მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა.
შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო.
როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების დღეს მოქმედი სქემა ძალაში იქნება 2019 წელსაც. შესაბამისად, პედაგოგს, რომელსაც სტატუსის ამაღლება ამ სქემით გათვალისწინებული კრედიტქულების დაგროვებით ჰქონდა გადაწყვეტილი, შეუძლია ეს მოდელი გამოიყენოს.
მოუწევს თუ არა პედაგოგს ერთხელ მიღებული სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა? – ბერიკა შუკაკიძე ამბობს: „არ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება შეჩერდეს, ეს იმდენად ცვალებადი სფეროა. პედაგოგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეცნობოდეს სიახლეებს.
ეს პროცესი რომ არ შეჩერდეს, ჩვენ ვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კრედიტქულები დაგროვილი იმისთვის, რომ სტატუსი შეიცვალონ, ჩვენ მათ საშუალებას მივცემთ, პროფესიული განვითარების გზით შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი“.
ბერიკა შუკაკიძის თქმით, იმ მასწავლებლებთან დაკავშირებით, რომლებმაც ვერ დააგროვეს კრედიტების საკმარისი რაოდენობა, სკოლა გადაწყვეტს, რა მიმართულების პროფესიული განვითარება სჭირდებათ მათ.
„თუ მასწავლებელს აქვს კლასის მართვაში პრობლემა და უნდა გახდეს უკეთესი, სკოლა ან ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის ტრენინგსერვისს. თუ პედაგოგი გაივლის ამას დადებითად, ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს სტატუსი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სქემაში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ ცენტრი პრეზენტაციას პირველ თებერვალს გამართავს.