მთავარი,სიახლეები

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

26.02.2019
“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს.

საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს.

დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი კი – ჰოლიდას მეგობარი.

ბრალდებულის მონათხრობის მიხედვით, მკვლელობამდე ორი თვით ადრე ჰოლიდა ბრალდებულს დაშორდა.

“ჩვენ თითქმის ცოლ-ქმარი ვიყავით და ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა,” – განაგრძო ბრალდებულმა თხრობა. – “მე ბათუმში სასეირნოდ ვიყავი ჩამოსული და კაზინოში ვთამაშობდი… როცა ჰოლიდას და ავად გახდა, მე გავაგზავნე სამშობლოში, ფულიც მივეცი. მერე ბაქოში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ.

ვიდრე ბაქოში გადავიდოდით, ჰოლიდამ ბათუმში საღამოობით სეირნობა დაიწყო მეგობართან, იროდასთან ერთად. მე ამის გამო ვბრაზდებოდი, ვეჩხუბებოდი… იროდა არ იყო კარგ გზაზე მოსიარულე გოგო.

საბოლოოდ, ჰოლიდა წავიდა ჩემგან,” – თქვა ბრალდებულმა.

ლევენთ უ.ს პროკურორმა რამაზ შავაძემ სთხოვა გაეხსენებინა, რა მოხდა კონკრეტულად კაზინოში.

“არ მახსოვს კარგად… მეც ვერ ვიჯერებ. შოკი მქონდა, როცა კაზინოში გადაღებული კადრები ვნახე, ნასვამი ვიყავი ძალიან,” – წყვეტილი ფრაზებით ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.

ლევენთმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად დანით მივიდა კაზინოში, რომელსაც ქურთუკის ჯიბეში მალავდა.

“ჰოლიდა აღარ მხვდებოდა… მოკვლა რომ მდომოდა, ამდენი ხალხის და კამერების წინაშე ხომ არ გავაკეთებდი ამას? მე დანას ისე ვატარებდი, თავის დასაცავად…

იმ საღამოს ჰოლიდას ირგვლივ რამდენიმე უცხო კაცი დავინახე კაზინოში. მე მივედი და ფული გადავუხადე ჰოლიდას, მაგრამ არ გამომყვა…

ცალკე დავჯექი მაგიდაზე…

მერე იროდასთან მყოფ კაცებს ველაპარაკებოდი. მითხრეს, მართალი ხარ, თუ ეხმარებოდი ყველაფრით, ასე როგორ მიგატოვაო.

არ მახსოვს, რამდენჯერ მოვიქნიე დანა. პირველად იროდას დავარტყი, ეგ მახსოვს. ჰოლიდას როგორ დავარტყი, არ მახსოვს.

ჰოლიდას ორი შვილი ჰყავს, ისინიც მიცნობენ…

მე ჰოლიდა უზომოდ მიყვარდა. როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს დაარტყა დანა,” – დაასრულა ბრალდებულმა.

ამ შემთხვევის შემდეგ, იროდა ადგილზე გარდაიცვალა. ჰოლიდა კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის გამოჯანმრთელდა და ამ დრომდე ბათუმშია. მას ჩვენება სასამართლოსთვის ჯერ არ მიუცია.

“ვწუხვარ ამის გამო. მე დავკარგე საყვარელი ადამიანი და მეორე ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე… მე ვთხოვ მოსამართლეს გაითვალისწინოს, როგორი ადამიანი ვარ მე,” – მიმართა მოსამართლეს ლევენთ უ.მ.

“და როგორი ადამიანი ხართ?”- იკითხა პროკურორმა.

“მგრძნობიარე,” – უპასუხა პროკურორს ბრალდებულმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: