მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში

21.07.2019 • 2969
„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში

„ზამთარი გადატანილია“ – ასე ჰქვია გურამ წიბახაშვილის გამოფენას, რომელიც ბათუმის თიბისი გალერეაში 20 ივლისს გაიხსნა. გამოფენა და ამავე სახელწოდების ქართული და ინგლისურენოვანი წიგნი ფოტოგრაფის 250-მდე კადრსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს, გვიამბობს 1987 – 1995 წლების მრუმე ყოფაში არტისტების ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ვისთვისაც ომი, სიბნელე, უიმედობა და მძიმე სოციალური პირობები შემოქმედებით მუხტად იქცა.

წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.

ექსპოზიციის ნაწილი იყო სტუდია “Film Asylum“-ის მიერ გადაღებული ფილმიც, რომელშიც გოგი გვახარია, ოლეგ ტიმჩენკო, რობი კუხიანიძე, ლაშა ბაქრაძე, თეო ხატიაშვილი და სხვები 90-იანებში ფიზიკური და მენტალური გადარჩენის ისტორიებზე, ზამთრის გადაგორების ამბებსა და გადასატან ზამთრებზე ყვებიან.

„თუ ადამიანს რამის კეთება უნდა, ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედებს, რადგან იყო ადამიანი, ნიშნავს ქმნიდე და აკეთებდე რამეს. 90-იან წლებში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი და არტისტი იყო, ამ გამოფენის მთავარ თემად ჩემი თაობის ერთი ნაწილი  და მათ გარშემო არსებული სოციალური ყოფა ავირჩიე.

სათაურის იდეა – „ზამთარი გადატანილია“ ერთი გამოფენისგან მოგვივიდა, რომელიც 1993 წლის დეკემბერში მოეწყო. მამუკა ცეცხლაძემ გამოფენას „ზამთარი გადასატანია“ დაარქვა, ყოველთვის არსებობდა მოლოდინი, რომ იმ წლებში რომელიმე ჩვენგანი გაქრებოდა და არამხოლოდ ზამთარი, ყოველი დღე იყო გადასატანი. 25 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველაფერი გადავაგორეთ, ამიტომაც დავარქვით  ამ წიგნს და გამოფენას სიმბოლურად – „ზამთარი გადატანილია“. თუმცა, წინ არაერთი ზამთარია, რომელსაც თავად შევქმნით და მერე თავადვე გადავაგორებთ“, – ამბობს გურამ წიბახშვილი.

ორასგვერდიან წიგნ-ალბომში ანა კორძაია-სამადაშვილი 90-იანების რეალურ გმირებს აცოცხლებს, რომლებიც არ ხატავდნენ, არც წერდნენ, მაგრამ აბსურდში ცხოვრებით ძალაუნებურად იქცეოდნენ პერსონაჟებად, ნინიკო მაგალითად, რომელიც გრძელ თმას ვერ იბანდა უწყლობის გამო, პაემანზე წასვლის წინ კი მთელმა უბანმა შეუგროვა წყალი ოქროსფერი თმა რომ თამამად გაეშალა.

წიგნის პერსონაჟია თავად ანაც – გოგო 39 ნომერი, ყველგანმავალი ლურჯი ბოტასებით (მაშინ, როცა მისი ფეხის ,,ალალი“ ზომაა 37)  და იმ პერიოდში წარმოუდგენლად მდიდრული ხელფასით – 40 დოლარი!

წარმოგიდგენიათ დანგრეულ 90-იანებში ჩუბიკას მოდელების დეფილე? ან ლადო ბურდული, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოში პირველად დაფინანსებული ალტერნატიული მუსიკის კონცერტს მართავს? – წიბახას ფირებმა ყველა და ყველაფერი შემოინახა.


როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის პროექტების მენეჯერი მაშო სამადაშვილი ამბობს, პროექტზე თითქმის წელიწად-ნახევარი მუშაობდნენ გამომცემლობა ,,ინდიგოს“ ჯგუფთან ერთად, იდეა კი გურამ წიბახაშვილთან პირადი საუბრისას დაიბადა.

„კულტურა და განათლება თიბისის მთავარი პრიორიტეტია ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. არ ვცდილობთ გვქონდეს ლამაზი პროექტები, ჩვენთვის მთავარი შინაარსის შემცველი, შემეცნებითი იდეების მხარდაჭერაა“, – ამბობს მაშო სამადაშვილი.

გამოფენა „ზამთარი გადატანილია“ ბათუმის თიბისი გალერეაში 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ამავე სახელწოდების წიგნის შეძენა კი მსურველებს შეუძლიათ მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: