მთავარი,სიახლეები

„ქართულ-ებრაული თანაცხოვრების“ UNESCO-ში წარსადგენად სააგენტო ექსპერტს მოიწვევს

28.02.2019 • 1228
„ქართულ-ებრაული თანაცხოვრების“ UNESCO-ში წარსადგენად სააგენტო ექსპერტს მოიწვევს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო UNESCO-ში „ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვანი თანაცხოვრების ტრადიციის“ წარდგენასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტს მოიწვევს. UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას სააგენტო 30 ათას ლარად გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ნომინაციაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და მასში სამუშაო ფორმატში მონაწილეობდნენ როგორც არამატერიალური მემკვიდრეობის ქართველი ექსპერტები, ისე საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები:

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ არსებობს მსგავსი პრეცენდენტი და საკითხი ეხება აბსოლუტურად განსხვავებულ ტრადიციის ფორმას, რომლის გამოვლინება-დასაბუთება რთულია და ეხება საქართველოში მცხოვრებ, ეთნიკურად სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს, აგრეთვე, იმის გამო, რომ საქართველო მრავალეროვანი ქვეყნაა და მასში საუკუნეების მანძილზე თანაცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, საკითხი მეტად რთულ და სენსიტიურ ელფერს იძენს. საკითხის ზუსტი ვექტორის დასადგენად ამ ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური ონლაინ კონსულტაციები UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სეკრეტარიატთან“.

სააგენტოში აცხადებენ, რომ „სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, დღის წესრიგში დადგა UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტის უშუალო, ადგილზე ჩართულობის საჭიროება, რომელიც ქართულ მხარეს დაეხმარება ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე ნომინაციის მოსამზადებლად სწორი მიმართულების განსაზღვრაში, დააკმაყოფილებს როგორც კონვენციის ვალდებულებებსა და პირობებს, ასევე გაითვალისწინებს გეოპოლიტიკურ ასპექტებს, რათა საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია დადებითად იქნას შეფასებული არამატერიალური მემკვიდრეობის შემფასებელი ჟიურისა და კომიტეტის მიერ და თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვირდროს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის საუკეთესო პრაქტიკების ნუსხაში“.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ელემენტის წარდგენა ხდება წელიწადში ერთხელ. სააგენტოს ინფორმაციით, დღის წერსრიგში დგას საერთაშორისო ექსპერტთან ერთად ნომინაციის შესაძლებლობების კვლევა და და საქართველოს მთავრობისათვის პირველადი მონახაზის წარდგენა. ნომინიაციების წარდგინების შემდგომი ციკლისთვის, 2020 წლისთვის კი უნდა მომზადდეს სრული პაკეტი. ექსპეტრის მომსახურების პერიოდი მოიცავს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთ თვეს.

ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, 2018 წლის აპრილში მიენიჭა.

https://netgazeti.ge/news/267082/

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სინაგოგა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: