მთავარი,სიახლეები

როგორი საპატიმროები აქვთ გერმანიაში

27.02.2019 • 3105
როგორი საპატიმროები აქვთ გერმანიაში

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე თითქმის ორი წელია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები წარმატებულად მიიჩნევა, ეს პროგრამები არა მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, არამედ დაპატიმრების პირველი დღიდანვე იწყება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ (ASB) კვლევაში ხუთი ქვეყნის გამოცდილებაა ნაჩვენები, სადაც მსგავსი პროგრამები ეფექტურობით გამოირჩევა და განაპირობებს განმეორებითი დანაშაულის დინამიკის კლებად ტენდენციას. ამჯერად კვლევაში განხილულ გერმანიის მაგალითზე შევჩერდებით, სადაც 2017 წლის მონაცემებით 64 193 პირი იყო საპატიმრო დაწესებულებაში, ანუ იმ პერიოდში 100 000 მოსახლეზე 77 პატიმარი მოდიოდა.

გერმანული მიდგომის მიხედვით, საზოგადოებისგან განცალკევება უკვე წარმოადგენს სასჯელს, ციხე არ არის სადამსჯელო დაწესებულება, ეს არის სარეაბილიტაციო სივრცე და დრო აქ პირის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.

ამისათვის კი საჭიროა, ცხოვრება ციხეში მაქსიმალურად ჰგავდეს ცხოვრებას საზოგადოებაში (რასაც ზოგჯერ ნორმალიზაციის პრინციპს უწოდებენ) და ორგანიზებული იყოს იმგვარად, რომ ხელს უწყობდეს პატიმართა საზოგადოებაში ინტეგრაციას.

თავისუფლების აღკვეთის მიზანია, გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმრებმა საზოგადოებაში უფრო დამოუკიდებლად და პროდუქტიულად იცხოვრონ.

ციხეში ხდება მსჯავრდებულთა იმ უნარების ათვისება, რაც მათ საზოგადოებაში დაბრუნებისას დასჭირდება.

პატიმრებს გერმანიაში აცვიათ საკუთარი ტანსაცმელი, აქვთ პირადი ნივთები, თავად აწყობენ საკანს და იმზადებენ საკვებს. პატიმრებს შეუძლიათ დაწესებულებაში თავისუფლად გადაადგილება, აქვთ წვდომა თვითმომსახურების ობიექტებზე და თავად გეგმავენ საკუთარ დღეს. პატიმრები ხშირად პატარა ჯგუფებში ცხოვრობენ და მათი საცხოვრისი დაყოფილია სხვადასხვა ნაწილებად: სამზარეულო, საერთო სივრცე, დასვენების სივრცე.

გერმანულ ციხეში აუცილებელია როგორც განათლების მიღება, ასევე მუშაობა, რაშიც პატიმრებს ხელფასს უხდიან.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსჯავრდებულის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას: დარაჯი, როგორც წესი, აკაკუნებს საკანში შესვლამდე. პატიმრებს აქვთ საკუთარი საკნის გასაღები.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულია დიაგნოსტიკური ცენტრები, სახელოსნოები, დედათა და ბავშვთა სექციები; პატიმრებს აქვთ სოციალური თერაპიის, პროფესიული განათლების, სამკურნალო პროგრამების მიღებისა და გავლის საშუალება.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მხოლოდ შესაბამისი განათლების მქონე პერსონალი მუშაობს. მათი სასწავლო კურსი ორწლიანია, 12 თვე თეორიულ საკითხებს ეთმობა, 12 კი პრაქტიკულ ტრენინგს. პერსონალი სისხლისა და საკონსტიტუციო სამართალს, თავდაცვას, განათლების თეორიას, ფსიქოლოგიას, სტრესისა და კონფლიქტის მართვასა და პატიმრებთან კომუნიკაციას სწავლობს.

ციხეები ისეა მოწყობილი, რომ ხელი შეეწყოს რეაბილიტაციის პროცესს: მუდმივად საშუალო ტემპერატურაა, ბევრი ფანჯარა და მზის შუქი, ასევე განიერი დერეფნები.

პატიმრებს რეგულარულად ეძლევათ საშუალება, მოინახულონ ოჯახი მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ვიზიტით.

პატიმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, გარკვეული დრო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთაც გაატარონ.

გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ოჯახსა და საზოგადოებასთან მტკიცე კავშირი რეაბილიტაციის წარმატების ხელშემწყობი ფაქტორია.

ერთ პროცენტს არ აღემატება იმ პატიმართა რაოდენობა, რომლებიც ოჯახში ვიზიტის შემდეგ საპატიმროში არ ბრუნდებიან.

წყარო:  ACB


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: