მთავარი,სიახლეები

რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

20.07.2019 • 3790
რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის.

შოთა გუჯაბიძე:

„მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში ვრცელდება განსაკუთრებული რეჟიმი: რისი აშენება შეიძლება და რისი დანგრევა, არის მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული. ასეთი დოკუმენტი საბჭოთა პერიოდში უკვე არსებობდა. არსებობდა პოსტსაბჭოთა პერიოდში ე.წ. აბაშიძის პერიოდს რომ ვეძახით. შემდეგ უკვე 2004 წლიდან ძალიან ძალიან დიდი ფული დაიხარჯა ამ ადგილის გამოკვლევაზე.

ეს ადგილი არამარტო ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვისა, არამედ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ბურუნთაბიეს ციხე იდგა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ფრანგი მოგზაურის ჟან მურიეს ნაშრომებში არის აღწერილი. აქ იდგა მიხეილის პოლკი. მეფის რუსეთის დროს დავით კლდიაშვილი მსახურობდა 26 წლის განმავლობაში. საბჭოთა პერიოდში აქ სამხედრო ნაწილი იდგა…

აქ ირგვლივ ყველაფერი ისტორიულია: ჯერ კიდევ ქალაქის სტატუსის მიღებამდე ამ სახლში [სამშენებლოდ მონიშნული ტერიტორიის გვერდით] ცხოვრობდა დურმიშხან ჟურული, რომელიც ქალაქის პირველი პირი იყო. აქ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია იდგა, ახლა 12-იანები რომ დგას, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა. აზიზიეს მეჩეთი იდგა აქ.

აქ გვაქვს ბოლო მოგებული ომი საქართველოს ისტორიაში, სადაც დაკრძალული არიან მაზნიაშვილის მეომრები – 50 ადამიანია დაკრძალული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, ხშირად ვუწოდებთ ამ ადგილს იუნკრების საფლავს და, სხვათა შორის, აქ არც ერთი იუნკერი არ არის დაკრძალული…

ხელისუფლება ხშირად მანიპულირებს, რომ აქ ყველაფერი კანონიერად ხდება. ისინი არ აღიარებენ, რომ დანაშაულს სჩადიან. მრავალი დოკუმენტი არსებობს იმის წინააღმდეგ, რასაც აპირებენ და ერთ-ერთი, სადაც მკაფიოდ და მოკლედ არის ჩამოყალიბებული ასე გამოიყურება: აქ [დოკუმენტში] ქუჩების დონეზე მითითებულია, სად გადის ისტორიული ზონის საზღვრები. ნინოშვილის ქუჩა, ბარბიუსის ქუჩით [ახლა ამ ქუჩას სულიკო ჟღენტის სახელი ჰქვია] ზღვამდე, სანაპირო ზოლი მიჰყვება ზღვას, საზღვაო ვაგზლამდე და ვაგზლიდან ჭავჭავაძემდე.

ეს ის ზონაა, სადაც ახლა მშენებლობას აპირებენ. ეს შედის ისტორიული ზონის საზღვრებში. რა ხდება ამ ზონის საზღვრებში? ამ დოკუმენტით ქალაქ ბათუმის ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში აკრძალულია სამსართულზე მაღალი შენობა-ნაგებობის აშენება. სამი სართული არ არის 55 სართული მოგეხსენებათ. ამ დოკუმენტით ამ ადამიანებს 4-სართულიანი შენობის აშენება უნდა გაუჭირდეთ… [ამ დოკუმენტით ჩანს] რა დონეზე არის უგლებელყოფილი კანონი, საზოგადოების აზრი.

ეს იტორიული ადგილია. ზუსტად ამ ადგილზე ძალიან ბევრჯერ სამყაროს ორი უზარმაზარი იმპერია შეჯახებია ერთმანეთს – რუსეთის და ოსმალეთის იმპერია, რომელიც დღეს ბუნებაში აღარ არსებობს, მაგრამ დგას ბათუმი, ვდგავართ ჩვენ და ვიცავთ იმ ისტორიას, ადგილს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა ისევე დასრულდება, როგორც ჩვენ [გვსურს] და არა ისე, როგორც ერთ-ორ ფულიან კაცს უნდა, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვოს“.

შოთა გუჯაბიძე

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნათია აფხაზავამ თქვა, რომ საზოგადოებას აქვს ზუსტად ოთხი დღე დარჩენილი იმისათვის, რომ წარუდგინოს თვითმმართველობას მოსაზრებები და არგუმენტები, რატომ არ უნდა აშენდეს ქალაქის ისტორიული ზონაში მაღლივი ინტენსივობის შენობები.

ნათია აფხაზავას თქმით, ქალაქი ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, თუ ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენებს ააშენებენ.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ ბათუმის ქუჩებში. ისინი ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის შესაძლებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა სურს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას. ამ მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი.

ნათია აფხაზავა

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნახეთ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ბათუმის რივიერაზე მშენებლობასთან დაკავშირებით:

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: