მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

აკრძალვების სია ქალებისთვის

27.02.2019
აკრძალვების სია ქალებისთვის

ავტორი: ნებისმიერი ქალი, ვინც ეს გზა გაიარა


ჩემზე უძალადიათ!

ყველა ძალადობამ კვალი დატოვა!

დღესაც ვებრძვი ამ კვალს!

[checklist]

  • პირველი – თმის შეჭრა მინდოდა. გოგოს გრძელი თმა უხდებოდა, დღემდე მიჭირს თმის გაზრდა;
  • მეორე – ცეკვის სწავლა მინდოდა, მაგრამ მუსიკაზე უნდა მევლო, რადგან ის პარტნიორს არ საჭიროებდა, არც ცეკვა ვიცი და არც დაკვრა;
  • მესამე – მოკრძალებული უნდა ვყოფილიყავი (მამაკაცისთვის თვალებში არ უნდა შემეხედა), ძალიან დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო მოლაპარაკებებისთვის ადეკვატური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად (სანდო მხოლოდ მაშინ ხარ, როცა მეორე მხარეს თვალებში უყურებ);
  • მეოთხე – მსახიობობა მინდოდა (რა მნიშვნელობა აქვს ნიჭი მქონდა თუ არა), რეაქცია იყო, რომ გოგოს თეატრალურზე და იურიდიულზე არ ჩავაბარებინებთ, დანარჩენი რაც უნდა… დღეს იურისტი ვარ;
  • მეხუთე – მესამე კლასში 8 მარტს იები ვაჩუქე მასწავლებელს (მაშინ ყველას მიჰქონდა ყვავილები სავალდებულოდ), მასწავლებელმა „გადაახარისხა“, ჩემი იები ურნაში ვნახე…
  • მეექვსე – გარდატეხის ასაკში 76 კილო გავხდი, დღემდე ვითვლი გრამებს…
  • მეშვიდე -არასოდეს მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ლამაზი, დღეს რომ მეუბნებიან მიჭირს დაჯერება;
  • მერვე – ერთხელ თუ გათხოვდი, შენი „უკან მიმღები“ (იგულისხმება მშობლების ოჯახში დაბრუნება, განქორწინების შემთხვევაში) არავინააო. სანამ ჩემი თავის რჩენა ვერ შევძელი, ვცხოვრობდი ასე „გათხოვილი“…
  • მეცხრე – ქალს ერთი ქმარი უნდა ყოლოდა, მე ორი მყავდა;
  • მეათე – ქალი ქმარზე უნდა ზრუნავდეს (პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედობრივი მზრუნველობა იგულისხმებოდა), ამომივიდა ყელში;
  • მეთერთმეტე – ქალს „მოკლე“ არ უნდა ეცვას (გამომწვევის კატეგორიიდან), სულ „მოკლე“ ვიცვამ, ბოლო დროს გავურიე სხვაც ;
  • მეთორმეტე – პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ქალს პოლიტიკაში რა უნდაო, მოვხვდი იქაც… სინამდვილეში ქალი სერიოზული კონკურენტია ;
  • მეცამეტე – მართლმადიდებელი კი არა იეღოველიაო, მატარეს ეკლესია-ეკლესია, მეუხერხულებოდა, მას მერე არ დავდივარ. ჯვარი არ აქვს დაწერილიო, არც დავიწერ!
  • მეთოთხმეტე – სად მიდიხარ? ვისთან ერთად? როდის მოხვალ? დღემდე მგონია, რომ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გავცე ;
  • მეთხუთმეტე – ეს ლგბტ პირების დამცველია და გეი ქორწინებას უჭერს მხარს… ეს ის შემთხვევაა, როცა მადლობა უნდა ვუთხრა მოძალადეებს. აზრზე არ ვიყავი და ახლა, დიახ, ვუჭერ მხარს!!!

[/checklist]

 

კიდევ ბევრი რამ გამახსენდება ალბათ, მაგრამ სიის სიგრძეს რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარი ის საერთოა, რაც მე და ნებისმიერ მეორეს გვაქვს – ძალადობა, რომელიც გადაგვიტანია, გვახსოვს და მის კვალს ვებრძვით. ზოგჯერ ვერევით, ზოგჯერ – ვერა. მთავარია, თვალი გავუსწოროთ და მერე გვინდა ამოვთქვათ, გვინდა არა.

—————————

მთავარი ფოტო: მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: