არავინ აკითხავთ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, ვინ პატრონობდათ ან რა გზა გაიარეს ქუჩაში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ და არცერთს არ აქვს სახელი, ყველას ერთი, ზოგადი სახელი ჰქვია: ძაღლი.
ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში 150 ძაღლსა და 40 კატას უვლიან. თავშესაფარში ცხოველები ორი გზით ხვდებიან: ხშირად პატრონებს აღარ სურთ ძაღლის მოვლა სხვადასხვა მიზეზის გამო და თავშესაფარში აბარებენ, ან კიდევ მოქალაქეები რეკავენ ცხელ ხაზზე და ითხოვენ მათი საცხოვრებლის ახლომახლო არსებული მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანას.
ძაღლები, რომლებსაც ქუჩაში „ბირკიანი“ ნომრით შეხვდებით, საშიში არ არიან, მათ თავშესაფარში გაკეთებული აქვთ ყველა საჭირო აცრა და არც აგრესიულები არიან. აგრესიულ ძაღლებს თავშესაფრიდან არ უშვებენ და უკიდურეს შემთხვევაში ევთანაზიას უკეთებენ.
ცხოველთა თავშესაფრის მიზანი მიუსაფარი ცხოველების აცრა, მკურნალობა, კასტრაცია-სტერილიზაცია და ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაა. ასეთ ცხოველებს ქუჩაში ყურზე „ბირკიანი“ ნიშნით ამოიცნობთ. თავშესაფარში ძაღლების მკურნალობის შემდეგ მათ ისევ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ, თუმცა, როგორც აქ გვითხრეს, მოსახლეობა ხშირად ითხოვს ცხოველების თავშესაფარშივე დატოვებას.
თავშესაფრიდან გაშვებული უსაფრთხო ძაღლები ხშირად თავად ბრუნდებიან უკან ადამიანებისგან მიყენებული ზიანის გამო. როგორც თავშესაფრის მთავარი ექიმი ვეტერინარი ზურაბ გოგაშვილი ამბობს, ხშირად ცხოველებს გამიზნულად უზიანებენ სხეულს სპეციალური ხსნარებით, ცხელი წყლითა და ზეთით, სცემენ, რასაც ავარიების შედეგად მიღებული ტრავმებიც ემატება.
ძაღლები, რომლებიც ბუნებრივ გარემოში რთულ პირობებს აწყდებიან, უკანვე ბრუნდებიან თავშესაფარში. ახლა თავშესაფრის ეზოში 40 ასეთი ძაღლია. ისინი ცოტა ხნის წინ გაუშვეს თავშესაფრიდან, მაგრამ მათ თავად აირჩიეს უკან დაბრუნება.
ზურაბ გოგაშვილი, თავშესაფრის ვეტერინარი: „დაავადდება თუ არა ჯიშიანი ძაღლი, პატრონი მის ქუჩაში გაგდებას ან თავშესაფარში ჩაბარებას არჩევს, დახმარება-მკურნალობას – იშვიათად. მეშინია მაშინაც, როცა ძაღლი მიჰყავთ თავშესაფრიდან: უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ძაღლებს შეუსაბამოდ კვებავენ და უკან გვიბრუნებენ დასნეულებულებს. თუ დღეში თავშესაფრიდან აჰყავთ ერთი ძაღლი, სანაცვლოდ დღეში, საშუალოდ, 10 ძაღლს უშვებენ.
აჰყავთ ძლიერი და ჯანმრთელი ხვადები, ძუ არავის უნდა. ჯანმრთელობის ოდნავი პრობლემაც თუ აქვს ცხოველს, ის არავის მიჰყავს“, – ამბობს თავშესაფრის ვეტერინარი.
მისივე თქმით, ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები თავშესაფარში მოდიან, იძლევიან სიტყვიერ რეკომენდაციებს ,,დაურეცხავი ჯამებისა და თავშესაფრის ეზოს გაუცელავი ბალახის“ გამო, მაგრამ მათი აქტიურობა და ჩართულობა სიტყვიერ რეკომენდაციებს არ სცდება.
ზურაბ გოგაშვილი, ვეტერინარი: „მოსახლეობის აქტიურობაც, უბრალოდ, ძაღლების გასეირნებაში რომ მიიღონ მონაწილეობა, ან დაინტერესდნენ თავშესაფრის ცხოველებით – ნულია, ცნება „მოხალისე“ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არც არსებობს, ამ ცხოველებს არავინ აკითხავს. ჩვენი მთავარი კინოლოგი ეზოს გვის, მაშინ, როცა, წესით, ახლა ძაღლებს უნდა ასეირნებდეს, მაგრამ როგორ გააკეთოს ორი საქმე ერთად? დამატებითი თანამშრომლების აყვანას კი მეტი ფინანსები სჭირდება, მეტი საშუალებაა საჭირო რეკლამისთვისაც, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ თავშესაფარში მცხოვრები გასაჩუქებელი ცხოველების ფოტოები, შევახსენოთ მათი არსებობა…“ – ამბობს ზურაბ გოგაშვილი.
თავშესაფარში სულ 21 ადამიანია დასაქმებული.
თავშესაფრიდან ძაღლებისა და კატების აყვანის მსურველებმა თავშესაფარს უნდა მიაკითხონ და ვოლიერებში დაათვალიერონ ცხოველები. ასეთ შემთხვევაში მათ ცხოველებს უფასოდ გაუკეთებენ ცოფის აცრას და ჭიის წამლით მოამარაგებენ. აყვანის პროცედურისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა, მიუთითოთ საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
როგორც თავშესაფრის დამაარსებელი კომპანია „CEBEP”-ის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯემალ გოგიტიძე ამბობს, კომპანიის წარმომადგენლები 6 წლის წინ ბათუმში მოგზაურობისას წააწყდნენ ფაქტს, როცა მიუსაფარ ცხოველებს ქუჩაში იჭერდნენ და შემდეგ კლავდნენ, რის შემდეგაც მათ ბათუმში თავშესაფრის დაარსების იდეა გაუჩნდათ.
კომპანია „CEBEP”-ს რუსი, ესტონელი და უკრაინელი მფლობელები ჰყავს.
კომპანია ბოლო ოთხი წელია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს. ამ ხნის განმავლობაში კონკურენტი აჭარაში მას არ ჰყოლია.
წელს კომპანიის მიერ მოგებული სატენდერო თანხა 250 000 ლარია.
ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი:
მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი № 251
TEL.: 579 74 22 88
ვებგვერდი: aibolit.ge