კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძესთან

26.02.2019
რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძესთან

დღეს, 26 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. რა საკითხებზე ესაუბრა საინიციატივო ჯგუფის წევრებს თონიკე რიჟვაძე შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა? შეხვედრის შინაარსის შესახებ „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს ესაუბრა.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრი, ზეინაბ დიასამიძემ ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნას ვერ უპასუხა, თუმცა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი:

„მან გამოთქვა სურვილი, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და გვითხრა, რომ ერთ კვირაში ისევ შევხდებით. შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთადაც კი.

ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ.

მთავარი აქცენტი გვქონდა ე.წ. ზონალურ საბჭოზე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პროფესიონალურ ეთიკაზე. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ქალაქის წარმომადგენლებით, ექსპერტებით, შემოგვთავაზა სახეცვლილი ზონალური საბჭო, თუმცა ჩვენ არ გვჭირდება ორი ზონალური საბჭო.  ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ თითო შენობას დავიცავთ, ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, – ამბობს ზეინაბ დიასამიძე.

შეხვედრას ესწრებოდა ნათია აფხაზავა, საზოგადოება „ბათომისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი თქმით, შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი თემა ზონალური საბჭო იყო. თორნიკე რიჟვაძის პოზიციაა, რომ შესაძლებელია ზონალური საბჭოს წევრები საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატურებით გაიზარდოს, თუმცა შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე – აჭარის მთავრობა და საინიციატივო ჯგუფი, მოამზადებს საკუთარ ხედვას ამ თემაზე და მარტის დასაწყისში, ხელმეორე შეხვედრისას მოხდება პოზიციების გაცვლა.

„ჩვენი პოზიციაა ის, რომ მოხდეს ამ ორი საბჭოს [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული საბჭო და ზონალური საბჭო] გაერთიანება და ექსპერტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდა. უფრო მეტი ექსპერტი უნდა იყოს საბჭოს მუშაობაში ჩართული და არა ისე, როგორც დღეს არის – საჯარო მოხელეები. მთავრობის მხრიდან მოვისმინეთ პოზიცია, რომ მთავრობა მზად არის თანაბარი ხმით იყვნენ წარმოდგენილი პროფესიული წრეები და საზოგადო მოღვაწეები საბჭოში და არა საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს უმრავლესობაში არიან.

საკითხი შეეხო იმასაც, რომ ზონალური საბჭოს სხდომები იყოს ღია. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის უზრუნველყოფს, რომ საბჭოს სხდომები იყოს ღია და საზოგადოება წინასწარ იყოს ინფორმირებული საკითხების შესახებ. ეს კანონის მოთხოვნაა, უბრალოდ, აქამდე ჩამოყალიბდა ისეთი პრაქტიკა, გვჭირდება ინდივიდუალური კომუნიკაცია, რომ სხდომებს დავესწროთ, “ – ამბობს ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ბათუმში მდებარე ორი შენობასაც, მაზნიაშვილის #17-სა ჟორდანიას #27-ში არსებული ისტორიული სახლების საკითხს, რომელთა დემონტაჟია დაგეგმილი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია.  ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება იყო, რომ აღნიშნული ნებართვები არ უნდა გაიცეს და შესაძლოა მოიძებნოს სამართლებრივი გზაც, რომ გადავარჩინოთ ეს ისტორიული შენობები“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

საუბარი შეეხო, ასევე ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დამცავ ზონას. ნათია აფხაზავას თქმით, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ელოდებიან რეკომენდაციებს ამ საკითხზე და აქვს ინიციატივა, ამის შემდეგ საკითხის განხილვა და შეჯერება ბათუმში, საზოგადოებისა და პროფესიული წრეების მაღალი ჩართულობით მოხდეს.

შეეხო თუ არა საუბარი თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, როცა მთავრობის თავმჯდომარემ ძველი ბათუმის დამცველების ნარკობიზნესთან და კორუფციასთან კავშირზე გააკეთა მინიშნება? ნათია აფხაზავა ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძეს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია:

„ჩვენ ვუთხარით, რომ თუ ის გულისხმობს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ჯგუფში არიან, ეს არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები და ჩვენი თანამებრძოლები“ – ამბობს ის.

_____________

ფოტო: აქცია ძველი ბათუმის დასაცავად, 17 თებერვალი, 2019 წელი. ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: