მთავარი,სიახლეები

“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

20.07.2019 • 3282
“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” –  დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე, რივიერას გადასარჩენად ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები.

„ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი აუნთო ქალაქის თვიმმართველობამ. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი, საიდანაც ქალაქი ნიავდება და ხედავს ზღვას. არ გაითვალისწინეს მეცნიერების მოთხოვნა – ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ეს ისტორიული ადგილი და არ მიეცა ინვესტორისთვის ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდეს ეკოლოგების გაფრთხილება – მრავალსართულიანი განაშენინების საფთხის შესახებ.

მოვითხოვთ, ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას,“ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია შვიდ საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკან, იუნკერების მემორიალთან გაიმართება.

მოკლედ ბათუმი რივიერას შესახებ

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

მთავარი ფოტოს ორიგინალი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/217986/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: