მთავარი,სიახლეები

ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

22.07.2019 • 2868
ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის ნაცვლად  ცხელი წყლის დალევა სჯობს, ბევრი ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღებისაგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ – რეკომენდაციები ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასეთ დროს უკეთესია  თითო ჯერზე წყლის მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმლებს.

წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე), სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს.

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე დაბლა ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს. დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტ წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცოტა წყალს იღებს, შეშუპება ქრონიკული ხდება.

ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილსა და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც, როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია, უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს.

რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელისა და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევენ. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას, ასევე, ტკბილი წვენები იწვევს.

სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება. ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით.

რაც შეეხება ცივ წყალს. ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შევიწროების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ „დამცავ სისტემას“ რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.

ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა.

რაც შეეხება კვებას, ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. აღნიშნული პროდუქტები აგრილებენ და ხელს უწყობენ სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან – გამოშრობისგან იცავს.

საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი, კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები – გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების  – ბოსტნეულისა და ხილის სალათების, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო), ეს ის კერძებია, რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს  – სადილად მიღება უპრიანია. ამგვარი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება, იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად.

ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა.

ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდიანრე ბიოქიმიური რეაქციები. ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები  კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება,  თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არ არის.

______________________________

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 

ფოტო: pexels.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: