მთავარი,სიახლეები

42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

18.02.2019
42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ.

„42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის მოლაპარაკება. არც ექსპერტიზის პასუხი არაა ჯერჯერობით, არც არაფერი არ ვიცით საერთოდ. სრულ გაურკვევლობაში ვართ. უკვე გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი,“ – ამბობს ნინო ლაბაძე, გარდაცვლილი მეზღვაურის ბიცოლა.

რატომ ჭიანურდება და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მეზღვაურის საქართველოში გადმოსვენება? – “ბათუმელები” კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

დავით რაზმაძის შესახებ

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი.

დავით რაზმაძეს საქართველოში ჰყავს ბებია, რომელიც გორში ცხოვრობს. სხვადასხვა მედიის ცნობით, მეზღვაურის დედა უცხოეთში მუშაობს. თავად კი ბათუმში, ბიძასთან ცხოვრობდა.

დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, დაბომბვის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირი იყო. ფოტოზე ის გარდაცვლილ ძმას დასტიროდა. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, დევნილთა დასახლებაში დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: