მთავარი,სიახლეები

გაუპატიურების ახალი საქმე ბათუმის სასამართლოში

23.07.2019
გაუპატიურების ახალი საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს გაუპატიურების საქმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დახურვა, დღეს, 23 ივლისს, პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებულის სამივე ადვოკატი და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის ბრალდებულმა ირაკლი თ.-მ გააუპატიურა. პოლიციაში მეზობელმა დარეკა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც დაზარალებული ქალი და ბრალდებული ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლის ჩვენების მიხედვით, მან ბინიდან ქალის კივილის ხმა გაიგონა.

გამოძიება ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.

ადვოკატების თქმით, მომხდარს ბრალდებული უარყოფს. იგი 32 წლისაა. ადვოკატების ვერსიით, დაზარალებულად ცნობილი გოგო ბათუმში ირაკლი თ.- სთან დაოჯახების მიზნით ჩამოვიდა და შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ირაკლიმ მას მშობლები არ გააცნო.

ადვოკატის, ნონა დუმბაძის თქმით, არ არსებობს საქმეში არც ერთი მტკიცებულება, რაც გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებს. ადვოკატი აქცენტს აკეთებს დაზარალებულად ცნობილი ქალის მაგისტრ მოსამართლისთვის უკვე მიცემულ ჩვენებაზე, სადაც იგი, პოლიციის განყოფილებაში მიცემული თავდაპირველი ჩვენებისგან განსხვავებით, გაუპატიურებას ან რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავს.

დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მან წინასწარ მისცა სასამართლოს ჩვენება, რადგან შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს.

დღევანდელ პროცესზე უნდა გაირკვეს, რამდენად დასაშვებია ის მტკიცებულებები, რაც მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს. მოსამართლე ასევე გადაწყვეტს, საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება თუ არა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი თ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: