მთავარი,სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ

27.02.2019 • 1220
საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ

51 დღის წინ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში მიმდინარე კვირაში უნდა გადმოასვენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა.

“პროცედურა დაწყებულია გადმოსვენების. ლიბიის პროკურატურამ გასცა ნებართვა გადმოსვენებაზე. გარდაცვლილი გადასვენებულია ქალაქ მისტრადადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესაბამისი რეისის დაჯავშნა, რომ გარდაცვლილი  გადმოვასვენოთ საქართველოში,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისივე თქმით, გადმოსვენების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

“ეს შეიძლება იყოს პარასკევი ან კვირა, დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულ ავიაკომპანიას როდის ექნება ამის შესაძლებლობა. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საელჩოსთან, რომელიც, თავის მხრივ, კავშირზეა დამკრძალავ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს საორგანოზაციო საკითხებს და იმედი გავქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება,” – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: