ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიდეო მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა, სადაც ის სკოლის ფსიქოლოგმა ნახა და საქმეს მსვლელობა მიეცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო საჯარო სივრცეში ხვდება. პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო ერთი თვის მანძილზე 18 ადამიანის დაკავების მიზეზი გახდა. ამას გარდა, მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება საქართველოში რამდენჯერმე გახდა სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ქალებისთვის მორალური განადგურების მიზეზი. ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს, თუ რა გავლენას ახდენს სოციუმი ბავშვებზე და როგორ აირეკლება დიდების პრობლემები არასრულწლოვანებზე.
მაია ცირამუა:
“შეარცხვინო, მის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედო – ეს ახალი ქცევითი რეპერტუარია ბულინგის გამოვლინებებში. [ბათუმში მომხდარი ფაქტი] ერთმნიშვნელოვნად კიბერ ბულინგია და დანაშაულია. შესაძლოა [ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება] იყოს ამ შემთხვევის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი. ბოლო ერთი თვის მანძილზე, ფაქტობრივად, ამაზე დგას ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. ძალიან კარგად ხედავენ ბავშვებიც რა გავლენას ახდენს მსხვერპლზე მსგავსი ინფორმაციის გადაღება-გავრცელება. ეს არის კარგად დასწავლილი და კოპირებული ქცევა იმისა, რაც ასე თუ ისე უკვე ნორმალიზებული გახდა ჩვენს საზოგადოებაში [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი]. ბავშვებს ახასიათებთ მსგავსი ქცევა [უფროსებისთვის მიბაძვა]. ჩვენ მათ ვუკარნახეთ ყველაზე ეფექტური საშუალება სხვა ადამიანზე ზემოქმედებისთვის.
პირადი ცხოვრება იქცა შანტაჟის ინსტრუმენტად. გამოსავალი არის განათლებაში. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა არის პირადი სივრცე. უამრავი ბავშვია, რომლის პირად სივრცესაც წარამარა არღვევს მშობელი, მასზე ფიზიკური ძალადობით ან მის სივრცეში შეჭრით. ძალიან ხშირად მშობელი იმდენად არის ჩართული ბავშვის პირად ცხოვრებაში, რომ სოციალურ ქსელში მიმოწერასაც უკონტროლებს. ეს არის ზოგადი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე. გამომდინარე აქედან, ადამიანი, რომლის პირადი სივრცე ყოველდღიურ ცხოვრებაში ირღვევა, სხვადასხვა ფორმით – ემოციური ზეწოლით თუ მასზე ფიზიკური ძალადობით, მისთვის ხშირ შემთხვევაში ნორმალიზებულია ის, რომ ისიც ასევე შეიჭრას სხვის პირად სივრცეში.
მეორე ფაქტორია განათლება ამ მხრივ – რამდენად ინფორმირებულები არიან იმის შესახებ ბავშვები, რომ არ შეიძლება დაარღვიო სხვისი პირადი სივრცე? რამდენად ესაუბრებიან მათ ამის შესახებ? აქ ისევ მივდივართ სამოქალაქო განათლებასთან, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ჯგუფებში აღშფოთებას იწვევს. ვიცით, რომ არსებობს დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო განათლება ისწავლება სკოლაში, სადაც ზუსტად ასეთ საკითხებზეა ლაპარაკი. მაგალითად იმაზე, რომ პირადი სივრცის დარღვევა იგივე ადამიანის უფლების დარღვევაა და ა.შ.
სხვისი უფლებები და საკუთარი უფლებები ხშირად აბსოლუტურად არ აქვთ გაცნობიერებული ბავშვებს.
როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ინსტიტუციები ამ შემთხვევას? მე მგონია, რომ სამართლებრივი ბერკეტები უნდა გამოიყენონ, მაგრამ ზუსტად იმ კანონის შესაბამისად, რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში, ჩვენი კანონის მიხედვით, სავარაუდოდ, გამოიყენებენ განრიდების და მედიაციის პროგრამას. ეს არის საუკეთესო გზა ამ ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რა გააკეთეს, როგორი ზიანი მიაყენეს იმ ადამიანს, ვინც ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი.
მაგრამ იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწორად გავაკეთებთ ამას. დისციპლინარულად უნდა დაიგეგმოს რა ფორმით ჩაერევიან ამ მოზარდების ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია ამ ბავშვებთან საუბარი იმაზე, თუ რამდენად მტკივნეულია, როდესაც ადამიანის პირად სივრცეს, პირად ცხოვრებას ეხები. როგორ მოდის ეს წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან, როგორ მოდის ეს წინააღმდეგობაში სამართალთან, კანონთან. ამ თემებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა მოსწავლემ, რომელმაც გაიგო ამ ფაქტის შესახებ გააცნობიეროს – რას აკეთებს ერთი მხარე, როდესაც იღებს და ავრცელებს ამ ინფორმაციას, რა სახის ზიანის მომტანია ასეთი ქცევა და რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ის, ვინც ეს ყველაფერი განიცადა. ძალიან დიდი ალბათობით, თუ მსხვერპლი იდენტიფიცირებულია, დგას სერიოზული რისკის ქვეშ გახდეს სტიგმატიზირებული. მნიშვნელოვანია მასთან სპეციალისტის მუშაობაც, რადგან ეს ძალიან სერიოზული ტრავმული გამოცდილებაა, რაც მან მიიღო.
ყველაზე მთავარი – მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამდენადაც შესაძლებელია, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი არ გახდეს.
იმ მხარეს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად სჭირდება გააზრება იმისა, რა მორალური და ფიზიკური ზიანი მიაყენა მსხვერპლს. ძალიან მნიშვნელოვანია გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა და გარკვეული ნაბიჯები გადადგან [აღდგენითი მართლმსაჯულება რაზეც დგას] იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, გამოისყიდონ ეს დანაშაული. ეს იქნება განრიდების და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, თუ რა სახის სამართლებრივი ზემოქმედება მოხდება, არა აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ ამ ბავშვებმა გაიაზრონ ზიანი, რომელიც მიაყენეს მეორე მხარეს.