მთავარი,სიახლეები

რაც არ განგიცდია, ვერც გადაიღებ, ყალბი გამოვა – გურამ წიბახაშვილი

23.07.2019 • 2616
რაც არ განგიცდია, ვერც გადაიღებ, ყალბი გამოვა – გურამ წიბახაშვილი

ამჯერად Fuji-ის მსუბუქი კამერით იღებს და ამბობს, რომ ქუჩის გადაღებებისთვის ეს სრულიად საკმარისია. უამრავი ფოტოაპარატი გამოუცვლია, აქვს უზარმაზარი ფოტოარქივი, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების არტისტების ცხოვრების ამსახველი კადრები ამოარჩია და ბათუმში მოაწყო ფოტოგამოფენა „ზამთარი გადატანილია“. ამავე სახელწოდებით გურამ წიბახაშვილის ფოტოალბომიც გამოიცა, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები ავსებს ისტორიებით.

„80-90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა საქართველოში, რაც ახლა ხდება. ის ზამთარი გადატანილია, მაგრამ როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს – ზამთარი ისევ მოვა. როგორ ზამთარსაც მოვიყვანთ, ისეთი იქნება გადასატანი, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – ამბობს გურამ წიბახაშვილი – იგივე წიბახა.

იღებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ამბებს, აქციებს, რომელიც შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით იმართება. ამბობს, რომ როგორც ფოტოგრაფი მშვიდადაა, რადგან უამრავი ადამიანი იღებს კამერით, აფიქსირებს ისტორიულ ფაქტებს და თუ მის ობიექტივს რაიმე გამორჩება, აუცილებლად გადაიღებს ამ ფაქტს ვინმე სხვა.

„ბევრი ადამიანი იღებს ჩემ ირგვლივ და ყველაფერი ფიქსირდება. 90-იან წლებში ასე არ იყო. ცოტა ფოტოგრაფი იყო, კამერა ყველას არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იყო ფაქტების გადაღება-შემონახვა. ახლა ყველაფერში კამერაა ჩამონტაჟებული. გადაღების მიზანი ინფორმაციის, ფაქტის დაფიქსირებაა. დღეს ინფორმაციული ველი დიდია და ამ ინფორმაციის ვიზუალურად დაკარგვა ყოვლად შეუძლებელია, თუ სპეციალურად ფოტოგრაფი არ გადაიღებს რამეს, ვინმეს მაინც აღმოაჩნდება მოვლენის კადრი. ეს კარგია.

სკოლაში გვასწავლიდნენ. ლიტერატურას, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო საგნებს კი ბატონო, მაგრამ ვიზუალური ენა? ამას არა. არადა, ეს ისეთივე ენაა, როგორც ჩვეულებრივი, საკომუნიკაციო ენა. გაიზარდა ვიზუალური ენის როლი.

საქართველოში კარგი ფოტოგრაფიის დიდი ბუმია. ბევრი ახალგაზრდა ფოტოგრაფი მუშაობს ნაყოფიერად და ხარისხიანად. ფოტოგრაფიის სკოლები გაიხსნა, სადაც ისწავლება ვიზუალური კომუნიკაციის ენა.

ფოტოგრაფიის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი დოკუმენტურობაა. როგორი ტრანსფორმაციაც არ უნდა გაუკეთო კადრს, იცი, რომ დასაწყისში იყო რაღაც პირველადი, ნამდვილი გამოსახულება“.

გურამ წიბახაშვილი იხსენებს, რომ როცა გადაღებას იწყებდა, ფოტოგრაფობა სერიოზულ პროფესიად არ მიიჩნეოდა. პროფესიით ქიმიკოსია და მისი ოჯახის წევრებს ძალიან სწყინდათ, ქიმიას რომ ჩამოშორდა და ფოტოაპარატით დაინტერესდა. უწევდა წიგნებით, ჟურნალებით სწავლა, მერე ფოტოგრაფები გაიცნო და მათთან დამეგობრებაც სწავლის კიდევ ერთ საშუალებად იქცა.

მასწავლებლად ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევს. მისმა  ჩანახატებმა ტექსტებით შთააგონა, გადაეღო ფოტოები და ეწერა ამბები.

წიბახას უამრავი საყვარელი ფოტოგრაფი ჰყავს, მაგრამ მათ შორის დუან მიხალსს გამოარჩევს, ვისი საშუალებითაც ფოტოგრაფიული აზროვნება ისწავლა.

„თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების მუშაობას ვაკვირდები დიდი ინტერესით, მაინტერესებს რას აკეთებენ, რა არის აქტუალური მათთვის. ყველა შეიძლება გახდეს ფოტოგრაფი, ეს ყველაზე ლიბერალური პროფესიაა, მაგრამ აუცილებელია ადამიანური, რაღაც ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც. თუ ეს არ არის, გამოსახატიც არაფერია. რაც არ განგიცდია, ვერც გადმოსცემ – ყალბი გამოვა“, – ამბობს წიბახა.

ფოტოგრაფის პირველი პროფესიული გამოცდილება გაზეთ „7 დღეში“ მიიღო, რომელიც 1992 წლიდან გამოდიოდა. პრესაში მუშაობა ფოტოგრაფისგან დიდ მობილიზებას მოითხოვდა, მერე კი ეს მისთვის დიდ გამოცდილებად იქცა.

„ვიღებ ფირიანი კამერებითაც სტუდიაში. თავად ვამჟღავნებ და ვბეჭდავ, კოლექციონერები ეძებენ ხშირად ფირით გადაღებულ ფოტოებს და ამიტომ. ფირი წარსულს არ ჩაბარდება, მაგრამ იქცევა იშვიათობად. ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვინც ფირით გადაიღებს ფოტოებს. არის ხალხი, ვისაც ამის გარეშე არ შეუძლია“, – ასე ფიქრობს წიბახა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: