მთავარი,სიახლეები

რამდენი ხმა დასჭირდება პარტიას ერთი მანდატისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში

24.06.2019 • 2997
რამდენი ხმა დასჭირდება პარტიას ერთი მანდატისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში

ნულოვანი ბარიერით ჩატარებული პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ერთი ადგილის] მისაღებად, ნამდვილი [დათვლილი] ბიულეტენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,7%-მდე მაინც დასჭირდება.

მაგალითისთვის, თუ არჩევნებში დათვლილი ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა არის 1 მილიონი [ანუ 1 მილიონი ხმა], ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს ის პარტია, რომელიც 6700 ხმას მიიღებს. რაც მეტი იქნება ნამდვილი ბიულეტენები, მით უფრო გაიზრდება ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობა.

„დღეს არსებული სისტემით რომ გამოვთვალოთ, რამდენ მანდატს მიიღებს პარტია, რომელმაც გარკვეული ხმები მიიღო, ფორმულა ასეთია: მიღებული ხმების რაოდენობა გაიყოფა ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაზე და გამრავლდება მანდატების [პარლამენტში ადგილების] რაოდენობაზე, ანუ 150-ზე“ – ამბობს კოტე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გემგეობის თავმჯდომარე.

ჩვენი მაგალითისთვის, თუ დავუშვებთ, რომ დათვლილი ბიულეტენების ნამდვილი რაოდენობა არის 1 მილიონი და პარტიამ აქედან მიიღო 6700 ხმა, ფორმულა ასეთია: 6 700/1 000 000 X 150 = 1,005, ანუ, მიიღო ერთი მანდატი [ერთი ადგილი] პარლამენტში.

რაც შეეხება ნაშთს [ამ შემთხვევაში 0,005], კოტე კანდელაკის თქმით, ეს კანონში უნდა გაიწეროს, როგორ დაუმრგვალდება პარტიას, ან როგორ გადანაწილდება. ანუ, კანონით უნდა დადგინდეს თუ დათვლის რა სისტემა იქნება არჩეული. ამ მაგალითის შემთხვევაში კი, თუ პარტია აიღებს ვთქვათ, 6000 ან 6500 ხმას, ის მანდატს ვერ მიიღებს. შესაბამისად, რაც მეტ ხმას მიიღებს, მიიღებს მეტ მანდატს“.

„ეს რაც შეეხება ერთიან პროპორციულ სისტემას ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, არის სხვა მოდელიც, მაგალითად, რეგიონული. ვთქვათ, თითოეულ რეგიონზე გადანაწილდება მანდატები და არჩევნები ჩატარდება რეგიონალური პრინციპით. ამ შემთხვევაში პარტიას ექნება კანდიდატთა არა ერთიანი სია, არამედ რამდენიმე სია, რეგიონების მიხედვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრინციპი და დათვლის რა სისტემა იქნება შერჩეული“, – ამბობს კოტე კანდელაკი.

————–

დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა.

„2020 წელს ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ, სრულად გავაუქმოთ პროცენტული ბარიერი და იმედი გვაქვს, ამ გზით მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დამთავრებისთანავე  დაიწყოს მოლაპარაკებები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თუ აქამდე პოლიტიკური ველი ნაწილდებოდა „ყველა ერთის წინააღმდეგ“, ახლა იქნება ყველა თავისთვის, – ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი 0%-იანი საარჩევნო ბარიერის ინიციატივას: 0%-იანი ბარიერი პრორუსული პარტიების შანსებს ზრდის – ლევან ბოძაშვილი

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, ირჩევს პარტიას და აღარ ირჩევს კონკრეტულ პირებს [ მაჟორიტარებს] მაჟორიტარული უბნების მიხედვით: რას ნიშნავს არჩევნები პროპორციული სისტემით

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, 0%-იანი ბარიერი, პირდაპირი მნიშვნელობით, არ არსებობს და ის ეყრდნობა ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიკურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 0.67%-იანი ბარიერს ვიღებთ: ეს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ საარჩევნო სისტემად ითვლება – ვახუშტი მენაბდე 0%-იან ბარიერზე

ამ თემაზე:

ნახეთ რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ და როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს პარლამენტი პროპორციული სისტემით: ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: