რამდენი ხმა დასჭირდება პარტიას ერთი მანდატისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში

ნულოვანი ბარიერით ჩატარებული პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ერთი ადგილის] მისაღებად, ნამდვილი [დათვლილი] ბიულეტენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,7%-მდე მაინც დასჭირდება.

მაგალითისთვის, თუ არჩევნებში დათვლილი ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა არის 1 მილიონი [ანუ 1 მილიონი ხმა], ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს ის პარტია, რომელიც 6700 ხმას მიიღებს. რაც მეტი იქნება ნამდვილი ბიულეტენები, მით უფრო გაიზრდება ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობა.

„დღეს არსებული სისტემით რომ გამოვთვალოთ, რამდენ მანდატს მიიღებს პარტია, რომელმაც გარკვეული ხმები მიიღო, ფორმულა ასეთია: მიღებული ხმების რაოდენობა გაიყოფა ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაზე და გამრავლდება მანდატების [პარლამენტში ადგილების] რაოდენობაზე, ანუ 150-ზე“ – ამბობს კოტე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გემგეობის თავმჯდომარე.

ჩვენი მაგალითისთვის, თუ დავუშვებთ, რომ დათვლილი ბიულეტენების ნამდვილი რაოდენობა არის 1 მილიონი და პარტიამ აქედან მიიღო 6700 ხმა, ფორმულა ასეთია: 6 700/1 000 000 X 150 = 1,005, ანუ, მიიღო ერთი მანდატი [ერთი ადგილი] პარლამენტში.

რაც შეეხება ნაშთს [ამ შემთხვევაში 0,005], კოტე კანდელაკის თქმით, ეს კანონში უნდა გაიწეროს, როგორ დაუმრგვალდება პარტიას, ან როგორ გადანაწილდება. ანუ, კანონით უნდა დადგინდეს თუ დათვლის რა სისტემა იქნება არჩეული. ამ მაგალითის შემთხვევაში კი, თუ პარტია აიღებს ვთქვათ, 6000 ან 6500 ხმას, ის მანდატს ვერ მიიღებს. შესაბამისად, რაც მეტ ხმას მიიღებს, მიიღებს მეტ მანდატს“.

„ეს რაც შეეხება ერთიან პროპორციულ სისტემას ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, არის სხვა მოდელიც, მაგალითად, რეგიონული. ვთქვათ, თითოეულ რეგიონზე გადანაწილდება მანდატები და არჩევნები ჩატარდება რეგიონალური პრინციპით. ამ შემთხვევაში პარტიას ექნება კანდიდატთა არა ერთიანი სია, არამედ რამდენიმე სია, რეგიონების მიხედვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრინციპი და დათვლის რა სისტემა იქნება შერჩეული“, – ამბობს კოტე კანდელაკი.

————–

დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა.

„2020 წელს ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ, სრულად გავაუქმოთ პროცენტული ბარიერი და იმედი გვაქვს, ამ გზით მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დამთავრებისთანავე  დაიწყოს მოლაპარაკებები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თუ აქამდე პოლიტიკური ველი ნაწილდებოდა „ყველა ერთის წინააღმდეგ“, ახლა იქნება ყველა თავისთვის, – ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი 0%-იანი საარჩევნო ბარიერის ინიციატივას: 0%-იანი ბარიერი პრორუსული პარტიების შანსებს ზრდის – ლევან ბოძაშვილი

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, ირჩევს პარტიას და აღარ ირჩევს კონკრეტულ პირებს [ მაჟორიტარებს] მაჟორიტარული უბნების მიხედვით: რას ნიშნავს არჩევნები პროპორციული სისტემით

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, 0%-იანი ბარიერი, პირდაპირი მნიშვნელობით, არ არსებობს და ის ეყრდნობა ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიკურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 0.67%-იანი ბარიერს ვიღებთ: ეს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ საარჩევნო სისტემად ითვლება – ვახუშტი მენაბდე 0%-იან ბარიერზე

ამ თემაზე:

ნახეთ რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ და როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს პარლამენტი პროპორციული სისტემით: ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

 

„შენი იდეა ბათუმს“ – საუკეთესო იდეების გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ხმა მისცენ მათთვის რჩეულ იდეას და გადაწყვიტონ, რომელი სამი იდეა განხორციელდეს ბათუმში. ხმის მიცემა ხორციელდება ონლაინ, www.idea.batumi.ge -ზე.

ხმის მისაცემად აუცილებელია პირველადი რეგისტრაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ბათუმის მერიაში ან მერიის სერვისცენტრებში. ხმის მიცემა მიმდინარეობს 30 ივნისის ჩათვლით.

თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ხმა მისცეს სამ იდეას.

პროექტს ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული პროცესის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

ეს არის შენი გზა, შენი გადაწყვეტილება შენი ქალაქისთვის!

სააკაშვილი: დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეოჩართვაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოდის:

„ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, დღევანდელი საარჩევნო კომისია იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ,  სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს – პრაქტიკულად დღეს დაანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს რუსთავი 2, ყველასთან „გაიასნოს“ სიტუაცია და მერე, 2020 წელში, რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს… ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას… ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ამისთვის დაიღვარა სისხლი, ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად?

ერთი რამ არის ნათელი – ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით, გამოცვალოს ცესკოს ნაყიდი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები“.

______

კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი

ელენე ხოშტარია: გახარიას არ აქვს უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს,  „ევროპული საქართველო“ ეხმიანება.

„ეს გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ უკან დაახევინოთ ქართულ ოცნებას და მიაღწიეთ სამართლიან პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოს და ყველა მომდევნო მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქმიანობის შედეგების,“ – ამბობს ელენე ხოშტარია, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ახლა ვაჭრობს გიორგი გახარიას ფიგურით.

„აღმაშფოთებელია გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღე კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი. გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა სასიკვდილო და ნაკლებად სასიკვდილო ტყვიები და პირდაპირ დამიზნებით გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ესროლათ ადამიანებისათვის და დაესახიჩრებინათ. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ხელგაშლილ ადამიანებს ესროდნენ პირდაპირ. ბაღებში დასდევდნენ მშვიდობიან ხალხს, რომელიც აქციიდან მიდიოდა და დამიზნებით ესროდნენ და ეს ვერ შერჩება შინაგან საქმეთა მინისტრს. ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია. გახარია არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი და პასუხისმგებელი,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე

„ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე, როგორ მომხდარიყო შეჭრა ჩვენს პარლამენტში… ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართთლებრივი შეფასება, ისევე, როგორც შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ძალის გადამეტებას ადგილი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

პრემიერმა ასევე თქვა, რომ გამოძიების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ.

