სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არ გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1-ელი თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.
სააგენტოს ცნობით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ – 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი – 125 383; კახეთი – 80 007 და ქვემო ქართლი – 79 947.
____________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის იუსტიციის სახლი