საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ლაივჩართვაში, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერ მისცა ხალხს პური და ახლა აძლევს სანახაობას.
„ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. არასოდეს არ გვიხმარია ეს მეთოდი.
…მართლა ხომ არ ბნელა?!“ – კითხულობს მიხეილ სააკაშვილი.
მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი ასე აშანტაჟებს მისი გუნდის წევრებს.
„ორი გოგონა დაიჭირეს ბათუმში იმისთვის, რაც გააკეთა ივანიშვილმა. ჯერ კადრები გამოყარა, ამაში სარგებელი უნდა ნახოს და სხვა დაიჭიროს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს, 1 თებერვალს, შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ საქმეზე ბათუმში სამი პირი – დები: ინგა და ირმა ხოროიშვილები და ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს. მათთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.
დეპუტატი ეკა ბესელია, სავარაუდოდ, ვისი პირადი ცხოვრების კადრებიც ვრცელდება ვირუსულად სოციალურ ქსელებში, აცხადებს, რომ ეს კადრები სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშია ფარულად გადაღებული.