პრემიერმა და ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. იმავე შეკითხვაზე კახი კალაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოზე ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

 

 

კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ სატაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა.

კახა კალაძე გახარიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს. სწორედ ამ კითხვების საპასუხოდა თქვა კახა კალაძემ, რომ არ ყოფილა ამაზე საუბარი.

დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ივანიშვილი: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით

დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინa ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა.

„2020 წელს ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ, სრულად გავაუქმოთ პროცენტული ბარიერი და იმედი გვაქვს, ამ გზით მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დამთავრებისთანავე  დაიწყოს მოლაპარაკებები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ალექსანდრე მითაიშვილი ბსუ-ს კანცლერი გახდა – არჩევნები ერთი კანდიდატით

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ალექსანდრე მითაიშვილის კანდიდატურას და იგი უნივერსიტეტის კანცლერად იქნა არჩეული ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით.

ალექსანდრე მითაიშვილი ბათუმის მერის მოადგილე იყო გიორგი ერმაკოვის მერობის დროს. იგი ბსუ-ს კანცლერის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. ის კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა და 23 ივნისს ამოეწურა ამ პოსტზე მუშაობის ვადა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ჯემალ ანანიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, შოთა რუსთაველის სახელობის მედალი და მადლობის სიგელი გადასცა.

უნივერსიტეტის კანცლერს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

_____________________

ფოტოზე: ალექსანდრე მითაიშვილი. ფოტო: ბსუ 

ბათუმის უნივერსიტეტში რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალი იქმნება

დღეს, 24 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალის პრეზენტაცია გაიმართება.

ონლაინპორტალი ბათუმის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში იხსნება და იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს რუსთაველის პოემის თარგმანების სრული ვერსიის პარალელური კორპუსის შექმნას.

ახალი პორტალის პრეზენტაციას ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი და პროფესორი რამაზ ხალვაში წარადგენენ.

შვიდ ივნისს ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიხსნა რუსთაველის კაბინეტი პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით, ორი წლის წინ კი დაიწყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება და გაციფრულება.

სამეცნიერო პროექტის „რუსთაველი ციფრულ სამყაროში“ ფარგლებში დღეისთვის შექმნილია რუსთაველის პოემის ონლაინპორტალის პროტოტიპული ვერსია, რომელშიც ქართული ტექსტის ერთი თავი დაპარალელებულია 20-მდე თარგმანთან.

პორტალი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში შევადაროთ პოემის თარგმანები ორიგინალს, ერთ ენაზე შესრულებული რამდენიმე თარგმანის არსებობის შემთხვევაში კი (მაგ., ინგლისური, გერმანული, რუსული და ა. შ.) პორტალი საშუალებას იძლევა შეფასდეს თარგმანის მხატვრული ღირსება.

ბსუ-ს ინფორმაციით, ახალი ონლაინპორტალის მეშვეობით მომავალში  დაგეგმილია მთარგმნელობითი კრიტერიუმების დიგიტალური მეთოდების შემუშავება, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს მეთოდურად გამართული და ზუსტი კრიტერიუმების საშუალებით შეაფასონ პოემის თარგმანის ადეკვატურობა და მხატვრული ღირებულება.

ამავე თემაზე: 

გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც

 

დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 

________________________

საქართველოში საპროტესტო აქცია რომ დაიწყო, ლექციიდან გამოვდიოდი. მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ბილეთი მეყიდა და მეც მიმეღო აქციაში მონაწილეობა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში უკან მოვფრინავ და მინდა, პირდაპირ აქციაზე მივიდე!

რუსთაველის გამზირზე ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ, თუმცა სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი, ჩემს ჩათვლით, საქართველოში არ ვიმყოფებით – საზღვარგარეთ ვსწავლობთ იმ იმედით, რომ ერთ დღეს ჩამოვალთ და ქვეყანას გამოვადგებით.

მშობლები ამ იმედით გვაცილებდნენ – ჩამოვლენ და გამოადგებიან საკუთარ სამშობლოსო. თუმცა, ჩამოსულები აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფოს არ სჭირდება წარმატებული ახალგაზრდები. უფრო სწორედ, არც ვართ დარწმუნებული, სჭირდება თუ არა დღევანდელ სისტემას თავისუფალი ადამიანები.

ეს ღია წერილიც ერთ-ერთი გზაა, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო. ჩემს უნივერსიტეტში, ისევე როგორც ქალაქში, ბოლო სამი დღის მანძილზე ყველა მეკითხება – “რა ხდება საქართველოში?”, “ანუ, რუსეთს აუჯანყდით?” და უწევთ ჩემი გრძელი ისტორიის მოსმენა იმის შესახებ, რომ რუსული ოკუპაცია დაიწყო არა დღეს ან გუშინ, არამედ ორი საუკუნის წინ.

სინამდვილეში, ოკუპაცია გადის არა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებზე, არამედ ჩვენს მენტალობაზე. როდესაც არ შემეძლო საქართველოში აქციაზე ყოფნა და მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, ჩემი მეგობრების აქციაზე დგომით მეამაყა, წავაწყდი ბევრ ისეთ კომენტარს, რომელსაც მხოლოდ მენტალურად ოკუპირებული ადამიანი დაწერდა. “რას აკეთებთ, ტურისტებს დავკარგავთ” ანდა “თურქეთი არ არის ოკუპანტი?”, ამას დამატებული ადგილობრივი რუსი სტუდენტის კომენტარი, კორექტულად რომ გადმოვთარგმნო, თქვენ ხომ არ გაგიჟდით საქართველოშიო – ძნელი ასატანი იყო. მიუხედავად მცდელობისა, ამეხსნა, რას ეხება ჩვენი პროტესტი, მისთვის გაუგებარი იყო, რა საჭიროა საჯაროდ ადამიანმა აზრი გამოხატოს. ხანდახან მტრის ინტერესების ლოგიკით გაბათილება რთულია. ალბათ, ეს არის იმპერიალისტური მენტალობის სიმპტომი.

არა ბატონო, არ გავგიჟებულვართ! ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვაქვს წითელი ხაზები. ამ წითელი ხაზების გადაკვეთას და საკუთარი ღირსების შელახვას ჩვენ ვერავის ვაპატიებთ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, ვსწავლობთ უცხოეთში თუ ვდგავართ აქციაზე – ახლა მხოლოდ ორ გზას შორის გვაქვს არჩევანი: ან ვიყოთ დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა, რომელიც მზადაა საკუთარი დამოუკიდებლობა დაამტკიცოს, ანდა ე.წ. “გრუზია”, რუსეთის ბნელი იმპერიის სახინკლე და დუქანი.

ამ სამი დღის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ან საქართველოს მხარეს, ან საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, პოლიციის და სპეცრაზმის გარკვეულმა ნაწილმა ნათლად დაგვანახა, თუ ვის მხარეს არიან. არ დაგვავიწყდეს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის მიუხედავად, პოლიციელებიც და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც ბუნებით თავისუფალ ადამიანებად არიან დაბადებული. კეთილისა და ბოროტის გარჩევა ჩვენთვის თავიდანვე მინიჭებული რამაა, ამ უნარის დაკარგვას კი ადამიანობის დაკარგვამდე მივყავართ.

შეუძლებელია, ადამიანს თვალი დაუბრმავო და შენს ფსიქიკაში არაფერი შეიცვალოს. შეუძლებელია, აგრესიამ აავსოს ტვინის თითოეული უჯრედი და უვნებელი დარჩე. ასევე შეუძლებელია, საკუთარი ერი დაარბიო და მორალურად არ შეიცვალო. ერთი თვალის დაბრმავების შემდეგ, სულ უფრო ადვილი ხდება ადამიანს მხედველობა მთლიანად წაართვა. რაც დღეს ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ტერორი.

არ ვთვლი, რომ ახლა დროა, მივუშვიროთ აგრესორს მეორე თვალი. დროა, მშვიდობიანად განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ბუნებით თავისუფალი ერის დამორჩილება. ეს არ გამოუვა არც რუსეთს, არც რუსეთის რომელიმე მხარდამჭერს ჩვენს საზოგადოებაში. პუტინი და მისი ქართველი თანამოაზრეები მუდმივად ვერ მოგვიშლიან თავისუფლებას, გინდ რიგითი პოლიციელის, გინდ ნებისმიერი მინისტრის სახით.

თუკი ვინმე თვლის, რომ ის ვერ ემსახურება იმ საქართველოს ინტერესებს, რომელიც ახალგაზრდებს გვსურს, არსებობს მათთვის გაცილებით უფრო კომფორტული გამოქვაბული, ჩრდილოეთით რომაა და ჩვენც რომ მისკენ მიგვათრევს.

ჰამბურგი – პროტესტის მეორე დღე [ფოტო]

ქალაქ ჰამბურგის ცენტრში უკვე მეორე დღეა იკრიბებიან ქართველები და საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ჰამბურგის აქციაზე მყოფი ირმა მახარაშვილი აცხადებს, რომ მათ იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს: „ჩვენი მოთხოვნებია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ხალხს რომ მიეცეს უფლება აირჩიოს თავისი მთავრობა, მეორე – გახარიას უპირობო გადადგომა, მესამე – უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გამოშვება და, შესაბამისად, ყველა სამართალდამცავი, ვინც ძალა გადამეტა უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. მთავრობამ უნდა გაიგოს ხალხის ხმა“.

ჰამბურგის აქციის მონაწილეები, ისე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მყოფი ქართველები, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ერთი თვალთაც ხედავენ.

საქმე იმაშია, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ორმა მოქალაქემ პოლიციის რეზინის ტყვიით მხედველობა დაკარგა.

საპროტესტო აქცია ჰამბურგში. ფოტო: ნათია შენგელიძე
საპროტესტო აქცია ჰამბურგში. ფოტო: ნათია შენგელიძე
საპროტესტო აქცია ჰამბურგში. ფოტო: ნათია შენგელიძე

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქციის მეოთხე დღე პარლამენტთან [პირდაპირი + ფოტო]

თბილისის ცენტრში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.

აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

87 განაცხადი საკრუიზო გემზე 50 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საკრუიზო გემებზე დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა. პირველ ეტაპზე, რომელიც 50 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული, 87 განაცხადი შევიდა.

შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებას „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ წარმომადგენლები ხვალ და ზეგ, 24-25 ივნისს ჩაუტარებენ.

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით, მომდევნო ორი წლის მანძილზე  საქართველოს 1000 მოქალაქეს საკუთარ გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე 50 ადამიანის დასაქმება საკრუიზო გემებზე  იგეგმება. დასაქმებულთა ხელფასი 800-დან 1200 ევრომდე იქნება. დასაქმებულები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და კვებით.

„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანულ კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით გააჩნია 14 საკრუინგო კომპანია, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000 ადამიანი.

რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 241 ათასამდე ლარს გადაიხდის. შესაბამისი დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ელექტრონული შესყიდვების პორტალის მონაცემებით, შესაბამის კვლევას [ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას] სამინისტროს შპს „არტსტუდიო-პროექტი“ სთავაზობს. კომპანიის მხრიდან მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა პორტალზე ამ ეტაპზე არ ჩანს.

„კურორტი ბეშუმი განთავსებულია ზღვის დონიდან 1800-1900 მეტრ სიმაღლეზე. ის ძირითადად გამოყენებულია საოჯახო დასვენებისთვის. კურორტის არსებული განაშენიანება არ გამოირჩევა ჯანსაღი მდგომარეობით. ის მოშენებულია დღემდე დამკვიდრებული ხის კოტეჯებით [უმეტესი მათგანი მოძველებულია, ავარიული], ძირითადად განაშენიანებულია ქაოტურად. კურორტი დატვირთულია სეზონურად, რომელიც მოიცავს ზაფხულის თვეებს. მისი სადღეისო მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ამ ეტაპზე ვერაა ორიენტირებული ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაზე. კურორტ ბეშუმის შესაძლებლობების მეტად გამოყენებისა და შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, შესამუშავებელია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელიც ხელს
შეუწყობს კურორტისა და მიმდებარე ტერიტორიების შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბებისა და რეალიზების გზების დასახვას“ – აღნიშნულია სამინისტროს საკონკურსო განაცხადში.

სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების პრინციპებია: 

შეიქმნას დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურა, კერძოდ, ქვეყნის სამხრეთი მიმართულების თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობები;

დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას; განხორციელდეს რეგიონული და სუბრეგიონული კავშირების გეგმარებითი უზრუნველყოფა;

შეიქმნას წინაპირობა დასვენებაზე ორიენტირებული [სასტუმროები, დასავენებელი სახლები, აგარაკები, ახალგაზრდული ბანაკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სამკურნალო-პროფილაქტორიუმები და სხვა] შენობების განთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის;

სასოფლო დასახლებების [ე.წ „იაილების“] შემდგომი განვითარება განხილულ იქნას კურორტის განვითარების კონტექსტში; შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები;

ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით ხელი შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას და სხვ.

კურორტი ბეშუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

უცხოელი ტურისტებისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 1 მილიონამდე ლარის სასაჩუქრე ღვინოს იყიდის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 300 ათასი ბოთლი ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონი ლარია. სასაჩუქრე ღვინო საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი.

„ეს არის ერთგვარი მარკეტინგული კამპანია… საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს ღვინო საჩუქრად გადაეცემა“ – გვითხრეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვა შემდეგი ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად:  300 000 ერთეული საფერავის ღვინო მინის ბოთლში, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო სპეციალური დანაყოფებიანი შეფუთვა; ღვინის ბოთლი უნდა იყოს ზეთის ხილის ფერი; ღვინო უნდა იყოს 100% საფერვის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი მშრალი საფერავი, საღებავების, კონსერვატების გარეშე; ქარხნული წესით ჩამოსხმული 0,187 ლ. მინის ტარაში, ხრახნიანი სახურავით… ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა უნდა იყოს 11%-დან 14%-მდე; დურდოზე დადუღებული [ე.წ. ევროპული] ტექნოლოგია, გაფილტრული, ქვევრის გარეშე დაყენებული.

ტენდერში გამარჯვებულმა ღვინო უნდა მიაწოდოს შემდეგ მისამართებზე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაქსიმუმ 15-ჯერ [შესაძლებელია 20 000 ერთეულის დასაწყობება ერთდროულად], ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაქსიმუმ 6-ჯერ [შესაძლებელია 10 000 ერთეულის დასაწყობება ერთდროულად] და ბათუმის საერთაშორის აეროპორტში, მაქსიმუმ 8-ჯერ [შესაძლებელია 10 000 ერთეულის დასაწყობება ერთდროულად].

ღვინის მიწოდება დაიწყება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში, ხოლო დასრულდება არაუგვიანეს 2019 წლის 25 დეკემბრისა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ღვინის სფეროში საქმიანობის გამოცდილება – ბოლო 6 წლის განმავლობაში და თითოეულ წელს არანაკლებ 100 000 ლიტრი ღვინის წარმოების, რომლის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია წარადგინოს აკრედიტირებული ლაბორატორიული ცნობა, რომელიც გაცემული იქნება დასარიგებელი ღვინის ყოველი ჩამოსხმის წინ, ყოველ ახალ ჩამოსხმამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ახლად გაცემული ოქმი, რომელიც შესაბამისობაში იქნება წინა მიწოდებულ აკრედიტირებულ ლაბორატორიულ ოქმებთან.

2019 წლის 18 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: ეტიკეტის ნიმუში სატენდერო დოკუმენტაციიდან

რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მონაკვეთში, გაიხსნა, ასევე მოძრაობა აღდგა გორგილაძის ქუჩის ბოლოში, თუმცა, ამჯერად სამი თვით გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი – გორგასალისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის. მოძრაობის შეზღუდვა ძირითადად ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება. გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში კი, სანიაღვრესთან ერთად, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაც მოხდება.

ეს სანიაღვრე არხი, ჯავახიშვილის ქუჩით ჭაობის დასახლებიდან მოდის და გორგილაძის ქუჩის ბოლოდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის გადაკვეთით არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.

სანიაღვრე არხი „ჭაობიდან“ პუშკინის ქუჩამდე სრულადაა რეაბილიტირებული. არხის მშენებლობა მიმდინარეობს პუშკინისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის, რის გამოც ქუჩა ამ მონაკვეთშიც გადაკეტილია.

რეაბილიტირებული არხი მთლიანად რომ შევიდეს ექსპლუატაციაში, საჭირო იქნება ახალი მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება 4 ადგილზე: პუშკინისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ასევე ჯავახიშვილზე – გორგასლისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის და ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც არხი დაერთდება სატუმბ სადგურზე.

ამ ოთხი მონაკვეთის ჩაკეტვა მიმდინარე ზაფხულის სეზონზე არ იგეგმება. ამ ადგილებში სამუშაოები მიმდინარე, 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

გადაკეტილია აბუსერიძის ქუჩის ცალი მხარეც [რესპუბლიკური საავადმყოფოდან ლორიას ქუჩამდე]. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქ, „ლორიასა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ხორციელდება წყალარინების A კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 1200 მმ-იანი თვითდენითი კოლექტორის მოწყობა 8 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს“.

მერიისავე ინფორმაციით, კოლექტორის რეაბილიტაცია აბუსერიძის ქუჩაზე სამ თვეში – 12 მარტიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში – უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღესაც [23 ივნისი] მიმდინარეობს. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, აქ სამუშაოების ჩატარება „რთული დარჩა“.

ბათუმის მერიაში ვერ აკონკრეტებენ ზუსტად როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე. „სამუშაოები ამ ქუჩაზე, არსებული გეგმა-პროექტით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს“, – გვითხრეს მერიაში. ამ დროისთვის უნდა დასრულდეს სატუმბი სადგურის მშენებლობაც არდაგანის ტბასთან.

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019
ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019
ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019
ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა , 22.06.2019

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა. ზოგან ხანმოკლე წვიმა. ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი სითბო, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი სითბო, დღისით 21-26 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ზოგან ხანმოკლე წვიმა. ელჭექი, ხილვადობა კარგი.
ტალღის სიმაღლე 7-12 დმ [2-3 ბალი].
ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსი.

25 და 26 ივნისს, აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; დღისით უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს

თუ დღეს, 23 ივნისის 14.00 საათისთვის ხელისუფლება დემონსტრანტების მოთხოვნებს არ შეასრულებს, საპროტესტო აქცია 23 ივნისს, 19.00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება. ასეთია მრავალათასიანი დემონტრაციის მონაწილეების ულტიმატუმი, რომელიც ხელისუფლებას 22 ივნისს წაუყენეს.

მესამე დღეა დემონსტრანტები ხელისუფლებას შსს მინიტრ გიორგი გახარიას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ასევე აქციის დაშლისას დაპატიმრებულების გათავისუფლებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

22 ივნისის მრავალათასიანი დემონსტრაცია თბილისში, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა, “ოცნების” ოფისთან დასრულდა.

პარლამენტის შენობასთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ დემონსტრანტებმა დაიწყეს მსვლელობა “ქართული ოცნების” ოფისისკენ.

მომიტინგეებს “ოცნების” ოფისთან სამართალდაცველები დახვდნენ, რომლებიც თავდაპირველად სპეციალური ეკიპირებით იყვნენ , თუმცა შემდეგ ჩაფხუტები და ფარები მოიხსნეს.

სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ “ნეტგაზეთს” პირდაპირ ეთერში განუცხადა, რომ ხელმძანელობამ სპეციალური ეკიპირების საჭიროება ვერ დაინახა მშვიდობიან აქციაზე.

“ოცნების” ოფისთან აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოაცხადეს მოთხოვნები, იმღერეს საქართველოს ჰიმნი და სკანდირებდნენ “მშვიდობას” და “პუტინ ხუილო”.

22 ივნისის დემონსტრაცია “ოცნების” ოფისთან დასრულდა

 

  • თბილისში მესამე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი დემონსტრაცია
  • მრავალათასიანი დემონსტრაციები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შემდეგაც  შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
  • ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
  • დააკავეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
  • დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
  • პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.

ბერა: აქცია ერთი გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და რევანშისტების ორგანიზებით გაგრძელდა

ბერა ივანიშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ აქცია „ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა“.

„მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები.

მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.“

ნუ მაბრმავებ – სოლიდარობის აქცია ჰამბურგში

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ისინი საქართველოში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და  რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.

მათ აქციის ჩასატარებლად ჰამბურგში ყველაზე ხალხმრავალი ადგილი შეარჩიეს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა, საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ანტისაოკუპაციო აქცია ჰამბურგში

„ძალა არის ერთიანობაში, ჩვენ გვინდა საქართველოს დავანახოთ, რომ მართალია სამშობლოსგან მოშორებით ვართ, მაგრამ მათ გვერდით ვუდგავართ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე თბილისის აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს დროშები და ტრანსპარანტები, წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ , ისინი აქციის გამართვას ხვალაც გეგმავენ.

ჰამბურგში მყოფი ქართველი ემიგრანტების სოლიდარობს აქცია – ფოტო: დარინა მიქელაძე

___________________________________________________________________

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი.

აუქმებენ თუ არა რუსი ტურისტები ჯავშნებს, ტურიზმის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს

თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მოქალაქეებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 8 ივლისიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანიები აღარ იფრენენ.

აისახა თუ არა პუტინის განცხადება რუსი ტურისტების განწყობაზე და ნამდვილად ტოვებენ თუ არა ტურისტები საქართველოს, ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას „ბათუმელები“ ტუროპერატორებთან და სასტუმროების შეეცადა. თუმცა მათ ამ ეტაპზე მედიასთან საუბარი არ სურთ.

„360 რეგისტრირებული სასტუმროა და ყველასგან არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ამიტომ საერთო მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ. არის შემთხვევები, სადაც ჯავშანი გააუქმეს, მაგრამ სად რამდენი შემთხვევაა, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები და მოკვლევა მიმდინარეობს“. – გვეუბნებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

დაზუსტებულ ინფორმაციას  ფრენების შემცირებაზე ან დამატებაზე, არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფლობენ. როგორც გვეუბნებიან, ისინიც მოკვლევას აწარმოებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 თვის მონაცემებით, აჭარას რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტურისტი ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის მონაცემებით თურქეთიდან (277 595), აზერბაიჯანიდან (54 766) და ისრაელიდან (28 207) ეწვია. რუსეთიდან კი ხუთი თვის მონაცემით, 25 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროცენტული ზრდის კუთხით დადებითი ტენდენციები შენარჩუნებულია ისეთი ევროპული ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია (+5%), ესტონეთი (+59%) და დიდი ბრიტანეთი (+20%).  ეს არის სარფის სასაზღვრო პუნქტის, პორტისა და აეროპორტის კვეთის მონაცემები.

——————————————————————

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად“ შეაფასა და „უსაფრთხოების“ საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, „პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება“.
„პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

რას წერენ რუსი ტურისტები და რა ხდება ბათუმის აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსეთის მიმართულებით და პირიქით ორი რუსული კომპანია – „სიბირი“ და „ურალი“ ასრულებენ ფრენებს და ერთი ქართული კომპანია – აირზენა.

აეროპორტის სალაროებში მიღებული ინფორმაციით, რუსული კომპანიები დღეში ასრულებენ 3-4 რეისს და დღეს, ისე როგორც გუშინ, არც ერთი ფრენა არ გადადებულა.

აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღესაც ჩვეულებრივად იყიდება ბილეთები რუსეთის მიმართულებით და პირიქით. ბილეთები ქსელში იყიდება 7 ივლისის ჩათვლით, ხოლო 8 ივლისიდან გასაყიდი ბილეთები ქსელში აღარ არის.

აეროპორტში აცხადებენ, რომ არ ყოფილა რუსეთის მიმართულებით არც ერთი საგანგებოდ ჩანიშნული ჩარტერული რეისი.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებას, 8 ივნისიდან აეკრძალოთ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით და პირიქით ფრენა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ რუსეთის მოქალაქეებიც. მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ 6 საათის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის აღწერს, როგორ ისვენებს ბათუმში. ის ამბობს, რომ აქ მოსკოვთან შედარებით ყველაფერი იაფი და ხარისხიანია. „ჩვენ უკვე ექვსი დღეა ვიმყოფებით ბათუმში და სრულიად ვუჭერთ მხარს ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას თანამემამულეების გადარჩენაზე“, – წერს ის პუტინის მისამართით ერთგვარი ცინიზმით.

6 საათის წინ ამ მოქალაქის მიერ დაწერილი პოსტი უკვე გაზიარებული აქვს 3600 სხვა მომხმარებელს. პოსტის ქვეშ 1200-ზე მეტი კომენტარია, სადაც ძირითადად რუსეთის მოქალაქეები პოსტავენ. ამ პოსტების სრული უმრავლესობა იგივე შინაარსისაა – მათ მოსწონთ ბათუმში დასვენება, რამდენიმე მიზეზის გამო – ფასი, მომღიმარი ხალხი, საუკეთესო ზღვა, უგემრიელესი კერძები და ღვინო.

რუსეთის მოქალაქის პოსტი, რომელსაც ოთხ საათში 3600 გაზიარება აქვს

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/374305/

140 ათასი ლარი ბათუმში საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“

ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელშიც სააგენტოს ერთ-ერთი კომპანია მომსახურებას 128 267 ლარად სთავაზობდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა – კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჯერად სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია.

შენობაში, რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული.

„საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება შენობის შიდა რემონტს, 2017 წელს გამოცხადებული ტენდერიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში, სადაც თანხა 96 500 ლარი იყო, სამი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა სააგენტოს სატენდერო კომისიამ სამივეს დისკვალიფიკაცია მისცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

შენობის ინტერიერის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება ამჯერად 2019 წლის 2 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება. რემონტი 2019 წლის 1 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

შენობის შიგნით არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამ თემაზე:

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაარემონტებს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ორი ელექტრომობილი დაამატეს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ორი ელექტრომობილი დაემატა. ბაღში სულ 12 ელექტრომობილი მოემსახურება ვიზიტორებს.

ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღში ასევე მიმდინარეობს ნეკერცლების პარტერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია რომელიც ივლისში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 265 ათას 600 ლარია.

ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ დასრულდა დამატებითი ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც 50 მანქანაზეა გათვლილი, ასევე
დასრულდა ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაც, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5000 კვ.მ ტერიტორიის მოწესრიგება იგეგმება.

„ბოტანიკური ბაღის“ ინფორმაციით,  ტერიტორიაზე დასრულდა  ვიდეო სათვალთვალო სისტემისა და Wi-Fi მოწყობაც.

ნახევარი მილიონი ლარი სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობისთვის

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“, (რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა), ტენდერით შეარჩევს. სატენდერო თანხა 576 670 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 7 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დამთავრდება.

სტადიონის მეორე ეტაპის [მშენებლობის დასრულების] სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

დეტალურად იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულებას [მეორე ეტაპს] მოიცავს, იხილეთ ბმულზე: სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

———-

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც.

„ანაგმა“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულება „სტადიონს“ 20 მილიონ 780 ათას ლარად შესთავაზა [სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო]. ხელშეკრულება კი მასთან 24 520 400 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] 2019 წლის 10 აპრილს გაფორმდა.

ამ თემაზე: ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული დღგ-ს გარეშე [117 349 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით].

სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას კი ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სიემსი“ უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2 388 580 ლარზეა გაფორმებული.

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონისმშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი, 2019 წლის მაისი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ტარიელ ნაკაიძე: მუსლიმები ახალი მეჩეთისთვის შეძენილ მიწას არ დავთმობთ

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა მერიის წარმომადგენელებთან ამჯერადაც უშედეგოდ დაასრულა შეხვედრა. როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მერია არც ამჯერად ცვლის თავის პოზიციას და მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს აიძულებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს, მუსლიმთა სამმართელოს გადასცენ საკუთრებაში.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მუსლიმები ამ წინადადებას არც ადრე დათანხმდნენ და არც მომავალში დათანხმდებიან.

„ჩვენ ამჯერადაც ვუთხარით მერიის წარმომადგენლებს, რომ მაგ მოთხოვნაზე წერილობითი პასუხი გვაქვს, ვუთხარით, რომ შეგიძლიათ სხვა რამე შემოგვთავაზოთ და შეხვედრა დავტოვეთ“ – ამბობს, ტარიელ ნაკაიძე.

მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს 21 ივნისს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები და იურისტები შეხვედნენ. ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან მათი შეხვედრა კი 8 ივლისს არის დაგეგმილი. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ისინი მაინც წავლენ ამ შეხვედრაზე, მაგრამ თუ მერიც ძველ პოზიციაზე დარჩება და არ წამოვა მუსლიმებთან არანაირ დათმობაზე, ეს მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს:

„ჩვენ ახლაც ვუთხარით მერის წარმომადგენლებს, რომ მიწის გადაცემა მუსლიმთა სამმართველოზე არ მოხდება. თუ იქნება სხვა წინადადებები, იგივე მშენებლობის ნებართვასთან, პროექტირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას განვიხილავთ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არის მერიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მიწის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემის საკითხი, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ამ მიწის სამმართველოზე გადაცემით, მუსლიმები პრაქტიკულად კარგავენ აღნიშნულ ტერიტორიას.

„ხელისუფლება ცდილობს წაგვართვას ტერიტორია, ამიტომ ამ გზით ვერ წავალთ და ვერც საშუალებას ვერ მივცემთ ამისთვის. თუმცა, მუსლიმთა სამმართველოს ჩართულობას მშენებლობის პროცესში არ ვეწინააღმდეგებით, ასევე სახელმწიფოს ჩართულობასაც მშენებლობაში, თუმცა მშენებლობის პროცესებს და პასუხისმგებლობას იღებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და შესაბამისად, ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს“ – ამბობს, ტარიელ ნაკაიძე.

ნაკაიძის თქმით, მუსლიმები თანახმა არიან, ხელისუფლების ჩართულობით შექმნან კარგი პროექტი და ააშენონ მეჩეთი. „მაგრამ, მიწა შეიძინა მუსლიმმა თემმა და ამ მიწას ვერავის ვერ დავუთმობთ“ – გვეუბნება, ნაკაიძე.

კითხვაზე, რატომ არ აფიქსირებს ღიად მუსლიმთა სამმართველო თავის პოზიციას მიწის გადაცემის საკითხზე, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ  მუფთის პოზიცია ამ საკითხზე მისთვის უცნობია:„ჩვენთვის ცნობილია ის, რომ დიდი სურვილი მაინც და მაინც არ აქვთ რომ ეს მიწა მიიღონ, მათ ჩვენთვის არ მოუმართიათ არცერთჯერ, ეს არის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივა, სწორედ ამაშია პრობლემა, რომ მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ამას ვერ წყვეტს“.

იმ შემთხვევაში, თუკი 8 ივლისსაც მერს პოზიცია იგივე იქნება მეჩეთის საკითხზე, ტარელ ნაკაიძე ამბობს, რომ მათი სტრატეგია არ შეიცვლება. „ჩვენი სტრატეგია კი არის ბრძოლა სამართლებრივი გზებით“ – გვეუბნება, ნაკაიძე.

მუსლიმმა თემმა, მუსლიმთა სამმართელოსგან დამოუკიდებლად, 2016 წელს ბათუმში გენერალ აბაშიძის 49-ში 2 500 კვადრატული მეტრი მიწა კერძო პირისგან იყიდა და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა, ბათუმის მერია მათ მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. დავა სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დაიწყო. სასამართლო მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდებს, თუმცა მერია და მეჩეთის მშენებლობის ინიციატორები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

ამავე თემაზე:

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ახალგაზრდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ გამოდიოდნენ, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის ყოფილი შენობისკენ.

