მთავარი,სიახლეები

უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში

27.02.2019 • 1388
უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში

“შსს, ან პროკურატურა არ უნდა იძიებდეს, მაგალითად, პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს,” – მიიჩნევს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე. ის პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

გიორგი ცერცვაძემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელიც მას ადმინისტრაციული დაკავების დროს ჩაუტარეს. დასკვნის მიხედვით, გიორგი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან გამოსულს კი, კონკრეტული დაზიანებები ჰქონდა სხეულზე.

“მას სახეზე ჰქონდა დაზიანება, ჩალურჯებული იყო თვალის ბუდე, დაზიანებული ჰქონდა ფეხიც… მესამე წელია მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა არაფერი გარკვეულა. გიორგის დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭა პროკურატურამ”, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, მოსარჩელის ინტერესების დამცველი “დემოკრატიული ინიციატივიდან”. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავს.

გიორგი ცერცვაძე არაა პირველი, ვინც მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანო არ მოქმედებს სათანადოდ, როცა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენას ეხება საქმე. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” რამდენიმე მსგავს შემთხვევაზე საუბრობს, მათ შორის, ბათუმში დაწყებულ და დაუსრულებელ საქმეებზე.

“თავად ნორმაში უნდა იყოს მითითებული, რომ, მაგალითად, პროკურატურას მსგავსი შემთხვევების გამოძიების უფლება არ უნდა ჰქონდეს?”- იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

“არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება გაწერილი. მთავარია, მივიღოთ ეფექტური გამოძიება,” – უპასუხა მოსამართლეს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თეიმურაზ სვანიძემ.

სადავო ნორმის მიხედვით, მთავარი პროკურორი უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებლად გადასცეს ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულირება ვერ ქმნის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას.

მოსარჩელის აზრით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს პრაქტიკული, იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

“რას ნიშნავს იერარქიული დამოუკიდებლობა, როცა ზემდგომი იძიებს ქვემდგომის საქმეს, თუ პირიქით?” – იკითხა ისევ ევა გოცირიძემ.

“მნიშვნელობა არა აქვს, ზემდგომია თუ ქვემდგომი… მთავარია, რომ დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი,” – აღნიშნა თეიმურაზ სვანიძემ. მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა მოსამართლეებს “სანდრო გირგვლიანის საქმეზე”, სადაც აღნიშნულია, რომ “როცა საქმეში მათივე თანამშრომლის ბრალეულობა იკვეთებოდა, გამოძიებას აკლდა ჯეროვანი დამოუკიდებლობა.”

ევროსასამართლომ ასევე გაუსვა ხაზი “იერარქიული სუბორდინაციის” პრობლემას.

შეკითხვები დაისვა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზეც.

“თუ თავად პროკურორმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ვინ უნდა გამოიძიოს?” – იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

ადვოკატებმა მოსამართლეს უპასუხეს, რომ ეს შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ან დამოუკიდებელმა ინსპექტორმა გამოიძიოს. მოსამართლემ კი დააზუსტა, რომ შსს-ს საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას ისევ პროკურატურა ახორციელებს.

“თუმცა, თუკი შსს გამოიძიებს და პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს, პრობლემის ეპიცენტრი გადავა იმაზე, რომ პროკურატურამ არ წარუდგინა ბრალი,” – აღნიშნა თეიმურაზ სვანიძემ.

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ცალკეული უწყებების საგამოძიებო ორგანოების შემთხვევით დაინტერესდა:

“ანტიტერორისტულს ცალკე აქვს საგამოძიებო სამსახური, ასევე შემოსავლების სამსახურს და ასე შემდეგ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის საქმე ვინ უნდა გამოიძიოს?” – იკითხა მან.

“მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ინსტიტუციური ქვემდებარეობა…” – დასძინა თეიმურაზ სვანიძემ.

“ზედმეტი დაკონკრეტება” – ეს ფრაზა ახსენა პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ თავის გამოსვლაში. მან განმარტა, რომ პროკურორს აქვს ლეგიტიმური უფლება, მსგავსი ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, “საგამოძიებო ქვემდებარეობას გადაუხვიოს” და შესაბამისი დადგენილებით დაასაბუთოს ამის საჭიროება.

“უკაცრავად, დასაბუთება რას გულისხმობს, მხოლოდ ნორმის მითითებას?” – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

პარლამენტის წარმომადგენელმა უთხრა მოსამართლეს, რომ ასე არ არის და პროკურორები დადგენილებაში განმარტავენ საკუთარ გადაწყვეტილებებს.

“გაქვთ ამის ნიმუში წარმოდგენილი?” – იკითხა ისევ მაია კოპალეიშვილმა, რაზეც პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ მოწმეს წარმოადგენს, კომპეტენტურ პირს, რომელიც ამ დეტალებს გააცნობს სასამართლოს.

“მიზანშეუწონელია, ყველა ინდივიდუალური შემთხვევის მოწესრიგება… ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეფექტურ გამოძიებას,” – დასძინა ქრისტინე კუკრავამ.

მოსამართლე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რატომ ხედავს პარლამენტი პრობლემას, თუკი შესაბამის მუხლში დაკონკრეტდება, რომ პროკურორმა წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება იმ უწყებას არ უნდა დააწეროს, რომლის თანამშრომელიც შესაძლოა ბრალდებული აღმოჩნდეს.

“ამის საშიშროება თავის დროზე კანონმდებელს არ დაუნახავს,” – უთხრა მოსამართლეს პარლამენტის იურისტმა.

მისივე განმარტებით, საპროცესო კოდექსი ასე დეტალიზებული ვერ იქნება პროკურორის უფლებამოსილების კუთხით.

მოსამართლემ დააზუსტა, რომ საპროცესო კოდექსში ბევრგან არის დაზუსტებული კონკრეტულად წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა.

“მაგალითად, საპროცესო შეთანხმება პროკურატურის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ წერია, რომ დაუშვებელია, თუკი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი,” – თქვა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოს წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილებებზეც არისა საუბარი:

„საქმეზე ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ზოგადი სტანდარტის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება უნდა იძლეოდეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის საშუალებას. საკუთრივ გამოძიების სტანდარტზე სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის ეფექტურობისათვის აუცილებელია, რომ არსებობდეს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. მსგავს განმარტებას აკეთებს სასამართლომ „ენუქიძის და გირგვლიანის საქმეში“. „იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

არსებითი განხილვის სხდომა ახლაც [14:00] გრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: