Batumelebi | შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი  შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი  – Batumelebi
RU | GE  

შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი 

შუახევის მუნიციპალიტეტი სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას გეგმავს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა შემდეგ იალაღებზე: ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 301 300 ლარია.

პროექტი წარმოადგენს ორწლიან, 2019-2020 წწ შესყიდვას. 2019 საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს 685 000 ლარის ღირებულების სამუშაოები [აუცილებელია სამუშაოები დაიწყოს ყველა მიმართულებით], ხოლო 2020 წელს, ხელშეკრულების ღირებულების დანარჩენი ნაწილის სამუშაოები.

2019 წელს გრაფიკი იყოფა 5 ეტაპად და სამუშაოების დასაწყისია არაუგვიანეს 2019 წლის 15 მაისი. თითოეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს. 2020 წელს მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
დარჩენილი ნაწილი და თავად განსაზღვროს ეტაპები 2020 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდისთვის.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ინფორმაციით აღნიშნულ იალაღებთან ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზი მიყვანილია და ყველგან დამონტაჟებულია ტრანსფორმატორი: „ტენდერით დაგეგმილია მხოლოდ შიდა ქსელის მოწყობა, ანუ დენის მიყვანა თითოეულ სახლამდე [იაილამდე]. ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული გამრიცხველიანება“.

მთის იალაღი შუახევში / ფოტო: გურამ მურვანიძე

მთავარი ფოტო: შუახევი, იაილა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com