აქცია ქუთაისში ფოტო: აჩი გეგენავა
არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში ფოტო: აჩი გეგენავა
მესხიშვილის თეატრის წინ გაშალეს ბანერი წარწერით – მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ ფოტო: აჩი გეგენავა
ფოტო: აჩი გეგენავა
საპროტესტო აქცია ქუთაისში ფოტო: აჩი გეგენავა
პარლამენტის შენობა ქუთაისში. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ბანერი გაშალეს ფოტო: აჩი გეგენავა

———————————————–

ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დარბევისას 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

21 ივნისის საღამოს მონაცემებით, კლინიკებში რჩება 50-ზე მეტი ადამიანი, მათგან სამის მდგომაროება მძიმეა – ისინი მართვით სუნთქვაზე იყოფებიან.

სამშენებლო კომპანია ყველა კლიენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოსთხოვს

სამშენებლო კომპანია Horizons Batumi საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, მის მიერ აშენებულ ბინას ვერავინ შეიძენს.

“Horizons Batumi-ს კომპლექსში არსებულ ბინას ვერ შეიძენს ვერცერთი ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელმოწერით არ დაადასტურებს ჩვენს კონტრაქტში გათვალისწინებულ პუნქტს, რომელიც გულისხმობს, რომ მხარეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიიჩნევენ საქართველოს ტერიტორიად! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომები მიიღოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

პუტინმა რუსეთის მთავრობას დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, განიხილეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუს დეპუტატებთან მიმართებაში შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ იმყოფებიან“, – ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც. მისი თქმით, „რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში“.

„არ შევეგუებით ოკუპაციას“ – ბათუმში საპროტესტო აქციას ახალგაზრდები შეურთდნენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ახალგაზრდები შეურთდნენ, რომლებმაც აქ მოსვლამდე სვლელობით, შეძახილებითა და სტვენით გამოარეს ქუჩები.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 20 ივნისს თბილისში მომხდარ მოვლენებს და მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

აქციაზე ისმის შეძახილები: „არა ოკუპაციას“, „ნუ გახდებით მონები“, „არ შევეგუებით ოკუპაციას“, „გაუმარჯოს საქართველოს“.

აქცია ევროპის მოედანზე

ახალგაზრდების აქციაზე გამოჩენას ევროპის მეოდანზე მოჰყვა პოლიციის მობილიზება. ადგილზე ამჟამად პოლიციის სამი მანქანა იმყოფება [10:33].

ეუთოს წარმომადგენელი: დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები 

მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა დღეს მწუხარება გამოთქვა მედიის წარმომადგენლებისადმი მკაცრი დამოკიდებულებისა და იმ ძალადობრივი ინცინდენტების გამო, რაც თბილისის გუშინდელ დემონსტრაციებზე მოხდა. დეზირი აცხადებს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის დაცული უნდა იყოს.

,,30 სხვადასხვა მედიაორგანიზაცია აშუქებდა 20 ივლისის მოვლენებს თბილისში, მათ შორის სააგენტო როიტერი, რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების ქართული ბიუროები, რუსთავი 2, სივილ ჯი, ნეტგაზეთი, 1TV, ტვ პირველი, ონ.ჯი, OC მედია, მაესტრო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო, ინტერპრესნიუსი – ამ მედიების ჟურნალისტებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შედეგად. ჟურნალისტები დემონსტრაციაზე თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ, რიგ შემთხვევებში მათ ართმევდნენ და უზიანებდნენ ტექნიკასა და აღჭურვილობას თბილისის საჯარო დემონსტრაციის გაშუქებისას.

,,ვწუხვარ თბილისის დემონსტრაციაზე გუშინ, ღამით მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და თავდასხმის თითოეული შემთხვევის გამო, რაც მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების სერიოზული შეფერხებაა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქვთ მიმდინარე საჯარო მოვლენების გაშუქების უფლება და სამართალდამცავები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ჟურნალისტების უფლებას გააშუქონ მოვლენები უსაფრთხოდ და თავისუფლად“, – წერს ჰარლემ დეზირი.

ეუთოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ტრავმირებულ ჟურნალისტებს შორის არიან სივილ ჯის ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, რომელსაც რეზინის ტყვიებისგან მიყენებული 11 ჭრილობა აქვს ზურგზე, რუსთავი 2 – ის რეპორტიორმა თამარ ბაღაშვილმა კი ძვლების მოტეხილობა მიიღო. ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს და თვალი დაკარგა ასევე რუსთავი 2 – ის დაცვის სამსახურის წევრმა გიორგი სულაშვილმა.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტი, გამოავლინონ დამნაშავეები და დააკისრონ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას მიიღონ სასწრაფო ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – ამბობს ჰარლემ დეზირი.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი მოვლენების განვითარებას ეუთოს 57 წევრ ქვეყანაში აკვირდება და შეისწავლის ამ ქვეყნებში მედიის თავისუფლების ხარისხს .

პრეზიდენტმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა

სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს, საავადმყოფოში მყოფი, აქციაზე დაშავებული პირები მოინახულა.

„ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა – პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე – ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის. უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.  მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებიც ბოლო შესაძლებლობამდე ეცადნენ, მოქალაქეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება“ – ვკუთხულობთ პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი.

სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა. ფოტო: fb
ფოტო: fb

ბათუმში აქციის მონაწილეების გინებისთვის მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეების შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დუმბაძის ქუჩის მიმართულებით წავიდა. პოლიციელებმა მოქალაქე რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის პროტესტი მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ეს პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის.

ევროპის მოედანზე შეკრებილები გუშინ საქართველოს პარლამენტთან აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის აქცია ისევ გრძელდება. იქვე მობილიზებულია პოლიციაც.

პოლიტოლოგი: მთავარია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავბრუნდეთ

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ ველში დაბრუნება. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს იგი  პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელ არჩევნებში ხედავს. „ბათუმელებმა“ გია ნოდიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო გია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ახლა, კრიზისიდან რომ გამოვიდეს?

ჩემი აზრით, ის რაც გააკეთა, დაგვიანებულია და არასაკმარისი. გუშინ რომ გაკეთებულიყო იგივე, საღამოს, შეიძლება ბევრ რამეს ავცდენილიყავით. ახლა, გახარიას საკითხიც არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის საკითხი, პროპორციულზე გადასვლა. ეს ალბათ ნამდვილად განმუხტავდა სიტუაციას.

