა. 

ლევან ზოიძის მამა, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრია. იგი სოფელ აჭყვისთავის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“, ლევან ზოიძის და, თინა ზოიძე კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.

შუახევი-ხულო-გოდერძის გაზსადენის გზშ მზადაა

შუახევი-ხულოს [ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე] 54 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2019 წლის მარტის შემდეგ გამოცხადდება. ხიჭაურამდე ცენტრალური მილსადენი მიყვანილია, აქედან კი, პროექტით, მილსადენი კვლავ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს გაუყვება და გოდერძის უღელტეხილთან შეუერთდება ადიგენიდან მომავალ მილსადენს. ამით შეიკვრება წრედი, რითაც აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს, როგორც ქობულეთის, ასევე, ხულოს მხრიდან.

საპროექტო კომპანიამ [„გაზპროექტი 2009“] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე [გზშ-ს დამტკიცებაზე] 2019 წლის 15 იანვარს წარადგინა. სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა და კომპანიას მოსთხოვა დამატებით წარმოედგინა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი, რაც კომპანიამ უკვე წარადგინა.

დღეს დაინტერესებულ მხარეებს საშუალება აქვთ  გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებული შენიშვნები თუ მოსაზრებები წერილობით წარადგინონ სამინისტროში 2019 წლის 29 მარტამდე.

„გზშ-ს დამტკიცების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. პროექტით, მილსადენის მშენებლობა დაიწყება ხიჭაურიდან დაბა ხულომდე. ხულოდან გოდერძიმდე კი მაგისტრალის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი და გზის სამუშაოების პარალელურად იმუშავებენ მილსადენის გაყვანაზეც. ანუ, ხულოდან-გოდერძიმდე მილსადენის მშენებლობა გზის სამუშაოებზე იქნება  დამოკიდებული,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კომპანია „გაზპროექტი 2009“-ის დირექტორმა კობა ლომიძემ.

შუახევი [ხიჭაურის დასახლება]-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად, ტენდერს აჭარის სამინისტრო გამოაცხადებს.

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს კი, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს.

ამ თემაზე: 110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა

შუახევი[ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის[ზანკები] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გაზპროექტი 2009“-სთან 295 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ამ თემაზე: შუახევი-ხულოს [გოდერძი] გაზსადენის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია

ამ ეტაპზე უშუალოდ მაღალმთიანი აჭარის დასახლებული პუნქტების [სოფლების] დაქსელვაზე აჭარის მთავრობას არც პროექტი აქვს და არც ფინანსები გამოყოფილი. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს [ანუ სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანას] – საქართველოს, აჭარის მთავრობა, თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

ამ თემაზე: როდის მიიღებს ბუნებრივ გაზს აჭარის მთის მოსახლეობა

ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.

2019 წლის 8 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წარბასთუბნის რიტუალების შენობაში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნებისა და მოსაზრებების სამინისტროში წარდგენა კი შესაძლებელია 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

ამ პროექტის გზშ-ს მიხედვით, „საკურორტო ზონა გოდერძი დღეისათვის არსებული მდგომარეობით მოკლებულია გაზმომარაგებების რაიმე ალტერნატიულ წყაროს და პროექტის განხორციელება საშუალებას იძლევა მოხდეს, როგორც კურორტების გოდერძისა და ბეშუმის, ასევე საქრთველო-თურქეთის საზღვარზე არსებული სასაზღვრო პუნქტის გაზიფიცირება. პროექტის განხორციელება მომავალში საშუალებას იძლევა დაიგეგმოს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება, რაც პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მაღალმთიანი აჭარის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია“.

„ადიგენი-გოდერძის გაზსადენის ტრასა გადის რთული რელიეფის და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების ადგილებში, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ზამთრით და დიდი თოვლის საფარით. ამის გამო გართულებულია სატრანსპორტო საშუალებებით მისვლის და გაზსადენის ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული პროექტის ტრასა შერჩეულია მაქსიმალურად ოპტიმალურ ტერიტორიაზე, რათა მილსადენის ექსპლუატაციის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს ტექნიკური მომსახურების გაწევა,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

განათლების მინისტრი: ვმუშაობთ ქართული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებაზე

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემის პრეზენტაცია წარადგინა. მან ისაუბრა ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულთან ინტეგრაცია.

მინისტრის თქმით,  უკვე გაკეთებულია განაცხადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება.

„ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერსიტეტების ჩართულობას წაახალისებს“.

ბატიაშვილის განცხადებით, ამ გეგმების განხორციელება შესაძლებელია ორ წელიწადში.

„ENQA არის ერთგვარი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ეფექტურად დანერგავს ხარისხის განვითარების ევროპულ წინაპირობებს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ENQA-ს გავწევრიანდეთ. ეს იქნება დასტური იმისა, რომ დავიწყეთ ევროპული სტანდარტების ამოქმედება და მათი ეფექტური დანერგვა.

ამასთანავე, ეს ნიშნავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით გავლენიან ევროპულ ინსტიტუციებთან, რომლებიც ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობენ. ENQA იქნება გარანტი ქართული ხარისხის განვითარების სისტემის დამოუკიდებლობისა და მუდმივი განვითარებისა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

საგამოძიებო: დაკავებულები ინტერნეტმაღაზიით ნაყიდ ძვირადღირებულ საათებს უკანონოდ ყიდდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვით და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების შედეგად, საერთო ჯამში მიიღეს დიდი ოდენობით – 1 500 000 ლარზე მეტი შემოსავალი“.

როგორც ამანათების შეფუთვიდან ჩანს, ბრალდებულები საათებს ძირითადად ამერიკიდან იწერდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 218-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8-წლამდე ვადით. #საგამოძიებოსამსახური2019 #კანონდარღვევა

სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში „ალტერნატიული მთავრობა“ შექმნა

„ბათუმის ოფისის აქტივობის განსაკუთრებით ეშინიათ, ეს არის პოლიტიკური დევნა…“ – მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ, თუ რა გახდა მათი აზრით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრების პოლიციის განყოფილებაში დაბარების მიზეზი და ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბათუმში „ალტერნატიული მთავრობის“ ჩამოყალიბებაზე.

„აი, ეს არის ნამდვილი ახალი ხელისუფლება საქართველოში: ჭკვიანები, ლამაზები, მომართულები, პატრიოტულები… ლევანთან ერთად ვზივარ ოკეანის გადაღმა. ძალიან კრეატიული აზრია ეს ალტერნატიული მთავრობა და ალტერნატიული მერი იმიტომ, რომ რეალურად ჩვენს საქართველოს არ ჰყავს ახლა ხელისუფლება. რეალურად არის რაღაც ჯგუფი, რომელიც დაეპატრონა ქალაქს, ქვეყანას და თამაშობენ სახლობანას… ესენი თამაშობენ მთავრობანას, ზოგმა წარმოიდგინა, რომ მერია,“ – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის პარტიულ ოფისში შეკრებილებს ვიდეოჩართვის დროს.

ენმ-ს წევრის, ლევან ანთაძის თქმით, ეს ჩართვა გუშინწინ, ანუ 30 იანვარს შედგა. ჩართვის ამსახველი ვიდეო თავად მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზეცაა გამოქვეყნებული. ვიდეოდან არ ჩანს, კონკრეტულად ვინ წარმოადგენს აჭარაში „ალტერნატიული მთავრობას“. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის პარტიის ბათუმის ორგანიზაციას აქტიურობისთვის და პირველი სხდომის თარიღსაც ასახელებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტიის წევრები კონკრეტულ პროექტებს წარმოადგენენ, რომლებსაც სოციალურ ქსელში მოსახლეობა ხმას მისცემს.

„გააკეთეთ თქვენი პროექტები… გთავაზობთ, რომ პირველი სხდომა აჭარის ალტერნატიული მთავრობის და ბათუმის მერიის ჩაატაროთ აქედან ორ კვირაში. წარმოადგინეთ კონკრეტული პროექტები და მე ჩაგერთვებით… ამას „რუსთავი 2“ გააშუქებს იმედია და „იუთუბზე“ დავდებთ,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ლევან ანთაძის თქმით, ალტერნატიული პროექტების იდეა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას ეკუთვნის, რასაც პარტიის ლიდერმაც დაუჭირა მხარი.

„თანამდებობისთვის არ შექმნილა ეს ალტერნატიული მთავრობა. ამ ეტაპზე ასეა. საუბარია გუნდზე, რომელიც პროექტებს მოამზადებს და გააცნობს საზოგადოებას,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია კონკრეტული ინფორმაცია ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის წევრების დაკავების შესახებ. შსს-ს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შერნახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს.

მთავარი ფოტო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდიდან

 

 

 

შსს: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებისთვის დაკავებულია 16 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად“ – განაცხადა დღეს, პირველ თებერვალს,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

გუშინ, გვიან ღამე, ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ირმა ხოროიშვილი დასთან, ინგა ხოროიშვილთან ერთად დააკავეს.

მეტი ამ თემაზე: 

ენმ: ჩვენი აქტივისტი ირმა ხოროიშვილი კადრების საქმეზე  დასთან ერთად დააკავეს

აჭარის მთავრობის აპარატში შვიდი თანამდებობა ვაკანტურია

აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დავითაძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამ დეპარტამენტში ვაკანტურია, ასევე, სპეციალისტის თანამდებობა.
დაახლოებით ორი თვის  წინ თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსმა სოფო გუჯაბიძემაც. ის ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა  – ამ ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელების თანამდებობების ჩათვლით მთავრობის აპარატში სულ შვიდი პოზიციაა ვაკანტური.
ვაკანტურია იურიდიული განყოფილების უფროსის, მონიტორინგის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა  და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, ასევე, შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობები.
ამ კონკრეტულ თანამდებობზე კონკრეტული პირების შესარჩევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავრობამ კონკურსი უნდა გამოაცხადოს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოაცხადებს მთავრობა კონკურსს. უწყების პრესსამსახურში ვერც იმას გვიკონკრეტებენ, კიდევ რა საკადრო ცვლილებებია უახლოეს მომავალში მოსალოდნელი.
რეორგანიზაცია აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ დააანონსა. მისი პროტოკოლის უფროსის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გარდა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიყვანეს სულხან მოწყობილიც, ქობულეთის მერის ყოფილი მოადგილე.

მე-12 კლასის გამოცდები შეიძლება გაუქმდეს

საქართველოს განათლების მინისტრზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები წელსვე გაუქმდეს.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ. განათლების სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ წელსვე უქმდება საატესტატო გამოცდები ყველასთვის, გარდა მე-12 კლასისა. ეს ფაქტი გააპროტესტეს მეთორმეტეკლასელებმა, რამდენიმე აქცია გამოცდების გაუქმების მოთხოვნით ბათუმშიც გაიმართა.

დღეს განათლების მინისტრმა მე-12 კლასის გამოცდებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს გადიან: „ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით, იქნებიან სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული“.

განათლების სამინისტროს დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც. მისი აზრით, „მეთერთმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12- კლასელებს…“

სფეროს ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები [მე-11 კლასის გამოცდების გაუქმება] არის ნაჩქარევი და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სფეროში დასაქმებულებთან თუ სპეციალისტებთან სამინისტროს კონსულტაცია უნდა გაევლო.

 

 

რომელ ქუჩებს შეუწყდება წყლის მიწოდება დღეს ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყლის 355 მმ-იანი მილი, შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, წყლის მიწოდება დღეს, პირველ თებერვალს, 11:30 საათიდან 19:00 საათამდე ბათუმში შეუწყდება:

  • ქეთევან წამებულის ქუჩას და მიმდებარე ჩიხებს
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას: ორბელიანისა და ვარშანიძის ქუჩების მონაკვეთში
  • ჯავახიშვილის ქუჩას: N68-დან, N82-ის ჩათვლით
  • ბაგრატიონის ქუჩას: N198-დან, N202-ის ჩათვლით
  • აბუსერიძის ქუჩას: N26გ- სა და N26ბ-ში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

ჯარისკაცი, რომელმაც მეორე ჯარისკაცი დაჭრა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯარისკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მეორე ჯარისკაცი დაჭრა, სასამართლომ 4- ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შემთხვევა ბათუმში 22 იანვარს მოხდა. დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე რჩება.

შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

„ბრალდებული პასუხისგებაში იყო მიცემული სამხედრო პოლიციის მიერ. სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით, თუმცა ამჟამად ოთხი ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული“.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯარიმა 5813 ლარი 88.58 გრამი არადეკლარირებული ოქროს გადატანისთვის

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები [88.58 გრამი] გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა.

შემთხვევა 30 იანვარს მოხდა.

______________

სარფის საბაჟო. ფოტო: შემოსავლების სამსახური

როგორ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბათუმში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში პირველ თებერვალს, უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიება წელს სამ დღეს გასტანს და 1-დან 3 თებერვლის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე ლიტერატურულ აქტივობას გააერთიანებს.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია და 60-მდე ავტორი. თბილისის გარდა შეხვედრები და სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები დაგეგმილია საქართველოს თხუთმეტამდე ქალაქში, დაბასა და სოფელში. წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ღონისძიებები გაიმართება:

  • მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ დღეს, საღამოს შვიდიდან 9 საათამდე ბათუმელ მკითხველებს მთარგმნელი ქარდა ქარდუხი უმასპინძლებს. მისამართი:  ბათუმი, მერაბ კოსტავას 34.
  • მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“, დღეს, საღამოს 7 საათზე, სტუმარი ჟურნალისტი ლალი ბერძენიშვილი იქნება, რომელიც თავის მიერ შერჩეულ წიგნს წაიკითავს და ლიტერატურაზე ისაუბრებს.  მისამართი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 60.

„წიგნები ბათუმში“ წელს სხვა აქტივობასაც გეგმავს. დღეს, პირველ თებერვალს, გამომცემელი მარიამ კორინთელი და ქართველი ავტორი, პრემია „საბას“ გამარჯვებული ზურა აბაშიძე ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრებიან, წაიკითხავენ წიგნებიდან ამონარიდებს, ისაუბრებენ თარგმანებსა და თანამედროვე ქართველ და უცხოელ ავტორებზე.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე კი საქართველოში, თბილისში, 12:00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში „არტისტული ყვავილების“ კითხვით გაიხსნება, რომელიც მიეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლის თავს და ასევე, კრებულის – „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლაშა ბუღაძესთან, პაატა შამუგიასთან და ზვიად კვარაცხელიასთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. ისინი ლიტერატურასა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.

Exit mobile version