რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რამდენად ინფორმირებული არიან ისინი, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებისას და რას ასწავლიან ამის შესახებ მათ სკოლაში? „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოსწონს სხვისი დისკრედიტაცია და ამ თემით ძალიან აჟიტირებულია.
„ახლახანს მეც გავხდი კიბერბულინგის მსხვერპლი, ატვირთეს ჩემი ფოტო და შემდეგ სოციალურ ქსელებში ჩემი დისკრიმინაცია მიდიოდა. ბუნებრივია, ამისგან არც მოზარდები არიან დაზღვეული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათ ხშირად ვესაუბროთ ასეთ საკითხებზე და ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი ონლან ძალადობისგან“, – გვეუბნება ის.
ლადო აფხაზავა ამბობს, რომ სკოლაში თითქმის ყოველ წელს ხორციელდება პროექტი – „ჩვენი უფლებები ონლაინ“, რაც გულისხმობს ინტერნეტ-სივრცეში მოზარდების უსაფრთხოებას. საუბარია ასევე სიძულვილის ენაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ ის.
„მეც მსმენია შემთხვევებზე, როცა მოსწავლეებმა სპეციალურად გააკეთეს და შემდეგ გაავრცელეს პირადი ინფორმაცია თანატოლზე და მშობელი კინაღამ გააგიჟეს. ამიტომ, უნდა ვესაუბროთ მოზარდებს, რატომ არ უნდა გამოიყენონ სიძულვილის ენა, რატომ არ უნდა გაავრცელონ სხვისი ცხოვრების ამსახველი რაიმე ინფორმაცია უნებართვოდ, რა რისკებს შეიცავს ეს როგორც სხვისთვის, ასევე გამავრცელებლისთვის, უნდა ვასწავლოთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ისევე აუცილებელია ონლაინ სივრცეში, როგორც რეალურ ცხოვრებაში.
ჩვენ ამ თემებზე გადავიღეთ პატარ-პატარა ფილმები, გავაკეთეთ პერფორმანსები და განვიხილავდით მსგავს საკითხებს“.
ლადო აფხაზავას აზრით, რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან ბავშვებმა და მოზარდებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში. უნდა იაქტიურონ ასეთ დროს თუ არა, რა უნდა გააკეთონ, ვისთან უნდა ითანამშრომლონ და ასე შემდეგ. „ერთ გაკვეთილზე ეს შეიძლება ვერ გააკეთო, მაგრამ შესაძლებელია სკოლამ დაგეგმოს ერთკვირიანი პროექტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის – ლელა ბორჩხაძის თქმით, მეცხრე და მეათე კლასის სამოქალაქო განათლების წიგნებში საერთოდ არ არის საუბარი მოსწავლის პირად სივრცეზე, მაგრამ მოზარდებს ეს თემა ძალიან აინტერსებთ და უამრავი კითხვა აქვთ.
„როცა პირად სივრცეზე ვიწყებ საუბარს, ბევრი კითხვა მოდის ბავშვებისგან, ზოგჯერ იმდენად ბევრი, რომ შეიძლება გაკვეთილი ბოლომდე ვერ ავხსნა.
მეუბნებიან, აქვს თუ არა მშობელს იმის უფლება, რომ შეამოწმოს ჩემი სოციალური გვერდი? მესინჯერი? ჩემს მეგობარს თუ შეუძლია ჩემზე რაღაც მიწეროს მეორეს სოციალური გვერდიდან? ჩემი ტელეფონი შემიძლია თუ არა ვათხოვო სხვას. აინტერესებთ, როგორ დაიცვან პირადი სივრცე თუნდაც მშობლისგან და ა.შ. მე ვცდილობ მათ სამართლებრივ ჩარჩოებში ავუხსნა, რა შეიძლება მოჰყვეს სხვისი პირადი სივრცის დარღვევას“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე.
მასწავლებელის თქმით, არის შემთხვევები, როცა კლასში ბავშვები დაწერენ რაღაცას ფურცელზე და შემდეგ ერთმანეთს ესვრიან. „როცა ეს ფურცელი ჩემს ხელში ხვდება, ვხევ მათ თვალწინ და ურნაში ვაგდებ. ამით მათ უფლებას არ ვაძლევ, წაიკითხონ სხვის შესახებ დაწერილი რაღაც ინფორმაცია“.
რა მიიჩნევა პირად სივრცედ? – ხშირად სვამენ ამ კითხვას მოზარდები. „მე ვეუბნები – ის, რაც შენ არ გინდა რომ დაგემართოს, იგივე ქმედებას ნუ გაუკეთებ სხვას“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე. მისი თქმით, აუცილებელია ვესაუბროთ მოზარდებს იმაზე, რომ თუ ვინმემ აწყენინა, პირადი ანგარიშსწორება ფოტოებით, თუ კადრების გამოქვეყნებით არ უნდა ხდებოდეს.
„მოზარდებს ნაკლებად ესმით, რას ნიშნავს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა. ამას ისინი ხშირად „ხუმრობას“ ეძახიან, მაგრამ როცა ჩუმად უღებ კლასელს ფოტოს და აქვეყნებს, ეს აღარ არის ხუმრობა და ასეთ დროს შეგვიძლია ვესაუბროთ კიბერბულინგის სამართლებრივ მხარეზეც. მოსწავლეებს ვუხსნი, რომ არ შეიძლება სხვისი ფოტოს გამოქვეყნება ნებართვის გარეშე, თუნდაც ის დაბადების დღეზე იყოს გადაღებული“, – გვეუბნება ლელა ბორჩხაძე.
პედაგოგის აზრით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე როგორც სამართლებრივი, ასევე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბევრი რამ უნდა გააკეთოს სკოლამ. „საჭიროა ფსიქოლოგის საუბრები, სამართალდამცველების ჩართულობა და ასევე მშობლების, პედაგოგების რომ ყველა ერთად ვებრძოლოთ ამ მანკიერ გამოვლინებას, რასაც სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ვეძახით. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია სკოლამ და ოჯახმაც იფიქროს იმაზე, რომ სკოლაში აიკრძალოს მობილური ტელეფონების გამოყენება“, – ამბობს ლელა ბორჩხაძე.
პედაგოგის თქმით, ამ მეთოდს ევროპის ბევრმა სკოლამ მიმართა და ეს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის იქნება მომგებიანი, რადგან „ამ დროს ბავშვი გაკვეთილზე უფრო მობილიზებულია და არ იქნება სურათების გადაღებით თუ სხვა არათემატური საქმით დაკავებული“.
მისი აზრით, როგორც სკოლებშია, ასევე ოჯახშიც მშობლებმა გარკვეული ინტერნეტგვერდები უნდა დაბლოკონ, რომ ბავშვს, მოზარდს არ ჰქონდეს წვდომა მისთვის შესაუსაბამო ინფორმაციაზე.
ბათუმის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მირანდა გორგოშიძე მიიჩნევს, რომ ბავშვის ან მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ სხვა ინფორმაციის გავრცელებაზე საუბარი აზარალებს მსხვერპლს და ეს ვერ ჭრის პრობლემას.
„მედია რომ ამაზე ბევრს საუბრობს, ეს ჭრის პრობლემას?“ – გვეუბნება ის. მასწავლებელს ვკითხეთ, ამ თემაზე მოზარდების ინფორმირებულობის გარდა თავად რაში ხედავს გამოსავალს?
„კონკრეტული ღონისძიების დასახელება მიჭირს, მაგრამ ვთვლი, რომ სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას, ფილოლოგებს, რომლებიც ასწავლიან მხატვრულ ნაწარმოებს, ბევრ მორალურ გმირთან შეუძლიათ პარალელის გავლება, ასევე კომპეტენტურ დამრიგებლებს, მშობლებს შეუძლიათ ესაუბრონ მოზარდებს და მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია“, – სცხადებს პედაგოგი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რას ასწავლის დღევანდელი სკოლა ბავშვებსა და მოზარდებს პირადი სივრცის, მათი უფლებების დაცვაზე და რა იქნება უფრო ეფექტური სამომავლოდ? მირანდა გორგოშიძე ამბობს, რომ სკოლას სამართლებრივი სწავლების რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლებელია ამ კუთხით კონკრეტული პროექტების მომზადება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა.
„ასევე მნიშვნელოვანია, უფროსების პირადი მაგალითი. დღეს იმდენად ღიაა ეს თემები მოზარდებისთვის, ისინიც ფიქრობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ამით არაფერი შავდება. ყველა არხზე პოპულარიაზაცია ხდება სხვისი პირადი ცხოვრების აფიშირების. მიეჩვივნენ მოზარდებიც და ამაში პრობლემას ვეღარ ხედავენ“, – ამბობს მირანდა გორგოშიძე.
პედაგოგი ამბობს, რომ სკოლის პროგრამული მასალა არ ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარს, მაგრამ არის საუბარი ღირსების შემლახავ საკითხებზე. „იმ სიმწვავით, რა სიმწვავითაც დღეს დგას ეს საკითხი, არ ვსაუბრობთ“, – გვეუბნება ის.
პედაგოგი დასძენს, რომ ამ თემაზე საუბრებიც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოზარდები წითელ ხაზებს არ გადავლენ.