  • თქვენი აზრით წავა ხელისუფლება ამაზე?

ჯერჯერობით არა მგონია ამას აპირებდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზული იქნება საპროტესტო ტალღა.

  • რას ელით, რა მოხდება დღეს? 

პრობლემური შეიძლება იყოს თვითონ საპროტესტო ტალღის მონაწილეების ურთიერთობა, იმიტომ, რომ ზოგი აპროტესტებს არა მარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი აზრით, ზედმეტ აქტივობას. ზოგი თვლის, რომ საერთოდ პოლიტიკოსები არ უნდა მიაკარო ამ აქციას, რაც მგონია რომ არასწორია, მაგრამ ისიც არასწორია, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ სცადოს ეს საკუთარ აქციად აქციოს. როგორ უნდა მორიგდეს ეს სხვადასხვა შეხედულებები, წარმოდგენები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს აქცია, ეს შეიძლება გართულდეს და, ცხადია, ეს წინააღმდეგობები ხელს აძლევს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში.

  • მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლებამ დღევანდელ აქციაზე ისევ გამოიყენოს ძალა?

წესით არ ველი. არც გუშინ არ ველოდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

  • გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არ გამოიყენებდა რეზინის ტყვიებს და გაზს, თუმცა ძალიან მოკლე ხანში დაიწყო აქციის დარბევა გაზითა და რეზინის ტყვიებით. თქვენი აზრით რაზე მეტყველებს ეს?

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძაღლი პატრონს არ ცნობს ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს არავინ არაფრად აგდებს. პრემიერ-მინისტრი არის უბრალოდ ფიგურა, რომელსაც რაღაც დავალებებს აძლევენ, კონკრეტულ პრობლემებს ის აგვარებს [უფრო მეტად ეკონომიკურ სფეროში], მაგრამ პოლიტიკას მას არ აკარებენ. მან არც იცოდა, საქმის კურსში არც ჩააყენეს, რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ. გასაგებია, რომ გახარია სინამდვილეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ ხელისუფლებაში, ვიდრე პრემიერ-მინისტრი.

  • როგორი იქნება ამ ამბებში მიხეილ სააკაშვილის როლი? ელით თუ არა მისგან მეტ აქტიურობას? 

ის ისეთი ადამიანია, მისგან აქტიურობას ყოველთვის ველით. ის საკმაოდ ადვილად ცვლის თავის პოზიციებს იმისდა მიხედვით, რა ხდება და რა სიგნალები მოდის საქართველოდან. ის მოიქცევა ისე, როგორც, მისი აზრით, იმ წუთში იქნება მომგებიანი. გასაგებია, რომ მას ზოგადი განწყობა აქვს, რომ როცა არის რაღაც შანსი რევოლუციური სიტუაციისკენ წაიყვანო ვითარება, ეს შანსი უნდა გამოიყენო, მაგრამ ახლა შეიძლება ჩათვალოს რომ სხვა ტიპის განცხადებები უნდა გააკეთოს, ან საჭიროა მეტი რადიკალიზმი.

  • თქვენი აზრით, ახლა ყველაზე მომგებიანი რა იქნება საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის?

მთავარია, კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავბრუნდეთ, მაგრამ არა იმ კონტექსტში, რომ აი, მთავრობა რასაც უნდა იმას აკეთებს და ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ. კრიზისის უშუალო საბაბი, ბოლო წვეთი იყო გავრილოვის საკითხი, მაგრამ არის ორი ფონური ფაქტორი: იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლებით, მაგრამ მეორეს მხრივ იზრდება პესიმიზმი იმის მიმართ, რომ რამდენად შესაძლებელია საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლა. ჩემი აზრით, სწორედ ამ ორი ფაქტორის დამთხვევა იყო ძირეული მიზეზი იმისა, რაც მოხდა გუშინ. ამას ემატება გარკვეული უიმედობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, რომ ის არ არის საკმარისად ორგანიზებული, თანმიმდევრული. დასჯის სპონტანური პროტესტი, გეგმის გარეშე, შეიძლება მოხდეს სწორედ ასეთ ვითარებაში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთის მხრივ კონსტიტუციურ ველში დაბრუნება, მაგრამ მეორეს მხრივ პერსპექტივის დანახვა, რომ შესაძლებელია ლეგალური პოლიტიკური ბრძოლა ამ ქვეყანაში და ამით რაღაცის მიღწევა.

“Stop Russia” – აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე [ფოტო]

გიორგი გახარიას გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ბათუმის ევროპის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზეც ითხოვენ. შეკრებილები თვლიან, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ მხოლოდ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან წასვლა საკმარისი არ არის.

“გახარიამ ისე ილაპარაკა, შესაძლებელია, ადამიანი, რომელმაც თვალი დაკარგა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს… ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ დაეცვა ხალხი, პირიქით, დაარბია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ხალხშია ძალა და ხელისუფლება არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე,” – ამბობს გიორგი ქამადაძე, “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, აქციაზე მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები არ არიან.

აქციაზე ახალგაზრდები მრავლად არიან. მაგალითად, ედო მჟავანაძე ამბობს, რომ ის არ არის პარტიული და აქციაზე სამოქალაქო ჯგუფის კონკრეტულ მოთხოვნებს უჭერს მხარს.

“ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ დაუყონებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები, ასევე გამოიძიონ და დროულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარლამენტთან დაპირისპირების დროს უფლებებს არღვევდნენ”, – გვითხრა ედო მჟავანაძემ.

“მე მეზღვაური ვარ და მოვედი აქციაზე… მთავარია, გახარია წავიდეს. გუშინ რომ წასულიყო, ეს არ მოხდებოდა,” – ამბობს დავით მახარაძე.

აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

შეკრებილები აპირებენ თბილისში მიმდინარე აქციას ევროპის მოედანზე მოწყობილი დიდი ეკრანიდან ადევნონ თვალი.

 

რა მოხდა 20 ივნისს – ყველაფერი საპროტესტო აქციაზე

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავებულია ათეულობით სამოქალაქო პირი. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც.

20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Netgazeti.ge-ზე.

მოვლენების  ქრონოლოგია

[checklist]

[/checklist]

20 ივნისის საპროტესტო აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას. დღეს თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

https://netgazeti.ge/news/374110/

Exit mobile version