ვის ეკუთვნის და როდის გაიხსნება რვაფეხა


ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც „რვაფეხას“ მესაკუთრეა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფუნქციონირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ბათუმის მერია შენობას მიიღებს ექსპლუატაციაში შესაბამისი წესით და ამის შემდეგ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს სამინისტრო. შესრულებული სამუშაოების  ჩაბარების შემდეგ კი, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომში ამ ნაგებობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაიბარებენ სამუშაოებს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მათთვის შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ამ დროისთვის არავის მიუმართავს. მერიაში განმარტავენ, რომ „რვაფეხა“ არ საჭიროებს ექსპლუატაციაში მიღებას, ვინაიდან მას მხოლოდ რესტავრაცია ჩაუტარდა. „თუმცა, მერიაში შემოსულია ეკონომიკის სამინისტროდან მომართვა – შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტებია საჭირო. მერიაში ეს მომართვა ჯერ არ განუხილავთ და მას, სავარაუდოდ, სამინისტროსთან ერთად განიხილავენ,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე „ფანტაზია“ [„რვაფეხა“] ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

2012 წლამდე 2 053 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია „რვაფეხა“ [220 კვ/მ], ბათუმის მერიას ეკუთვნოდა, თუმცა ამავე წლის მაისში, ის საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს. ამ განკარგულებით, აჭარას საკუთრების უფლება შეუწყდებოდა, თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ განკარგავდა ქონებას.

ბათუმის საკრებულოს 2016 წლის განკარგულებით კი, ცვლილება შევიდა 2012 წლის განკარგულებაში და აჭარის მთავრობას „რვაფეხას“ რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქონება საკუთრებაში უბრუნდებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა განკარგულებაში რეაბილიტაციის დასრულების დრო მითითებული არ არის.

ამონარიდი ბათუმის საკრებულოს 2016 წლის განკარგულებიდან

2014 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს ასევე საკუთრებაში „რვაფეხას“ მიმდებარედ არსებული კიდევ ორი ნაკვეთი [„ჰილტონზე“ პირდაპირი ფორმით სარგებლობაში განკარგვის მიზნით, საერთო ფართობით – 3 268 კვ/მ]. თუმცა, 2016 წელს ცვლილება შევიდა 2014 წლის განკარგულებაშიც და აჭარის მთავრობას დაევალა გადაცემულ მიწის ნაკვეთების მხოლოდ კეთილმოწყობა. შესაბამისად, ქონება „ჰილტონისთვის“ აღარ გადაუციათ. ეს ტერიტორია დღეს ბათუმის ბულვარზე უზუფრუქტით არის გადაცემული და მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს.

„რვაფეხა“ და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრებაშია

ამ თემაზე:

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა [ფოტო]

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com