მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში

27.02.2019 • 2169
ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი

ორი წლის წინ 2.26 მილიონმა კატალონიელმა რეფერენდუმზე კატალონიის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცა ხმა. კატალონიის მთავრობის მონაცემებით, მოსახლეობის 90%-მა ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა რეფერენდუმი, რამეთუ ის არღვევდა ესპანეთის 1978 წლის კონსტიტუციას, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია „ესპანელი ხალხის განუყოფლობა და ერთიანობა“.

დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გახდა საწინდარი რეგიონში მასობრივი პროტესტისა, მმართველი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების დაკავებისა, რომელიც დღემდე გრძელდება. თუმცა, თვით რეფერენდუმმა და რეფერენდუმის შემდგომმა მდგომარეობამ საერთაშორისო სამართალში წარმოშვა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული ტრადიციული დისკუსია. მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ დაპირისპირება ფეხბურთის გულშემატკივრებში ყოველთვის ინტრიგის საფუძველია, დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში მწვანე საფარზე წყდება, მაშინ როდესაც კატალონიის დამოუკიდებლობაზე წარმოშობილი „ელ-კლასიკო“ მადრიდსა და ბარსელონას შორის  მუდმივი ინტრიგის საგანია  ამ ბოლო წლებში  საერთაშორისო სამართალში და დღემდე გადაუწყვეტელია.

მართალია, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად მიიჩნია და გააუქმა კიდეც, თუმცა ამან კატალონიელების არა „დაშოშმინება“, არამედ „აღგზნება“ გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ესპანეთის კონსტიტუციით დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არა ავტონომიის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიო რახარომ განაცხადა – „მხოლოდ ესპანელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი და არა რომელიმე პარტიას ან ადამიანთა ჯგუფს“.

კატალონიელების რეფერენდუმისადმი სწრაფვა გარკვეულწილად გამოიწვია შოტლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა და აგრეთვე ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა. თუმცა კატალონიისგან განსხვავებით უნდა აღინიშნოს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობდა საუკუნეების განმავლობაში და, შეიძლება ითქვას, მათ მეტი პრეტენზიების წამოყენება შეუძლიათ ლონდონთან, ვიდრე კატალონიელებს ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თავის მხრივ რადიკალურად სხვა მოვლენები განვითარდა ყირიმში, სადაც ყირიმმა რეფერენდუმზე მოითხოვა არა დამოუკიდებლობა, არამედ ერთი ქვეყნიდან გასვლა და მეორეში შესვლა, რაც ყოველგვარ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას ეწინააღმდეგება.

თვითგამორკვევის უფლებაზე გაერთიანებული ერების მიდგომა და საერთაშორისო სამართლის თეორია შესაძლებელია დაიყოს ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მაინც მოიცავს კლასიკური საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბებას და ტერიტორიული მთლიანობის უპირატეს გავლენას თვითგამორკვევის უფლების ჩამოყალიბებაზე. ეს ხდებოდა მთელი  XX საუკუნის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი,  XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება და ხასიათდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გავლენით (უწინარესად ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება) და ტერიტორიული მთლიანობის უფლების ერთგვარი „ჩამოქვეითებით“. ამის თვალსაჩინო მაგალითია კოსოვოს აღიარება, რომელსაც მოჰყვა შოტლანდიის პრეცენდენტი. კოსოვოს პრეცედენტი ევროპის მხრიდან სეპარატიზმის დაშვების და მისი აღიარების გარკვეულ პრეცედენტად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს ევროპელებმა ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან, თუმცა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ხუთი – კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი უარს ამბობენ კოსოვოს აღიარებაზე – იმის შიშით, რომ ეს წაახალისებს სეპარატისტულ მოძრაობებს მათი ქვეყნების შიგნით.

გაერთიანებული ერების მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აღიარა ხალხთა თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართალში ბევრ შემთხვევასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ტიმორის საქმე (პორტუგალია ავსტრალიის წინააღმდეგ, 1995 წ.) იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც სასამართლომ აღნიშნა: „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება აღიარებულია გაერთიანებული ერების წესდებით და სასამართლოს იურისპრუდენციით… ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „განკურნებადი თვითგამორკვევის უფლება“ – სეცესია  წარმოიშობა ავტომატურად. კანადის უზენაესმა სასამართლომ 1998 წელს კვებეკის საქმეზე თვითგამორკვევის უფლება ორ ნაწილად: შიდა და გარე თვითგამორკვევის უფლებად დაყო. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს: „საერთაშორისო სამართალში გარე თვითგამორკვევის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტულ განსაზღვრულ ჯგუფს არ გააჩნია პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების უფლება, არ აქვს წვდომა სახელმწიფო ხელისუფლებაში წარმომადგენლობაზე.

ეს დადასტურებულ იქნა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „საკონსულტაციო დასკვნაში კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისობა საერთაშორისო სამართალთან“, სადაც აღნიშნულა, რომ სეცესიის/გამოყოფის უფლება წარმოეშობა ხალხს, რომელიც ჩაგვრის ობიექტია. სეცესია/გამოყოფა მაინც წარმოადგენს უკანასკნელ ნაბიჯს მაშინ, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები ეთნიკური ნიშნით და სეცესიონისტებს უნდა შეეძლოთ შესაქმნელი სახელმწიფოს შენახვა (ეკონომიკური და ა.შ. შესაძლებლობები).

ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომელიც კატალონიას ასევე უბიძგებს დამოუკიდებლობისკენ მდგომარეობს იმაში, რომ ესპანეთის ეკონომიკის 20% მოდის კატალონიაზე და კატალონიელებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ჯანსაღი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ პირველ მკვლევარს, ჰუგო გროციუსს უთქვამს, სამწუხაროდ, იმდენი საერთაშორისო სამართალია, რამდენი სახელმწიფოც. იგივე ითქმის სეცესიონისტურ მოძრაობებზეც ევროპაში. შოტლანდია, ყირიმი, კატალონია, აფხაზეთი და ოსეთი, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სხვადასხვა გეოგრაფიული სარტყელია, სხვადასხვა თავისებურებით ისინი ქმნიან თვითგამორკვევის უფლების მოსურნე სუბიექტებს, თუმცა საფრთხე მაინც ერთიანია დანარჩენი მსოფლიოსთვის. საკმარისია, მსოფლიომ კოსოვოს პრეცედენტის „უნიკალურობას“ გაგრძელება მოუძებნოს და შექმნას სხვა პრეცედენტები, მაშინ – ევროპული და გლობალური უსაფრთხოება მოექცევა ერთიან ქარგაში.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული სიტუაციები მსოფლიოში გადაიქცეს სეცესიის პრეცედენტებად, დაუშვებელია კატალონიამ მიიღოს დამოუკიდებლობა, რაოდენ მიმზიდველი არ უნდა იყოს ის მორალურად ნეიტრალური მსოფლიოსთვის, დანარჩენ სეცესიონისტურ სუბიექტებს გაეხსნებათ მადაც და შესაძლებლობაც ამ მიმართულებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს  ტრანსფორმირებად, მაგრამ ჯერ კიდევ კლასიკურ საწყისებზე დარჩენილ საერთაშორისო სამართალს.

გადაბეჭდვის წესი