მთავარი,სიახლეები

შეცვლილი დოკუმენტი – საია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის

22.11.2018
შეცვლილი დოკუმენტი – საია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.

ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები რომ გახდეს, მოვლენები ასე განვითარდა:

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლითაც ბათუმში დამცავი ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს, ბათუმის მერიამ თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. ეს დოკუმენტი საკრებულომ ისე მოიწონა, რომ ერთი კითხვაც არ  გასჩენია დოკუმენტის შეცვლის თაობაზე – ყოველ შემთხვევაში, ასეთი კითხვები საკრებულოს სხდომაზე  საკითხის დამტკიცებისას არ დაუსვამთ და არც საზოგადოებისთვის განუმარტავთ რაიმე.

არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც დოკუმენტი მოიწონეს, მშვიდად იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ საკრებულოში არა შესწორებული, არამედ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი იყო წარდგენილი. დოკუმენტის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი დაინტერესებული პირებისთვის, როცა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მერიაში სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს.

საიას განმარტებით, მერია სათანადო ექსპერტიზის გარეშე, თვითნებურად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინ როცა საზღვრების დადგენას სჭირდება მეცნიერული კვლევა; დოკუმენტი, რომლითაც დგინდება ისტორიული საზღვრები, სპეციალისტების ჯგუფმა უნდა შეადგინოს:

„ეს იმდენად სპეციფიკური სფეროა, რომ თუ არა სპეციფიკური ცოდნა, სხვაგვარად შეუძლებელია ისტორიული საზღვრების დადგენა. მერიას არ გააჩნდა რესურსი და ამიტომაც შეექმნა ეს დოკუმენტი ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც მერიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკორექტირა. თანაც ჩამოაჭრეს ტერიტორია, რომლის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურაა მოქცეული“.

საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის საკრებულომ ბათილად ცნოს #33 დადგენილება, რომლითაც „გეოგრაფიკისმომზადებული, მაგრამ მერიის მიერ შეცვლილი დოკუმენტი მოიწონა და დაამტკიცოს დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.

მერიის პოზიციას ამ საკითხზე „ბათუმელები“ მისი მიღებისთანავე, აქვე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: