„ქართულ-ებრაული თანაცხოვრების“ UNESCO-ში წარსადგენად სააგენტო ექსპერტს მოიწვევს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო UNESCO-ში „ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვანი თანაცხოვრების ტრადიციის“ წარდგენასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტს მოიწვევს. UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას სააგენტო 30 ათას ლარად გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ნომინაციაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და მასში სამუშაო ფორმატში მონაწილეობდნენ როგორც არამატერიალური მემკვიდრეობის ქართველი ექსპერტები, ისე საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები:

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ არსებობს მსგავსი პრეცენდენტი და საკითხი ეხება აბსოლუტურად განსხვავებულ ტრადიციის ფორმას, რომლის გამოვლინება-დასაბუთება რთულია და ეხება საქართველოში მცხოვრებ, ეთნიკურად სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს, აგრეთვე, იმის გამო, რომ საქართველო მრავალეროვანი ქვეყნაა და მასში საუკუნეების მანძილზე თანაცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, საკითხი მეტად რთულ და სენსიტიურ ელფერს იძენს. საკითხის ზუსტი ვექტორის დასადგენად ამ ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური ონლაინ კონსულტაციები UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სეკრეტარიატთან“.

სააგენტოში აცხადებენ, რომ „სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, დღის წესრიგში დადგა UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტის უშუალო, ადგილზე ჩართულობის საჭიროება, რომელიც ქართულ მხარეს დაეხმარება ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე ნომინაციის მოსამზადებლად სწორი მიმართულების განსაზღვრაში, დააკმაყოფილებს როგორც კონვენციის ვალდებულებებსა და პირობებს, ასევე გაითვალისწინებს გეოპოლიტიკურ ასპექტებს, რათა საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია დადებითად იქნას შეფასებული არამატერიალური მემკვიდრეობის შემფასებელი ჟიურისა და კომიტეტის მიერ და თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვირდროს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის საუკეთესო პრაქტიკების ნუსხაში“.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ელემენტის წარდგენა ხდება წელიწადში ერთხელ. სააგენტოს ინფორმაციით, დღის წერსრიგში დგას საერთაშორისო ექსპერტთან ერთად ნომინაციის შესაძლებლობების კვლევა და და საქართველოს მთავრობისათვის პირველადი მონახაზის წარდგენა. ნომინიაციების წარდგინების შემდგომი ციკლისთვის, 2020 წლისთვის კი უნდა მომზადდეს სრული პაკეტი. ექსპეტრის მომსახურების პერიოდი მოიცავს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთ თვეს.

ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, 2018 წლის აპრილში მიენიჭა.

https://netgazeti.ge/news/267082/

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სინაგოგა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გაზაფხულის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 28  თებერვლის  21 საათიდან  1-ელი  მარტის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დღეს ღამით და  ხვალ დილით ბათუმში და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, ხვალ, დღის განმავლობაში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. მთაში მოსალოდნელია ღამით – თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 სითბო – 2 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს,  2-3 მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შესაძლოა თოვლ-ჭყაპის სახით, მთაში – თოვა. ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში 4 მარტს გამოიდარებს.

______________________

არჩილ კახაძის ფოტო

მერია პლაჟზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს სამი დღის ვადას აძლევს

ბათუმის მერია პლაჟზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს.

მერიის ცნობით, ობიექტების მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. მათ სამი დღის ვადაში ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ.

მერიის ცნობით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას, მეპატრონის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

საქართველოს რკინიგზას ყაზახეთის რკინიგზის დელეგაცია ეწვია

25-26 თებერვალს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც  მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა. სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს  და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის განვითარების გზებზე, ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებზე, მომსახურების გაუმჯობესებასა და  აღნიშნული დერეფნის მარშრუტის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივაზე.

კმდს-ს ხელმძღვანელი ბათუმის ძველი სინაგოგის შესაძლო დანგრევაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თუკი ვინმეს ექნება სურვილი ბათუმის ძველი სინაგოგა ძველი ფორმით აღდგეს, სააგენტო მათ არქიტექტურულ პროექტს შეუსყიდის.

“თუკი საქართველოს ებრაელთა კავშირს ან სხვას ექნება შენობის იგივე ფორმატში რესტავრაციის სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც სხვა ეკლესიების შემთხვევაში, ვიყიდოთ პროექტი. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სააგენტო მზადაა გამოაცხადოს ტენდერი რესტავრაციაზე,” – აცხადებს ზაურ ახვლედიანი.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს  საქართველოს ებრაელთა კავშირს საკულტო ძეგლთან დაკავშირებით.

„გავიგე სოციალური ქსელებიდან და არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. სინაგოგა არის საკულტო ნაგებობა და ნებართვის გაცემაც და სხვა პროცედურებიც არის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა,” – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

დღეს, 27 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ძველი სინაგოგის ადგილას ებრაული ცენტრის აშენება იგეგმება. შენობა საკულტო ნაგებობაა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაცვის ქვეშაა. ძეგლზე რაიმე ფორმით ჩარევაზე ნებართვა სწორედ ამ სააგენტომ უნდა გასცეს.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]

როგორი საპატიმროები აქვთ გერმანიაში

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე თითქმის ორი წელია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები წარმატებულად მიიჩნევა, ეს პროგრამები არა მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, არამედ დაპატიმრების პირველი დღიდანვე იწყება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ (ASB) კვლევაში ხუთი ქვეყნის გამოცდილებაა ნაჩვენები, სადაც მსგავსი პროგრამები ეფექტურობით გამოირჩევა და განაპირობებს განმეორებითი დანაშაულის დინამიკის კლებად ტენდენციას. ამჯერად კვლევაში განხილულ გერმანიის მაგალითზე შევჩერდებით, სადაც 2017 წლის მონაცემებით 64 193 პირი იყო საპატიმრო დაწესებულებაში, ანუ იმ პერიოდში 100 000 მოსახლეზე 77 პატიმარი მოდიოდა.

გერმანული მიდგომის მიხედვით, საზოგადოებისგან განცალკევება უკვე წარმოადგენს სასჯელს, ციხე არ არის სადამსჯელო დაწესებულება, ეს არის სარეაბილიტაციო სივრცე და დრო აქ პირის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.

ამისათვის კი საჭიროა, ცხოვრება ციხეში მაქსიმალურად ჰგავდეს ცხოვრებას საზოგადოებაში (რასაც ზოგჯერ ნორმალიზაციის პრინციპს უწოდებენ) და ორგანიზებული იყოს იმგვარად, რომ ხელს უწყობდეს პატიმართა საზოგადოებაში ინტეგრაციას.

თავისუფლების აღკვეთის მიზანია, გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმრებმა საზოგადოებაში უფრო დამოუკიდებლად და პროდუქტიულად იცხოვრონ.

ციხეში ხდება მსჯავრდებულთა იმ უნარების ათვისება, რაც მათ საზოგადოებაში დაბრუნებისას დასჭირდება.

პატიმრებს გერმანიაში აცვიათ საკუთარი ტანსაცმელი, აქვთ პირადი ნივთები, თავად აწყობენ საკანს და იმზადებენ საკვებს. პატიმრებს შეუძლიათ დაწესებულებაში თავისუფლად გადაადგილება, აქვთ წვდომა თვითმომსახურების ობიექტებზე და თავად გეგმავენ საკუთარ დღეს. პატიმრები ხშირად პატარა ჯგუფებში ცხოვრობენ და მათი საცხოვრისი დაყოფილია სხვადასხვა ნაწილებად: სამზარეულო, საერთო სივრცე, დასვენების სივრცე.

გერმანულ ციხეში აუცილებელია როგორც განათლების მიღება, ასევე მუშაობა, რაშიც პატიმრებს ხელფასს უხდიან.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსჯავრდებულის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას: დარაჯი, როგორც წესი, აკაკუნებს საკანში შესვლამდე. პატიმრებს აქვთ საკუთარი საკნის გასაღები.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულია დიაგნოსტიკური ცენტრები, სახელოსნოები, დედათა და ბავშვთა სექციები; პატიმრებს აქვთ სოციალური თერაპიის, პროფესიული განათლების, სამკურნალო პროგრამების მიღებისა და გავლის საშუალება.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მხოლოდ შესაბამისი განათლების მქონე პერსონალი მუშაობს. მათი სასწავლო კურსი ორწლიანია, 12 თვე თეორიულ საკითხებს ეთმობა, 12 კი პრაქტიკულ ტრენინგს. პერსონალი სისხლისა და საკონსტიტუციო სამართალს, თავდაცვას, განათლების თეორიას, ფსიქოლოგიას, სტრესისა და კონფლიქტის მართვასა და პატიმრებთან კომუნიკაციას სწავლობს.

ციხეები ისეა მოწყობილი, რომ ხელი შეეწყოს რეაბილიტაციის პროცესს: მუდმივად საშუალო ტემპერატურაა, ბევრი ფანჯარა და მზის შუქი, ასევე განიერი დერეფნები.

პატიმრებს რეგულარულად ეძლევათ საშუალება, მოინახულონ ოჯახი მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ვიზიტით.

პატიმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, გარკვეული დრო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთაც გაატარონ.

გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ოჯახსა და საზოგადოებასთან მტკიცე კავშირი რეაბილიტაციის წარმატების ხელშემწყობი ფაქტორია.

ერთ პროცენტს არ აღემატება იმ პატიმართა რაოდენობა, რომლებიც ოჯახში ვიზიტის შემდეგ საპატიმროში არ ბრუნდებიან.

წყარო:  ACB


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოზარდები პედაგოგებს პირადი ცხოვრების შესახებ

რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რამდენად ინფორმირებული არიან ისინი, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების  გასაჯაროებისას და რას ასწავლიან ამის შესახებ მათ სკოლაში? „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოსწონს სხვისი დისკრედიტაცია და ამ თემით ძალიან აჟიტირებულია.

„ახლახანს მეც გავხდი კიბერბულინგის მსხვერპლი, ატვირთეს ჩემი ფოტო და შემდეგ სოციალურ ქსელებში ჩემი დისკრიმინაცია მიდიოდა. ბუნებრივია, ამისგან არც მოზარდები არიან დაზღვეული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათ ხშირად ვესაუბროთ ასეთ საკითხებზე და ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი ონლან ძალადობისგან“, – გვეუბნება ის.

ლადო აფხაზავა ამბობს, რომ სკოლაში თითქმის ყოველ წელს ხორციელდება პროექტი – „ჩვენი უფლებები ონლაინ“, რაც გულისხმობს ინტერნეტ-სივრცეში მოზარდების უსაფრთხოებას. საუბარია ასევე სიძულვილის ენაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ ის.

„მეც მსმენია შემთხვევებზე, როცა მოსწავლეებმა სპეციალურად გააკეთეს და შემდეგ გაავრცელეს პირადი ინფორმაცია თანატოლზე და მშობელი კინაღამ გააგიჟეს. ამიტომ, უნდა ვესაუბროთ მოზარდებს, რატომ არ უნდა გამოიყენონ სიძულვილის ენა, რატომ არ უნდა გაავრცელონ სხვისი ცხოვრების ამსახველი რაიმე ინფორმაცია უნებართვოდ, რა რისკებს შეიცავს ეს როგორც სხვისთვის, ასევე გამავრცელებლისთვის, უნდა ვასწავლოთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ისევე აუცილებელია ონლაინ სივრცეში, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

ჩვენ ამ თემებზე გადავიღეთ პატარ-პატარა ფილმები, გავაკეთეთ პერფორმანსები და განვიხილავდით მსგავს საკითხებს“.

ლადო აფხაზავას აზრით, რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან ბავშვებმა და მოზარდებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში. უნდა იაქტიურონ ასეთ დროს თუ არა, რა უნდა გააკეთონ, ვისთან უნდა ითანამშრომლონ და ასე შემდეგ. „ერთ გაკვეთილზე ეს შეიძლება ვერ გააკეთო, მაგრამ შესაძლებელია სკოლამ დაგეგმოს ერთკვირიანი პროექტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის – ლელა ბორჩხაძის თქმით, მეცხრე და მეათე კლასის სამოქალაქო განათლების წიგნებში საერთოდ არ არის საუბარი მოსწავლის პირად სივრცეზე, მაგრამ მოზარდებს ეს თემა ძალიან აინტერსებთ და უამრავი კითხვა აქვთ.

„როცა პირად სივრცეზე ვიწყებ საუბარს, ბევრი კითხვა მოდის ბავშვებისგან, ზოგჯერ იმდენად ბევრი, რომ შეიძლება გაკვეთილი ბოლომდე ვერ ავხსნა.

მეუბნებიან, აქვს თუ არა მშობელს იმის უფლება, რომ შეამოწმოს ჩემი სოციალური გვერდი? მესინჯერი? ჩემს მეგობარს თუ შეუძლია ჩემზე რაღაც მიწეროს მეორეს სოციალური გვერდიდან? ჩემი ტელეფონი შემიძლია თუ არა ვათხოვო სხვას. აინტერესებთ, როგორ დაიცვან პირადი სივრცე თუნდაც მშობლისგან და ა.შ. მე ვცდილობ მათ სამართლებრივ ჩარჩოებში ავუხსნა, რა შეიძლება მოჰყვეს სხვისი პირადი სივრცის დარღვევას“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე.

მასწავლებელის თქმით, არის შემთხვევები, როცა კლასში ბავშვები დაწერენ რაღაცას ფურცელზე და შემდეგ ერთმანეთს ესვრიან. „როცა ეს ფურცელი ჩემს ხელში ხვდება, ვხევ მათ თვალწინ და ურნაში ვაგდებ. ამით მათ უფლებას არ ვაძლევ, წაიკითხონ სხვის შესახებ დაწერილი რაღაც ინფორმაცია“.

რა მიიჩნევა პირად სივრცედ? – ხშირად სვამენ ამ კითხვას მოზარდები. „მე ვეუბნები – ის, რაც შენ არ გინდა რომ დაგემართოს, იგივე ქმედებას ნუ გაუკეთებ სხვას“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე. მისი თქმით, აუცილებელია ვესაუბროთ მოზარდებს იმაზე, რომ თუ ვინმემ აწყენინა, პირადი ანგარიშსწორება ფოტოებით, თუ კადრების გამოქვეყნებით არ უნდა ხდებოდეს.

„მოზარდებს ნაკლებად ესმით, რას ნიშნავს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა. ამას ისინი ხშირად „ხუმრობას“ ეძახიან, მაგრამ როცა ჩუმად უღებ კლასელს ფოტოს და აქვეყნებს, ეს აღარ არის ხუმრობა და ასეთ დროს შეგვიძლია ვესაუბროთ კიბერბულინგის სამართლებრივ მხარეზეც. მოსწავლეებს ვუხსნი, რომ არ შეიძლება სხვისი ფოტოს გამოქვეყნება ნებართვის გარეშე, თუნდაც ის დაბადების დღეზე იყოს გადაღებული“, – გვეუბნება ლელა ბორჩხაძე.

პედაგოგის აზრით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე როგორც სამართლებრივი, ასევე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბევრი რამ უნდა გააკეთოს სკოლამ. „საჭიროა ფსიქოლოგის საუბრები, სამართალდამცველების ჩართულობა და ასევე მშობლების, პედაგოგების რომ ყველა ერთად ვებრძოლოთ ამ მანკიერ გამოვლინებას, რასაც სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ვეძახით. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია სკოლამ და ოჯახმაც იფიქროს იმაზე, რომ სკოლაში აიკრძალოს მობილური ტელეფონების გამოყენება“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე.

პედაგოგის თქმით, ამ მეთოდს ევროპის ბევრმა სკოლამ მიმართა და ეს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის იქნება მომგებიანი, რადგან „ამ დროს ბავშვი გაკვეთილზე უფრო მობილიზებულია და არ იქნება სურათების გადაღებით თუ სხვა არათემატური საქმით დაკავებული“.

მისი აზრით, როგორც სკოლებშია, ასევე ოჯახშიც მშობლებმა გარკვეული ინტერნეტგვერდები უნდა დაბლოკონ, რომ ბავშვს, მოზარდს არ ჰქონდეს წვდომა მისთვის შესაუსაბამო ინფორმაციაზე.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მირანდა გორგოშიძე მიიჩნევს, რომ ბავშვის ან მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ სხვა ინფორმაციის გავრცელებაზე  საუბარი აზარალებს მსხვერპლს და ეს ვერ ჭრის პრობლემას.

„მედია რომ ამაზე ბევრს საუბრობს, ეს ჭრის პრობლემას?“ – გვეუბნება ის. მასწავლებელს ვკითხეთ, ამ თემაზე მოზარდების ინფორმირებულობის გარდა თავად რაში ხედავს გამოსავალს?

„კონკრეტული ღონისძიების დასახელება მიჭირს, მაგრამ ვთვლი, რომ სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას, ფილოლოგებს, რომლებიც ასწავლიან მხატვრულ ნაწარმოებს, ბევრ მორალურ გმირთან შეუძლიათ პარალელის გავლება, ასევე კომპეტენტურ დამრიგებლებს, მშობლებს შეუძლიათ ესაუბრონ მოზარდებს და მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია“, – სცხადებს პედაგოგი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას ასწავლის დღევანდელი სკოლა ბავშვებსა და მოზარდებს პირადი სივრცის, მათი უფლებების დაცვაზე და რა იქნება უფრო ეფექტური სამომავლოდ? მირანდა გორგოშიძე ამბობს, რომ სკოლას სამართლებრივი სწავლების რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლებელია ამ კუთხით კონკრეტული პროექტების მომზადება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა.

„ასევე მნიშვნელოვანია, უფროსების პირადი მაგალითი. დღეს იმდენად ღიაა ეს თემები მოზარდებისთვის, ისინიც ფიქრობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ამით არაფერი შავდება. ყველა არხზე პოპულარიაზაცია ხდება სხვისი პირადი ცხოვრების აფიშირების. მიეჩვივნენ მოზარდებიც და ამაში პრობლემას ვეღარ ხედავენ“, – ამბობს მირანდა გორგოშიძე.

პედაგოგი ამბობს, რომ სკოლის პროგრამული მასალა არ ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარს, მაგრამ არის საუბარი ღირსების შემლახავ საკითხებზე. „იმ სიმწვავით, რა სიმწვავითაც დღეს დგას ეს საკითხი, არ ვსაუბრობთ“, – გვეუბნება ის.

პედაგოგი დასძენს, რომ ამ თემაზე საუბრებიც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოზარდები წითელ ხაზებს არ გადავლენ.

 

EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისთვის შეფარდებული სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა. ეს ორგანიზაცია დეკანოზის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პენიტენციურ დეპარტამენტს, დაიცვას დეკანოზის ჯანმრთელობის უფლება. EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს, მოინახულეს. მათი შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, ვერ გადაადგილდება და ვერ ჯდება. დეკანოზის თქმით, მას ამ დრომდე არ აქვს დასმული სრულყოფილი სამედიცინო
დიაგნოზი და ამ მიზნით, არც საჭირო პროცედურები ჩატარებია, სამედიცინო პერსონალის მხრიდან. სასულიერო პირის განმარტებით, ის პენიტენციური დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ გარემოში იმყოფება. კერძოდ, დაწესებულებაში განთავსებიდან ხუთი დღის შემდეგაც კი, არ უცვლიან თეთრეულს, არ ხდება ნაწოლების გაჩენის პრევენცია და ოთახიც არ სუფთავდება სველი წესით,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EMC-ის ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლზე მიუთითებენ, რომელიც სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. ორგანიზაცია დეკანოზის სახელით სასამართლოსთვის მიმართვას უახლოეს დღეებში აპირებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 15 თებერვალს პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის ეროვნული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც პენიტენციური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, 22 თებერვალს, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/342948/

შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი 

შუახევის მუნიციპალიტეტი სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას გეგმავს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა შემდეგ იალაღებზე: ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 301 300 ლარია.

პროექტი წარმოადგენს ორწლიან, 2019-2020 წწ შესყიდვას. 2019 საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს 685 000 ლარის ღირებულების სამუშაოები [აუცილებელია სამუშაოები დაიწყოს ყველა მიმართულებით], ხოლო 2020 წელს, ხელშეკრულების ღირებულების დანარჩენი ნაწილის სამუშაოები.

2019 წელს გრაფიკი იყოფა 5 ეტაპად და სამუშაოების დასაწყისია არაუგვიანეს 2019 წლის 15 მაისი. თითოეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს. 2020 წელს მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
დარჩენილი ნაწილი და თავად განსაზღვროს ეტაპები 2020 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდისთვის.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ინფორმაციით აღნიშნულ იალაღებთან ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზი მიყვანილია და ყველგან დამონტაჟებულია ტრანსფორმატორი: „ტენდერით დაგეგმილია მხოლოდ შიდა ქსელის მოწყობა, ანუ დენის მიყვანა თითოეულ სახლამდე [იაილამდე]. ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული გამრიცხველიანება“.

მთის იალაღი შუახევში / ფოტო: გურამ მურვანიძე
მთავარი ფოტო: შუახევი, იაილა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ზონალურმა საბჭომ ბათუმში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განიხილა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის ზონალურმა საბჭომ ბაქოს ქუჩა #51-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მშრალი ტვირთის ტერმინალის სამშენებლოდ გამოყენება და სამშენებლო პროექტის შეთანხმება განიხილა.

საუბარია გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთ ტერმინალზე, რომლის აშენებასაც ბათუმის ნავსადგურში „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“ გეგმავს.

როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, ბათუმის ნავსადგურში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განხილვის საკითხი გახდა, რადგან მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მიმდებარე ტერიტორიაზე, ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში უნდა მოხდეს.

მისცემს თუ არა ზონალური საბჭო ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობაზე დადებით რეკომენდაციას კომპანიას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა ზონალური საბჭოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ ტერმინალის პროექტის მოცემულ სიმაღლეებზე ის თანახმაა.

პროექტის რენდერი

„გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული რუკის მიხედვით, იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ტერმინალის აგება იგეგმება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი შენობაა: XX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ორსართულიანი სახლი მაქაცარიას #1-ში და ამავე პერიოდში აგებული, ერთ და ორსართულიანი სახლები მაქაცარიას #3-ში.

კარბამიდის ტერმინალის აშენებას ბათუმში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ

51 დღის წინ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში მიმდინარე კვირაში უნდა გადმოასვენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა.

“პროცედურა დაწყებულია გადმოსვენების. ლიბიის პროკურატურამ გასცა ნებართვა გადმოსვენებაზე. გარდაცვლილი გადასვენებულია ქალაქ მისტრადადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესაბამისი რეისის დაჯავშნა, რომ გარდაცვლილი  გადმოვასვენოთ საქართველოში,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისივე თქმით, გადმოსვენების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

“ეს შეიძლება იყოს პარასკევი ან კვირა, დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულ ავიაკომპანიას როდის ექნება ამის შესაძლებლობა. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საელჩოსთან, რომელიც, თავის მხრივ, კავშირზეა დამკრძალავ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს საორგანოზაციო საკითხებს და იმედი გავქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება,” – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ

„ამ ადამიანებს უნდათ მე-19 საუკუნის სინაგოგის ადგილას დაიდგას მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც, თურმე, პირველ სართულზე სინაგოგას გახსნიან, მეორე სართულზე – ქაშერული ტიპის სასადილო-რესტორანს, მესამეზე – ებრაული კულტურის ცენტრს და მაღალ სართულებზე იქნება სტუმრის სახლი, ებრაელი რაბინებისთვის. სიტყვა სასტუმროს ხსენებას ერიდებიან, თუმცა ზუსტადაც სასტუმროზეა საუბარი,“ – ბათუმელი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბათუმის ძველი სინაგოგის მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე წერს.

„ბათუმელებმა“ აქტივისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ებრაელთა კავშირს მიმართა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ბათუმის ძველი სინაგოგის ადგილას მინიმუმ სამსართულიანი შენობის აგება იგეგმება.

„ჩვენ იქ ვაპირებთ ებრაული ცენტრის აშენებას. პირველ სართულზე იქნება სინაგოგა, მეორე სართული იქნება ჩვენი ქაშიერი კვებისთვის – იცით თქვენ, როდესაც ებრაელები ჩამოდიან, დიდი ცოდვაა, თუ ქაშიერი საკვები არ ექნებათ. მესამე სართულზე იქნება საკლასო ოთახები, სხვადასხვა წრე, რელიგიის… ირაკლისაც ვუთხარი, საერთოდ ყველაფერი რაც გაკეთდება, გაკეთდება ჩვენი რელიგიის და სახელმწიფო კანონების შესაბამისობაში აუცილებლად და ყველაფერი შეთანხმდება  რელიგიურ პირებთანაც და სახელმწიფო ორგანოებთანაც, რაც საჭიროა,“ – ამბობს  საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.

ბათუმის ძველი სინაგოგა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბათუმის ძველი სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის საკულტო ძეგლია. შენობის ოფიციალური მესაკუთრე სახელმწიფოა, ხოლო მუდმივი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ საქართველოს ებრაელთა კავშირს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ფორმით იგეგმება ძეგლზე ჩარევა, მერაბ ჩანჩალაშვილი პასუხობს:

„ჩვენ ვთხოვეთ და ალბათ ახლო მომავალში ჩამოვა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელმაც უნდა შეისწავლოს შენობა, შენობის მდგომარეობაც და შენობის ფასეულობაც კულტურულად რამდენად ის არის. კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შენობა დანგრეულია, სამწუხაროდ, ფაქტობრივად ერთი კედლის მეტი არ არსებობს. იმ შენობას უნდა აღდგენა, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, ჩვენს რელიგიურ პირებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, რას გავაკეთებთ“.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ სააგენტოში, ჯერჯერობით, საპროექტო დოკუმენტაცია განსახილველად არ შესულა.

„მაგრამ ეს შესაძლო პროექტი, თუკი არსებობს ქართველ ებრაელთა სათვისტომოს მიერ და მათი ინიციატივით მომზადებული, ეს აუცილებლობის წესით უნდა იყოს განხილული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე, მისმა წევრებმა უნდა განიხილონ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და, შესაბამისად, მათი განხილვის შედეგად გადაწყდება გაიცემა თუ არა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა,“ – გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ბათუმის ძველი სინაგოგა საზოგადოების ყურადღების ცენტრში 14 თებერვალს მოექცა. მაშინ აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნახევრად დანგრეულ სინაგოგას კერძო პირები თავდაპირველი სახით აღადგენდნენ.

ამავე თემაზე:

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]

აკრძალვების სია ქალებისთვის

ავტორი: ნებისმიერი ქალი, ვინც ეს გზა გაიარა


ჩემზე უძალადიათ!

ყველა ძალადობამ კვალი დატოვა!

დღესაც ვებრძვი ამ კვალს!

[checklist]

  • პირველი – თმის შეჭრა მინდოდა. გოგოს გრძელი თმა უხდებოდა, დღემდე მიჭირს თმის გაზრდა;
  • მეორე – ცეკვის სწავლა მინდოდა, მაგრამ მუსიკაზე უნდა მევლო, რადგან ის პარტნიორს არ საჭიროებდა, არც ცეკვა ვიცი და არც დაკვრა;
  • მესამე – მოკრძალებული უნდა ვყოფილიყავი (მამაკაცისთვის თვალებში არ უნდა შემეხედა), ძალიან დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო მოლაპარაკებებისთვის ადეკვატური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად (სანდო მხოლოდ მაშინ ხარ, როცა მეორე მხარეს თვალებში უყურებ);
  • მეოთხე – მსახიობობა მინდოდა (რა მნიშვნელობა აქვს ნიჭი მქონდა თუ არა), რეაქცია იყო, რომ გოგოს თეატრალურზე და იურიდიულზე არ ჩავაბარებინებთ, დანარჩენი რაც უნდა… დღეს იურისტი ვარ;
  • მეხუთე – მესამე კლასში 8 მარტს იები ვაჩუქე მასწავლებელს (მაშინ ყველას მიჰქონდა ყვავილები სავალდებულოდ), მასწავლებელმა „გადაახარისხა“, ჩემი იები ურნაში ვნახე…
  • მეექვსე – გარდატეხის ასაკში 76 კილო გავხდი, დღემდე ვითვლი გრამებს…
  • მეშვიდე -არასოდეს მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ლამაზი, დღეს რომ მეუბნებიან მიჭირს დაჯერება;
  • მერვე – ერთხელ თუ გათხოვდი, შენი „უკან მიმღები“ (იგულისხმება მშობლების ოჯახში დაბრუნება, განქორწინების შემთხვევაში) არავინააო. სანამ ჩემი თავის რჩენა ვერ შევძელი, ვცხოვრობდი ასე „გათხოვილი“…
  • მეცხრე – ქალს ერთი ქმარი უნდა ყოლოდა, მე ორი მყავდა;
  • მეათე – ქალი ქმარზე უნდა ზრუნავდეს (პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედობრივი მზრუნველობა იგულისხმებოდა), ამომივიდა ყელში;
  • მეთერთმეტე – ქალს „მოკლე“ არ უნდა ეცვას (გამომწვევის კატეგორიიდან), სულ „მოკლე“ ვიცვამ, ბოლო დროს გავურიე სხვაც ;
  • მეთორმეტე – პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ქალს პოლიტიკაში რა უნდაო, მოვხვდი იქაც… სინამდვილეში ქალი სერიოზული კონკურენტია ;
  • მეცამეტე – მართლმადიდებელი კი არა იეღოველიაო, მატარეს ეკლესია-ეკლესია, მეუხერხულებოდა, მას მერე არ დავდივარ. ჯვარი არ აქვს დაწერილიო, არც დავიწერ!
  • მეთოთხმეტე – სად მიდიხარ? ვისთან ერთად? როდის მოხვალ? დღემდე მგონია, რომ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გავცე ;
  • მეთხუთმეტე – ეს ლგბტ პირების დამცველია და გეი ქორწინებას უჭერს მხარს… ეს ის შემთხვევაა, როცა მადლობა უნდა ვუთხრა მოძალადეებს. აზრზე არ ვიყავი და ახლა, დიახ, ვუჭერ მხარს!!!

[/checklist]

 

კიდევ ბევრი რამ გამახსენდება ალბათ, მაგრამ სიის სიგრძეს რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარი ის საერთოა, რაც მე და ნებისმიერ მეორეს გვაქვს – ძალადობა, რომელიც გადაგვიტანია, გვახსოვს და მის კვალს ვებრძვით. ზოგჯერ ვერევით, ზოგჯერ – ვერა. მთავარია, თვალი გავუსწოროთ და მერე გვინდა ამოვთქვათ, გვინდა არა.

—————————

მთავარი ფოტო: მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

 

 

რა კავშირშია კაზინო „ინტურისტის“ მფლობელი კომპანია „მეტრო ჰოლდინგთან“

ყოფილი კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას დღემდე ითხოვენ. კაზინო 2019 წლის იანვრიდან აღარ მუშაობს. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვის ხელფასები არ აუღიათ. ამ ადამიანებმა, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 180-დან 280-მდე, ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სასტუმროს „ინტურისტის“ მფლობელ „მეტრო ჰოლდინგის“ კუთვნილ ობიექტებთან არაერთი აქცია გამართეს.

„მეტრო ჰოლდინგმა“ რამდენიმე დღის წინ კაზინოს ყოფილ თანამშრომლებს 1000-1000 ლარი დაურიგა. ამის შემდეგ „მეტროში“ განაცხადეს, რომ მათ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ და რომ ეს იყო „ჰოლდინგის დამფუძნებლის და თავმჯდომარის გალიფ ოზთურქის კეთილი ნება, საჩუქარი“. კაზინოს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ დავალიანება სრულად არ არის დაფარული. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დავალიანება უნდა დაფაროს იმ კომპანიამ, რომელსაც კაზინოსთვის  ფართობი იჯარით ჰქონდა აღებული სასტუმროში.

რა კავშირშია კომპანია, რომელიც კაზინოს ამუშავებდა სასტუმრო „ინტურისტში“, ამ სასტუმროს მფლობელ ჰოლდინგთან? – სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციით, 2018 წელს „ინტურისტში“ კაზინოს ამუშავებდა [ლიცენზიის მფლობელი] და შესაბამის გადასახადებს იხდიდა სააქციო საზოგადოება „ლიბერთი“.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სს „ლიბერთი“ 2016 წლის ნოემბერში დააფუძნა თურქეთის მოქალაქე სონერ თექჯანიმ. კომპანიის იურიდიულ მისამართად კი ბათუმში, გოგოლის ქუჩა N1 განისაზღვრა. ამ მისამართზე არსებული ქონება [„მეტროს“ ავტოსადგური] კი „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ საკუთრებაშია. „ლიბერთის“ 100% წილის მფლობელი და ერთ-ერთი დირექტორი იყო სონერ თექჯანი, ხოლო მეორე დირექტორი, ასევე თურქეთის მოქალაქე სავაშ თურე.

სონერ თექჯანი და სავაშ თურე კი „მეტრო ჰოლდინგის“ ბიზნესპარტნიორებიც იყვნენ. მაგალითად, ისინი სხვადასხვა დროს დირექტორები იყვნენ სს „მეტრო რენთ ე ქარდ“-ის, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და მესაკუთრე დღემდე „მეტრო ავრასია ჯორჯიაა“.

სონერ თექჯანიმ 2018 წლის ივნისში „ლიბერთის“ აქციების 100 პროცენტი 250 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა თურქეთის მოქალაქე ერდინჩ აიჩიჩექს, რომელიც კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე და დირექტორი გახდა [სწორედ მისი დირექტორობის დროს დაიხურა კაზინო „ინტურისტში“].

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ წილის გაყიდვის მომენტისთვის საზოგადოების იურიდიული მისამართი იყო გოგოლის 1, ფაქტობრივი კი – ნინოშვილის 11 [სასტუმრო „ინტურისტი“]; ასევე, „ლიბერთის“ ანგარიშს ედო ინკასო [ანუ გააჩნდა დავალიანება სახელმწიფოსადმი]. წილის გასხვისების მიუხედავად „ლიბერთის“ იურიდიული და ელექტრონული ფოსტის მისამართები არ შეცვლილა.

რა კავშირი აქვს „ლიბერთის“ მესაკუთრეს და დირექტორს, ერდინჩ აიჩიჩექს „მეტროსთან“? – ამის დადგენა „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ ერთ-ერთ დირექტორთან, რაულ კახაძესთან ვცადეთ. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

2017 წლის ნოემბერში ერდინჩ აიჩიჩექიმ საჯარო რეესტრს კიდევ ერთი კომპანიის დარეგისტრირების თხოვნით მიმართა – შპს „კაზინო ინტურისტი“. კომპანიის იურიდიულ მისამართად მითითებული იყო გოგოლის ქუჩა 1, თუმცა რეესტრმა ამ ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ დოკუმენტებში არ იყო გოგოლის ქუჩა 1-ში მდებარე ქონების მესაკუთრის [ანუ „მეტრო ავარსია ჯორჯიას“] თანხმობა.

„მეტროში“ აცხადებენ, რომ მათ სასტუმროში იჯარით ჰქონდათ ფართობი გადაცემული „ლიბერთისთვის“. საჯარო რეესტრში კი შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება რეგისტრირებული არ არის.

იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, იურიდიულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ არ იყოს ასახული საჯარო რეესტრში, რასაც სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს: „ადრე ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სავალდებულო იყო [დაურეგისტრირებელ ხელშეკრულებებს იურიდიული ძალა არ ჰქონდათ], თუმცა ეს მოთხოვნა ბოლო რამდენიმე წელია რაც გაუქმდა. საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის გარეშე კომპანიები, შეიძლება ითქვას, ერთგვარ რისკზე მიდიან, თუმცა, ხელშეკრულების რეესტრში არ ასახვა დარღვევა არ არის.“

კაზინო „ლიბერთი ინტურისტის“ დახურვის მიზეზად „ბათუმელებს“ ის დაუსახელეს, რომ „ლიბერთის“ ლიცენზიას სამორინეს მოწყობაზე ვადა გაუვიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასტუმრო „ინტურისტში“ კაზინო ისევ უნდა გაიხსნას. იქნება თუ არა ლიცენზიანტი „მეტროსთან“ კავშირში მყოფი კომპანია, ამ დროისთვის უცნობია.

სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრში, ახალი ლიცენზიანტი, რომელიც „ინტურისტში“ კაზინოს გახსნის, დღევანდელი მონაცემებით, არ ჩანს.

„მეტრო ჰოლდინგს“ ამ დროისთვის ახალი კაზინოს გახსნის ვალდებულება ისედაც აქვს აღებული, თუმცა სხვა მისამართზე. ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ „მეტრო ატლას ჯორჯიამ“, ბათუმში, ახალ ბულვართან, 200-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო 2020 წლის 12 მარტამდე უნდა აამოქმედოს.

 

მოხუცს პიკასოს 10 000-ევროიანი სკულპტურა მატარებელში დარჩა

შემთხვევა კასელიდან დიუსელდორფისკენ მიმავალ გზაზე მოხდა 15 თებერვალს. 76 წლის მოხუცს მატარებელში პაბლო პიკასოს კერამიკული სკულპტურა დარჩა.

მხატვრის 10-დიუმიანი ნამუშევარი 10 000 ევროდაა შეფასებული. პიკასოს ეს სკულპტურა ,,ბუების სერიიდანაა” და მხატვარმა 1953 წელს შექმნა.  სკულპტურის მფლობელმა ნამუშევრის დაკარგვის შესახებ პოლიციას მალევე აცნობა, თუმცა კერამიკა უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

წყარო

 

ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი

ორი წლის წინ 2.26 მილიონმა კატალონიელმა რეფერენდუმზე კატალონიის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცა ხმა. კატალონიის მთავრობის მონაცემებით, მოსახლეობის 90%-მა ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა რეფერენდუმი, რამეთუ ის არღვევდა ესპანეთის 1978 წლის კონსტიტუციას, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია „ესპანელი ხალხის განუყოფლობა და ერთიანობა“.

დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გახდა საწინდარი რეგიონში მასობრივი პროტესტისა, მმართველი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების დაკავებისა, რომელიც დღემდე გრძელდება. თუმცა, თვით რეფერენდუმმა და რეფერენდუმის შემდგომმა მდგომარეობამ საერთაშორისო სამართალში წარმოშვა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული ტრადიციული დისკუსია. მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ დაპირისპირება ფეხბურთის გულშემატკივრებში ყოველთვის ინტრიგის საფუძველია, დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში მწვანე საფარზე წყდება, მაშინ როდესაც კატალონიის დამოუკიდებლობაზე წარმოშობილი „ელ-კლასიკო“ მადრიდსა და ბარსელონას შორის  მუდმივი ინტრიგის საგანია  ამ ბოლო წლებში  საერთაშორისო სამართალში და დღემდე გადაუწყვეტელია.

მართალია, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად მიიჩნია და გააუქმა კიდეც, თუმცა ამან კატალონიელების არა „დაშოშმინება“, არამედ „აღგზნება“ გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ესპანეთის კონსტიტუციით დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არა ავტონომიის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიო რახარომ განაცხადა – „მხოლოდ ესპანელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი და არა რომელიმე პარტიას ან ადამიანთა ჯგუფს“.

კატალონიელების რეფერენდუმისადმი სწრაფვა გარკვეულწილად გამოიწვია შოტლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა და აგრეთვე ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა. თუმცა კატალონიისგან განსხვავებით უნდა აღინიშნოს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობდა საუკუნეების განმავლობაში და, შეიძლება ითქვას, მათ მეტი პრეტენზიების წამოყენება შეუძლიათ ლონდონთან, ვიდრე კატალონიელებს ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თავის მხრივ რადიკალურად სხვა მოვლენები განვითარდა ყირიმში, სადაც ყირიმმა რეფერენდუმზე მოითხოვა არა დამოუკიდებლობა, არამედ ერთი ქვეყნიდან გასვლა და მეორეში შესვლა, რაც ყოველგვარ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას ეწინააღმდეგება.

თვითგამორკვევის უფლებაზე გაერთიანებული ერების მიდგომა და საერთაშორისო სამართლის თეორია შესაძლებელია დაიყოს ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მაინც მოიცავს კლასიკური საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბებას და ტერიტორიული მთლიანობის უპირატეს გავლენას თვითგამორკვევის უფლების ჩამოყალიბებაზე. ეს ხდებოდა მთელი  XX საუკუნის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი,  XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება და ხასიათდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გავლენით (უწინარესად ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება) და ტერიტორიული მთლიანობის უფლების ერთგვარი „ჩამოქვეითებით“. ამის თვალსაჩინო მაგალითია კოსოვოს აღიარება, რომელსაც მოჰყვა შოტლანდიის პრეცენდენტი. კოსოვოს პრეცედენტი ევროპის მხრიდან სეპარატიზმის დაშვების და მისი აღიარების გარკვეულ პრეცედენტად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს ევროპელებმა ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან, თუმცა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ხუთი – კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი უარს ამბობენ კოსოვოს აღიარებაზე – იმის შიშით, რომ ეს წაახალისებს სეპარატისტულ მოძრაობებს მათი ქვეყნების შიგნით.

გაერთიანებული ერების მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აღიარა ხალხთა თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართალში ბევრ შემთხვევასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ტიმორის საქმე (პორტუგალია ავსტრალიის წინააღმდეგ, 1995 წ.) იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც სასამართლომ აღნიშნა: „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება აღიარებულია გაერთიანებული ერების წესდებით და სასამართლოს იურისპრუდენციით… ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „განკურნებადი თვითგამორკვევის უფლება“ – სეცესია  წარმოიშობა ავტომატურად. კანადის უზენაესმა სასამართლომ 1998 წელს კვებეკის საქმეზე თვითგამორკვევის უფლება ორ ნაწილად: შიდა და გარე თვითგამორკვევის უფლებად დაყო. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს: „საერთაშორისო სამართალში გარე თვითგამორკვევის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტულ განსაზღვრულ ჯგუფს არ გააჩნია პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების უფლება, არ აქვს წვდომა სახელმწიფო ხელისუფლებაში წარმომადგენლობაზე.

ეს დადასტურებულ იქნა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „საკონსულტაციო დასკვნაში კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისობა საერთაშორისო სამართალთან“, სადაც აღნიშნულა, რომ სეცესიის/გამოყოფის უფლება წარმოეშობა ხალხს, რომელიც ჩაგვრის ობიექტია. სეცესია/გამოყოფა მაინც წარმოადგენს უკანასკნელ ნაბიჯს მაშინ, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები ეთნიკური ნიშნით და სეცესიონისტებს უნდა შეეძლოთ შესაქმნელი სახელმწიფოს შენახვა (ეკონომიკური და ა.შ. შესაძლებლობები).

ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომელიც კატალონიას ასევე უბიძგებს დამოუკიდებლობისკენ მდგომარეობს იმაში, რომ ესპანეთის ეკონომიკის 20% მოდის კატალონიაზე და კატალონიელებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ჯანსაღი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ პირველ მკვლევარს, ჰუგო გროციუსს უთქვამს, სამწუხაროდ, იმდენი საერთაშორისო სამართალია, რამდენი სახელმწიფოც. იგივე ითქმის სეცესიონისტურ მოძრაობებზეც ევროპაში. შოტლანდია, ყირიმი, კატალონია, აფხაზეთი და ოსეთი, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სხვადასხვა გეოგრაფიული სარტყელია, სხვადასხვა თავისებურებით ისინი ქმნიან თვითგამორკვევის უფლების მოსურნე სუბიექტებს, თუმცა საფრთხე მაინც ერთიანია დანარჩენი მსოფლიოსთვის. საკმარისია, მსოფლიომ კოსოვოს პრეცედენტის „უნიკალურობას“ გაგრძელება მოუძებნოს და შექმნას სხვა პრეცედენტები, მაშინ – ევროპული და გლობალური უსაფრთხოება მოექცევა ერთიან ქარგაში.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული სიტუაციები მსოფლიოში გადაიქცეს სეცესიის პრეცედენტებად, დაუშვებელია კატალონიამ მიიღოს დამოუკიდებლობა, რაოდენ მიმზიდველი არ უნდა იყოს ის მორალურად ნეიტრალური მსოფლიოსთვის, დანარჩენ სეცესიონისტურ სუბიექტებს გაეხსნებათ მადაც და შესაძლებლობაც ამ მიმართულებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს  ტრანსფორმირებად, მაგრამ ჯერ კიდევ კლასიკურ საწყისებზე დარჩენილ საერთაშორისო სამართალს.

გარემოს დაცვა: შეკვეთილში გამორიყული დელფინი ტყვიით არ არის მოკლული

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 თებერვალს, შეკვეთილის სანაპიროზე გამორიყული დელფინი ტყვიით არ არის მოკლული. დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება.

„25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს-ს გურიის პოლიციის სამხარეო სამმართველოს დაბა ურეკის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად დაათვალიერეს სანაპირო ზოლი, სადაც მკვდარი დელფინი გამოირიყა. სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დახმარებით, დელფინის გვამი გადატანილი იქნა ბათუმის დელფინარიუმში. სპეციალისტების დასკვნით, დაზიანებები მიყენებულია ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ, შესაბამისად, სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა, მხოლოდ 2018 წელს, დაახლოებით 110-120 მკვდარი ძუძმწოვარი იქნა ნანახი,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელფინების სიკვდილის მიზეზი ხშირად მწვავე ვირისული დაავადება ხდება, რაც სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის დაბინძურებაზე მეტყველებს.

სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს მიმართავს თხოვნით, არ დაუშვას ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12-ში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე ჩარევა.

„ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, ზვიად გამსახურდიას ქ. N12, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის (იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau) საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. ეს სახლი დიდხანს იყო მიტოვებული და გავერანებული, გადაურჩა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბათუმში განხორციელებულ ე. წ. „მანსარდიზაციასაც“, მაგრამ ახლა მისი ავთენტურობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა, რადგან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, უკვე გაცემულია სანებართვო მოწმობა ისეთ პროექტზე, რომლის მიხედვით, სახლის მთელ პერიმეტრზე ხდება სხვენის ამაღლება და მანსარდის მოწყობა.

1. ბათუმი. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. 2018 წლის პროექტი

ამ სახლის სახურავის ამაღლება მანსარდის მოწყობის მიზნით შპს „არტსტუდიო პროექტის“ პროექტით 2016 წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ნებართვა ვერ მიიღო, რადგან, მიუხედავად ლ. ანდრონიკაშვილის 2015 წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევისა და ა. პროზოროვას 2016 წელს შედგენილი რეცენზიისა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევდნენ სახლის სახურავის ცვლილებას, 2017 წელს საქართველოს ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა საექსპერტო ჯგუფმა, შენობის მაღალი მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ეს სრულიად დაუშვებლად მიიჩნია და დაასკვნა, რომ ამ ძეგლზე ყოველგვარი დაშენება მიუღებელია.

…მიუხედავად მეცნიერთა ასეთი შეფასებისა, 2018 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოზე კვლავ შევიდა ამ სახლის ახალი პროექტი, რაც შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის ფარგლებში ისევ მანსარდის დაშენებას ითვალისწინებს, და რაც კიდევ უფრო ოდიოზური და ძეგლის დამაზიანებელი ფორმით არის გადაწყვეტილი, ვიდრე ეს 2017 წლის პროექტში იყო.

გარდა შენობისთვის შეუფერებელი სიმაღლისა, მანსარდი მთლიანად აკნინებს და პროპორციას უცვლის ორი ქუჩის კვეთაზე ოსტატურად განლაგებულ მოდერნის სტილის ამ ულამაზეს სახლს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა თავისუფლად იამაყებდა. ის სრულიად ლახავს ძეგლის ავთენტურობას და, შესაბამისად, უხეშად არღვევს საქართველოს კანონს კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ, რაც ამავე კანონის მიხედვით, სისხლისსამართებლივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

2. ბათუმი. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. 2000წ.
3. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. ფოტო ესკიზური პროექტიდან.

შესაბამისად, სწორედ ეს მანსარდი გახდა საბჭოს 3 წევრის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის მიზეზი. ამ სხდომაზე საბჭოს 6 წევრს შორის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბრად გაიყო (სხდომის ოქმი N03-04/27), მაგრამ სააგენტომ გადაწყვეტილება მაინც წარმოდგენილი პროექტის სასარგებლოდ მიიღო, რაც სუბიექტური მიკერძოების საფუძვლიან ეჭვს აჩენს. სააგენტო და მისი საბჭო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა საქართველოს ცნობილ
მეცნიერთა 2017 წლის საექსპერტო დასკვნა სახლზე დაშენების შესახებ და პროექტის წარმდგენისათვის სხვენის ამაღლების უფლება არ მიეცა, თუმცა სანებართვო მოწმობის გაცემით მან ეს დასკვნა უგულებელყო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს განადგურების ლეგალური საფუძველი შეუქმნა.

ქალბატონო ინგა, როგორც მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეს – ახლა მხოლოდ თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება გადაწყვიტოთ ამ შენობის ბედი; თქვენზეა დამოკიდებული მისი ავთენტურობის დაცვა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაცემა. იმედი გვაქვს, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით ჩვენ თხოვნას და დაუყონებლივ გააუქმებთ სანებართვო მოწმობას N03-05/87.

ამ ნებართვის გაბათილებით, გარდა იმისა, რომ ამ შენობის ავთენტურობა შენარჩუნდება, აგრეთვე თავიდან ავიცილებთ საერთაშორისო სკანდალს, რადგან საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ცნობილი ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მისი ნიმუშების დაზიანება უცილობლივ გამოიწვევს ბევრი სერიოზული უწყების პროტესტს.

ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში, მოდერნის არქიტექტურული მემკვიდრეობა ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ამჟამად, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტის სერთიფიცირების პროცესი, რომელიც მალე განთავსდება მათ ვებ გვერდზე, მომავალ წელს კი განზრახულია ამ მარშრუტის ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტთან მიერთებაც. საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში შედის ბათუმის მოდერნის შენობებიც და პირველ რიგში სწორედ ეს სახლი, რომლის ბედიც ახლა მხოლოდ თქვენ ხელშია.

…ჩვენ თხოვნას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, პროფესიული ჯგუფების, მეცნიერებისა და სპეციალისტების გარდა, ერთხმად უერთდებიან ეს ორგანიზაციები, აგრეთვე, მოდერნის მემკვიდრეობის დაცვის ჩვენი ევროპელი პარტნიორები,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება.

წერილის ადრესატი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრია, რადგანაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განათლების სამინისტროს სტრუქტურაში შედის.

შენობა ზვიად გამსახურდიას #12-ში მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.

________
მთავარ ფოტოზე: ზვიად გამსახურდიას ქ. N12. ფოტო ესკიზური პროექტიდან.

ყინულის ცუნამი ნიუ იორკში

ძლიერმა ქარმა 26 თებერვალს ნიუ იორკის ჩრდილოეთი ნაწილი დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება ათიათასობით სახლს, სკოლებში შეწყდა სწავლა. ტბა ერის ნაპირებიდან ცუნამმა ყინულის ლოდები გადმოისროლა ნაპირზე, ამ დროს ნიუ იორკის ჩრდილოეთით ძლიერი ქარი 119კმ/სთ-ით ქროდა. ყინულის ლოდების კედლები აღიმართა ტბა ერის სანაპიროსა და კანადა ნიუ იორკის საზღვართან ახლოს. ცუნამს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ვიდეოკადრებს გამოცემა გარდიანი ავრცელებს.

უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში

“შსს, ან პროკურატურა არ უნდა იძიებდეს, მაგალითად, პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს,” – მიიჩნევს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე. ის პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

გიორგი ცერცვაძემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელიც მას ადმინისტრაციული დაკავების დროს ჩაუტარეს. დასკვნის მიხედვით, გიორგი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან გამოსულს კი, კონკრეტული დაზიანებები ჰქონდა სხეულზე.

“მას სახეზე ჰქონდა დაზიანება, ჩალურჯებული იყო თვალის ბუდე, დაზიანებული ჰქონდა ფეხიც… მესამე წელია მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა არაფერი გარკვეულა. გიორგის დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭა პროკურატურამ”, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, მოსარჩელის ინტერესების დამცველი “დემოკრატიული ინიციატივიდან”. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავს.

გიორგი ცერცვაძე არაა პირველი, ვინც მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანო არ მოქმედებს სათანადოდ, როცა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენას ეხება საქმე. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” რამდენიმე მსგავს შემთხვევაზე საუბრობს, მათ შორის, ბათუმში დაწყებულ და დაუსრულებელ საქმეებზე.

“თავად ნორმაში უნდა იყოს მითითებული, რომ, მაგალითად, პროკურატურას მსგავსი შემთხვევების გამოძიების უფლება არ უნდა ჰქონდეს?”- იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

“არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება გაწერილი. მთავარია, მივიღოთ ეფექტური გამოძიება,” – უპასუხა მოსამართლეს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თეიმურაზ სვანიძემ.

სადავო ნორმის მიხედვით, მთავარი პროკურორი უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებლად გადასცეს ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულირება ვერ ქმნის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას.

მოსარჩელის აზრით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს პრაქტიკული, იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

“რას ნიშნავს იერარქიული დამოუკიდებლობა, როცა ზემდგომი იძიებს ქვემდგომის საქმეს, თუ პირიქით?” – იკითხა ისევ ევა გოცირიძემ.

“მნიშვნელობა არა აქვს, ზემდგომია თუ ქვემდგომი… მთავარია, რომ დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი,” – აღნიშნა თეიმურაზ სვანიძემ. მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა მოსამართლეებს “სანდრო გირგვლიანის საქმეზე”, სადაც აღნიშნულია, რომ “როცა საქმეში მათივე თანამშრომლის ბრალეულობა იკვეთებოდა, გამოძიებას აკლდა ჯეროვანი დამოუკიდებლობა.”

ევროსასამართლომ ასევე გაუსვა ხაზი “იერარქიული სუბორდინაციის” პრობლემას.

შეკითხვები დაისვა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზეც.

“თუ თავად პროკურორმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ვინ უნდა გამოიძიოს?” – იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

ადვოკატებმა მოსამართლეს უპასუხეს, რომ ეს შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ან დამოუკიდებელმა ინსპექტორმა გამოიძიოს. მოსამართლემ კი დააზუსტა, რომ შსს-ს საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას ისევ პროკურატურა ახორციელებს.

“თუმცა, თუკი შსს გამოიძიებს და პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს, პრობლემის ეპიცენტრი გადავა იმაზე, რომ პროკურატურამ არ წარუდგინა ბრალი,” – აღნიშნა თეიმურაზ სვანიძემ.

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ცალკეული უწყებების საგამოძიებო ორგანოების შემთხვევით დაინტერესდა:

“ანტიტერორისტულს ცალკე აქვს საგამოძიებო სამსახური, ასევე შემოსავლების სამსახურს და ასე შემდეგ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის საქმე ვინ უნდა გამოიძიოს?” – იკითხა მან.

“მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ინსტიტუციური ქვემდებარეობა…” – დასძინა თეიმურაზ სვანიძემ.

“ზედმეტი დაკონკრეტება” – ეს ფრაზა ახსენა პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ თავის გამოსვლაში. მან განმარტა, რომ პროკურორს აქვს ლეგიტიმური უფლება, მსგავსი ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, “საგამოძიებო ქვემდებარეობას გადაუხვიოს” და შესაბამისი დადგენილებით დაასაბუთოს ამის საჭიროება.

“უკაცრავად, დასაბუთება რას გულისხმობს, მხოლოდ ნორმის მითითებას?” – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

პარლამენტის წარმომადგენელმა უთხრა მოსამართლეს, რომ ასე არ არის და პროკურორები დადგენილებაში განმარტავენ საკუთარ გადაწყვეტილებებს.

“გაქვთ ამის ნიმუში წარმოდგენილი?” – იკითხა ისევ მაია კოპალეიშვილმა, რაზეც პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ მოწმეს წარმოადგენს, კომპეტენტურ პირს, რომელიც ამ დეტალებს გააცნობს სასამართლოს.

“მიზანშეუწონელია, ყველა ინდივიდუალური შემთხვევის მოწესრიგება… ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეფექტურ გამოძიებას,” – დასძინა ქრისტინე კუკრავამ.

მოსამართლე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რატომ ხედავს პარლამენტი პრობლემას, თუკი შესაბამის მუხლში დაკონკრეტდება, რომ პროკურორმა წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება იმ უწყებას არ უნდა დააწეროს, რომლის თანამშრომელიც შესაძლოა ბრალდებული აღმოჩნდეს.

“ამის საშიშროება თავის დროზე კანონმდებელს არ დაუნახავს,” – უთხრა მოსამართლეს პარლამენტის იურისტმა.

მისივე განმარტებით, საპროცესო კოდექსი ასე დეტალიზებული ვერ იქნება პროკურორის უფლებამოსილების კუთხით.

მოსამართლემ დააზუსტა, რომ საპროცესო კოდექსში ბევრგან არის დაზუსტებული კონკრეტულად წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა.

“მაგალითად, საპროცესო შეთანხმება პროკურატურის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ წერია, რომ დაუშვებელია, თუკი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი,” – თქვა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოს წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილებებზეც არისა საუბარი:

„საქმეზე ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ზოგადი სტანდარტის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება უნდა იძლეოდეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის საშუალებას. საკუთრივ გამოძიების სტანდარტზე სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის ეფექტურობისათვის აუცილებელია, რომ არსებობდეს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. მსგავს განმარტებას აკეთებს სასამართლომ „ენუქიძის და გირგვლიანის საქმეში“. „იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

არსებითი განხილვის სხდომა ახლაც [14:00] გრძელდება.

 

საგარეო: ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურა დაიწყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყო.

“ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან,” – უთხრეს “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი 7 იანვარს მოხდა, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი.

ამავე თემაზე:

42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

შსს: აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 59 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,406 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ციხეები, რომლებიც სისტემაზე ადამიანების წარმოდგენას ცვლის

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ციხეები, რომლებიც სტერეოტიპულად წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებებისგან ძალიან განსხვავდება. არის რამდენიმე მაგალითი, სადაც რკინის გისოსებს და დიდ, ნაცრისფერ დერეფნებს ვერ ნახავთ. ეს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ჰუმანური ციხეებია, სადაც ცდილობენ, რომ პატიმრებს რაც შეიძლება ნაკლები სტრესი გაჰყვეთ გათავისუფლების შემდეგ ჩაკეტილი სისტემისგან.

 

[checklist]

  • ბასტოის ციხე, ნორვეგია

[/checklist]

ბასტოის კუნძულზე მდებარე ეს ციხე ცნობილია საკუთარი მაგალითით – მთელ მსოფლიოს აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს პენიტენციური სისტემა. პატიმრებს აქვთ მეურნეობა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების დიდი წილი,  რასაც საკვებად იყენებენ, თავად მოჰყავთ. ციხეში 100 პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი. პატიმრები თამაშობენ ტენისს, იღებენ მზის აბაზანებს და გემოვნებით მოწყობილ ხის კოტეჯებში ცხოვრობენ.

ბასტოის ციხე, ნორვეგია
ბასტოის ციხე, ნორვეგია

 

[checklist]

  • ადიველი – შოტლანდია

[/checklist][checklist]

შოტლანდიის სამხრეთით მდებარე ადიველის ციხე 700 პატიმარს იტევს. ისევე, როგორც გარეთ, ციხეშიც პატიმრები კვირაში 40 საათის განმავლობაში მუშაობენ და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებენ. ციხის მიზანია, გათავისუფლების შემდეგ პატიმრებმა მარტივად შეძლონ რეინტეგრაცია და სამსახურის პოვნა. ციხეში იდეალური პირობებია შექმნილი და ყველაფერია იმისთვის, რომ პატიმრებმა თავი ჩაკეტილ სისტემაში არ იგრძნონ.

ადიველის ციხე, შოტლანდია

 

[checklist]

  • ოტაგოს ციხე, ახალი ზელანდია

[/checklist]

ციხე პატიმრებს მოსახერხებელ ოთახებს სთავაზობს საკნების ნაცვლად და მათი უნარების განვითარებაზე ზრუნავს. აქ ასწავლიან მაგალითად ელექტროტექნიკის მახასიათებლებს, შეკეთებას, რძის პროდუქტების დამზადებასა და კულინარიას.

ოტაგოს ციხე, ახალი ზელანდია

[checklist]

  • ლეობენის ციხე, ავსტრია

[/checklist][checklist]

ლეობენის ციხეში არაძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ათავსებენ. ციხის ყოველ პატიმარს საკუთარი ოთახი-კამერა აქვს ტელევიზორით, მინი სამზარეულოთი და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი აბაზანა-ტუალეტით. ციხეში ტრენაჟორების დარბაზი, კალათბურთის მოედანი და სუფთა ჰაერზე მოსასვენებელი ადგილებიცაა მოწყობილი.

ლეობენის ციხე, ავსტრია
ლეობენის ციხე, ავსტრია

[checklist]

  • არანჰაუსის ციხე, ესპანეთი

[/checklist]

სასჯელაღსრულების ამ ინოვაციურ დაწესებულებაში ცდილობენ პატიმრებს შეუნარჩუნონ ოჯახები და საშუალებას აძლევენ მათ მცირეწლოვან პატარებს იცხოვრონ საპატიმროში მშობლებთან ერთად, სადაც მათთვის კომფორტული გარემოა შექმნილი საბავშვო საწოლებით, კედლებზე დისნეის პერსონაჟებით.

არანჰაუსის ციხე, ესპანეთი
არანჰაუსის ციხე, ესპანეთი

 

[checklist]

  • შამპ-დოლონის ციხე, შვეიცარია

[/checklist]

შამპ-დოლონის ციხე ჟენევაშია და ყოველი „საკანი“ სასტუმროს სამადგილიან ნომერს მოგაგონებთ. ოთახებს საკუთარი სველი წერტილებიც აქვთ. ამ შვეიცარული ციხის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პატიმრებმა თავი საერთო საცხოვრებლის მაცხოვრებლებად, მეზობლებად უნდა იგრძნონ, რომლებიც ერთად გადიან სარეაბილიტაციო პერიოდს.

შამპ-დოლონის ციხე, შვეიცარია
შამპ-დოლონის ციხე, შვეიცარია

 

[checklist]

  • ფულსბუტელის ციხე, გერმანია

[/checklist]

ციხე ჰამბურგშია და აქ სასჯელს მრავალწელმისჯილები იხდიან. პატიმრებისთვის განკუთვნილი ოთახები ხის სადა ავეჯითაა გაწყობილი, საწოლით, მაგიდით, დივნითა და სამუშაო მაგიდით. ოთახშივე აქვთ სარეცხი მანქანები. პატიმრები ოთახში მარტო ცხოვრობენ.

ფულსბუტელის ციხე, გერმანია

 

[checklist]

  • სოლენტუნის ციხე, შვედეთი

[/checklist]

ამ საპატიმროში ერთადგილიანი ,,საკნები“ აქვთ პატიმრებს თანამედროვე, მინიმალისტური ავეჯითა და სველი წერტილებით. მსჯავრდებულებს სატრენაჟორო დარბაზიც აქვთ და ღია სამზარეულო, ასევე ცალკე მოსასვენებელი ოთახიც დივნითა და ტელევიზორით.

სოლენტუნის ციხე, შვედეთი
სოლენტუნის ციხე, შვედეთი

 

[checklist]

  • სებუს ციხე, ფილიპინები

[/checklist]

სებუს ციხეში მართალია არ არის ზემოთ ჩამოთვლილი ციხეების მსგავსი კომფორტი, თუმცა აქ დიდ ყურადღებას უთმობენ პატიმართა დასვენებასა და ხელოვნების საშუალებით განტვირთვას. მსჯავრდებულებს სებუს ციხეში აქვთ სიმღერისა და ცეკვის გუნდები, სხვადასხვა პროგრამით ისინი პერიოდულად კონცერტებსაც მართავენ აუდიტორიისთვის და ავტოგრაფებსაც არიგებენ.

სებუს ციხე, ფილიპინები

 

[checklist]

  • სან-პედროს ციხე, ბოლივია

[/checklist]

სან-პედროს ციხეც არ გამოირჩევა ფუფუნებითა და კომფორტით, მაგრამ ერთ-ერთი უცნაური ციხე მართლაცაა მთელ მსოფლიოში. ციხის აქ მყოფი საზოგადოება თვითმარქვია ლიდერებისგან შედგება, ციხე მიკრორაიონებადაა დაყოფილი, აქვე ფუნქციონირებს კაფე. პატიმრები აქ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. სან-პედროს ციხე პატარა ქალაქს მოგაგონებთ.

სან-პედროს ციხე, ბოლივია

წყარო


 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ავარია გვირაბთან – ორი დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ

დღეს, 26 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ჩაქვში, გვირაბთან ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სატვირთო „ტრაილერისა“ და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად განსაკუთრებით ეს უკანასკნელი დაზიანდა.

სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ორი დაშავებული – ქალი და კაცი, უკვე გადაჰყავს საავადმყოფოში.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულებს აქვთ სხვადასხვა სახის მოტეხილობა და დაჟეჟილობა, მაგრამ ორივე მათგანი კონტაქტურია.

ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია.

 

ნიკოლოზ ანთიძე „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: „ის უნდა იყოს დაცულ ზონაში“

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ დოკუმენტი ბათუმის მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს და უკავშირდება თუ არა ისინი მერიის მიერ სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს მიმართა.

ბატონო ნიკოლოზ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რა შენიშვნები აქვს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს?

კვლევა არის ჩასატარებელი ზუსტად, დასაკონკრეტებელია ხაზი, რატომ არის გავლებული ასე და არა ისე, ამ ნაწილში დამაჯერებლობა აკლდა დოკუმენტს, რომელმაც უნდა დაადგინოს ზონის საზღვრები. გარდა ამისა, უნდა ახლდეს ისტორიული კვლევა თავისი განმარტებით, რატომ ასე და ისე არა. მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ზონის საზღვრები ობიექტურად უნდა იყოს დადგენილი. საბჭოს მიაჩნია, რომ ჩასატარებელია კვლევა იმისათვის, რომ საბჭოს წევრებს შეექმნათ ზუსტი წარმოდგენა, თუ რა ზონებზე უნდა იმსჯელონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. მაგალითად გეტყვით, რომ ბულვარი ისტორიული ზონის დამცავი ზონიდან იყო ამოღებული, რადგან ძეგლის სტატუსი აქვსო. საბჭოს წევრებს არ მიაჩნიათ სწორად, რომ ბულვარი არ იყოს დამცავ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აქვს და მასზე ვრცელდება ძეგლის რეჟიმი, მაინც მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს დამცავ ზონაში. ასეთი შინაარსის შენიშვნები იყო.

დოკუმენტის დაკორექტირების შემდეგ შენიშვნები ბათუმშიც ჰქონდათ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ზონის საზღვრებთან დაკავშირებით. ამაზე იმსჯელეს საბჭოს წევრებმა?

ეს იმდენად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რომ ის უნდა იყოს ისტორიულ ზონაში, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამაზე უფრო ექსპერტების მოსაზრებაა მნიშვნელოვანი. ასევე, იმაზეც ბულვარი რომ არ  შედიოდა საზღვრებში, ან თუნდაც ეს ტერიტორია. რატომ არის ბულვარი მოხაზული ამ პრინციპით, ამის არგუმენტაცია და დასაბუთება იყო აუცილებელი და არის. არამარტო ეს საკითხია, კიდევ  არის რაღაც საკითხები. ბევრი საკითხი განიხილეს იმ გაერთიანებულ საბჭოზე. დასაბუთება უნდა იყოს კონკრეტული ზონის, ცვლილების ასე დადგენის თუ ისე დადგენის, რეალურად ვადგენთ ზონებს ბათუმში ახლიდან. არ არსებობს დამცავი ზონები დღეს, რომელიც მოქმედებაში იყო, ამიტომ ახლიდან ვადგენთ და ეს არის რეალური საფუძველი.

როგორც ვიცით, კვლევა ჩაატარეს სპეციალისტებმა, კომპანია გეოგრაფიკმა შეასრულა ეს მერიის დაკვეთით. თქვენ ამბობთ, რომ კვლევაა ისევ ჩასატარებელი?

ჩვენთან ცვლილებებით იყო დოკუმენტი წარმოდგენილი და არა გეოგრაფიკის მიერ  ჩატარებულ კვლევაზე დაფუძნებული საზღვრები.

ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ამ დოკუმენტის დაუკორექტირებელი, პირველადი ვარიანტი არ გაქვთ ნანახი? 

დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ის ზონებიც ნანახი გვაქვს, რაც გეოგრაფიკმა დაადგინა და ის, რაც ბათუმის მერიამ წარმოგვიდგინა. ორიგინალთან შენიშვნები არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ კანონით დამცავი ზონა უთანხმდება ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე ვერ მტკიცდება. რადგანაც მერიამ წარმოგვიდგინა ასეთი დამცავი ზონა, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ მერიამ უნდა დაასაბუთოს, რატომ წარმოგვიდგინა ასეთი. თუ არგუმენტირებული იქნება დასაბუთება, მაშინ საბჭო დაამტკიცებს ამას, თუ არ იქნება არგუმენტირებული ჩვენებს აქვთ რეკომენდაცია, რომ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩაატარა გეოგრაფიკმა.

ანუ პირველად ვარიანტს ჰქონდა შანსი, მას დაამტკიცებდა საბჭო?

იქაც არის რაღაც შენიშვნები, მაგრამ ძალიან ტექნიკური ხასიათის. არა ზონების კონფიგურაციის, არამედ დოკუმენტაციის თვალსაზრისით, რადგან დამცავი ზონების პროექტი უნდა მომზადდეს – განმარტებითი ბარათების საკითხები იყო იქ მოსაგვარებელი, რაც ძალიან ადვილად გამოსწორებადია. ვიდრე ის სახეცვლილი დოკუმენტი. ჩვენ ამ შენიშვნებს გადავუგზავნით და შემდეგ უკვე მერიაზე ინება დამოკიდებული, როგორ, რა ვადებში მოახერხებენ ამ პროცესის დაძვრას.

 

 

რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძესთან

დღეს, 26 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. რა საკითხებზე ესაუბრა საინიციატივო ჯგუფის წევრებს თონიკე რიჟვაძე შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა? შეხვედრის შინაარსის შესახებ „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს ესაუბრა.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრი, ზეინაბ დიასამიძემ ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნას ვერ უპასუხა, თუმცა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი:

„მან გამოთქვა სურვილი, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და გვითხრა, რომ ერთ კვირაში ისევ შევხდებით. შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთადაც კი.

ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ.

მთავარი აქცენტი გვქონდა ე.წ. ზონალურ საბჭოზე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პროფესიონალურ ეთიკაზე. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ქალაქის წარმომადგენლებით, ექსპერტებით, შემოგვთავაზა სახეცვლილი ზონალური საბჭო, თუმცა ჩვენ არ გვჭირდება ორი ზონალური საბჭო.  ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ თითო შენობას დავიცავთ, ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, – ამბობს ზეინაბ დიასამიძე.

შეხვედრას ესწრებოდა ნათია აფხაზავა, საზოგადოება „ბათომისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი თქმით, შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი თემა ზონალური საბჭო იყო. თორნიკე რიჟვაძის პოზიციაა, რომ შესაძლებელია ზონალური საბჭოს წევრები საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატურებით გაიზარდოს, თუმცა შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე – აჭარის მთავრობა და საინიციატივო ჯგუფი, მოამზადებს საკუთარ ხედვას ამ თემაზე და მარტის დასაწყისში, ხელმეორე შეხვედრისას მოხდება პოზიციების გაცვლა.

„ჩვენი პოზიციაა ის, რომ მოხდეს ამ ორი საბჭოს [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული საბჭო და ზონალური საბჭო] გაერთიანება და ექსპერტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდა. უფრო მეტი ექსპერტი უნდა იყოს საბჭოს მუშაობაში ჩართული და არა ისე, როგორც დღეს არის – საჯარო მოხელეები. მთავრობის მხრიდან მოვისმინეთ პოზიცია, რომ მთავრობა მზად არის თანაბარი ხმით იყვნენ წარმოდგენილი პროფესიული წრეები და საზოგადო მოღვაწეები საბჭოში და არა საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს უმრავლესობაში არიან.

საკითხი შეეხო იმასაც, რომ ზონალური საბჭოს სხდომები იყოს ღია. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის უზრუნველყოფს, რომ საბჭოს სხდომები იყოს ღია და საზოგადოება წინასწარ იყოს ინფორმირებული საკითხების შესახებ. ეს კანონის მოთხოვნაა, უბრალოდ, აქამდე ჩამოყალიბდა ისეთი პრაქტიკა, გვჭირდება ინდივიდუალური კომუნიკაცია, რომ სხდომებს დავესწროთ, “ – ამბობს ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ბათუმში მდებარე ორი შენობასაც, მაზნიაშვილის #17-სა ჟორდანიას #27-ში არსებული ისტორიული სახლების საკითხს, რომელთა დემონტაჟია დაგეგმილი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია.  ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება იყო, რომ აღნიშნული ნებართვები არ უნდა გაიცეს და შესაძლოა მოიძებნოს სამართლებრივი გზაც, რომ გადავარჩინოთ ეს ისტორიული შენობები“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

საუბარი შეეხო, ასევე ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დამცავ ზონას. ნათია აფხაზავას თქმით, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ელოდებიან რეკომენდაციებს ამ საკითხზე და აქვს ინიციატივა, ამის შემდეგ საკითხის განხილვა და შეჯერება ბათუმში, საზოგადოებისა და პროფესიული წრეების მაღალი ჩართულობით მოხდეს.

შეეხო თუ არა საუბარი თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, როცა მთავრობის თავმჯდომარემ ძველი ბათუმის დამცველების ნარკობიზნესთან და კორუფციასთან კავშირზე გააკეთა მინიშნება? ნათია აფხაზავა ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძეს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია:

„ჩვენ ვუთხარით, რომ თუ ის გულისხმობს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ჯგუფში არიან, ეს არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები და ჩვენი თანამებრძოლები“ – ამბობს ის.

_____________

ფოტო: აქცია ძველი ბათუმის დასაცავად, 17 თებერვალი, 2019 წელი. ფოტო: „ბათუმელები“

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს.

საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს.

დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი კი – ჰოლიდას მეგობარი.

ბრალდებულის მონათხრობის მიხედვით, მკვლელობამდე ორი თვით ადრე ჰოლიდა ბრალდებულს დაშორდა.

“ჩვენ თითქმის ცოლ-ქმარი ვიყავით და ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა,” – განაგრძო ბრალდებულმა თხრობა. – “მე ბათუმში სასეირნოდ ვიყავი ჩამოსული და კაზინოში ვთამაშობდი… როცა ჰოლიდას და ავად გახდა, მე გავაგზავნე სამშობლოში, ფულიც მივეცი. მერე ბაქოში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ.

ვიდრე ბაქოში გადავიდოდით, ჰოლიდამ ბათუმში საღამოობით სეირნობა დაიწყო მეგობართან, იროდასთან ერთად. მე ამის გამო ვბრაზდებოდი, ვეჩხუბებოდი… იროდა არ იყო კარგ გზაზე მოსიარულე გოგო.

საბოლოოდ, ჰოლიდა წავიდა ჩემგან,” – თქვა ბრალდებულმა.

ლევენთ უ.ს პროკურორმა რამაზ შავაძემ სთხოვა გაეხსენებინა, რა მოხდა კონკრეტულად კაზინოში.

“არ მახსოვს კარგად… მეც ვერ ვიჯერებ. შოკი მქონდა, როცა კაზინოში გადაღებული კადრები ვნახე, ნასვამი ვიყავი ძალიან,” – წყვეტილი ფრაზებით ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.

ლევენთმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად დანით მივიდა კაზინოში, რომელსაც ქურთუკის ჯიბეში მალავდა.

“ჰოლიდა აღარ მხვდებოდა… მოკვლა რომ მდომოდა, ამდენი ხალხის და კამერების წინაშე ხომ არ გავაკეთებდი ამას? მე დანას ისე ვატარებდი, თავის დასაცავად…

იმ საღამოს ჰოლიდას ირგვლივ რამდენიმე უცხო კაცი დავინახე კაზინოში. მე მივედი და ფული გადავუხადე ჰოლიდას, მაგრამ არ გამომყვა…

ცალკე დავჯექი მაგიდაზე…

მერე იროდასთან მყოფ კაცებს ველაპარაკებოდი. მითხრეს, მართალი ხარ, თუ ეხმარებოდი ყველაფრით, ასე როგორ მიგატოვაო.

არ მახსოვს, რამდენჯერ მოვიქნიე დანა. პირველად იროდას დავარტყი, ეგ მახსოვს. ჰოლიდას როგორ დავარტყი, არ მახსოვს.

ჰოლიდას ორი შვილი ჰყავს, ისინიც მიცნობენ…

მე ჰოლიდა უზომოდ მიყვარდა. როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს დაარტყა დანა,” – დაასრულა ბრალდებულმა.

ამ შემთხვევის შემდეგ, იროდა ადგილზე გარდაიცვალა. ჰოლიდა კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის გამოჯანმრთელდა და ამ დრომდე ბათუმშია. მას ჩვენება სასამართლოსთვის ჯერ არ მიუცია.

“ვწუხვარ ამის გამო. მე დავკარგე საყვარელი ადამიანი და მეორე ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე… მე ვთხოვ მოსამართლეს გაითვალისწინოს, როგორი ადამიანი ვარ მე,” – მიმართა მოსამართლეს ლევენთ უ.მ.

“და როგორი ადამიანი ხართ?”- იკითხა პროკურორმა.

“მგრძნობიარე,” – უპასუხა პროკურორს ბრალდებულმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

 

 

 

 

 

რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, რეკომენდაციებს ავრცელებს იმი შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ:

  • ბავშვს აქვს ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ხასიათის ცოდნა;
  • საკუთარ თავში ჩაკეტილობა, დეპრესია, შფოთვა;
  • ძილის დარღვევა, ძილის დროის შიში, კოშმარები, უნებლიე შარდვა (განსაზღვრულ ასაკში);
  • ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი მთლიანად გაიხადონ, ძალდატანებით ხდის სხვებს.
    ეშინია ზოგიერთი ისეთი სპეციფიური ადგილის, როგორიც არის სააბაზანო ან საწოლი;
  • განსაკუთრებულ მოუსვენრობას გრძნობს და აშკარად ეშინია, როცა სთხოვენ დაწვეს ზურგზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი წერს, რომ სექსუალური საკითხებისადმი ბავშვების ინტერესი არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როგორც ასეთი ქცევის შეფასებისას, ისე ბავშვთან ამ საკითხზე საუბრისას, “ერთი ცალკე აღებული ნიშანი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გამოვიტანოთ სექსუალური ძალადობის შესახებ, მნიშვნელოვანია დავუკავშირდეთ პროფესიონალს და გამოვიკვლიოთ ქცევის გამომწვევი მიზეზები”.

ბავშვზე ძალადობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დარეკე სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზზე ☎️1505

როდესაც ეჭვი გაქვთ და სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება ☎️112

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00 საათამდე შეგიძლიათ დარეკო ბავშვთა დახმარების ხაზზე და მიიღო შესაბამისი კონსულტაცია ☎️116 111

 

სხვისი დაშანტაჟების გზა პირადი კადრების გავრცელებით ბავშვებს ჩვენ ვუკარნახეთ – შეფასება

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიდეო მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა, სადაც ის სკოლის ფსიქოლოგმა ნახა და საქმეს მსვლელობა მიეცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო საჯარო სივრცეში ხვდება. პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო ერთი თვის მანძილზე 18 ადამიანის დაკავების მიზეზი გახდა. ამას გარდა, მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება საქართველოში რამდენჯერმე გახდა სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ქალებისთვის მორალური განადგურების მიზეზი. ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს, თუ რა გავლენას ახდენს სოციუმი ბავშვებზე და როგორ აირეკლება დიდების პრობლემები არასრულწლოვანებზე.

მაია ცირამუა:

“შეარცხვინო, მის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედო – ეს ახალი ქცევითი რეპერტუარია ბულინგის გამოვლინებებში. [ბათუმში მომხდარი ფაქტი]  ერთმნიშვნელოვნად კიბერ ბულინგია და დანაშაულია. შესაძლოა [ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება] იყოს ამ შემთხვევის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი. ბოლო ერთი თვის მანძილზე, ფაქტობრივად, ამაზე დგას ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. ძალიან კარგად ხედავენ ბავშვებიც რა გავლენას ახდენს მსხვერპლზე მსგავსი ინფორმაციის გადაღება-გავრცელება. ეს არის კარგად დასწავლილი და კოპირებული ქცევა იმისა, რაც ასე თუ ისე უკვე ნორმალიზებული გახდა ჩვენს საზოგადოებაში [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი]. ბავშვებს ახასიათებთ მსგავსი ქცევა [უფროსებისთვის მიბაძვა]. ჩვენ მათ ვუკარნახეთ ყველაზე ეფექტური საშუალება სხვა ადამიანზე ზემოქმედებისთვის.

პირადი ცხოვრება იქცა შანტაჟის ინსტრუმენტად. გამოსავალი არის განათლებაში. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა არის პირადი სივრცე. უამრავი ბავშვია, რომლის პირად სივრცესაც წარამარა არღვევს მშობელი, მასზე ფიზიკური ძალადობით ან მის სივრცეში შეჭრით. ძალიან ხშირად მშობელი იმდენად არის ჩართული ბავშვის პირად ცხოვრებაში, რომ სოციალურ ქსელში მიმოწერასაც უკონტროლებს. ეს არის ზოგადი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე. გამომდინარე აქედან, ადამიანი, რომლის პირადი სივრცე ყოველდღიურ ცხოვრებაში ირღვევა, სხვადასხვა ფორმით – ემოციური ზეწოლით თუ მასზე ფიზიკური ძალადობით, მისთვის ხშირ  შემთხვევაში ნორმალიზებულია ის, რომ ისიც ასევე შეიჭრას სხვის პირად სივრცეში.

მეორე ფაქტორია განათლება ამ მხრივ – რამდენად ინფორმირებულები არიან იმის შესახებ ბავშვები, რომ არ შეიძლება დაარღვიო სხვისი პირადი სივრცე? რამდენად ესაუბრებიან მათ ამის შესახებ? აქ ისევ მივდივართ სამოქალაქო განათლებასთან, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ჯგუფებში აღშფოთებას იწვევს. ვიცით, რომ არსებობს დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო განათლება ისწავლება სკოლაში, სადაც ზუსტად ასეთ საკითხებზეა ლაპარაკი. მაგალითად იმაზე, რომ პირადი სივრცის დარღვევა იგივე ადამიანის უფლების დარღვევაა და ა.შ.

სხვისი უფლებები და საკუთარი უფლებები ხშირად აბსოლუტურად არ აქვთ გაცნობიერებული ბავშვებს.

როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ინსტიტუციები ამ შემთხვევას? მე მგონია, რომ სამართლებრივი ბერკეტები უნდა გამოიყენონ, მაგრამ ზუსტად იმ კანონის შესაბამისად, რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში, ჩვენი კანონის მიხედვით, სავარაუდოდ, გამოიყენებენ განრიდების და მედიაციის პროგრამას. ეს არის საუკეთესო გზა ამ ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რა გააკეთეს, როგორი ზიანი  მიაყენეს იმ ადამიანს, ვინც ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი.

მაგრამ იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწორად გავაკეთებთ ამას. დისციპლინარულად უნდა დაიგეგმოს რა ფორმით ჩაერევიან ამ მოზარდების ცხოვრებაში.

მნიშვნელოვანია ამ ბავშვებთან საუბარი იმაზე, თუ რამდენად მტკივნეულია, როდესაც ადამიანის პირად სივრცეს, პირად ცხოვრებას ეხები. როგორ მოდის ეს წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან, როგორ მოდის ეს წინააღმდეგობაში სამართალთან, კანონთან. ამ თემებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა მოსწავლემ, რომელმაც გაიგო ამ ფაქტის შესახებ გააცნობიეროს – რას აკეთებს ერთი მხარე, როდესაც იღებს და ავრცელებს ამ ინფორმაციას, რა სახის ზიანის მომტანია ასეთი ქცევა და რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ის, ვინც ეს ყველაფერი განიცადა. ძალიან დიდი ალბათობით, თუ მსხვერპლი იდენტიფიცირებულია, დგას სერიოზული რისკის ქვეშ გახდეს სტიგმატიზირებული. მნიშვნელოვანია მასთან სპეციალისტის მუშაობაც, რადგან ეს ძალიან სერიოზული ტრავმული გამოცდილებაა, რაც მან მიიღო.

ყველაზე მთავარი – მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამდენადაც შესაძლებელია, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი არ გახდეს.

იმ მხარეს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად სჭირდება გააზრება იმისა, რა მორალური და ფიზიკური ზიანი მიაყენა მსხვერპლს. ძალიან მნიშვნელოვანია გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა და გარკვეული ნაბიჯები გადადგან [აღდგენითი მართლმსაჯულება რაზეც დგას] იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, გამოისყიდონ ეს დანაშაული. ეს იქნება განრიდების და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, თუ რა სახის სამართლებრივი ზემოქმედება მოხდება, არა აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ ამ ბავშვებმა გაიაზრონ ზიანი, რომელიც მიაყენეს მეორე მხარეს.

საკუთარი განცხადების საფუძველზე ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ხალვაშმა, თანამდებობა დატოვა. ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება დღეს დაწერა.

„მაგიდაზე მაქვს მისი განცხადება, თანამდებობა დატოვა პირადი სურვილის საფუძველზე. დღეს მქონდა საუბარი, რა არის მიზეზი და ასე განმიმარტა,  რომ აქვს სხვა შემოთავაზებები და ამიტომ უნდა სცადოს საკუთარი თავი სხვა მიმართულებითაც,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მისი თქმით, წასვლის მიზეზად არ დასახელებულა აუდიტის 2017 წლის დასკვნა, რომელშიც ხარვეზები დაფიქსირდა.

___________

ფოტოზე: ზვიად ხალვაში. ფოტო: ხელვაჩაურის მერია

28 თებერვალს და 1 მარტს საგიტარიუსში კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს გელა ობერიუხტინი

28 თებერვალს და პირველ მარტს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი სტრაბიზმოლოგი (სიელმის სპეციალისტი) გელა ობერიუხტინი.

გელა ობერიუხტინი არის ექიმი ოფთალმოლოგი 26-წლიანი გამოცდილებით, გახლავთ სტრაბიზმის (სიელმის) წამყვანი სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით. იგი კლინიკა „საგიტარიუსის“ მოწვეული სპეციალისტია და ჩვენს კლინიკასთან უკვე 4 წელია თანამშრომლობს. როგორც თავად ექიმი ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, ჩვენთან მისი მუშაობა განაპირობა იმან, რომ ჩვენი კლინიკა „სრულად აღჭურვილია სათანადო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით“. 

გელა ექიმმა, ასევე, შექმნა ბავშვთა მხედველობის ცენტრი თვალის მიკროქირურგიულ ცენტრ „ოფთალმიჯში“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება მოსახლეობას.

ექიმი გელა ობერიუხტინი გახლავთ ევროპის სტრაბიზმოლოგთა ასოციაციის წევრი. ასოციაცია ძირითადად დაკავებულია სიელმის პრობლემებით. აღნიშნული ასოციაციის მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველწლიურ შეკრებებზე ისინი განიხილავენ სიელმის მკურნალობის უახლეს მეთოდებს.

კონსულტაციასა და ოპერაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 95 53; 577 77 9797.
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში: Klinika Sagitariusi Batumi
მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. #91 ;სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“

გაეცანით ჩვენი კლინიკის ოფიციალურ გვერდს და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენთან მომუშავე ყველა სპეციალისტის შესახებ: sagitarius.ge

უკანონო ფარული ჩანაწერის ყურება დასჯადი არ შეიძლება იყოს – იურისტის განმარტება

„სისხლის სამართლის ის ნორმა, რომლითაც ამ ხალხს დევნიან, მინიმუმ ჩემთვის, გულისხმობს შემდეგ რამეს: ჩანაწერი უნდა იყოს უკანონო. ესე იგი, იმთავითვე არსებობს პრეზუმფცია, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კანონიერი ჩანაწერი…“ – წერს „ფეისბუქში“ იურისტი გიორგი ჩიტიძე. მას ვთხოვეთ განმარტება, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დანაშაულად ფარული კადრების ნახვა, შენახვა, ან გავრცელება.

„ვფიქრობ, რომ თუ ამგვარი ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია საჯარო (ინტერნეტ) სივრცეში, მით უფრო, ცნობილ პლატფორმებზე, როგორიცაა youtube ან სხვა მსგავსი საიტი, რთულია ადამიანმა განსაზღვროს, ჩანაწერი კანონიერია თუ არა. თუმცა, რომც იცოდეს, რომ უკანონოა, მისი ყურებისთვის არ უნდა ისჯებოდეს და მეგობრებისთვის გაგზავნისთვისაც ვერ დაისჯება, რადგან ინფორმაცია ვიღაცა სხვამ უკანონოდ უკვე განათავსა ინტერნეტსივრცეში.

განსხვავებული სიტუაციაა, თუ ვიდეო არ იძებნება საჯარო სივრცეში და მე ვტვირთავ იმ მიზნით, რომ კონკრეტულ პირს ზიანს აყენებს. მაგალითად, ამ წუთისთვის, ეკა ბესელიას ვიდეო თუ არ იძებნება არსად და მე თავიდან ვტვირთავ და ვავრცელებ, მე უნდა დავისაჯო, მაგრამ არა ის ადამიანები, ვისაც მიუვა ჩემ მიერ ატვირთული ვიდეო,“ – მიიჩნევს გიორგი ჩიტიძე.

კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს ფარული ჩანაწერების შენახვისთვის სასჯელის დაკისრებასაც. რატომ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ფარული კადრების ყურება ან მისი შენახვა არ არის დანაშაული, თუკი სახელმწიფოს მიზანი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრება დაიცვას? – იურისტი უკანონოდ ჩანაწერის მოპოვების გარდა აქცენტს აკეთებს განზრახვაზე, რაც ასევე უნდა დადასტურდეს.

„მეორე კრიტერიუმია განზრახვა, რომ ვიღაცას ზიანი მიაყენო და მესამე არის კონკრეტულად დამდგარი ზიანი. თუ ეს სამივე არ არსებობს და მხოლოდ ყურების ან/და არსებული ინფორმაციის გაგზავნის პირობებში ბოლო ორი კრიტერიუმი ვერ იარსებებს, ჭორაობისთვის დასჯა გამოვა. მაგალითად, მწერალმა დაწერა წიგნი, სადაც იდენტიფიცირებულად, სახელითა და გვარით, აღწერს კონკრეტული პირის ცხოვრების ინტიმურ დეტალებს. წიგნი არის ბესტსელერი. ისმის კითხვა: მწერალი უნდა დაისაჯოს? ბუნებრივია, სახელმწიფოს მიზანი ვერ იქნება ასეთი პირის დასჯა,“ –  გვითხრა გიორგი ჩიტიძემ.

როგორ უნდა გაიგოს მოქალაქემ ფარული ჩანაწერი, რასაც მას უგზავნიან, კანონიერად არის მოპოვებული თუ უკანონოდ? – „კანონიერად მოპოვებული ჩანაწერია, მაგალითად, ლეგალური პორნოგრაფია, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობით, ე.წ. სერვისკონტრაქტით სრულდება მსახიობსა და ფილმის გადამღებ კომპანიას შორის. ასევე, კანონიერია ის ჩანაწერი, რომლის ერთ-ერთი მხარეც მე ვარ, მაგალითად, თუ მიგზავნით ინფორმაციას ან მელაპარაკებით, იმთავითვე, არსებობს რისკი, რომ შეიძლება გავავრცელო. გავრცელება არის უბანში ბირჟაზე დგომა და ჭორაობა ან ინტერნეტში სტატუსად დაწერა და ა.შ. ბუნებრივია, ზეპირსიტყვიერი გადმოცემა და ვიზუალური მასალა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, სამართლებრივად, არსი ერთია. საჯარო პლატფორმაზე უკვე განთავსებული ინფორმაციის მიღების, შენახვის და გავრცელების შემთხვევაში კი არ უნდა დავისაჯო. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ვიღაც შემომიძვრეს კომპიუტერში, ჩამიგდოს ვიდეო ან/და ჩემი სახელით გაავრცელოს და ამტკიცე მერე რომ, არც იცოდი და არც გინახავს. ან ჩამიგდებენ ვირუსულ ლინკს, დავაჭერ, გამოვა ვიდეო და ესეც დასვამს დანაშაულის შემადგენლობას,“ – განმარტავს იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.

საქმე ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრების გავრცელებას. თავდაპირველად მომხმარებლები ამ ჩანაწერს ერთმანეთს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე. კადრების გავრცელების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

გუშინ, 25 თებერვალს, ბათუმში, სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეც დაიწყო გამოძიება.

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (138 კაფსულა და 23 აბი) და ნარკოტიკული (107 აბი და 2 ბოთლი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემთხვევები 22-25 თებერვალს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ორი კვირით შემირიგდი და მერე გამშორდი“ – ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრება

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. გუშინ, 25 თებერვალს, ჩაქვის პოლიციის განყოფილებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ქმრის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

„ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის, თუმცა ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმარი სასჯელს იხდიდა და  ციხიდან ახლახან გამოვიდა, რის შემდეგაც  მეუღლეს ემუქრება მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა. ძირითადად sms-ებს უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ ორი კვირით მაინც შეურიგდეს და მერე შეუძლია გაშორდეს… მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ბავშვები დედასთან არიან,“ – გვიყვება ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ქალის ინტერესების იცავს, რომელიც ახლა უკვე მეუღლესთან განქორწინებასაც გეგმავს.

კაცი, რომელიც ცოლს მოკვლით ემუქრება, თბილისში ცხოვრობს. ის ამ დროისთვის დაკავებული არ არის. მსხვერპლის თქმით, მასზე მეუღლე ციხეში მოხვედრამდე ფიზიკურადაც ძალადობდა, თუმცა ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს. კაცის დაპატიმრების შემდეგ ქალი მშობლების ოჯახში დაბრუნდა. კაცი ძარცვისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდიდა სასჯელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუქარას ოჯახში ძალადობის ნიადაგზე.

საზღვაო აკადემია დასაქმების ფორუმს მართავს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმში “დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი” იმართება, რომლის ორგანიზატორი ბათუმის საზღვაო აკადემიაა. ფორუმზე წარმოდგენილია ყველა მსხივილი დამსაქმებელი, რომლებიც საზღვაო სფეროსთან არიან  დაკავშირებული საქართველოში.

“ამ ღონისძიებით ჩვენ ვცდილობთ წავშალოთ ბარიერები და საშუალება მივცეთ ყველას, მიაღწიონ დასახულ მიზანს,”- ნათქვამია საზღვაო აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმზე ისეთმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს პრეზენტაციები, როგორიცაა: Columbia Shipmanagment-ი და Fleetmon-ი. ფორუმზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ საკრუინგო კომპანიები.

საგამოფენო სივრცეში საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციაა წარმოდგენილი. სტუდენტებს საშუალება აქვთ,  უშუალოდ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები და იპოვონ მათთვის საინტერესო ვაკანსიები.

კონკურსი აჭარაში ფილმების გადასაღებად

აჭარაში ფილმების გადასაღებად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი მიმდინარეობს როგორც  სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, ისე დოკუმენტური კინოს გადასაღებად.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადასაღებად ერთ კინომწარმოებელზე  80 000 ლარი გაიცემა. დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ისეთი კინოპროექტისთვის არის შესაძლებელი,  რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება – ფილმის სრული ბიუჯეტის  50 პროცენტი.

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან მხატვრულ  და დოკუმენტურ ფილმებს, ერთ კინომწარმოებელზე 25 000-მდე ლარია გათვალისწინებული. დაფინანსების მოთხოვნა კი შესაძლებელია კინოპროექტისთვის, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება – ფილმის სრული ბიუჯეტის არანაკლებ 30%.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საგრანტო დაფინანსებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა’’– ფარგლებში გასცემს. კონკურსის მთავარი პირობაა, რომ სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა 2019 წლის 15 დეკემბრამდე  სრულად უნდა  დაიხარჯოს აჭარის რეგიონში.

მთავარი ფოტო: კადრი დოკუმენტური ფილმის “ჯარას” გადასაღები მოედნიდან

Exit mobile version