მთავარი,სიახლეები

ზონალურმა საბჭომ ბათუმში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განიხილა

27.02.2019
ზონალურმა საბჭომ ბათუმში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განიხილა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის ზონალურმა საბჭომ ბაქოს ქუჩა #51-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მშრალი ტვირთის ტერმინალის სამშენებლოდ გამოყენება და სამშენებლო პროექტის შეთანხმება განიხილა.

საუბარია გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთ ტერმინალზე, რომლის აშენებასაც ბათუმის ნავსადგურში „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“ გეგმავს.

როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, ბათუმის ნავსადგურში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განხილვის საკითხი გახდა, რადგან მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მიმდებარე ტერიტორიაზე, ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში უნდა მოხდეს.

მისცემს თუ არა ზონალური საბჭო ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობაზე დადებით რეკომენდაციას კომპანიას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა ზონალური საბჭოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ ტერმინალის პროექტის მოცემულ სიმაღლეებზე ის თანახმაა.

პროექტის რენდერი

„გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული რუკის მიხედვით, იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ტერმინალის აგება იგეგმება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი შენობაა: XX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ორსართულიანი სახლი მაქაცარიას #1-ში და ამავე პერიოდში აგებული, ერთ და ორსართულიანი სახლები მაქაცარიას #3-ში.

კარბამიდის ტერმინალის აშენებას ბათუმში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: